Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ისაკაძე): გარყვნილების ქადაგება კანონით უნდა აიკრძალოს

მამა დავითი (ისაკაძე): გარყვნილების ქადაგება კანონით უნდა აიკრძალოს

876

ვინ და რატომ მოითხოვს სასულიერო პირების დასჯას, ვის ინტერესებში იყო 17 მაისს განვითარებული მოვლენები და როგორი უნდა იყოს მორწმუნე ქრისტიანის რეაქცია ამ ყველაფერზე, წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) გვესაუბრება.

_ მამაო დავით, თქვენს ერთერთ ბოლო ქადაგებაში ბრძანეთ, რომ 17 მაისს განვითარებული მოვლენები პროვოცირებული იყო გარკვეული ძალების მიერ, ვის გულისხმობდით, ვის ინტერესებში იყო ის, რაც მოხდა?

_ უპირველეს ყოვლისა, მივესალმები თქვენს მკითხველს. მთელი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა 17 მაისს, ეკისრება ამ ე. წ. მსვლელობის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს, ლგბტ აქტივისტებს. ისინი ჩვენ ხშირად გვდებენ ბრალს, თითქოს ანტიამერიკული ან ანტიევროპული პოზიცია გვიჭირავს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამ დღეებში მთელ მსოფლიოში ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა. საფრანგეთში 150 ათასამდე კაცი გამოვიდა ჰომოსექსუალთა ქორწინების წინააღმდეგ. ევროპელი ხალხი ასევე პროტესტს აცხადებს სოდომური ცოდვის ლეგალიზებაზე და ამის გამო ერთ-ერთმა ფრანგმა მწერალმა _ დომენიკ ვენერმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში თავიც კი მოიკლა. მსოფლიოში მოსახლეობის უმრავლესობას ისევე ძალმომრეობით თავს ახვევენ სოდომ-გომორის ცოდვას, როგორც საქართველოში. მადლობა ღმერთს, რომ ქართული სამღვდელოების დიდმა ნაწილმა, ქართულმა პოლიციამ გასაოცარი თავდაჭერა გამოავლინა და თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი, რომელიც, როგორც საუბრობენ, დაგეგმილი იყო…

_ ვის მიერ იყო დაგეგმილი?

_ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პროცესები ყოველთვის ასოცირებული იყო თავისუფლების ინსტიტუტთან _ გიგა ბოკერიასთან, მკვლელთან, და მათთან დაახლოებულ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ახლახან აქტიურად გამოჩნდა, მაგალითად, «იდენტობაც». ამას გარდა, როგორც ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, მათგან არცთუ შორს დგას ზოგიერთი უცხოელი დიპლომატი, რომლებიც პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ჩვენც მივიღებთ ლგბტ აქტივისტების მიერ დაგეგმილ მსვლელობაში მონაწილეობასო.

ამ შემთხვევაში ჩვენ უმრავლესობა ვართ და არ გვსურს, ასეთი მსვლელობები საქართველოში ჩატარდეს. თუმცა ჩვენ არ ვიჭრებით მათ ცხოვრებაში, მამათმავლებს სახლებში არავინ ვუვარდებათ და არ ვაყენებთ შეურაცხყოფას. შეკრებილიყვნენ რაიმე დაწესებულებაში, რუსთაველზე რომ არ მოეწყოთ მსვლელობა, არ შეიძლებოდა? ეს ყველაფერი უკვე იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია.

_ მკვლელი ბოკერია ახსენეთ, რას გულისხმობდით?

_ ამის შესახებ არაერთი პირი, მათ შორის ყოფილი მსჯავრდებულებიც, საუბრობს, რომ გიგა ბოკერია ციხის ბუნტის დროს დატრიალებულ მოვლენებში, ასევე ციხეში პატიმრების წამებაშიც მონაწილეობდა. ამას ადასტურებს ყოფილი პოლიტპატიმარი სულხან მოლაშვილიც.

_ თქვენც განაცხადეთ, რომ ევროპელი ხალხიც წინააღმდეგია ჰომოსექსუალიზმის, მაშინ რატომ დადგა საერთოდ საკითხი ასე, რომ ან ევროპა და ჰომოსექსუალიზმი, ან თვითიზოლაციის გზა და ყველაფერ ევროპულზე უარის თქმა?

_ ალბათ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ბოლო ჟამის აპოკალიფსური პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, რასაც არ უნდა გვახვევდეს თავს სხვანაირად მოაზროვნე საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ჩვენ, ქართველებს, გვაქვს უდიდესი წარსული, კულტურა, ზნეობრივი ნორმები და ვალდებულნი ვართ, ეს ყველაფერი დავიცვათ და ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ. არც ამერიკაში და არც ევროპაში არ არიან ერთსულოვანნი ამ საკითხში. ჩვენ ყველანარად უნდა ვეცადოთ, რომ უზნეობისა და გარყვნილების ქადაგებას ხელი არ შევუწყოთ. ევროპისა და ამერიკისგან ყველაფერი არ უნდა გადმოვიღოთ. გარყვნილებას უარი უნდა ვუთხრათ. აქ პასუხი ცალსახაა.

_ თუმცა, მამაო, ხომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი სიტყვისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებსაც, ესეც ხომ ერთერთი ევროპული ფასეულობაა?..

_ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ თავისი უფლებები, არავინ ართმევთ. პროპაგანდას ნუ ეწევიან.

_ ძალადობაში ბრალი დასდეს სასულიერო პირებსაც. ორ მათგანს, მამა ანთიმოზსა და მამა იოთამს, ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება. როდესაც მღვდელი კანონს არღვევს, ვინ უნდა დასაჯოს _ წმინდა სინოდმა თუ კანონმა?

_ ასეთ შემთხვევაში სასულიერო პირი, რა თქმა უნდა, ყოველთვის აგებდა პასუხს და დღესაც ასე იქნება. თუ მღვდელმსახურმა საეკლესიო კანონები დაარღვია, სინოდმა უნდა განიხილოს საკითხი და შემდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს. მაგრამ ჩვენ ვნახეთ გავრცელებული ვიდეკოკადრები. ერთ-ერთ ვიდეოკადრში, სადაც ვითომ მოძღვარი იგინება, არსებობს მოსაზრება, რომ ეს ხმა არის დამონტაჟებული. შს მინისტრს გადასცეს ეს ფირი და, ალბათ, შეისწავლიან. ასევე ვიხილეთ ფოტოები, სადაც სასულიერო პირს სკამი უჭირავს, ნუთუ ეს დანაშაულია? ზოგიერთს შეიძლება ფეხი სტკიოდა და ხელჯოხით იყო აქციაზე გამოსული, ამის გამო უნდა დავაპატიმროთ? ეს ხომ აბსურდია.

_ რას იტყვით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, სადაც სასულიერო პირი ავტობუსთან საკმაოდ აგრესიულად იქცევა?

_ მე ვნახე ეს კადრები, სასულიერო პირი მისულია ავტობუსთან და ფანჯარასთან მძღოლს ესაუბრება. ზურგშექცევით ჩანს და იქ დარტმას და აგრესიას მე ვერ ვხედავ.

რა ვიცი, რესტორნებსა თუ პარლამენტში პარლამენტარები ერთმანეთს ურტყამენ, ჩანგლებით დარბიან და სისხლის მდინარე მოდის ხოლმე და, თუ ვინმეს საქციელია განსახილველი, ალბათ, უპირველესად, მათი უნდა განვიხილოთ და არა ბუნდოვანი კადრები. თუ რაკი სასულიერო პირია, იმიტომ უნდა ატყდეს ამხელა აჟიოტაჟი?!

 ძალადობა სწორედ ლგბტ საზოგადოების მხრიდან იყო, ვინც ასი ათასი შეკრებილი ქართველის წინააღმდეგ წამოვიდა ამ პროვოკაციაზე და ყურად არ იღეს ხალხისა და ეკლესიის შეგონება, არ გაემართათ მსვლელობა. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ცუდად აქტიურობდნენ ჟურნალისტები. ვხედავდი აქციაზე როგორ დამდევდა რამდენიმე პირი, რათა რაიმე ისეთი შემშლოდა, რასაც შემდეგ გადაიღებდნენ. რატომ არ აჩვენეს ის ვიდეოკადრები, სადაც სასულიერო პირები ხალხს ვამშვიდებთ და არა ძალადობისკენ მოვუწოდებთ? არც ერთი არ გაუშვეს. საქმეც ესაა, რომ მათ ობიექტურობის ჩვენება კი არ აინტერსებთ, არამედ სამღვდელოების დისკრედიტაცია. ჩასაფრებულები იყვნენ, მღვდელს რაიმე შეცდომა დაეშვა.

ასევე ძალიან ტენდენციურობითა და ანტიეკლესიური გამოსვლებით გამოირჩევიან ვითომ მწერლები. მათ შორის, ზოგიერთი ისეთი მჯღაბნელი, როგორიც ლაშა ბუღაძეა, რომელმაც თავის დროზე თამარ მეფეს მიაყენა შეურაცხყოფა თავის ნაჩხაპნ ნაწარმოებში. არ შეიძლება ადამიანს ვინმეს მიმართ ასეთი აგრესია ჰქონდეს და მითუმეტეს ეკლესიის მიმართ, მაგრამ რაკი ეკლესიას, ყველა გამოკითხვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ცდილობენ ეკლესიის ავტორიტეტის დამცრობას და დაცემას, მაგრამ არაფერი გამოსდით.

 რადგან აქციაზე ჩვენ _ სასულიერო პირები, მორწმუნე ადამიანები გამოვჩნდით, დაგვაბრალეს თითქოს თეოკრატია გვინდა, რაც სიცრუეა, ვინაიდან თვითონ ეკლესია თავისი არსით პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო მართვა-გამგეობაში ჩარევას. სჯულის კანონით ისჯება სასულიერო პირი, რომელიც საერო თანამდებობაზე დაიწყებს მუშაობას და ქვეყნის მართვა-გამგეობაში ჩაერევა. ეს ძალიან მკაცრადაა კონკორდატში გაწერილი. ეს ყველაფერი, უბრალოდ, სჭირდებათ იმისთვის, რომ ხალხს მოაჩვენონ, თითქოს საქართველოში თალიბანიზაცია მიმდინარეობს. გვაბრალებენ, თითქოს სასულიერო პირები მართავენ ქვეყანას. არა _ გარყვნილებას, რომ ვქადაგებთ, ეს თეოკრატიაა?!

_ რამდენიმე სასულიერო პირმაც ხომ დაგმო მღვდლების ქმედება?

_ 12 მოციქულში მაცხოვარს ერთ-ერთი იუდა ჰყავდა. ამით, მგონი, ყველაფერია ნათქვამი.

_ მამაო, თქვენც იმყოფებოდით აქციაზე. რა საფრთხე დაინახა ეკლესიამ? ბევრი ამტკიცებს, რომ ვერანაირი პროპაგანდა ადამიანს ორიენტაციას ვერ შეუცვლის.

_ ვერ დაგეთანხმებით. თუ ადამიანი ვერ ან არ ბედავს ასეთი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, პროპაგანდის შედეგად მას გზა გაეხსნება და ასეთი ადამიანები გამრავლდებიან, რაც ერისთვის, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თვალსაზრისითაც, ტრაგედია იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ერის გენოციდია. თუ ლესბოსელები და მამათმავლები ოჯახებს შექმნიან, ერი ხომ ვეღარ გამრავლდება?!

 შარშანდელი კადრები გავრცელდა, როგორ კოცნიდა 51-ე სკოლის წინ ორი უცხოელი მამაკაცი ერთმანეთს, თან ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები, რომელზეც ეწერა «შენც გაფერადდი!» _ ეს ხომ პირდაპირი მოწოდებაა.

_ როგორ შეაფასებთ განათლების მინისტრის მოადგილის, დავით ზურაბიშვილის, აზრს, რომელიც ერთერთ ქართულ გაზეთში დაიბეჭდა, რომ ქართული ეკლესია და ეროვნული მოძრაობა სახადია, რომელიც უნდა მოვიხადოთ?

_ ალბათ, ჩვენი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მისნაირი პიროვნებები იყვნენ და დღესაც არიან ხელისუფლებაში. ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ასეთი ადამიანების მოსვლა თანამდებობაზე, რადგან ეს ქვეყანას ტრაგედიამდე მიიყვანს.

_ თუმცა, შეიძლება ითქვას, რესპუბლიკური პარტია დღეს ხელისუფლების ერთერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რესპუბლიკელების 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა: «თქვენზე გაიზარდნენ თაობები და ისწავლეს პოლიტიკა. ისწავლეს ცნება სახელმწიფოსი, თუ გნებავთ. გასაგებია, ყველაფერი ძველდება და პოპულარობას კარგავს, თუმცა თქვენ არასდროს არ დაგიკარგავთ პოპულარობა ისეთ დონეზე, რომ ყურადღება მისაქცევი იყოს იმ პოლიტიკურ სეგმენტში რომელიც საქართველოში არსებობდა»…

_ მათი საქმიანობის პოლიტიკური შეფასებისგან მე თავს შევიკავებ, პოლიტიკაში არ ჩავერევი, რადგან ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა მე მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიური თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა ამ პარტიის შესახებ, რომ თავიდანვე, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენითანავე რესპუბლიკელები ეკლესიის წინააღმდეგნი იყვნენ.

_ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ, შესაძლოა, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ინცესტიც დააკანონონ. რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია?

_ ეს ყველაფერი უღმერთო ადამიანებისგან მომდინარეობს, რათა თავიანთი ცოდვები გაამართლონ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამ ტემპით განვითარდა მოვლენები. ერთსქესიან ადამიანთა ქორწინება რამდენიმე ქვეყანაში უკვე დაკანონდა. საქართველოშიც ანალოგიური პროცესები წარიმართება, თუ გასაქანი მიეცა სოდომ-გომორული ცოდვის ქადაგებას. პედოფილიის გამართლებაც დაიწყება. სხვათა შორის, მსოფლიოში უკვე ამაზეც მიმდინარეობს საუბარი, რომ პედოფილია აღარ განიხილონ, როგორც ცოდვა. მალე პროცესები საქართველოშიც გადმოინაცვლებს და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დაღუპვისკენ სვლა.

ვფიქრობ, გარყვნილების ქადაგება კანონით უნდა აიკრძალოს და კანონმდებლობამ უნდა დაარეგულიროს აღნიშნული საკითხი. თუ ადამიანს აქვს რაიმე პრობლემა, ეს მისი პირადულია, არ შეიძლება ეს საჯაროდ იქადაგოს. მკვლელებმა და ნარკომანებმა რომ მოაწყონ საჯარო მსვლელობა, ეს ხომ მიუღებელი იქნება? თუ მათ სჯის კანონი, მამათმავლებს რატომ არ სჯის?

_ თუმცა საზოგადოება ჰომოსექსუალიზმს დანაშაულად არ განიხილავს. მკვლელობა, ქურდობა სხვა ადამიანის უფლებების ხელყოფას უკავშირდება, ჰომოსექსუალიზმი კი თავად ადამიანის პრობლემაა, როგორც თქვენ აღნიშნეთ.

_ ბიბლიაში წერია, რომ ჰომოსექსუალიზმზე მძიმე ცოდვა არ არსებობს. ეს არის სოდომ-გომორული ცოდვა, რის გამოც ქალაქები და ქვეყნები დასაჯა ღმერთმა.

 მაგალითად, ნორვეგიაში უკვე პატარა ბავშვებს ჩაატარებინეს ჰომოსექსუალების აღლუმი. ეს ქვეყნებს გადაშენებისა და გადაგვარებისკენ წაიყვანს. განსაკუთრებით გაქრობა ემუქრება ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. კარგად იცით.რომ ამ უზნეობას არავინ არ აკძალავს ამ სატანის სისტემაში,სანამ ამ ქვეყანას ქართველი არ გაუხდება პატრონად,ქართველი კი მაშინ გამოჩნდება როცა თქვენ, სამღვდელოება შესწყვეტთ მოსულ სიტყვასთან ბრძოლას,სიტყვა იმისთვის მოვიდა, რომ ანტიქრისტეს მსახური პიროვნება ვერ დაჯდეს ტახტძე,თქვენ კი მას ეხმარებით,”კრავი სძლევს მხეცს”….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here