Home რუბრიკები საზოგადოება გია ნიშნიანიძე: შიშის პერიოდი გავიარე, ბატონო დავით!

გია ნიშნიანიძე: შიშის პერიოდი გავიარე, ბატონო დავით!

1296

საყოველთაო დაზღვევის ყბადაღებული თემა ერთი შეხედვით ისე გამოიყურებოდა, თითქოს ხალხიც კმაყოფილი იყო და ახალი ხელისუფლებაც თავს იწონებდა, წინასაარჩევნო დაპირების ერთერთი პუნქტი რომ შეასრულა, მაგრამ ხალხი ჩუმჩუმად უკმაყოფილო იყო და, მთავრობის შიგნითაც რომ კარგი ამბავი არ ხდება, ნათლად გამოჩნდა. ამ რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ აღნიშნულ თემაზე დაწერილი წერილების, მასში გამოქვეყნებული ფაქტების გამო, ქალბატონ ნანა დევდარიანისა და ექიმ გია ნიშნიანიძისგან ბოდიშის მოხდა, ცოტა არ იყოს დამუქარის ტონით მოითხოვა. მის ამ ტონზე და ბოდიშის მოხდაზე ქალბატონი ნანა ბატონ უმრავლესობის ლიდერს თავად გასცემს პასუხს, ხოლო რაც შეეხება ბატონ გია ნიშნიანიძეს, მას «საქართველო და მსოფლიო» დაუკავშირდა. შევეცადეთ, გაგვერკვია რისთვის ითხოვს მისგან დავით საგანელიძე ბოდიშს, თანაც ასეთი ტონით, რაში მდგომარეობს მისი ბრალეულობა და აპირებს თუ არა ბატონი გია «ოცნების» ერთერთი ლიდერისთვის ბოდიშის მოხდას.

_ ბატონო გია, რატომ ითხოვს დავით საგანელიძე თქვენგან ბოდიშის მოხდას? რაში მდგომარებს თქვენი ბრალეულობა?

_ ჟურნალისტებს უყვართ, წერას პირდაპირ სკანდალით რომ იწყებენ, მაგრამ მინდა მოგიყვეთ იმ პროექტის თაობაზე, რომელზეც ჩვენ არჩევნებამდე ვიმუშავეთ, რათა ხალხმა იცოდეს, რაშია საქმე.

ყველას კარგად ახოვს, ალბათ, როგორ ხდებოდა «ნაციონალების» პერიოდში: სახელმწიფო თანხებს კერძო სადაზღვევო კომპანიებს უხდიდა, რომლებიც იღებდნენ ვალდებულებას მოქალაქეების ჯანდაცვის სფეროს მომსახურებაზე, ანუ საბიუჯეტო ფული გადადიოდა კერძო სადაზღვევო კომპანიებში და შემდგომ აფინანსებდნენ მოსახლეობის მოთხოვნას. ეს კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომელთაც არ ჰქონდათ საკუთარი საავადმყოფოები, ხელშეკულების საფუძველზე თანამშრომლობდნენ მათთან და უხდიდნენ ფულს. მერე იფიქრეს და გადაწყვიტეს, რატომ ვუხადოთ ფული სხვას, გვქონდეს ჩვენი საავადმყოფო, ჩვენივე კლინიკაში დავაწვინოთ პაციენტი და ეს საბიუჯეტო ფული ჩვენივე კლინიკებში «ვხარჯოთო». მოკლე პერიოდში დაემატა ფარმაცევტული კომპანიები, რომელთაც იფიქრეს, რომ, ჩვენც თუ გვექნება სადაზღვევო კომპანიები, საავადმყოფოები და ასე შემდეგ, წრე შეიკვრება. ასე ხდებოდა საბიუჯეტო თანხების განკარგვა.

2010 წელს კონტროლის პალატამ შეამოწმა სადაზღვევო კომპანიები და აღმოჩნდა, რომ მათ 50-70% მოგება ჰქონდათ, ეს არის კონტროლის პალატის ციფრები, რომელსაც სადაზღვევოები არ ეთანხმებიან. შეიძლება თუ არა, რომ სახელმწიფოს ფული კერძო სადაზღვევო კომპანიებს გადაეცეს, რომელთა მიზანიც მხოლოდ და მხოლოდ მოგებაა? ჩვენ, ცხრა ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა, შევიმუშავეთ მოდელი, რომელიც ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული. ესაა საყოველთაო დაზღვევის პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ყოფილიყო დაზღვეული, საჭირო თანხების განმკარგავი უნდა ყოფილიყო არამომგებიანი, არასახელმწიფოებრივი სტრუქტურა ან ფონდის, ან სააგენტოს სახით. თუ აღნიშნულ ორგანიზაციას, სადაზღვევო პრინციპიდან გამომდინარე, რამე დარჩებოდა ეკონომიის სახით, ის თანხა შემდეგ წელს უკან ჩაბრუნდებოდა, სადაზღვევო პაკეტის გაფართოების, სერვისების გაუმჯობესების ან მაღალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ყველაფერი გაიყიდა, გასხვისდა და სახელმწიფო სამედიცინო ქსელი აღარ არსებობდა, ფონდი, რომელიც ჩვენი პროექტის ფარგლებში იარსებებდა, დაზღვევის თანხებს განკარგავდა საავადმყოფოებთან პირდაპირი კონტრაქტით _ თავად გააფორმებდა ხელშეკრულებას საავადმყოფოებთან. შუა რგოლი, ანუ სადაზღვევო კომპანიები ვარდებოდნენ.

თანხა, რომელიც მოვითხოვეთ, ყველაფერს არ ეყოფოდა, მაგრამ, რაც იყო, ის მთლიანად უნდა მოხმარებოდა მოსახლეობას, არანაირი მოგება არ უნდა დარჩენილიყო, ადმინისტრაციული ხარჯების გარდა, უკანასკნელ თეთრამდე პაციენტს უნდა მოხმარებოდა. ეს ყველაფერი დაიგეგმა და დადებითად გადაწყდა არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც ვიყავით ჩვენ, პარლამენტიდან კი _ დიმიტრი ხუნდაძე, კობა დავითაშვილი და წავედით ესტონეთში. დეტალურად გავეცანით მოდელს. ჩამოვედით თბილისში და წარვუდგინეთ სამინისტროსა და მინისტრს, რომელმაც გვთხოვა, ესტონური მოდელის ავტორის, ჯორჯ მენიკის, თბილისში ჩამოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი ჰქონდა ყირგიზეთში, თბილისში ჩამოვიდა. მინისტრმა მას სთხოვა, თავად ჩასდგომოდა სათავეში სამუშაო პროცესს და ბოლომდე მიეყვანა საქმე. მან თანხმობა განაცხადა, თანაც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ჯორჯ მენიკი გახლავთ უპატიოსნესი პიროვნება, რომელიც აღნიშნული სადაზღვევო მოდელის ავტორია.

ამის შემდეგ ჩვენ ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდით, რადგან ჯორჯ მენიკმა გვითხრა, რომ იგივე პროცესი 2007 წელს საქართველოში უკვე გაუვლია და, როდესაც საქმე თითქმის ბოლომდე მიუყვანია, იმდროინდელ მინისტრს, ურუშაძეს, დაუბარებია და უთქვამს, რომ აღარ ხართ საჭირო, შეგიძლიათ წახვიდეთო. ძალიან დიდი თანხებიც დახარჯულა მაშინ, მილიონზე მეტი, ზუსტი ციფრი ნამდვილად არ ვიცი. მოდელი ბენდუქიძის ეკონომიკურ სქემაში არ ჯდებოდა. ზუსტად იგივე მოხდა ამჯერადაც, ბოლო დღეს მენიკს განუცხადეს, რომ ბილეთი აიღეთ და დაბრუნდით თქვენს ქვეყანაშიო. რა მოხდა სინამდვილეში, არ ვიცი. ვიცი ერთი, რომ ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ უნდა შესრულებულიყო წინასაარჩევნო დაპირება და ის პროგრამა, რომელიც ხალხს წარვუდგინეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 22 მარტს, მთავრობის დადგენილებით, კერძო კომპანიებს ხელშეკრულებები გაუგრძელდათ.

_ კობა დავითაშვილი მართალი ყოფილა?

_ კობა დავითაშვილი აღნიშნული პროგრამის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა. როდესაც მოხდა ისე, რომ ხელშეკრულებები გაუგრძელდათ კომპანიებს, მან დასვა შეკითხვები ყველა დონეზე, თუ რატომ მოხდა ეს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, ამიტომაც გაასაჯაროა ეს საქმე. კობას არ უთქვამს, რომ ვინმე კორუმპირებულია. რა თქმა უნდა, შეკითხვები გაჩნდება. თუ წინა ხელისუფლება იყო კორუმპირებული, ჯანდაცვაში იყო დარღვევები, იყო არაჯანსაღი სისტემა, რაზეც ყველა ვთანხმდებით და ამისთვის მოხდა ახალი ხელისუფლების არჩევა. რატომ გააგრძელა მინისტრმა ასეთი კორუმპირებული, არაფრისმსგავსი, უვარგისი დაზღვევის სისტემით მუშაობა, თანაც იგივე კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად?! შემდეგ იცით, რომ მოხდა შეხვედრა კობა დავითაშვილს, მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს შორის და მას აუხსნეს, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, შეიქმნებოდა ვაკუუმი, რომლებიც შეაფერხებდა სამედიცინო მომსახურებას. ეს ერთი. მეორე მიზეზი ის იყო, რომ მონაცემთა ბაზები კერძო სადაზღვევო კომპანიებს აქვთ და მათი გადაცემის პროცესი გაჭიანურდებოდა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ეს არგუმენტები სრულიად მიუღებელია. შვიდი თვე გავიდა. დროულად რომ დაწყებულიყო მუშაობა, მაშინ, როდესაც მენიკი ჩამოვიდა, ივნის-ივლისში დასრულდებოდა. ახლა უკვე საუბარიც კი აღარ არის იმ მოდელზე, რომელიც თავის დროზე მოწონებული იყო, უკვე აღარ ახსენებენ სიტყვას «დაზღვევა», გაჩნდა სიტყვა «პროგრამული დაფინანსება».

_ ბატონო გია, საქმეში ჩახედული ხართ, კარგად იცით ყველას მოსაზრება, ამიტომ გკითხავთ: სად არის ძაღლის თავი დამარხული და რას გერჩით დავით საგანელიძე?

_ ერთმა ჟურნალისტმა იგივე შეკითხვა დამისვა და პირდაპირ გვარები დაასახელა. მე არავის ინტერესებზე არ მისაუბრია, უბრალოდ, დავუდასტურე ის, რომ საგანელიძის ძმისშვილი ნამდვილად არის «არქიმედეს» ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ჩემი გადასაწყვეტი და კომპეტენცია არ არის, ინტერესთა კონფლიქტები, თუმცა ყოველთვის ვიტყვი იმას, რომ რაღაც შიდა მიზეზები არსებობს, რადგან სამინისტროს მიერ დასახელებული არგუმენტები ჩემთვის მისაღები არ არის.

_ თუ ამდენად მიუღებელია თქვენთვის დასახელებული მიზეზები, რატომ გაჩუმდა კობა დავითაშვილი ან თქვენ რატომ არ ედავებით სამინისტროს?

_ ჯანდაცვის მინისტრმა, თავის დროზე, ჯგუფის წევრებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე ვმუშაობდით: ოთარ ხუფენიას, ირაკლი სასანიას, თეა ჩანადირს, ზურაბ ჩაჩხიანს, თემურ ივანიშვილსა და მე, შემოგვითვალა, რომ მიგვეწოდებინა სია, ვის რა თანამდებობები გვინდოდა, მაგრამ ჩვენ ყველამ უარი განვაცხადეთ. სასანიას მინისტრის მოადგილეობა შესთავაზეს, მაგრამ არ დათანხმდა.

_ გაჩუმებდნენ?

_ არ ვიცი, რა ჩანაფიქრი ჰქონდათ. გამოგვიგზავნა დაბეჭდილი ფურცელი, რომელზეც ეწერა: «მომაწოდეთ სია, რა თანამდებობებს ითხოვთ».

_ საგანელიძე თქვენგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, რას აპირებთ?

_ თუ საგანელიძე იტყვის, რომ «არქიმედეს» ერთ-ერთი ხელმძღვანელის ბიძა არ არის და მე შემეშალა, მაშინ ბოდიშს მოვიხდი, ეს სირცხვილი სულაც არ არის.

ბატონო დავით, თქვენ მომიხსენიებთ, როგორც ყოფილ ექიმს _ გია ნიშნიანიძეს, ბარემ «ვიღაც» დაგემატებინათ და სრული «სურათი» შეექმნებოდა მკითხველს. შეგახსენებთ, რომ «ყოფილი» ექიმი და უმუშევარი 2007 წლის 8 ნოემბერს გავხდი, როდესაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ამირან მესხელის, ბრძანებითა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შესრულებით სამსახურიდან გამათავისუფლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ვეგუებოდი კრიმინალურ რეჟიმს და ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი ვიყავი. არც შემდგომში მომკლებია ძველი ხელისუფლებისგან «ყურადღება» და, ბევრისგან განსხვავებით, სასათბურე პირობები არ მქონია, ხოლო წინასაარჩევნოდ, «ქართული ოცნების» ჯანდაცვის პროგრამაზე მუშაობის პერიოდში, ბეწვის ხიდზეც გავიარე. ბევრ დღევანდელ ფუნქციონერს, რომელთაც ახლა საკმაოდ დიდი პრეტენზიები აქვთ, საერთოდ ხმა არ ამოუღია და სამუშაო ჯგუფთან გაკარებაც კი მათთვის წარმოუდგენელი იყო.

ახლა რაც შეეხება თქვენს დამუქრებას თუ დაშინებას, რომ «ეს ყველაფერი ასე უბრალოდ არ ჩაივლის». შეგახსენებთ, რომ მე, ჩემი შიშის პერიოდი კარგა ხანია გავიარე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სიკვდილისთვისაც ხშირად ჩამიხედავს თვალებში, არც ერთი ხელისუფლების მონამორჩილი არ ვყოფილვარ და არც შემდგომში ვიქნები. ყოველთვის ვამბობდი იმას, რასაც ვფიქრობდი და ამას ვერავინ დამიშლის, მითუმეტეს, რომ ჩემი პოზიციის სისწორეში დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ვთვლი, რომ ეს სირცხვილი სულაც არ არის თუ კაცს ბოდიში მოსახდელი აქვს, მაგრამ იქნებ ამიხსნათ, რაში მადანაშაულებთ?! მე თქვენ არაფერში დამიდანაშაულებიხართ, გამოვხატე ჩემი პოზიცია ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესებზე და აღვნიშნე, რომ ეს ის არ არის, რასაც «ქართული ოცნება» ხალხს ჰპირდებოდა.

კიდევ ერთხელ ვუსვამ კითხვას ბატონ საგანელიძეს, როგორც ექიმს, როგორც უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს: რატომ გრძელდება ის მანკიერი ფორმა ჯანდაცვის, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო, რომ ეს შეცვლილიყო სულ სხვა ფორმით, რატომ აგრძელებს ამას სერგეენკო, რა სუბიექტური მიზეზები აქვს ამას, გარდა იმ სასაცილო მიზეზებისა, რომლებიც მათ გააჟღერეს?!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here