Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ბერიანიძე: სააკაშვილი მყრალი კვამლივით უნდა გაქრეს!

გიორგი ბერიანიძე: სააკაშვილი მყრალი კვამლივით უნდა გაქრეს!

1139

14 აპრილს დიდი სამამულო ომის მონაწილეს _ გიორგი ბერიანიძეს 93 წელი შეუსრულდა. მართალია, ჩემს რესპონდენტთა _ ომის ვეტერანთა _ შორის ბატონი გიორგი ყველაზე ხანდაზმული არაა, მაგრამ ფიზიკურად ყველაზე უძლურია და მორალურად ყველაზე დაჩაგრული. რატომ? ამაზე _ ქვემოთ.

გიორგი ბერიანიძე მხოლოდ ინვალიდის ეტლით გადაადგილდება ხოლმე, ძირითადად წევს, მაგრამ ნამდვილი ჯარისკაცი 93 წლის ასაკშიც ჯარისკაცია! შემოსულ სტუმარს, ვინც არ უნდა იყოს, სამხედრო წესით ესალმება და ბავშვივით უღიმის. მოსაუბრეა, _ იცოცხლე!

_ დავიბადე, ბაბუა, 1920 წლის 14 აპრილს ახალგორის (მაშინ ლენინგორის) რაიონის სოფელ დადიანეთში, მშრომელი გლეხის ოჯახში. მამაჩემი _ კოტე ბერიანიძე თანასოფლელთა შორის განთქმული იყო პატიოსნებითა და ღონით. დედაჩემი _ მართა პავლიაშვილი ქსნის ხეობიდან, სოფელ დოჩიანიდან იყო. მათ შეეძინათ 9 ქალ-ვაჟი; ამჟამად ცოცხლები დავრჩით ორნი _ მე და ჩემი უმცროსი ძმა ალექსი. იგი 82 წლისაა, დიღომში ცხოვრობს.

11 წლის ასაკში დავკარგე მამა და მთელი ოჯახის სიმძიმე ჩემს უფროს დას _ მარიამს და მე დაგვაწვა. სწავლას თავი დავანებე და მწყემსად ცხვარში წავედი.

მიუხედავად ოთხკლასიანი განათლებისა, ბატონი გიორგი მშვენივრად გათვითცნობიერებულია ქართულ ლიტერატურაში, ფოლკლორში; ზეპირად იცის  თავები «ვეფხისტყაოსნიდან», «დავითიანიდან», «კაკო ყაჩაღიდან», «თორნიკე ერისთავიდან», «ბახტრიონიდან»… დამეთანხმებით, ასეთი განათლებით დღეს ჩვენი . . პოლიტიკური ელიტაც კი ვერ დაიკვეხნის!

_ ჯარში რომ გამიწვიეს, ოცი წლისა ვიყავი და მოვხვდი ქალაქ გროზნოში. ჯერ ქვეით ჯარში ვმსახურობდი, შემდეგ _ საარტილერიო პოლკში. ისე, ბაბუ, რუსული ენა კარგად რომ მცოდნოდა, მფრინავი ვიქნებოდი. მეთაურებს უნდოდათ, საავიაციო სასწავლებელში გავეგზავნე, მაგრამ ჩემი სიმაღლის კაცი როგორ ჩაეტეოდა გამანადგურებელში, არ ვიცი!

ჯარში გაწვევიდან ზუსტად წლისთავზე დაიწყო დიდი სამამულო ომი. რიგითი ბერიანიძის სამხედრო ნაწილი ყირიმში გადაისროლეს.

_ მაშინვე ბრძოლაში ჩავებით. 1942 წლის მაისის დასაწყისი იყო, თუ არ ვცდები, 5 მაისი. ჩვენ გვერდით იბრძოდა 414-ე ქართული დივიზია, რომელშიც ჩემი ბიძაშვილები მსახურობდნენ. ბევრი ბერიანიძე დაიღუპა ქერჩში: სანდრო, ვანო… _ ბატონ გიორგის ხმა უწყდება მოზღვავებული ცრემლებისგან. _ ყირიმი რომ დავტოვეთ, უკანდახევისას ჩრდილოეთ კავკასიას მივუახლოვდით. ჩვენი 300-კაციანი ბატალიონი გერმანულმა ავიაციამ დაბომბა. მარტო ხუთი კაციღა გადავრჩით… გამოყრუებულები, მშიერ-მწყურვალნი აღმოვჩნდით კრასნოდარის ტრამალებში. კომპასიც არ გვქონდა. საით წავიდეთ? ბრმად ავირჩიეთ მიმართულება. ათ დღეზე მეტი დავბორიალობდით, ვკრეფდით დიყს და ამით ვიკვებებოდით. როგორც იქნა, მივადექით ჩვენ ნაწილებს, რომლებიც სტალინგრადისკენ იხევდნენ… ცეცხლში გახვეული სტალინგრადი დღემდე მესიზმრება! ბრძოლები იყო უკიდურესად გააფთრებული. ცეცხლი და კვამლი იდგა ქალაქის თავზე. არ ვიცი, თუ ასეთია ჯოჯოხეთი, მაშინ მტერსაც არ ვუსურვებ იქ მოხვედრას!..

გიორგი ბერიანიძემ არ შეარცხვინა ქართველი მეომრის სახელი. გმირულად იბრძოდა. გერმანელთა შეტევის დროს მან ხელყუმბარით მოწინააღმდეგის ტანკი გაანადგურა, რისთვისაც დააჯილდოვეს მედლით «За отвагу». ეს უაღრესად საპატივცემულო ჯილდო იყო, მითუმეტეს, 1942 წელს, როცა სარდლობა ძალზე ძუნწად არიგებდა ორდენებსა და მედლებს. რიგითი მეომრები ამ მედალს უმაღლეს ჯილდოდ მიიჩნევდნენ!

რიგითმა ბერიანიძემ ომი სტალინგრადში დაასრულა. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ქალაქის გარეუბანში ფეხში დაიჭრა.

_ დეკემბერი იდგა, საშინლად ყინავდა. გერმანელების მორიგი იერიში მოვიგერიეთ. ფაშისტები უკუიქცნენ. დავედევნეთ. საკმაოდ დიდხანს ვდიეთ და ტრიალ მინდორში აღმოვჩნდით. ამ დროს ფეხში დავიჭერი. კაპიტანმა საწყის პოზიციებზე დაბრუნება გვიბრძანა. ჭრილობის მიუხედავად, სიარული შემეძლო, მეტიც, ზურგზე ავიკიდე მძიმედ დაჭრილი მეომარი. შემოგვაღამდა. სიარულ-სიარულში მივადექი სასწაულად გადარჩენილ თივის ზვინს. დავისვენებ ცოტას-მეთქი. ღამე ჩამოწვა. არაფერი ჩანდა. გზა-კვალი ამერია. გადავწყვიტე, ზვინში დამეძინა. ზვინში თხუნელასავით გავკაფე «გვირაბი» და ჩემი დაჭრილი მეგობარიც რის ვაივაგლახით იქ შევათრიე.

ბატონ გიორგის სიმაღლემ აქ ცუდი სამსახური გაუწია _ ტერფები გარეთ დარჩა და მოეყინა.

_ რომ გავიღვიძე, ჩემი რუსი მეგობარი მკვდარი დამხვდა… (ტირის) გადამიყვანეს ჰოსპიტალში და ორივე ფეხზე თითები მომაჭრეს. ახლიდან მომიწია სიარულის სწავლა.

გიორგი ბერიანიძე სამშობლოში 1943 წელს დაბრუნდა. შეიკერა ქალამნები, წონასწორობის შესანარჩუნებლად წინ მატყლი ჩაუდო, ხელში აიღო ბარი, თოხი და შრომას შეუდგა. 1946 წელს იქორწინა ნინო ყურაულზე, რომელიც ახალგორის რაიონის სოფელ ცხვატიდან გახლდათ. ეს სოფელი განთქმული იყო თიხის საუკეთესო ოსტატებით.

_ ჩემი სიმამრი _ გლახა ყურაული ცხვატის საბჭოს თავმჯდომარეობდა. ხალხი რომ გააგზავნა ფრონტზე, თავადაც შეაჯდა ცხენს და მტერთან საბრძოლველად გაეშურა. მას შემდეგ არც გლახა უნახავს ვისმეს და არც მისი «ლურჯა». ამბავი მოგვივიდა, ქერჩში დაიღუპაო…

ბატონმა გიორგიმ და ქალბატონმა ნინომ საქართველოს რვა შვილი გაუზარდეს _ ორი ვაჟი და ექვსი ქალი. სამწუხაროდ, შვიდი წლის ასაკში ტარიელი ტრაგიკულად დაიღუპა, დანარჩენები კი, მადლობა ღმერთს, ცოცხლები და ჯანმრთელნი არიან. თითქმის ყველას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება. მაყვალა _ მათემატიკის მასწავლებელია, ბადრი _ ინჟინერი, ამჟამად უმუშევარი; ნათელამ უნივერსიტეტი დაამთავრა და დამსახურებული ბუღალტერია. დღეს ის მეურვეობს მამას. ნადია ეკონომისტია, ცისანა ახალგორში მუშაობს ბაგაბაღში. საყურადღებოა, ბაგაბაღის ყველა თანამშრომელს «ნაციონალურმა» ხელისუფლებამ ხელფასი მოუხსნა; სამაგიეროდ, მათ ხელფასს რუსი ოკუპანტები უხდიან! «ოღონდ აქედან არ წახვიდეთო», _ ეუბნებიან.

მაყვალა «ბარამბოში» მუშაობს; ნაბოლარა ლალი კი, ვისთანაც ახლა შეიხიზნენ ბატონი გიორგი და ნათელაგლდანში ცხოვრობს, კერძო სახლში და უქმროდ ზრდის ორ შვილს

სააკაშვილის სისხლიანმა აგვისტოს ავანტიურამ ბევრი ქართველი და ოსი გააუბედურა.

_ თითქმის ხუთი წელი ჩემი სახლი არ მინახავს! ეს რა ჩაიდინა ამ ურჯულომ, ?! საკუთარ მიწაზე არ გამხადა ბერიკაცი, დევნილად!

არადა, ბერიანიძეების ოჯახი მყარად იდგა ფეხზე. თავად ბატონი გიორგი  საქონლის ფერმას ხელმძღვანელობდა, შემდეგ _ საწყობს, სადაც ბარდებოდა რძე, ხაჭო, ყველი, ერბო, ტყავი, მატყლი. დადიანეთის სტალინის სახელობის კოლმეურნეობაში იგი პარტიულ ორგანიზაციასაც ედგა სათავეში.

_ უმდიდრესი კოლმეურნეობა გვქონდა! გვყავდა 16 ათასი სული ცხვარი! მარტო ჩემს ფერმაში ხუთასი ძროხა და ხარი იყო! ცხოვრებას არავინ უჩიოდა! უფრო მეტის მოლოდინში ვიყავით! ყველაფერი გაგვიცამტვერა შევარდნაძემ, ხოლო მისმა «ნაბიჭვარმა» სააკაშვილმა ჩვენი გაპარტახება არ იკმარა და დევნილებადაც გვაქცია!..

მერე უკვირთ, რატომ ახსოვსო ხალხს სტალინიო.

სტალინი, ბაბუ, უპირველეს ყოვლისა, მშრომელ ადამიანს ცხოვრებას უმსუბუქებდა. რატომ არ ჰქონდა ამ ბუმბერაზ კაცს დიდი ქონება? იმიტომ, რომ ადამიანზე ზრუნავდა! სტალინი მადლიერი კაცობრიობის მეხსიერებაში მარად დარჩება, ხოლო შევარდნაძე და სააკაშვილი მყრალი კვამლივით გაქრებიან!

«ნაცებმა» დევნილი გიორგი ბერიანიძე გამორჩეულად «დააფასეს» _ ფრეზეთში საცხოვრებლად უფანჯრო, უკარო და უსახურავო კოტეჯი მიართვეს. რა უნდა ექნათ უსახლკაროდ დარჩენილ ვეტერანსა და მასთან მცხოვრებ შვილს _ ნათელას? დროებით შეეკედლნენ ლალის.

_ ჩემი გოგოები არაფერს მაკლებენ, მაგრამ მე ჩემი კუთხე მინდა, არავის შეწუხება არ მსურს!

მაგრამ ყველაზე უსიამოვნო სულ ახლახან, უფრო ზუსტად, 14 აპრილს _ ვეტერანის დაბადების დღეს მოხდა. გიორგი ბერიანიძე, როგორც დევნილი და სოციალურად დაუცველი პირი, ყოველთვიურად, დახმარების სახით, 30 ლარს იღებდა; ჰოდა, 93 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დამატებითი ფულადი სარგებლის ნაცვლად, დიდი სამამულო ომის პირველი ჯგუფის ინვალიდს, დიდების ორდენისა და სხვა მრავალი სახელმწიფო ჯილდოს კავალერს, სამშობლოს წინაშე ვალმოხდილ მოხუცს ეს 30-ლარიანი დახმარება მოუხსნეს!..

მიუხედავად ამ გაუგებრობისა, გიორგი ბერიანიძე მიესალმება «ნაციონალების» დამხობას და ახალი ხელისუფლების მოსვლას. მას სჯერა ბიძინა ივანიშვილის.

_ დამიჯერე, ბაბუ, ეს ჭკვიანი კაცია. იგი შეძლებს საქართველოს გაერთიანებას და სწორ გზაზე დაყენებას. მაგრამ ხომ გაგიგონია: მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო; ამიტომ, ყველა უნდა ამოვუდგეთ მხარში და ერთიანი ძალით ავაყვავოთ სამშობლო!

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here