Home რუბრიკები პოლიტიკა ზურაბ კვარაცხელია: «თეთრი მელას» თუ «ჭრელი კურდღლის» პრეზიდენტობის შემდეგ «კაცი პლასტელინის» არჩევაც...

ზურაბ კვარაცხელია: «თეთრი მელას» თუ «ჭრელი კურდღლის» პრეზიდენტობის შემდეგ «კაცი პლასტელინის» არჩევაც არ უნდა გაგვიკვირდეს

744

პოლიტიკური კოალიცია «ქართული ოცნების» მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელებამ ბევრის გაოცება გამოიწვია, განსაკუთრებით, _ რეგიონებში. მათთვის უცნობი ადამიანისთვის მხარდაჭერის მოწოდებამ ხალხი გარკვეულწილად გააღიზიანა კიდეც. გამარჯვების რა შანსი აქვს «ოცნების» კანდიდატს და როგორ წარმოუდგენიათ მომავალი პრეზიდენტის უფლებამოვალეობანი, ამის თაობაზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ კვარაცხელია.

_ საპარლამენტო არჩევნებში «ქართულმა ოცნებამ» სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში წააგო. მიზეზად კი მაშინ კოალიციის ლიდერის მხრიდან რეგიონის მიმართ არასათანადო ყურადღება სახელდებოდა. საინტერესოა, პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის წარდგენა როგორ აისახება სამეგრელოს მოსახლეობის განწყობაზე?

_ პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ გასული საპარლამენტო არჩევნების დროს სამგრელოს ელექტორატი, ისევე, როგორც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, იდგა დილემის წინაშე: მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ცუდსა და უარესს შორის. საბედნიერეოდ, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა» საქართველოს მასშტაბით დამარცხდა და, მიუხედავად ე.წ. კოაბიტაციური რეჟიმისა, თითქოს უკეთესობისკენაც მივდივართ. თუმცა წლის ბოლოსთვის ჩვენ, ალბათ, მოგვეცემა უფრო მეტი ანალიზისა და გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებაც.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ის უდავოდ სწორადაა დასმული და პასუხის გარკვეულ ელემენტებსაც შეიცავს. რა თქმა უნდა, სამეგრელოში «ქართული ოცნების» დამარცხება რაღაც თვალსაზრისით კანონზომიერედაც კი შეიძლება ჩაითვალოს. რეგიონში ივანიშვილის კოალიციამ შეგნებულად თუ შეუგნებლად საარჩევნო კამპანია შეცდომებით ჩაატარა და მე ახლა არ მსურს ჩემი კუთხის მოსახლეობისთვის და პირადად ჩემთვის ამ მეტად მტკივნეული საკითხის ღრმა ანალიზი და დეტალური განხილვა. სამეგრელოსთან მიმართებაში საქართველოს ყველა დროის პოლიტიკური ელიტის თუ ხელისუფლების მხრიდან მუდამ ერთნაირი დამოკიდებულებაა და შედეგიც ყოველთვის ერთი და იგივეა _ სამეგრელოს არც ადგილობრივი თვითმმართველობის და არც ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არასოდეს არ ჰყავს თავისი ინტერესების დამცველი და გამტარებელი წარმომადგენლობა.

«ქართული ოცნების» მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად მარგველაშვილის დასახელებასთან დაკავშირებით კი ერთს ვიტყვი _ «თეთრი მელას» თუ «ჭრელი კურდღლის» პრეზიდენტობის შემდეგ «კაცი პლასტელინის» არჩევაც არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს _ ხუმრობით, რა თქმა უნდა, სინამდვილეში კი დიდია ჩემი გულისტკივილი, ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანას ზვიად გამსახურდია ჰყავდა პრეზიდენტად! მისი ხელისუფლების დამხობისა და ფიზიკურად განადგურების შემდეგ, ფაქტია, რომ ჩვენ აღარ გვეღირსა ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ტრადიციულ ფასეულობებზე ორიენტირებული მმართველი.

ივანიშვილს თუ ვერწმუნებით, მის მთავრობაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი მარგველაშვილი ყოფილა და, თუ ამას ის გულწრფელად აცხადებს, მაშინ ისღა დამრჩენია, სრულიად საქართველოს მეც ასევე გულწრფელად მივუსამძიმრო. გადაჭრით ვიტყვი: მარგველაშვილი ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ინტერესებს ვერ გაამართლებს! აბა, დავფიქრდეთ, ლიბერალური, მემარჯვენე ბურჟუაზიული ორიენტაციისა და სოროსის მიერ დაფინანსებული ცენტრალური ევროპის ინსტიტუტის მიერ გამოზრდილმა მარგველაშვილმა როგორ უნდა გაამართლოს ჩემი განსაკუთრებული მორალის, ტრადიციებისა და უნიკალური თვითმყოფადობის მქონე თანამემამულეების ინტერესები; როგორ დაიცავს ის ბოლო ოცი წლის განმავლობაში უკიდურესად გაღატაკებული და იგნორირებული რეგიონის მოსახლეობის ინტერესებს, როცა სულ ახლახან ყველამ ვიხილეთ, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მან მშრომელთა ინტერესების დამცველი შრომის კოდექსი. საინტერესოა, საერთოდ თუ სმენია მას რამე სამეგრელოს სპეციფიკაზე, მის განსაკუთრებულ როლზე საქართველოს ისტორიაში, მის წარსულზე, სულიერ ფასეულობებზე, მის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე, მის ეკონომიკურ პოტენციალზე; საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია მას მისი განვითარების პრესპექტივები ზოგადეროვნულ და სახელმწიფოებრივ სივრცეში. ძალიან მეეჭვება, რომ მას ყოველივე ამაზე ნათელი და ჩვენთვის სასურველი წარმოდგენა ჰქონდეს.

გამომდინარე აქედან, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მისი არჩევა პრეზიდენტად ჩემი მრავალტანჯული და ათასწლეულების ქარტეხილებს გამოღწეული ხალხის ინტერესში ნამდვილად არ არის!

_ როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა უშუალოდ მომავალი პრეზიდენტის პრეროგატივა როგორც აფხაზებთან, ისე ოსებთან და რუსებთან ურთიერთობის მოგვარება; თქვენი აზრით, რამდენად შესაფერისია ამისთვის მარგველაშვილის კანდიდატურა?

_ აბსოლუტურად სწორია მოსაზრება, რომ ნამდვილი პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს. მე არ ვიცი, როგორი ავტორიტეტით სარგებლობს ბატონი მარგველაშვილი ევროატლანტიკურ სივრცეში, აგრეთვე, ე.წ. ლიბერტარიანულ წრეებში საქართველოშიც და, გნებავთ, ევროპა-ამერიკაშიც, მაგრამ მისი ფიგურის წონაზე, ავტორიტეტზე, კონტაქტებზე იმ ძალებთან, რომლებზეც უშუალოდ არის დამოკიდებული ჩვენი სამშობლოსთვის სტრატეგიული საკითხების დადებითად გადაწყვეტა, სამწუხაროდ, მე არაფერი მსმენია. ასე რომ, მოსაზრებაც იმის თაობაზე, რომ თითქოს «ქართულ ოცნებას»  მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ექნებოდა შანსი და შესაძლებლობა, ჩვენს რეგიონში გამოესწორებინა მისი არც თუ სახარბიელო მდგომარეობა, ასეთი კანდიდატის პირობებში სრულიად უსაფუძვლოა. ასეთი საპრეზიდენტო კანდიდატით «ქართული ოცნების» ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა თითქმის გარდაუვალია. აი, ამ სიტუაციაში კი, «ნაცმოძრაობას», მეტ-ნაკლებად ღირსეული კანდიდატის წამოყენების შემთხვევაში, აქ გარკვეული კარტ-ბლანში მიეცემა, რაც მას აუცილებლად მისცემს, აგრეთვე, რევანშის აღების შანსსაც. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქართულ პოლიტიკაში არსებული ორპოლუსიანობის განმტკიცებას და უცხოეთის თვალში ამ მართლაც დამნაშავე ორგანიზაციის პრესტიჟის ამაღლებას. მიჩნდება ეჭვი, სწორედ ეს ხომ არ არის ე. წ. კოაბიტაციური რეჟიმის მიზანიც? ისიც მაღელვებს, რომ მერე ჩემი კუთხის დადანაშაულებას დაიწყებს მავანი. ნამდვილი დამნაშავეების მისამართით კი მხოლოდ ერთეულები თუ გაიშვერენ ხელს. ასეთ პერსპექტივაზე ფიქრი ნამდვილად შეუძლებელია, მიხაროდეს.

_ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის შეძლებს ურთიერთობის მოგვარებას რუსეთთანაც, ტერიტორიების დაბრუნებასაც და ნატოში შესვლასაც. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

_ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის საკითხი, მეზობელ ზესახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხი სწორედ ის საკითხებია, რომელთა დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში თუ ექნება ჩვენს სამშობლოს ეროვნულ- სახელმწიფოებრივი განვითარების პერსპექტივა და მომავალი. დაინტერესებული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაახლოებით სამიოდე თვის წინ ჩვენი მოძრაობის ლიდერი, აკადემიკოსი ალექსანდრე ჭაჭია გამოვიდა ინიციატივით, მომავალი პრეზიდენტი აღჭურვილი ყოფილიყო უფლებამოსილებით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება საგარეოპოლიტიკური ვექტორის დაბალანსება. ბატონი ალექსანდრეს მოსაზრებით, მომავალი პრეზიდენტი უშუალოდ უნდა იყოს დაკავებული აფხაზებთან, ოსებთან, ჩრდილოკავკასიელებთან და, რაც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით. ეს არის გონივრულად, პატრიოტულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და ბუნებრივია, რომ ამ იდეისადმი ნებისმიერ ჩვენგანს მართებს ადეკვატური დამოკიდებულება.

ქართული საზოგადოების მხრიდან მე მართლაც დავინახე შესაბამისი გამოხმაურებაც და მხარდაჭერაც, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას, რომ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილისა და, რაც მთავარია, სახელისუფლო კოალიცია «ქართული ოცნების» მხრიდან ის ადეკვატურად იქნა შეფასებული და მხარდაჭერილი. პირდაპირ ვაცხადებ _ ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას მამულიშვილური ინიციატივის მიმართ ასეთი დამოკიდებულება და პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით «ქართული ოცნების» მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც, სამწუხაროდ, მიუთითებს იმაზე, რომ «ქართული ოცნებაც» «ნაციონალური მოძრაობისა» და «მოქალაქეთა კავშირისგან» თვისობრივად ბევრად არ განსხვავდება. მას არ ესმის ან შეგნებულად არ სურს, ჩასწვდეს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საგარეოპოლოტიკური ვექტორის დაბალანსება; მისთვის პრიორიტეტული კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობის და რუსეთთან ურთიერთკომპრომისების ხარჯზე პრობლემური საკითხების მოგვარება კი არა, როგორც ჩანს, დასავლეთის მხრიდან ლოიალური განწყობის მოპოვება თუ შენარჩუნებაა. დაპირებები და ქართულ-რუსულ ურთიერთობაში შედარებით უმნიშვნელო საკითხების მოგვარება კი, არა მგონია, ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული ინტერესების დასაკმაყოფილებლად საკმარისი იყოს.

სხვათა შორის «ქართული ოცნების» დაპირებებზე გამახსენდა. გვახსოვს, თუ როგორ გვპირდებოდნენ ისინი ავღანეთიდან ჩვენი ჯარისკაცების გამოყვანას. აგერ, სულ ახლახან მოხდა ტრაგედია. იქ ჩვენი ბიჭები ჩახოცეს, იქ უმოწყალოდ ნადგურდება ჩვენი გენოფონდი. ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, შეწყვიტონ დემაგოგია და ლათაიები იმაზე, რომ ქართული შენაერთის შორეულ ავღანეთში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა ჩვენი სამშობლოს გრძელვადიანი სტრატეგიული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. თუ მათ ამ ზღაპრის მაინც და მაინც ძალიან სჯერათ, მაშინ უპრიანი იქნება, იმ ჯოჯოხეთში თვითონვე გაემგზავრონ ან საკუთარი ოჯახის წევრები გაგზავნონ ავტომატებით და, თუ უნდათ, რეპის სასიმღერო ტექსტებითა და მიკროფონებითაც, სხვის შვილებს კი თავი დაანებონ!

ამ ვითარებაში აუცილებელია, გამოსავალზე ვიფიქროთ და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. აუცილებელი მგონია ეროვნულ-პატრიოტულ პლატფორმაზე მდგომი ყველა ძალის ერთ მუშტად შეკავშირება, აუცილებელი მგონია ერთიანი კონცეფციის შემუშავება და, მიუხედავად ყველაფრისა, პრეზიდენტობის კანდიდატად ღირსეული პიროვნების დასახელება. თუ ამას მოვახერხებთ, მერწმუნეთ, უშანსოდ ნამდვილად არ დავრჩებით. გამარჯვების შანსი შეიძლება წარმოუდგენლად დიდი და რეალური აღმოჩნდეს.

_ სანამ «ოცნება» პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებდა, იყო ასეთი მოსაზრება, რომ კანდიდატს უნდა დაეკმაყოფილებინა გარკვეული კრიტერიუმები, ჰქონოდა სოხუმთან, ცხინვალთან პირადი კონტაქტები, მისაღები ყოფილიყო აფხაზი და ოსი თანამოძმეებისთვის, აგრეთვე, ჰქონოდა შესაბამისი წონა, რომ მნიშვნელოვნად გამოესწორებინა ურთიერთობა რუსეთთან. ასევე იყო მოლოდინი, რომ მომავალი კანდიდატი ყოფილიყო ფიგურა, რომელიც შეძლებდა სამეგრელოში «ოცნების» არცთუ სახარბიელო მდგომარეობის დაბალანსებას, ამ რეგიონში «ნაცმოძრაობისთვის» ხმების წართმევასეს მოლოდინი არ გამართლდა, ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლობამ «ოცნებისთვის» რა შედეგი შეიძლება მოიტანოს საკუთრივ სამეგრელოში?

_ თქვენს მიერ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს სრულად პასუხობს ალექსანდრე ჭაჭიას კანდიდატურა. სხვათა შორის, ზუგდიდის ოფისში ამ ბოლო დროს უამრავი ადამიანი გვსტუმრობს, მათ აინტერესებთ ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას აზრი ყოველივე ამასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები კატეგორიულად მოითხოვენ მისგან, უფრო აქტიურად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. ბუნებრივია, მე არ შემიძლია ბატონი ალექსანდრეს მაგივრად ვისაუბრო და ვფიქრობ, რომ საკუთარ პოზიციასა და სამომავლო გეგმებზე უახლოეს დროში ის თვითონ გააკეთებს შესაბამის განცხადებებს. მის მოლოდინშია დღეს სამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის, ცხადია, დევნილებიც.

ახლა რაც შეეხება «სახალხო კრების» მიერ ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას: პირადად მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მომავალი პრეზიდენტი, აგრეთვე, არ უნდა ასოცირდებოდეს პუტჩთან, სისხლთან, ომებთან; მისი პერსონა არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი არავისთვის. ჩემთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქალბატონმა ბურჯანაძემ, გამსახურდიას კანონიერი და ეროვნული ხელისუფლების დამხობა თავის დროზე შეაფასა, როგორც სახალხო დემოკრატიული რევოლუცია. თქვენი გაზეთის მეშვეობით მსურს, შევეკითხო მას: დღესაც ასე ფიქრობს თუ არა და, მისი შესაძლო გაპრეზიდენტების შემთხვევაში, როგორ აპირებს კონფლიქტურ რეგიონებთან და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას? და საერთოდ, იღებს თუ არა იგი რაიმე ტიპის პასუხისმგებლობას შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე?

და ბოლოს, არ შემიძლია, არ შევეხო სექსუალური უმცირესობების მცდელობას, თბილისის ცენტრში ჩაეტარებინათ გეიალღუმი. მოსახლეობის რეაქცია აბსოლუტურად ადეკვატური იყო და ყველას ვურჩევ _ პოზიციასაც და ოპოზიციასაც, გარეშესაც და შინაურსაც _ ჭკუას მოუხმონ და არავის არაფერი შეეშალოს, ყველამ გაითავისოს _ კოლხურიბერიული გენის ამოძირკვა არც ისე იოლია! ხოლო ვისაც ამ ტიპის გეიაღლუმების ჩატარება სურს, საკუთარ «სპალნაში» ჩაატაროს!

ესაუბრა

გიორგი მაისურაძე

1 COMMENT

  1. ბატონო ზურაბ ბევრ რამეში გეთანხმებით,მიხარია ისევ ძველი შემარტებით რომ იბრძვი და მსურს,ამ ბრძოლას შედეგი მოეტანოს,ისე არჩაევლოს,როგორც წინა ბრძოლებს,როცა ჩვენ ვიდექით ბარიკადებზე…

  2. ვეთანხმები ბ-ნ ზურაბს, და მინდა გამოვთქვა ჩემი მოკრძალებული აზრი,მიუხედავად იმისა ,რომ "ქართული ოცნებას" გააჩნია დიდი ავტორიტეტი საზოგადოებაში,მარგველაშვილი ვერ იქნება რეალური კონკურენტი სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების,და გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ მოახერხებს ქვეყნისთვის იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემის მოგვარებას,რასაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დედასამშობლოსთან შემოერთება ჰქვია. პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარესთან, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოგვარება.პაატა ზაქარეიშვილს, უსუფაშვილს და ბევრს კიდევ ქართული ოცნებიდან არც კი დაელაპარაკება რუსული მხარე,ამიტომაც აუცილებელია ისეტი ადამიანის არჩევა პრეზიდენტის პოსტზე,რომელიც სარგებლობს დიდი ავტორიტეტით,როგორც აფხაზეთში, ოსეთში და ასევე რუსეთის ფედერაციაში,რომელსაც რეალურად ძალუძა ამ საკითხების მოგვარება. ამაზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ-ამომრჩევლებო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here