Home რუბრიკები საზოგადოება ალკოჰოლური სასმელი _ ბიზნესი თუ მასობრივი განადგურების იარაღი?

ალკოჰოლური სასმელი _ ბიზნესი თუ მასობრივი განადგურების იარაღი?

1995

ამბიციური მიზნების მისაღწევად და სასურველი მიწების ხელში ჩასაგდებად სრულიად არაა აუცილებელი შეიარაღებული ძალების გამოყენება. საამისოდ არსებობს უფრო ქმედითი და დახვეწილი ხერხი _ ალკოჰოლი.

ძველ დროში რუსებისა და დანარჩენი სლავური ტომებისთვის არაყი და სხვა მაგარი სასმელები არც იყო ცნობილი _ ისინი თაფლს სვამდნენ ან ლუდს, თუმცა ოფლითა და შრომით მოყვანილ ქერს ლუდის მოსახარშად მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იყენებდნენ. რუსეთში დასალევად მხოლოდ  სამი მიზეზი არსებობდა: ბავშვის დაბადება, მტერზე გამარჯვება და ქელეხი. 

არაყი რუსეთში, უფრო სწორად, დასავლეთ რუსეთში (პოლონურ-ლიტვური სათავადო), პირველად 1428 წელს გენუელმა ვაჭრებმა შემოიტანეს. სულ მალე არაყის გამოყენება აიკრძალა. რუსეთის მეფეები ყოველთვის ატარებდნენ ანტიალკოჰოლურ პოლიტიკას. XV-XVII საუკუნეებში რუსები ყველაზე ფხიზელ, არამსმელ ერს წარმოადგენდნენ. რუსეთში ჩამოსული უცხოელებიც ადასტურებდნენ ამ ფაქტს. XIX საუკუნემდე ალკოჰოლური სასმელების შეძენა მხოლოდ სპეციალურ დაწესებულებებში იყო შესაძლებელი. ამიტომაც ლოთობდა მხოლოდ საზოგადოების ვიწრო ფენა, რადგან არყის დალევა მხოლოდ დუქანში იყო ნებადართული, ამიტომ სისტემატური სმა და დათრობა იმ პერიოდის რუსეთის მოსახლეობას არ ახასიათებდა.

ამ წეს-ჩვეულების აქტიურად დანერქვას პეტრე I-მა მიჰყო ხელი, რომელსაც თვითონ უყვარდა სმა (ამას განათლებულ ევროპაში შეეჩვია), მისი საქმე კი ეკატერინე დიდმაც გააგრძელა, რომელსაც მიაჩნდა, რომ «მთვრალი რუსეთის მართვა გაცილებით ადვილია». ამას გარდა, დუქნების მასობრივი გახსნა სახელმწიფოსთვის ხაზინის შევსების საშუალებასაც წარმოადგენდა, რადგან მათი მფლობელები გარკვეულ გადასახადს იხდიდნენ. უკვე იმ დროს საზოგადოების საუკეთესო ნაწილი აცნობიერებდა, თუ რა საფრთხის შემცველი იყო მსგავსი პოლიტიკა და განგაშს ტეხდა, მოუწოდებდა რა მთავრობას, შეეწყვიტა ხალხის გალოთება. მართლმადიდებელი ეკლესია ლოთებს არ აზიარებდა, იქმნებოდა ნებაყოფლობითი სიფხიზლის საზოგადოებები, ხოლო 1858-59 წლებში რუსეთის 32 გუბერნიაში ანტიალკოჰოლური ამბოხება მოხდა _ ხალხმა დუქნები დაარბია და ერთხმად მოითხოვა მათი გაუქმება.

ალექსანდრე III-ს მმართველობის დროს ზომები საგრძნობლად გამკაცრდა, მაგრამ 1914 წლისთვის ალკოჰოლური სასმელების მიღების მაჩვენებელმა ერთ ადამიანზე 4,7 ლიტრამდე მაინც აიწია (დღეს ეს მაჩვენებელი 14 ლიტრს შეადგენს). აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის მაგარი სასმელების მიღების მაჩვენებელი ევროპასა და აშშ-ში ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე რუსეთში. ასი წლის წინ ე.წ. მსმელ რუსეთში 18 წლამდე ბავშვების 95%-ს, ქალების 90%-სა და მამაკაცების 43%-ს გასინჯულიც კი არ ჰქონდა სპირტიანი სასმელები. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე რუსეთში «მშრალი კანონი» შემოიღეს, რომელიც მხოლოდ 1925 წელს გააუქმეს, მაგრამ არც ამის შემდეგ შეინიშნებოდა ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება. 1932 წლისთვის ერთი ადამიანი წელიწადში დაახლოებით 1 ლიტრ სასმელს მიირთმევდა, ხოლო 1950 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 1,85 ლიტრს მიაღწია, ანუ სტალინის დროს რუსი ერი საკმაოდ ფხიზლად ცხოვრობდა. შემდგომ წლებში კი ალკოჰოლის მოხმარება ნელ-ნელა გაიზარდა, მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირი მსოფლიოში ერთ-ერთ ფხიზელ სახელმწიფოდ მაინც რჩებოდა. იმ დროს საბჭოთა ადამიანი ინგლისელზე 3-ჯერ ნაკლებს, ფრანგზე 7-ჯერ ნაკლებს და ამერიკელზე 10-ჯერ ნაკლებ სუფთა სპირტს მიირთმევდა. მაგრამ არავის უთქვამს, რომ ამერიკელებს ან ფრანგებს ალკოჰოლისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვთ, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ რუსები მსმელი ერია.

ინფორმაცია რუსების მიერ ალკოჰოლური სასმელების მიმართ გენეტიკური  მიდრეკილების თაობაზე ძალიან გადაჭარბებულია, რადგან მათ სისხლში არსებობს განსაკუთრებული ფერმენტი, რომელსაც ალკოჰოლის მონელების უნარი აქვს. სულ სხვაგვარადაა, მაგალითად, საქმე შორეული ჩრდილოეთის ხალხის, ფინელებისა და ზოგიერთი სხვა ერის შემთხვევაში. ასე, მაგალითად, ამერიკელი კოლონიზატორები სარგებლობდნენ ამ ფაქტით და მაგარი სასმელების მეშვეობით, ფაქტობრივად, მოსპეს ჩრდილოეთ ამერიკის აბორიგენული მოსახლეობა. რუსეთი კი კანონით კრძალავდა ციმბირსა და შორეულ ჩრდილოეთში ალკოჰოლით ვაჭრობას, რათა ადგილობრივი მოსახლეობა არ გალოთებულიყო.

დღეს ამერიკელების ეს პოლიტიკა რუსეთის მიმართ ტარდება. ყოველწლიურად რუსეთში მაგარი სასმელებისგან 50 ათასი ადამიანი იღუპება. შედარებისთვის, ეს ერთი რიგითი ქალაქის მოსახლეობაა. რუსეთის სრული ალკოჰოლიზაცია მსოფლიოს მმართველი ძალებისთვის დაპყრობის ერთ-ერთი იარაღია.

ამ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იყენებენ, როდესაც საზღვრები გაიხსნა და მოსახლეობამდე უცხოურმა მომწამვლელმა სასმელებმა მიაღწია. ასევე გახელდნენ რუსეთის ალკოჰოლური მაფიები, რომლებმაც ადგილობრივი ბაზარი იაფფასიანი სუროგატით გააჯერეს. აი, ასე მივიდა რუსი ერი ამ რეკორდულ 14 ლიტრამდე ერთ სულ მოსახლეზე (ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 21 ლიტრს შეადგენს). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩატარებულმა საბაზრო რეფორმებმა ხელ-ფეხი გაუხსნეს მრავალ (მათ შორის არაკეთილსინდისიერ) მეწარმეს. დღეს რუსეთის ფედერაციაში 1300-ზე მეტი სპირტიანი სასმელის მწარმოებელი ქარხანა მოქმედებს (უმეტესობა ჩრდილოეთ კავკასიაშია განლაგებული), რაც 12-ჯერ აღემატება მთელ უზარმაზარ საბჭოთა კავშირში მომუშავე ქარხნების რაოდენობას. დაუმატეთ ამას ის საზარელი, კუსტარულად დამზადებული  პროდუქცია და უცხოეთიდან შემოსული სასმელების რაოდენობა.

ჯერ კიდევ 1911 წელს სახელმწიფო დუმის დეპუტატი მ. ჩელიშევი აფრთხილებდა რუს მოსახლეობას: «მთელ რუსეთში მიმდინარეობს კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რომ რუსი ერი არ გამოფხიზლდეს და ლოთობას არ ჩამოშორდეს». არსებობს რუსეთის სხვადასხვა სტატისტიკური დაწესებულების ოფიციალური მონაცემები, რომლებიც 1960-იანი წლებიდან 1980 წლამდე გასაიდუმლოებული იყო. ეს არის ე. წ. მონაცემები «ალკოჰოლის დარეგისტრირებული  მოხმარების» შესახებ. 80-იან წლებში მაგარი სასმელების მოხმარების დონე რუსეთში 2-3 ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვა ქვეყნებში. მაგალითად, 1984 წელს შვედეთში, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შეადგენდა 5,6, 6,6 და 7,2, ხოლო აშშ-ში _ 8,6 ლიტრს შეადგენდა.

არაფხიზელი ცხოვრების წესი, რომელსაც რუსეთის მოსახლეობას თავს ახვევდნენ, გარკვეულ ძალებს აძლევს ხელს, რადგან, ეკატერინე დიდის არ იყოს, მთვრალი ხალხის მართვა უფრო მარტივია. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ალკოჰოლის მიღება მცირე დოზითაც კი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენს მოქმედებას, რის შედეგადაც ითრგუნება ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, რომელიც «უპასუხებს» გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, ანუ საგრძნობლად იზრდება ინფორმაციის დამუშავების დრო და ადამიანს უსუსტდება მსჯელობისა და კრიტიკის უნარი. ეს კი მასების სამართავად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. დასკვნების გამოტანა რთული არაა…

ასმათ ჯაღმაიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here