Home რუბრიკები საზოგადოება მომავალი პრეზიდენტი _ მეფე თუ პაიკი?

მომავალი პრეზიდენტი _ მეფე თუ პაიკი?

699

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია «ქართული ოცნების» სახელით მონაწილეობას საქართველოს განათლების მინისტრი, ვიცეპრემიერი გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოსთან მოთათბირების, მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ, 11 მაისს გამოაცხადა. პრემიერის მოსაზრება გაიზიარა მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ და, შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის გარდა, სხვა კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგში არც კი დამდგარა.

პრობლემის მოგვარების გასაღები ჩვენს საზოგადოებაშია, სახელდობრ კი, – დიალოგში

ტატო ლასხიშვილი, გაზეთ «სვობოდნაია გრუზიას» მთავარი რედაქტორი:

_ მთლად დარწმუნებული არ ვარ, რომ  პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს ან პარლამენტის თავმჯდომარეს ცალ-ცალკე ხელეწიფებოდეთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზება.

დამეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი, განსაკუთრებით კი ამჟამინდელი, არასოდეს განიცდიდა ძალაუფლების ნაკლებობას, მაგრამ ტერიტორიული პრობლემები და ჩრდილოელ მეზობელთან დაძაბული ურთიერთობა კვლავ გადაუწყვეტელია. ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პრობლემების მოგვარების გასაღები მოსკოვში დევს. სააკაშვილის აზრით კი, მხოლოდ ნატოში გაწევრიანებით გადავჭრით ზემოაღნიშნულ საკითხებს. თავს უფლებას მივცემ, არ დავეთანხმო არც ერთს და არც მეორეს, თუმცა არც ის მინდა იფიქროს მკითხველმა, რომ გლობალიზაციის პირობებში სათანადოდ არ ვაფასებ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის უდიდესი მოთამაშეების შესაძლებლობებს.

პრობლემის მოგვარების გასაღები ჩვენს საზოგადოებაშია, სახელდობრ კი, _ დიალოგში. დიახ, იმისთვის, რომ საკითხი დაიძრას მკვდარი წერტილიდან, საჭიროა არა დამნაშავეების ძებნა, არამედ გამოსავლის პოვნა. ამისთვის, ჩემი აზრით, გვმართებს მუდმივი დიალოგის რეჟიმში მუშაობა, რაოდენ რთულიც  უნდა იყოს ეს.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბევრი პოლიტიკოსისთვის ასეთი გზა არასასურველია, რადგან ამ შემთხვევაში წინა პლანზე ინტელექტუალური წრეების წარმომადგენლები იწევენ, პოლიტიკური ელიტა კი…

შარშან, მარტში საზოგადოებრივი მოძრაობის _ «ქართულ-აფხაზური» და «ქართულ-ოსური» სახლის დამფუძნებელმა, ქალბატონმა ნესტან კირთაძემ მოამზადა საინფორმაციო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი გაზეთის ბაზაზე ორი სამენოვანი (რუსულ-ქართულ-აფხაზური და რუსულ-ქართულ-ოსური) ყოველკვირეული გაზეთის გამოცემას. პროექტის მეორე და მესამე ეტაპებზე კი გათვალისწინებული იყო ერთობლივი ინტერნეტ-რადიოსა და ტელევიზიის შექმნა და მედია-ჰოლდინგის დაარსება.

მე არ დამავიწყდება ის შემართება, რომლითაც ამ პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩაებნენ აფხაზური და ოსური ენების სპეციალისტები. სამწუხაროდ, ჩვენში არ აღმოჩნდა არათუ ამ პროექტის დამფინანსებელი, არამედ ვერ მოხერხდა რამდენიმე საცდელი ნომრის გამოცემაც კი…

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ერთი გაზეთი ან სხვა სახის მედიასაშუალება გადაწყვეტს პრობლემას, მაგრამ აქ ხომ ერთობლივი საინფორმაციო სივრცის შექმნა იკვეთებოდა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდებოდა რეგულარული დიალოგის რეჟიმის ფორმირება. იგივე მდგომარეობაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესშიც.

ერთი სიტყვით, რაც ნაკლები ძალაუფლება ექნება პრეზიდენტს და რაც მეტად მიუგდებს ყურს ხელისუფლება საზოგადოების ხმას, მით უფრო გაიოლდება ქვეყნის პრობლემების დაძლევის პროცესი.

მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამ ობიექტური განცდა გააჩინა, რომ მეორე ტური სრულიად რეალურია

დიმიტრი ლორთქიფანიძე, უფლებადამცველი:

_ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებამ, ობიექტური განცდა გააჩინა ექსპერტებში, რომ მეორე ტური სრულიად რეალურია; მეტადრე მაშინ, როდესაც გამოჩნდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები რომლებსაც დიდი ალბათობით ექსპარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც შეუერთდება. აღარაფერს ვამბობთ შალვა ნათელაშვილის დაუოკებელ ლტოლვასა და «ნაცმოს» რჩეულის _ დათო ბაქრაძის დემოკრატიული ანტურაჟით შეფუთულ პრაქტიკულად დასახელებულ კანდიდატურაზე!

ვინ იქნება შემდეგი, ახლო მომავალი გვიჩვენებს, თუმცა გონიერი ადამიანისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ სწორედ ახლაა სასურველი, არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალებმა დაასახელონ ერთიანი კანდიდატურა და, როგორც მინიმუმ, «ნაცმო» გააძევონ პოლიტიკური არენიდან, და, მაქსიმუმ, კოალიცია «ქართული ოცნების» უძლეველობის მითი დაამსხვრიონ. ვფიქრობ, რეალური პრაიმერი და სოციოლოგიური კვლევის ჩატარება იქნება სწორი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან და დასახელდება ღირსეული მეტოქე «ქართული ოცნების» მიერ წარმოდგენილი კანდიდატისა, რომელიც უშუალოდ ბატონი ივანიშვილის რჩეულია, მაგრამ აქვს მცირე პოლიტიკური წონა და გამოცდილება, რაც მას საყოველთაო სახალხო ლიდერად საზოგადოების თვალში ვერ წარმოაჩენს და ადეკვატური იქნება მისი პოლიტიკური საქმიანობისადმი ნდობის რეიტინგიც, მეტადრე იმ დაშვებული შეცდომების ფონზე, რომლებიც ბატონ მარგველაშვილის ანგარიშზეა მიმდინარე თვეების განმავლობაში და რაზეც, სხვათა შორის, თავად ბატონი ბიძინას შენიშვნაც აქვს მიღებული.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის განსაკუთრებული როლი ვლინდება საგარეოპოლიტიკურ კურსზე პასუხისმგებლობაში და ამ მხრივ საგულისხმო უნდა იყოს ისეთი ფიგურის წინ წამოწევა, რომელსაც, გარდა სასარგებლო კონტაქტებისა, გააჩნია პირადი ავტორიტეტი და დიდი გამოცდილება საერთაშორისო ასპარეზზე, პოლიტიკური აზროვნებისა და გამჭრიახობის საზოგადოებისთვის უკვე წინასწარ კარგად ცნობილი თვისებები.

რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გარეშე «ქართული ოცნების» მრავალი დაპირება ჰაერში იქნება გამოკიდებული

ირაკლი ყიფიანი, «ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის» საბჭოს წევრი:

_ ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის არაფერია გადაწყვეტილი და უნდა დაველოდოთ წინასაარჩევნო კამპანიას. მოგეხსენებათ, საზოგადოების ნაწილი ღრმად აღფრთოვანებული არ დარჩა, როდესაც «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ შეიტყო. არ გამოვრიცხავ, რომ  კოალიციის სახელმა და ბიძინა ივანიშვილის პიროვნულმა ფაქტორმაც ითამაშოს გარდამტეხი როლი საპრეზიდენტო არჩევნებისას მარგველაშვილის წარმატებით ასპარეზობაში. მოგეხსენებათ, ქვეყანაში პოლიტიკურად გარდამავალი პერიოდია და, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩაივლის, პირადად მე თუნდაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების თემაზე წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯებს და სერიოზულ ძვრებს არ ველოდები, თუმცა ყოველივე არ გამორიცხავს საზოგადოების პასიურ რეჟიმში გადასვლას; მეტიც, საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და დაანახოს ხელისუფლებას ის კეთილი ნება, რომელიც თუნდაც რუსეთთან თანასწორუფლებიან რეჟიმში მოლაპარაკებებსა და ურთიერთობის აღდგენას გულისხმობს. რაც შეეხება მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში გადადგმულ ნაბიჯებს და გააგრძელებს თუ არა ის სააკაშვილის პოლიტიკას, ამას დრო გვიჩვენებს. ახალი კონსტიტუციით, მხოლოდ არბიტრის ფუნქცია არ რჩება პრეზიდენტს, მრავალი უფლება-მოვალეობის გარდა, მას საგარეოპოლიტიკური კურსის განსაზღვრის უფლებაც ექნება და ვნახოთ, რამდენად გამოიჩენს მარგველაშვილი გამარჯვების შემთხვევაში გამჭრიახობას, რადგან ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების გარეშე «ქართული ოცნების» მრავალი დაპირება ჰაერში იქნება გამოკიდებული.

 მარგველაშვილის კანდიდატის დასახელება არ მაძლევს იმაზე ფიქრის საფუძველს, რომ მისგან აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ სამომავლოდ  მკაცრ შენიშვნებსა და რჩევებს მოვისმენთ.

კოალიციის დაშლის შემთხვევაში შესაძლებელია, პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ

ჯულიანა დიუმა, ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოს Newsfreedom   Internationalის ხელმძღვანელი:

_ ერთი შეხედვით, ივანიშვილი თითქოს ცდილობს, ქართველი ხალხი განგვკურნოს ლიდერზე ემოციური მიჯაჭვულობის სინდრომისგან, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ეროვნულ დაავადებად იქცა. თუ ასეა, მაშინ  მისასალმებელია, რადგან ესაა უკანასკნელი აუცილებელი წინაპირობა წარმატებული დემოკრატიისთვის, ხოლო რამდენად მზად ვართ ამისთვის, როგორც ერი, უკვე სხვა საკითხია და ამას, ალბათ, მომავალი გვიჩვენებს. თუ   პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებას ისახავს მიზნად, არც ეს უნდა იყოს კატასტროფა, თუ, რა თქმა უნდა, მას ძლიერი პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი და პარლამენტი ჩაენაცვლება, თუმცა კოალიციის დაშლის შემთხვევაში (რაც საკმაოდ მოსალოდნელია) შესაძლებელია, პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოვჩნდეთ.

რაც შეეხება იმის საშიშროებას, რომ სუსტი პრეზიდენტის პირობებში წინასაარჩევნო დაპირებები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთთან ურთიერთობის დათბობასთან დაკავშირებით, დაპირებად დარჩება მხოლოდ, მართალი გითხრათ, ეს საკითხი ამ ეტაპზე ნაკლებ აქტუალურად მიმაჩნია, რადგან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით «ქართული ოცნების» სტრატეგიას ისედაც საკმაოდ ბუნდოვნად და გაუაზრებლად მივიჩნევ. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებამ ამ საკითხებზე, არ მგონია, ნიშანდობლივი გავლენის მოხდენა შეძლოს!

საჭიროა «ქართული ოცნების» დაბალანსება

ჯონდი ბაღათურია, «ქართული დასის» ლიდერი:

_ ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე ძალამ ხელში აიღოს უკონტროლო ძალაუფლება. «ქართული ოცნება» უკვე ფლობს საპარლამენტო, აღმასრულებელ და ადგილობრივ ძალაუფლებას (გარდა თბილისისა და ამასაც მალე აიღებს ხელში), ამიტომ საჭიროა «ქართული ოცნების» დაბალანსება. ჩვენ შევძლებთ ასეთი ძალის შექმნას და ხალხს შევთავაზებთ არამარტო უფრო ძლიერ პრეზიდენტობის კანდიდატს, არამედ ქვეყნის განვითარების მესამე გზას: უფრო ეროვნულს, უფრო სამართლიანს, უფრო სოციალურად ორიენტირებულს და ხალხისთვის გასაგებს.

ნურავინ შეეცდება, საქართველო აქციოს «ხამების» ქვეყნად

საბა მეტრეველი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

_ ჯერ ის უნდა განისაზღვროს, როგორი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ქვეყანამ, მიუხედავად პოლიტიკური სისტემისა. სამწუხაროდ, კეთილგონიერება გვაკლია და არჩევანს ვაკეთებთ არა ანალიზის შედეგად, არამედ ყალბ ემოციებს აყოლილნი. პრეზიდენტი ერის სახეა, ქვეყნის იმიჯის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი და არ შეიძლება ის იყოს მკვეხარა, თვითკმაყოფილი, უღირსებო კაცი, არაადეკვატური საგნისა თუ მოვლენისადმი (არადა, ამის კლასიკური მაგალითი გვყავდა წლების განმავლობაში). ნურავინ შეეცდება, საქართველო აქციოს «ხამების» ქვეყნად, უნახავმა რა ნახაო, _ ასე მოგვდის და თავს ვიტყუებდით (ან გვატყუებდნენ), რომ საუკეთესოს მსოფლიოში (ხანაც ევროპაში) ვაშენებთ, ვაგებთ, ვაპროექტებთ, რომ დემოკრატიას ჩვენი მაგალითით სწავლობენ, რომ ყველაზე «მაგრები» (როგორ მძულს უკვე ეს სიტყვა!) ვართ…

ძალიანაც კარგია, თუ გვეღირსა და საპარლამენტო მოდელს მოვერგეთ. სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გათვალისწინებით, ქართველი ადამიანი ბელადის ძიების პროცესშია _ ამის დაძლევას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ საპარლამენტო მოდელი აქეთკენ გადადგმულ სერიოზულ ნაბიჯად მიმაჩნია. ერთი კაცის აღვირახსნილი მმართველობა და ცხვრებივით ყველაფერზე კვერის დაკვრა კი არა, გუნდური მუშაობა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნიშნით დაღდასმული მმართველობა გამოგვიყვანს სერიოზული პოლიტიკური კრიზისიდან. რადგან, ახალი მოდელის მიხედვით, პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდება და ის უფრო სიმბოლურ-ცერემონიალური ინსტიტუცია გახდება, ეს უკვე გვაძლევს საშუალებას, გაწონასწორებული, ადეკვატური, მაღალი დიპლომატიური და ადამიანური კულტურის და მამულის ბედზე ჩაფიქრებული ადამიანი ავირჩიოთ და არა _ თუნდაც რომელიმე პარტიის მიერ თავსმოხვეული კანდიდატურა.

შეუძლებელია, საპარლამენტო მოდელზე გადასვლამ რამეთი ხელი შეუშალოს ჩვენი უპირველესი სატკივარისა და საზრუნავის _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის განხორციელებისთვის მიზანმიმართულ პოლიტიკას. მთავარია, მმართველ გუნდს ესმოდეს თავისი უმთავრესი მისია და ჰყოფნიდეს კომპეტენცია დასახული მიზნის მისაღწევად. მეჩვენება, რომ იმაზე მეტ ყურადღებას ვუთმობთ თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციის «ღაღადისს», ვიდრე ის ამას იმსახურებს.

არც მშობელს და არც მეზობელს არ ირჩევენ – რუსეთთან მეზობლობა ჩვენი გეოპოლიტიკური «ჯვარია», რომელიც ქართველმა ერმა უნდა ზიდოს. ვერავინ შეცვლის მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას და ჩვენს მეზობლად გერმანიას ვერავინ გადმოიტანს, ამიტომ უნდა ეყოს ქვეყანას გონიერება და დიპლომატია, შეასრულოს ყველაზე რთული და მთავარი მისია _ მტერი მოყვარედ აქციოს! თუ ამას გააცნობიერებს პოლიტიკური ელიტა, მაშინ შეკითხვა აღარ გაჩნდება, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მეზობელთან. სირცხვილია ამაზე ამდენი საუბარი!

ის, რაც იყო სააკაშვილის დროს, აუცილებლად შეიცვლება და დაპირება დაპირებად ვერ დარჩება, რადგან განვითარების კანონზომიერება თავისას ითხოვს და ამდენ წინააღმდეგობაში აუცილებლად დაიბადება ახალი _ განსხვავებული, მეზობლური ურთიერთობა, ისეთი, როგორიც თუნდაც თურქეთთან და ირანთან გვაქვს. არ არსებობს პოლიტიკურად გადაუჭრელი პრობლემა, თუ მმართველ პარტიას აქვს ორი უიშვიათესი თვისება: კეთილგონიერება და სახელმწიფოებრივი ცნობიერება!

წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, არაქარიზმატული ლიდერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის უფრო საინტერესოა

ლევან ჩიტაძე, უფლებადამცველი:

_ ხელისუფლების მიერ დაპირებების შესრულება არ უკავშირდება მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ პირს. ნაკლები სამოქალაქო თვითშეგნების ქვეყნები ხასიათდებიან ხელისუფლებისადმი პიროვნული მოდგომით. ასეთ ქვეყნებში კი ხშირ შემთხვევაში ავტოკრატიული მმართველობის ფორმებია დამკვიდრებული. უაღრესად რეიტინგული ერთი პირი,  ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტი, რომელზეც «ჩამოკიდებულია» ყველანაირი პასუხისმგებლობა, ქმნის მისი ფიგურის კულტს საზოგადოებაში, რაც ავტოკრატიული მმართველობის ფორმების ჩამოყალიბების საწინდარია.

ვთვლი, რომ ყველანაირი დაპირება, რომელთაც ხელისუფლება იძლევა, ატარებს შესრულების სისტემურ ხასიათს. ამ სისტემაში იკვეთება რამდენიმე ცენტრალური რგოლი _ მთავრობა წონასწორობის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული: ერთ მხარეს _ მთავრობა, მეორე მხარეს _ პარლამენტი, სასამართლო;  მათ გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებას კი, თავის მხრივ, მონიტორინგს უნდა უწევდეს ოპოზიციური პარტიები, ძლიერი სამოქალაქო სექტორი და მედია. ეს არის დემოკრატიისა და დაპირებების მაქსიმალურად ეფექტურად შესრულების გარანტია. ეს სისტემა მეტ-ნაკლებად გამართულად მოქმედებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ისრაელში, ევროპის უამრავ ქვეყანაში, კანადაში…

საქართველოში ისევ ჰიბრიდული მმართველობის ფორმა ყალიბდება: საპარლამენტო ოპოზიცია მორალურად გაღატაკებულია, საზოგადოებაში ძალიან მაღალია აგრესია წინა ხელისუფლების უამრავი წარმომადგენლის მიმართ, ამიტომ უნდა ჩავთვალოთ, რომ ოპოზიცია ამ კუთხით არ გვყავს. ის საზოგადოების აგრესიის ტყვეობაშია და ვერ შეასრულებს ოპოზიციის ფუნქციას. მედიადამოუკიდებლობა ამჟამად პრემიერის ნებით არის გარანტირებული, უპრემიეროდ რამდენად დამოუკიდებელი იქნებოდა მედია, ძნელი სათქმელია, თუმცა ამ კუთხით დღესაც არის პრობლემები.

სამოქალაქო სექტორი ჩამოუყალიბებელი, დაქსაქსული  და უცხოური დონორების შემოწირულობებზეა დამოკიდებული.

თუმცა ძალიან დადებითად ვაფასებ, რომ პარლამენტმა დაიწყო თავისი ფუნქციების შესრულება და ნელ-ნელა იღებს ხელში დამბალანსებლის ფუნქციას.

რაც შეეხება კონკრეტულად დაპირებების შესრულებას, ქვეყნის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირების ერთადერთი გარანტი დღეს პრემიერია. თუმცა ფაქტია, რომ დაპირებები სახელმწიფო მანქანამ უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ფუნქციები უფრო მეტად დაკნინებული იქნება. წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, არაქარიზმატული ლიდერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის უფრო საინტერესოა. ასეთი ლიდერი შეცდომების დაშვებისას უფრო პასუხისმგებლიანია, ვიდრე ე.წ. ხალხის ფანატიკური სიყვარულით განებივრებული ქარიზმატული პირი.

ქვეყანა დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე და წარმოადგენს ახალგაზრდა დემოკრატიას, პრეზიდენტის ფუნქციები კი საკმაოდ დიდ როლს უნდა თამაშობდეს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრისა თუ შესრულების პროცესში. მან უნდა შეძლოს კონფლიქტების დარეგულირებაში, ქვეყნის მეზობლებთან წარმოქმნილ უთანხმოებებსა და დაპირისპირებებში აქტიური, პოზიტიური როლის შესრულება. საქართველო დღეს არ არის ქვეყანა, რომელსაც მოდუნებისა და თავისუფლად ამოსუნთქვის დრო აქვს.

მოამზადა

ლილი მიროტაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here