Home რუბრიკები პოლიტიკა მიართვით «ოცნებას» ნიორი!

მიართვით «ოცნებას» ნიორი!

791

ნივრის სასწაულმოქმედ თვისებებს ჩვენი ხალხი ოდითგანვე იცნობდა. გარდა იმისა, რომ ნიორი უამრავ დაავადებას კურნავს, იგი ანტისეპტიკიცაა, მას მცენარეთა მავნებლებისგან დასაცავად და, წარმოიდგინეთ, ადამიანის ორგანიზმში არსებული პარაზიტების გამოსადევნადაც იყენებდნენ. ნივრისგან დამზადებული «ჭიების» წამალი ძველთაგან იხმარებოდა საქართველოში.

ქართულ პოლიტიკურ კლასს რომ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ უამრავი ჭია შეუჩნდა, ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ისიც ნათელია, რომ დასავლეთიდან ჩამოწოდებულ კოაბიტაციას ახალი პოლიტიკური ელიტა მზადყოფნით შეხვდა. სულ უფრო დათბნენ «ნაციონალები» ზოგიერთი «მეოცნების» მიმართ, სამართლიანობის აღდგენა კი არა და არ ხდება. ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ თუ არ ხვდებიან, რომ, რაც უფრო დაიგვიანებს სამართალი, მით უფრო მეტია შანსი, «ნაციონალებს» ანგარიში ყველამ ინდივიდუალურად გაუსწოროს.

კაფესა და რესტორანში რომ არ შეესვლებათ, არც ამას იჯერებენ, ძველებური უტიფრობით განაგრძობენ ხალხის გაღიზიანებას და ამჯერად უკვე სამი ყოფილი დიდმოხელედავით საყვარელიძე, ზაზა გოროზია და გიორგი ვაშაძე გაილახნენ. ახლა ისევ უტიფრად მოითხოვენ «დამნაშავეთა დასჯას», თითქოს გირგვლიანის მკვლელები და დამკვეთები დაესაჯოთ!

კაფეში მარტო იმიტომ არ უნდა შედიოდნენ, რომ სწორედ კაფედან გაიყვანეს დასაკლავად სანდრო გირგვლიანი, თუმცა ამ ლოგიკით მათ არც ეკლესიაში შეესვლებათ, არც რუსთაველზე და, ზოგადად, არც ქუჩაში სიარულის უფლება აქვთ! ისინი კი ჯიუტად, ვირისა და პიტნის არ იყოს, ხალხს ყველგან თვალში ეჩხირებიან და, როცა ცხვირში მოხვდებათ, პოლიტიკურ დევნაზე იწყებენ ყვირილს.

არადა, მათ მართლაც პოლიტიკური ნიშნით უსწორდებიან, ოღონდ ამას «მეოცნებეები» კი არ აკეთებენ, არამედ რიგითი მოქალაქეები, რომელთაც ქართული პოლიტიკური სინამდვილე სულ უფრო ნაკლებად მოსწონთ. 

ჭიები არ ისვენებენ, ისინი შიგნიდან ხრავენ ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს და, პარტიულობის მიუხედავად, ერთმანეთში სულ უფრო იოლად ახერხებენ სიმბიოზს.

ვინაიდან «ნაციონალური მოძრაობა» ცხრა წელიწადში ერთ დიდ ჭიად ჩამოყალიბდა, მასზე ნუღარ შევჩერდებით, ახლა «ოცნებაში» შეპარულ და დასადგურებულ ჭიებზე ვილაპარაკოთ, რომელთა მდუმარე თანხმობის თუ ხმაურიანი კოაბიტანტობის წყალობით გაქცეული ბობოლა «ნაცები» ნელნელა უკან ბრუნდებიან და პოლიტიკური აღდგომის იმედით აქეთ გვედავებიან.

ახალი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი საკუთარ თავს დაჰხარიან და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით გვპირდებიან ნათელ მომავალს, რომლის კონტურები კოაბიტაციის ბურუსში სულ უფრო გაურკვეველი ხდება. «კონსტრუქციულობის» ხიბლში ჩავარდნილმა «მეოცნებეებმა» თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი აფრასიძეების ამომწყვეტ ბარამიძეს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე, თანაც ისე, რომ აოხრებული ოჯახის გადარჩენილი წევრებისგან ცხელი კუბდარის მოთხოვნაც კი არ შეახსენეს! ამან კი ბარამიძეს ახლა უკვე პრეზიდენტობის საღერღელი აუშალა და ისე ყელყელაობს, თითქოს მთელი პოლიტიკური ბიოგრაფიის მანძილზე ერთი ცოდვაც არ აწევს კისერზე!

სერგო რატიანს ხახვივით შეარჩინეს კობა დავითაშვილისთვის მოქნეული მუშტი და, სამაგიეროდ, ისევ კობა დაამუნათეს, თუ ნერვებს ვერ თოკავს, სახლში დაჯდესო! ნერვებს ვეღარც ხალხი თოკავს და რა ვქნათ ახლა, ყველანი სახლებში დავჯდეთ და თქვენს წაგებულ დებატებს ვუსმინოთ? წაგებულს, რადგან ჯერ არც ერთ ტელედებატში «ნაციონალებისთვის» თქვენ სიტყვა-პასუხი არ მოგიგიათ და ისინიც, გულზე მოსულები, ისევ ჩვენ გვეჭიმებიან!

რამდენი ახირებაც ძველი ხელისუფლების წევრებს გამოუჩნდა, იმდენზე თანხმობა მიეცით, ხან სარეიტინგო კენჭისყრები ატარეთ და ხან «პოლიტიკური ნიშნით» სამსახურიდან დათხოვნილ «ნაციონალებზე» აიჩუყეთ გული, თითქოს მთელი ცხრა წელი სწორედ პოლიტიკური ნიშნით არ უსწორებდა ანგარიშს ხალხს «ნაცმოძრაობა»!

ასე თუ გაგრძელდა, ხალხი ახლა «მეოცნებეებს» გაუსწორდება და კაფერესტორანში აღარც მათ შეესვლებათ, ქეიფი კი «ნაციონალებზე» ნაკლებად, იცოცხლე, არც მათ უყვართ!

ირმა ნადირაშვილს რომ ნეპოტიზმზე ამდენს ალაპარაკებ, კი ხარ ყველაფრის ღირსი, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?

ჭიები დასაყრელი გყავთ, ძვირფასო «მეოცნებეებო», თორემ მდგომარეობა სწრაფად დაგიმძიმდებათ და მერე აღარაფერი გიშველით. უმრავლესობის გაყურსულო წევრებო, თქვენ გგონიათ, სხდომათა დარბაზში მარტო ჯდომისთვის მიიღეთ მანდატები? ერთხელ მაინც ამოიღეთ ხმა იმ ათასობით ადამიანსა და ოჯახზე, რომლებიც თქვენი იმედით და საკუთარი ოჯახის წევრების დაშანტაჟების რისკით გამოდიოდა «ოცნების» მიტინგებზე და 1 ოქტომბერს აკანკალებული ხელით ხაზავდა 41-ს! იქნებ კობა დავითაშვილი გაღიზიანებთ, რადგან თქვენს აწყობილ ცხოვრებაში თავისი კრიტიკით დისონანსი შემოაქვს?

არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პარლამენტის თბილისში დაბრუნება არც თქვენ გეჩქარებათ, რადგან აქ მეტი შემწუხებელი გეყოლებათ, ქუთაისში კი დისკომფორტი მხოლოდ გუბაზ სანიკიძეს ექმნება!

პრემიებიც ისევე გამოიწერეთ, როგორც უტიფარი «ნაციონალები» იწერდნენ; ახლა, ამბობენ, ის პრემია და ხელფასი გაგიერთიანებიათ და გაორმაგებულს ხელფასის სახით იღებთ. ეგ არის თქვენი საარსებო მინიმუმი? ერთი გარეთაც გამოიხედეთ მაგ აკვარიუმიდან და ხალხსაც ჰკითხეთ, თქვენი კეთილდღეობა ჭამოს?

ყოველდღე, როცა თქვენ «ნაციონალურ მოძრაობას» სიცოცხლეს უხანგრძლივებთ და თან ამას ქართული დემოკრატიის ამოცანად ნათლავთ, ათასობით მხარდამჭერს ჰკარგავთ და ამას, ალბათ, მხოლოდ არჩევნებზე იგრძნობთ, რადგან არჩევნებს შორის პერიოდებში ხალხი არ გახსოვთ, არჩევნებზე კი ადამიანი თქვენთვის მხოლოდ ხმაა და მეტი არაფერი.

იმაზე მაინც იზრუნეთ, რომ ეს ხმები შეინარჩუნოთ, თანაც ცოცხლად, თორემ ოპოზიციაში ყოფნისას კი ითხოვდით ბიომეტრიულ პასპორტებს, მაგრამ ახლა ამის გაკეთებას აღარ ჩქარობთ. როგორც ჩანს, რაღაც დიდი საიდუმლოა ამომრჩეველთა სიაში, რომლის ნამდვილობა ჯერ «მემარჯვენეებმა» დაადასტურეს, ახლა კი თქვენ ადასტურებთ თქვენი დუმილით.

ჭიები გყავთ «ოცნებაში», გეუბნებით, და დროულად მიხედეთ, ვიდრე გვიანი არ არის! ჭიები მარტო წონას კი არ აკარგვინებენ ორგანიზმს, სიმსივნის გამოწვევაც შეუძლიათ!

კოაბიტაციის მორიგი ზეიმი ფოთის საკათედრო ტაძრის კურთხევის შემდეგ შედგა: მეუფე გრიგოლი, იგივე «მეუფე ყანდური» სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ეს ის «მეუფე ყანდურია», რომელსაც საბჭოთა წარსულში სხვისი მოპარული მანქანები ვლადიკავკაზში (მაშინდელ ორჯონიკიძეში) გადაჰყავდა, რისთვისაც რამდენიმეწლიანი სასჯელი რუსეთში მოიხადა. ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, დღეს კი მეუფე გრიგოლი, როგორც ჩანს, ღრმა სინანულის შემდეგ მივიდა ეკლესიაში, მაგრამ იმას როდისღა მოინანიებს, რომ იმავე ფოთის ტაძრის კედლები «მიხეილ აღმაშენებლის» პლაკატებით ჰქონდა აჭრელებული?

რაც ერი, ის ბერიო, ნათქვამია და სააკაშვილმა ფოთის საკათედრო ტაძარი ჯერ კიდევ კურთხევამდე გახსნა, ანუ პატრიარქს დაასწრო და ლენტი გაჭრა. ახლა არც კურთხევას დააკლდა და თავისი ამფსონებიანად წირვას დაესწრო. ტაძრიდან გამოსვლა ვერ მოასწრო, რომ «ქართული ოცნების» საპრეზიდენტო კანდიდატს დაესხა თავს და ივანიშვილს ის დააბრალა, რასაც თავად ცხრა წელიწადი შვრებოდა: როგორც ნერონმა წარადგინა თავისი ცხენი სენატორად, ისე წარადგინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილიო!

მიხეილ სააკაშვილი: «მე კონკრეტულად ამ კანდიდატურაზე არაფერს ვიტყვი (მეტი რაღა უნდა თქვას! _ თ.დ.), მაგრამ, უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, თავის დროზე, როდესაც რომის იმპერატორმა ნერონმა გადაწყვიტა, რომ თავისი დომინირების დემონსტრაცია მოეხდინა რომის საზოგადოებაზე, თავისი ცხენი აირჩია სენატში.

 ყველამ თავის დასკვნა გამოიტანოს. ჩვენი საზოგადოება არის ანგარიშგასაწევი ძალა, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს პატივისცემას და ღირსეულად მოპყრობას. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, პრემიერმინისტრი ხშირად იცვლის აზრს და ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვეა და მან კიდევ შეცვალოს აზრი ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით».

ხალხნო! ჩვენი საზოგადოება იმსახურებს პატივისცემას და ღირსეულად მოპყრობასო, ამას ის კაცი ამბობს, მთელ საქართველოს რომ ღირსებას ულახავდა და პატივს მარტო საკუთარ დედას სცემდა, თანაც ერთ ლარად!  მეორე დღეს იმ კაცმა, რომელიც ილორს სულორისგან ვერ არჩევს და ამაზე ბოდიში არ მოუხდია, იმ კაცმა, რომელიც შოთა რუსთაველს გრიგოლ ორბელიანში ურევს და არც ამაზე მოუბოდიშებია, «ფეისბუქზე» გამოვარდა და საჯაროდ მოიხადა ბოდიში, ეს რა დამემართა, ნერონის მაგივრად კალიგულა წამომცდაო!

«მეგობრებო, მომიტევეთ, თუ რომის იმპერატორის ცხენზე საუბრისას უნებლიეთ ნერონის სახელი წამომცდა კალიგულას ნაცვლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ლაფსუსზე მეტად შინაარსია გადამწყვეტი და სრულიად არ მახარებს ამ მაგალითის ჩვენი ქვეყნის კონტექსტთან დაკავშირება. მაინც ღრმად მწამს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება», _ დაწერა სააკაშვილმა საკუთარ  ოფიციალურ გვერდზე.

მისატევებელი მას გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ნერონის და კალიგულას ვერგარჩევა, მაგრამ ამას ვერ გრძნობს და არც ახალი ხელისუფლება აწვება მაინცდამაინც. იმ დღეს, კურთხევისას ორი ეკა _ ბესელია და ხერხეულიძე ერთ ტაძარში იდგნენ და ისე ამშვენებდნენ წირვას, როგორც წაკიდებული ფეოდალების თანამეცხედრეები. ესეც _ კოაბიტაციის მადლი!

იმავე დღეს სააკაშვილმა შეჩერებულ აღმშენებლობაზე ჭმუნვა კვლავ განაგრძო: «ეს ტაძარი, მართალია, დავასრულეთ, პრეზიდენტის ფონდში ამისთვის იყო ცოტა ფული დარჩენილი და რაც გვქონდა, ძირითადი ნაწილი მოვახმარეთ ამ ტაძარს (ეტყობა, რაც დუბაიში გრიალისა და გასახდომი პროცედურების შემდეგ შემორჩა, იმ ფულზე ლაპარაკობს! _ თ.დ.), მაგრამ უნდა ითქვას, რომ ტკივილნარევი სიხარულია, იმიტომ, რომ ფოთში ბევრი რაღაცა გაჩერებულია, იუსტიციის სახლი პრაქტიკულად დაკონსერვებულია, თეატრი ძალიან ნელა წავიდა და, რაც მთავარია, ფოთის კომპლექსის ნაწილი იყო ლაზიკის დიდი პორტი. ეს იქნებოდა ფოთის გაგრძელება და ერთმანეთის შევსება და ეს გამოიწვევდა ათობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნას და ეს არის დაკონსერვებული».

ახლა, ბატონო «მეოცნებეებო», იმის შიშით, რომ რამე არ დაგაბრალოთ ამ მართლა არშემდგარმა ნერონმა და კალიგულამ, გააგრძელეთ მისი მანიაკალური პროექტების მშენებლობა და ბარემ «პრარაბად» ვანო მერაბიშვილიც დანიშნეთ!

გეუბნებით, ჭიები გყავთმეთქი და ყურს არ მიგდებთ!

«ოცნებაში» მოკალათებული ჭიების მცდელობათა მიუხედავად, პირველი ჭია ისევ ირაკლი ღარიბაშვილმა გააგდებინა სისტემას. რამდენიც უნდა ეცადოს მრავალ პოსტზე გადამხტარი და ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექსპერტ-უფროსი ანდრო ბარნოვი, გელა ხვედელიძე უმნიშვნელო ფიგურად მონათლოს, იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე იყო, როცა დააკავეს და ასეთი რამ საქართველოს უახლეს ისტორიას მართლაც არ ახსოვს.

ჭიებს მიხედეთ, ბატონებო! თუ წამლის ფული არა გაქვთ, ხალხური ხერხით ისარგებლეთ – ნიორი მიირთვით! სუნი კი აქვს შემაწუხებელი, მაგრამ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ იმდენხანს და იმდენად შეგვაწუხა, რომ ნივრის სუნს რამენაირად ავიტანთ! თქვენ ოღონდ ჭიები დაყარეთ და ჩვენ მოვითმენთ!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. ბოღმით და ღვარძლით წაბილწული სტატიები იბეჭდება აქ. ანალოგიურ ბრალდებების წაყენება ყველა ყოფილი ხელისუფლებისთვის შეიძლება, მით უმეტეს შევარდნაძის ხელისუფლებისთვის, რომელთაც ძვლებამდე გააშიშვლეს ქვეყანა, მათ შორის ადამიანური რესურსის თვალსაზრისითაც, თუმცა მათი დევნა ქუჩებში და კაფეებში არავის ახსოვს, როცა სურვილის შემთხვევაში "გამწარებული მოქალაქეების" მოძებნა და მათზე მისევა შესაბამის სამსახურებს არ გაუჭირდებოდათ.

  2. მსგავსი ღვარძლიანი და ბოროტი საიტი არ მეგულება… ქვეყნის მტრები ხართ ამ საიტის თანამშრომლები…

  3. შევარდნაძის ხელისუფლებას მიტომ არ სდევნიდა ხალხი, რომ სააკიანმა გარეთ არავინ დატოვა, ციხეში უკრა ყველას თავი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here