Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული ოცნება და ავღანური რეალობა

ქართული ოცნება და ავღანური რეალობა

1145

ზოგადი და მანტრასავით გაზეპირებული შეფასებები ქართველი სამხედროების ავღანეთში ყოფნაზე ასე გამოიყურება: «ისინი იქ საქართველოს იცავენ». ამას ამბობდა სააკაშვილი და მისი გუნდი, ამასვე იმეორებს ახალი ხელისუფლებაც. მთელ ამ ურაპატრიოტულ აბსურდში იშვიათად, მაგრამ მაინც გაისმის კრიტიკული ნოტები.

თანამედროვე ქართველებს სულ უფრო ხშირად უწოდებენ მამლუქებს. ერაყისა და ავღანეთის კვალდაკვალ ახალმა ხელისუფლებამ უკვე მალიშიც გადაწყვიტა სამხედროების გაგზავნა. რა ესაქმებათ ქართველებს მალიში, ამით რატომღაც თითქმის არავინ ინტერესდება. ამასობაში კი ავღანეთში კიდევ სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა და 20 დაიჭრა.

ქართულენოვანი ბლოგი, სახელად State Interest (სახელმწიფო ინტერესი), გვამცნობს: «ქართული ჯარი ავღანეთში ვერაფერს ისწავლის ისეთს, რაც სამშობლოს დაცვისთვის გამოადგება. ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ოპერაციები» და ომი სამშობლოს დაცვისთვის სავსებით სხვადასხვა უნარს, ცოდნასა და ტექნიკას მოითხოვს. ქართული ჯარი მოსამზადებელია, რათა სამშობლოს, საქართველოსა და მისი მოსახლეობის, დაცვა შეეძლოს, უწინარეს ყოვლისა, რათა კონვენციური ომი აწარმოოს და დივერსანტები მოიგერიოს. ამისთვის ჯარი უნდა იმყოფებოდეს საქართველოში – სამშობლოს საქმეს ისინი ავღანეთიდან ვერაფრით დაეხმარებიან».

ვერ შეედავები. სრული სიმართლეა. იმავე ბლოგში საქართველოს ნატოში მიღების პერსპექტივაზეც არის საუბარი, რადგან ძალიან ხშირად ნატოს ოპერაციებში მონაწილეობა იმის ილუზიას ქმნის, რომ სადაცაა, ნატოში შევალთ და ყველაფერი მოგვარდება. «ჯარისკაცის სისხლისა და სიცოცხლის საფასურად ქვეყნის რამე ორგანიზაციაში მიღების საკითხის არაეთიკურობას რომ თავი დავანებოთ, არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ავღანეთში წაგებული ომის შემდეგ ნატოს დედაქალაქებში საქართველოსადმი მადლიერებით განიმსჭვალებიან და ორგანიზაციის წევრობით თბილისს დააჯილდოებენ.

თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას თავდაცვის პრიორიტეტები ვერ განუსაზღვრია, საკუთარი ხალხი ვერ დაუცავს და სხვის გადარჩენას ცდილობს, არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი მოუმზადებელი და არაკომპეტენტური ძალა ნატოში არ მიიღონ».

ნატოს მოიმედეობა კიდევ უფრო შორს მიდის და ერთ-ერთი ინტერნეტ-ფორუმელი როყიოდ აცხადებს: «ნატოში მიგვიღებენ ომამდელი ტერიტორიებით. დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი საოკუპაციო ფედერალური ძალები იძულებულნი იქნებიან, დატოვონ ტერიტორია». აი, ასე! არა უშავს, რომ არანაირ ლოგიკას ეს განცხადება არ ექვემდებარება; მთავარია, რომ ნათელ პერსპექტივას ხატავს და, შესაძლოა, ამ სიტყვების ავტორს სჯერა კიდეც ამის!

სხვა ფორუმელი მას  შენიშვნას აძლევს:

«მაპი იმის მეათედ მნიშვნელობას, წონას და ღირებულებას არ ატარებს ჩემთვის, რამდენსაც ობოლი, გამწარებული, სამუდამოდ განწირული ბავშვის ცრემლი. ახლობელი არ დაგღუპვია, არ დაგიკარგავს, არ წასულა იმქვეყნად შენთვის ძვირფასი, საყვარელი, უაღრესად გულითადი და ღირებული ადამიანი? რობოტი ხომ არ ხარ! თუ არავინ გიყვარს, არავინ გეძვირფასება, არავინ გენატრება, მაგრად ცოდო ხარ»!

ნატო-ენთუზიასტი კი მას ასე პასუხობს: «ჩვენს სასტიკ სამყაროში ემოციების ადგილი არ არის. დანაკარგებს ამართლებს მიღწეული მიზანი». ან მიზნის მიღწევა სად ჩანს, ან ადამიანის დაღუპვის ამგვარი გამართლება რა ჩარჩოებში ჯდება? სიტყვა «დანაკარგი» ადეკვატურად ასახავს ადამიანის სიცოცხლის მიმართ გამოყენებით დამოკიდებულებას. პრობლემა სწორედ ეს არის.

საბჭოთა პერიოდში კომუნიზმის ნათელი ჰორიზონტის მოახლოების საქმეში ადამიანი ჭანჭიკად აღიქმებოდა. ზოგადად, «დიადი მიზნებით» ყველაფრის გამართლება შეიძლება, მთავარია, ეს მიზნები ისე ჟღერდეს, როგორც  თანამედროვე, დასავლურ ყაიდაზე გამოჭრილ მსოფლიოშია მიღებული.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასი ათასობით მშვიდობიანი ერაყელის სიცოცხლე დემოკრატიის სამსხვერპლოზე მიიტანა. ახლა ავღანეთში ავღანელებს ასწავლიან დემოკრატიას. რატომ მონაწილეობენ ამ სისხლიან გაკვეთილებში ქართველები? შინ, საქართველოში, ყველაფერი მოგვარებული გვაქვს?

საკუთარ მიწა-წყალზე ავღანელს რომ სხვის ჭკუაზე ცხოვრება არ უნდოდეს, ამაში რა არის გასაკვირი? ან რომელი ქვეყანა იცით, სადაც ამერიკელები და მათი ერთგული ნატო შევიდა და ახლა უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე მათ შესვლამდე იყო?

თუმცა საკუთარ ქვეყანაში არც ქართველებს ეცხოვრებათ თავიანთ ჭკუაზე. ქალები ციტრუსების საკრეფად და მოხუცების მოსავლელად არიან გადახვეწილნი, მამაკაცები კი სხვადასხვა ქვეყნის არმიებში მსახურობენ. «სამშვიდობო მისიებში» ოფიციალურად დასაქმებული ქართველების რაოდენობას არც ინდივიდუალური კონტრაქტებით წასულების რაოდენობა ჩამოუვარდება. უბრალოდ, ამ სტატისტიკის შედგენით თავს არავინ იწუხებს.

ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი, რომლის ადგილი ქართულ არმიაში არ აღმოჩნდა,  ჟურნალ «არსენალის» ფურცლებზე იხსენებს, როგორ გაიარა აფხაზეთის ომის შემდეგ სწავლება ჯერ პეტერბურგის უმაღლეს საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელში, შემდეგ თურქეთში _ სტრატეგიული დაგეგმარების კურსები, შვეიცარიაში _ სამთომომზადების კურსები და ამერიკაში, ტეხასის შტატში _ ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება, მერე კი კანზასის შტატში არსებულ ამერიკის არმიის საკომანდო და გენერალური შტაბის კოლეჯში ჩააბარა.

ზვიად ჩადუნელი: «იქიდან დაბრუნების შემდეგ თელავის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურად გამანაწილეს. რამდენიმე თვე ვიმუშავე და შემდეგ თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა, რომლის «ღვაწლი» ქართულ ჯარში ყველასთვის ცნობილია. 2005 წელს ჯერ დამაქვეითეს, შემდეგ კი გამათავისუფლეს, პირდაპირ მითხრეს, _ ოქრუაშვილს არც ამერიკული განათლება აინტერესებს და არც რუსულიო. მოკლედ, მე მათთვის შესაფერისი კადრი არ ვიყავი»…

საბოლოოდ ჩადუნელმა ამერიკულ შეიარაღებულ ძალებში დაიწყო სამსახური. ერაყში მსახურობდა, როცა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო. «იმავე ბაზაში ვიდექი, სადაც ქართული კონტინგენტი. როდესაც ქართველი ბიჭები გაიწვიეს, ქართველ ოფიცრებს ვუთხარი, იქნებ მეც ვჭირდები ჩემს ქვეყანას და წამოვალ-მეთქი, მზად ვიყავი, ამერიკულ მხარესთან კონტრაქტი გამეწყვიტა, მაგრამ პასუხი არავისგან მიმიღია»…

უკვე ორი წელია, ავღანეთშია; ქართულ ჯარს არც დღეს სჭირდება და იქაც ამერიკის სახელით მსახურობს. ავღანელებს ასე ახასიათებს: «ძალიან საშიშია, თუ მოწინააღმდეგე დაცვის პერიმეტრს გაარღვევს და ბაზაში შემოვა. ამ დროს მოწინააღმდეგე ბაზაზე გაფანტული და ძალიან საშიშია. წარმოიდგინეთ, როგორი თავგანწირულები არიან, რომ ბაზაში შემოსვლის არ ეშინიათ. არადა, იქ უძლიერესი კონტროლია და მაინც არღვევენ. ეს იგივეა, ლომს ხახაში ჩაუვარდე».

«ლომის ხახაში ჩავარდნილი» კიდევ სამი ქართველი _ კაპრალები ალექსანდრე კვიწინაძე და ვლადიმერ შანავა, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე ავღანეთში სიცოცხლეს გამოესალმნენ. იქ კიდევ 1560 ქართველია და ვიღაცისთვის «მისაღები დანაკარგის პროცენტი» რეალური სამი ქართული ოჯახის ტრაგედიაა.

განსასჯელის სკამზე მჯდომი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მოქმედ მინისტრს არ ჩამორჩება და ციხიდან უხდის მადლობას დაღუპულთა ოჯახებს: «მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ სამხედრო მოსამსახურეების, გმირების ოჯახებისადმი, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, რითაც უდიდესი დანაკლისი მიადგა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთლიანად საქართველოს. ასევე, მინდა, თანავუგრძნო მათ ოჯახებს და მადლობა გადავუხადო სამაგალითო გმირების აღზრდისთვის.

მინდა, გავამხნევო თითოეული დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე და მათ ოჯახებს ვუთხრა, რომ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული მოქალაქე, მათ შორის მე, აღვიქვავთ მათ ქვეყნის სამაგალითო მოქალაქეებად, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. იმედი მაქვს, რომ ისინი სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ასევე ღირსეულად გააგრძელებენ სამხედრო სამსახურს».

ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ბაჩო ახალაია მადლობებს უხდის დაღუპულთა ოჯახებს. ეს სიტუაცია, ტრაგედიას რომ არ ეხებოდეს, უთუოდ სასაცილო იქნებოდა. დაახლოებით ისე, როგორც აზდაკის სიმღერაში «კავკასიური ცარცის წრიდან»:

«რატომ ჩვენს კაცებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი?!

ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ დაუშრათ?!

და რატომ შერჩათ სისხლი სასაკლაოზე მიდენილ ხბორებს,

ცრემლი კი მხოლოდ წყლის ნაპირას მტირალ ტირიფებს?!

რატომ?..

სამდივნოები გაჭედილია,

ჩინოვნიკები ლამის არის ქუჩაში დასხდნენ!

თავადები სუფრას უსხედან,

ჩვენს კაცებს კი სისხლის საღვრელად ერეკებიან!

ვინც თვლა არ იცის ოთხამდე კარგად, რვა კერძსა ყლაპავს!

რატომ?..

და ბოლოს, სწორედ ამიტომ აღარა აქვთ ჩვენს კაცებს სისხლი,

სწორედ ამიტომ დაშრობიათ ჩვენს ქალებს ცრემლი».

ნანა დევდარიანი

 

1 COMMENT

  1. რეს ვინც კიდევ იმას გაიძახის,რომ ჩვენი ნარჩევი ბიჭების ავღანეთში ყოფნა სამშობლოს დაცვას ემსახურება,ის ან იდიოტია,ან ქვეყნის მოღალატე.ერთი გაიკითხეთ ვინმემ,რამდენი კაცი მსახურობს დღეს ავღანეთში ისეთი,ვინც დღევანდელი და წასული ხელისუფლების ახლობელი და ნათესავია.მაინტერესებს დღევანდალი და გუშინდელი მაღალჩინოსნებიდან რომელი იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და ახაზეთშ?!სამწუხაროდ ის ბიჭები,ვინც დღეს იქ არიან და ღირსეულად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას,მათი 97 პროცენტი ეკონომიური სიდუხჭირისა და ბანკის ვალების გამო იძულებული გახდა,იქ წასულიყო.ერთი რამე უნდა იცოდს ყველა ხელისუფალმა–სამშობლო აქ უნდა დავიცვათ,ჩვენს ქვეყანაში და საჯიშე ბიწები უცხო მიწაზე სხვის ომს არ უნდა ეწირებოდნენ!!!

  2. ქართველი ერი საბოლოოდ გამოაშტერეს,გადამრჩენელს ეძახის მას ვინც მას ღუპავს,ამიტომაც აკეთებენ იმას რაც მოესურვებათ,დასავლეთს რომ ულოკავენ ხომ ხვდებით ისინი კვებავენ,არად ენაღვლებათ ამიტომ ქართველი ბიჭები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here