Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის ჩვეულებრივი ფაშიზმი

მიხეილ სააკაშვილის ჩვეულებრივი ფაშიზმი

1081

სააკაშვილის რეჟიმს არაერთგზის უწოდეს ფაშისტური და, ალბათ, მიზანშეწონილია, დავადგინოთ, რამდენად მართებულია ამ ტერმინის გამოყენება. 2004 წლის ივნისში გამოქვეყნებული წერილის (Free Inquiry Magazine, Vol. 23, N. 2) ავტორმა, ლოურენს ბრიტმა, შეადარა «კლასიკური» ფაშისტური რეჟიმები რეჟიმებს, რომელთაც ის პროტოფაშისტურს უწოდებს (შემდეგი გაგებით: «პოლიტიკური მოძრაობა ან რეჟიმი, რომელიც ფაშიზმის იმიტაციას ახდენს ან მისკენ მიისწრაფვის») და არაერთი პრინციპული ხასიათის მსგავსება აღმოაჩინა. ბრიტმა შეისწავლა ნაცისტური გერმანიის, ფაშისტური იტალიის, ფრანკოს ესპანეთის, სალაზარის პორტუგალიის, პაპადოპულოსის საბერძნეთისშავი პოლკოვნიკების» პერიოდი), პინოჩეტის ჩილეს და სუხარტოს ინდონეზიის გამოცდილება და 14 პუნქტად ჩამოაყალიბა, თუ რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან. ამ პუნქტების გაცნობამ შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ სააკაშვილის რეჟიმის მოხსენიება ფაშისტურად (ან, როგორც მინიმუმი, პროტოფაშისტურად) არცთუ უსაფუძვლოა.

ალბათ, უმჯობესი იქნება, ეს 14 პუნქტი ჩამოვთვალოთ არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს ბრიტმა გააკეთა, არამედ სამ ჯგუფად დავყოთ: ა) სადაც მსგავსება ეჭვს არ იწვევს; ბ) სადაც მსგავსება შეიძლება დავის საგანი გახდეს და გ) სადაც მსგავსება არ იკვეთება ან პირობით ხასიათს ატარებს და დავიწყოთ იმ პუნქტებით, სადაც მსგავსება აშკარაა.

_ აგდებული დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ. რეჟიმები განიხილავდნენ ადამიანის უფლებებს, როგორც ნაკლებად ღირებულს, როგორც დაბრკოლებას, რომელიც მმართველ ელიტას მიზნების მიღწევაში ხელს უშლიდა. პროპაგანდის ჭკვიანური გამოყენებით, მოსახლეობა მიიყვანეს იქამდე, რომ დათანხმებოდა ადამიანის უფლებების ამ დარღვევებს, მათი სამიზნეების მარგინალიზაციით და დემონიზაციითაც კი. როდესაც დარღვევები შეუწყნარებელი იყო, გამოიყენებოდა საიდუმლოს დაცვის, უარყოფისა და დეზინფორმაციის ტაქტიკა.

 ლოურენს ბრიტის ამ ფორმულირებას, ალბათ, ვერაფერს დავამატებთ, მსგავსება ამ შემთხვევაში 100%-იანია; შეგვიძლია მომდევნო პუნქტზე გადავიდეთ.

_ შეპყრობილობა დანაშაულითა და სასჯელით. ამ რეჟიმების უმრავლესობა მხარს უჭერდა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დრაკონულ სისტემას პატიმრების უზარმაზარი რაოდენობით. ხდებოდა პოლიციის განდიდება და მას თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა, რასაც აღვირახსნილი დარღვევები მოსდევდა. «ნორმალური» და პოლიტიკური დანაშაული ხშირად გაერთიანებული იყო კრიმინალური ხასიათის ბრალდებაში და ხანდახან გამოიყენებოდა რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მოსახლეობაში ინერგებოდა შიში და სიძულვილი კრიმინალებისა და «მოღალატეების» მიმართ, როგორც გამართლება პოლიციის ძალაუფლების გაზრდისთვის, _ წერს ლოურენს ბრიტი და აქ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არ შეუსწავლია სააკაშვილის რეჟიმი, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს ამ ფოტოგრაფიულად ზუსტი დახასიათების შემდეგ, უბრალოდ, ამ (და არა მხოლოდ ამ) კონკრეტულ შემთხვევაში «ნაციონალები» ფაშისტებივით იქცეოდნენ.

_ შეპყრობილობა ეროვნული უსაფრთხოებით. ეროვნული უსაფრთხოების აპარატი გარდაუვალად ექცეოდა მმართველი ელიტის პირდაპირი კონტროლის ქვეშ. ეს, როგორც წესი, დათრგუნვის იარაღი იყო, რომელიც ფარულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოქმედებდა. ამას «ეროვნული უსაფრთხოების» დაცვით ამართლებდნენ, ხოლო ეჭვქვეშ დაყენებას არაპატრიოტულად და მოღალატეობრივადაც კი წარმოაჩენდნენ. როგორც ვხედავთ, ლოურენს ბრიტმა ისევ «ათიანში გაარტყა». ძალიან ძნელია, უკეთ აღწერო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (და მომიჯნავე ძალოვანი სტრუქტურების) როლი და საქმიანობა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ამ შემთხვევაში მსგავსება ფაშისტურ და პროტოფაშისტურ რეჟიმებთან ეჭვს არ იწვევს, ისევე, როგორც მომდევნო პუნქტში.

_ მასმედიის კონტროლი. ზოგიერთი რეჟიმის პირობებში მასმედია მკაცრი პირდაპირი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა და ყოველთვის პარტიის ხაზის ერთგული იყო. ზოგიერთი რეჟიმი მასმედიის «მართლმორწმუნეობის» უზრუნველსაყოფად უფრო დახვეწილ მეთოდებს იყენებდა, მათ შორის ლიცენზირებისა და რესურსების წვდომის კონტროლს, ეკონომიკურ ზეწოლას, პატრიოტულ მოწოდებებსა და ფარულ მუქარებს. მასმედიის ხელმძღვანელები ხშირად პოლიტიკურად თავსებადნი იყვნენ მმართველ ელიტასთან, შედეგად, როგორც წესი, საზოგადოება ინფორმირებული არ იყო რეჟიმის ექსცესებზე, _ წერს ბრიტი. სააკაშვილის რეჟიმი იყენებდა როგორც პირდაპირ კონტროლს (ე. წ. ნაციონალურ ტელეარხებზე), ისე ირიბს და აკეთებდა ყველაფერს, რაც აქ ჩამოთვლილია; ამ შემთხვევაშიც მსგავსება აშკარაა და ეჭვს არ იწვევს. სხვა საქმეა, რომ ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაციის დამალვა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ბრიტის მიერ შესწავლილ პერიოდში, ხოლო სააკაშვილის დასავლელი პარტნიორები საკმაოდ მგრძნობიარენი იყვნენ მედიაზე პირდაპირი ზეწოლის მიმართ. ამ ორი გარემოების გამო ქართულ მედიასივრცეში თავისუფალი სიტყვის მცირე «კუნძულები» შენარჩუნდა, თუმცა ეს არ აუქმებს იმ გარემოებას, რომ სწრაფვა სრული კონტროლისკენ ყოველთვის იყო და მნიშვნელოვანწილად წარმატებით დაგვირგვინდა (თუნდაც «იმედი» გავიხსენოთ).

_ თაღლითური არჩევნები. როგორც წესი, რეფერენდუმებისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სახით, მეტწილად, ფიქტიური. როდესაც ტარდებოდა ფაქტობრივი არჩევნები კანდიდატებით, სახელისუფლო ელიტა, ჩვეულებისამებრ, მათ გადათამაშებას ახდენდა, რათა სასურველი შედეგი მიეღო. ზოგადი მეთოდები შეიცავდა არჩევნების მექანიზმზე კონტროლის შენარჩუნებას, ოპოზიციური ამომრჩევლების დაშინებას, ბიულეტენების განადგურებას ან გაუქმებას და, უკიდურეს შემთხვევაში, მმართველი ელიტის წინაშე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. ლოურენს ბრიტის ამ მოსაზრების კომენტირებისას, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ «კლასიკურ» ფაშისტურ რეჟიმებს არჩევნების გამართვა ნამდვილად არ სჩვეოდათ, თუმცა არსებობს იტალიის 1924 წლის არჩევნების მაგალითი, რომლის შემდეგ მუსოლინის კონტროლი სახელმწიფოზე შეუზღუდავი გახდა. ფაშისტებმა მაშინ სასურველ მიზანს ძალადობის, იურიდიული მანიპულირებისა და ტოტალური პროპაგანდის გამოყენებით მიაღწიეს. არჩევნები, რომელსაც შემდგომ პროტოფაშისტური (და სააკაშვილის) რეჟიმები ატარებდნენ, ძალიან ჰგავდა იმას, რაც შორეულ 1924-ში იტალიაში ხდებოდა.

რაც შეეხება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ «დიქტატორები არჩევნებს არ აგებენ», რომლითაც «ნაციონალები» 1 ოქტომბრის შემდეგ მანიპულირებენ, პინოჩეტმა 1988-ში წააგო რეფერენდუმი უფლებამოსილების გახანგრძლივების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა აკრძალული მეთოდი გამოიყენა. როგორც ჩანს, არსებობს რაღაც ზღვარი, რომლის იქით დიქტატურა უძლურია. ჩილეს მმართველს რეფერენდუმის შედეგების ძალისმიერი გადათამაშების შესაძლებლობა «თანახუნტელებმა» არ მისცეს, ხოლო სააკაშვილი, როგორც ჩანს, უბრალოდ შეშინდა. ბოლო მომენტში, როდესაც ძალოვანებმა უკვე დაიწყეს საარჩევნო უბნების დარბევა (ხაშური), უცხოელი პარტნიორების მწვავე რეაქციამ და ოპოზიციონერი ამომრჩევლების შემართებამ უკან დაახევინა. 

_ მტრებისგანტევების ვაცების» იდენტიფიკაცია, როგორც საბაბი გაერთიანებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ძაფი ამ რეჟიმებს შორის იყო განტევების ვაცის გამოყენება სხვა პრობლემებისგან ყურადღების გადატანისთვის, მისთვის წარუმატებლობის გადაბრალებისთვის და იმედგაცრუების სხვა მიმართულებით გადამისამართებისთვის. შერჩევის მეთოდები, დაუღალავი პროპაგანდა და დეზინფორმაცია, როგორც წესი ეფექტური იყო. ხშირად რეჟიმები ხელს უწყობდნენ «სპონტანურ» აქტებს, რომლებიც მიმართული იყო «განტევების მიზნობრივი ვაცების» წინააღმდეგ, როგორც წესი, კომუნისტების, სოციალისტების, ლიბერალების, ებრაელების, ეთნიკური და რასობრივი უმცირესობების, ტრადიციული ეროვნული მტრების სხვა რელიგიების წარმომადგენლების, სეკულარისტების, ჰომოსექსუალისტების და «ტერორისტების”. რეჟიმის აქტიურ მხარდამჭერებს «ტერორისტებისიარლიყს აკრავდნენ და შესაბამისად უდგებოდნენ. ის, რომ ბრიტის ჩამონათვალში «კრემლის აგენტები” მოხსენიებულნი არ არიან, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის ხელისუფლება აღწერილი ალგორითმის მიხედვით არ მოქმედებდა.

თუ თოთხმეტიდან მხოლოდ ამ ექვსი პუნქტით შემოვიფარგლებოდით, ალბათ, აქვე ვიტყოდით, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცალსახად ფაშისტური იყო და ამ თემაზე საუბარს დავასრულებდით, თუმცა არის სხვა პუნქტებიც, რომელთან დაკავშირებით შეიძლება აზრთა სხვაობა გაჩნდეს და ახლა მათ განხილვაზე უნდა გადავიდეთ.

_ აგდებული დამოკიდებულება ინტელექტუალებისა და ხელოვნების მიმართ და მათი დათრგუნვა. ინტელექტუალები და მათთან დაკავშირებული აზრის და გამოხატვის თანდაყოლილი თავისუფლება ამ რეჟიმებისთვის ნამდვილი ანათემა იყო. ინტელექტუალური და აკადემიური თავისუფლება განიხილებოდა როგორც ძირგამომთხრელი ფაქტორი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და პატრიოტული იდეალებისთვის. უნივერსიტეტებს მკაცრად აკონტროლებდნენ, პოლიტიკურად არასანდო პროფესორმასწავლებლებს დევნიდნენ ან ანადგურებდნენ. არასტანდარტული იდეებს ან განსხვავებული აზრის გამოხატვას ძლიერ უტევდნენ, აჩუმებდნენ ან სრესდნენ. ამ რეჟიმების გადასახედიდან, ხელოვნებას და ლიტერატურას უნდა ემსახურა ეროვნული ინტერესებისთვის ან არ უნდა ეარსება. ლოურენს ბრიტის ამ მოსაზრების გაცნობის და იმის გახსენების შემდეგ, თუ რა ამბები დაატრიალა სააკაშვილის ხელისუფლებამ იმ პერიოდში, როდესაც უმაღლესი განათლების სისტემას აკონტროლებდა და როგორ ეპყრობოდა ადამიანებს, რომელსაც «ჩარეცხილებს» უწოდებდა, ბევრ მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: «რა არის აქ საკამათო?». მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ რეპრესიები არ იყო იმდენად მასშტაბური და ცინიკური, როგორც ბრიტის მიერ შესწავლილი რეჟიმების პირობებში, ხელისუფლება ხშირ შეთხვევაში მალულად მოქმედებდა და დათრგუნვის შედარებით დახვეწილ მეთოდებს იყენებდა, ვიდრე მისი ფაშისტი და პროტოფაშისტი «კოლეგები». საერთოდ კი, ხე ნაყოფით იცნობა; იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის მმართველობის წლებში მეცნიერება, განათლება და ხელოვნება სწრაფი დეგრადაციის ან სულაც განადგურების გზას გაუყენეს, კრიტიკულად დიდია. ასე რომ, საბოლოოდ, ბრიტის ამ პუნქტის კომენტირებისას, სავარაუდოდ, შემდეგ ფორმულამდე მივალთ _ «უფრო კი, ვიდრე არა», ხოლო საუბარი ხელისუფლების ზოგად დამოკიდებულებაზე ინტელექტუალების მიმართ, ალბათ, მიგვიყვანს პასუხამდე «რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად _ კი».

_ პროფკავშირები _ დათრგუნვა ან განადგურება. ვინაიდან ორგანიზებული მშრომელები განიხილებიან, როგორც ძალის ერთიანი ცენტრი, რომელიც შეიძლება გახდეს გამოწვევა მმართველი ელიტისა და მისი კორპორატიული მოკავშირეების პოლიტიკური ჰეგემონიისთვის, მათ ანაწევრებდნენ და აუძლურებდნენ. ღარიბებს, რომელთაგან შედგება ქვედა ფენა, ეჭვით ან პირდაპირ აგდებით უყურებენ. ზოგიერთი რეჟიმის პირობებში სიღარიბე განიხილებოდა, როგორც მარწუხებში ყოფნა, _ წერს ლოურენს ბრიტი. აქ საკამათო, პრინციპში, არაფერია, თუმცა, ალბათ, სიზუსტისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პროფკავშირები უახლეს ისტორიაში ძლიერები არც არასოდეს ყოფილან და ხელისუფლებას არ დასჭირვებია რაიმე საგანგებო ზომების მიღება მათი დასუსტებისთვის, მან, უბრალოდ, შეინარჩუნა არსებული მდგომარეობა და გააძლიერა ზეწოლა. ამის ერთ-ერთი შედეგი შრომის მართლაც რომ მონათმფლობელური კოდექსის უპრობლემო მიღება და გამოყენება იყო, პროფკავშირებმა (მისი ცალკეული წარმომადგენლების ძალისხმევის მიუხედავად) ამას რამდენადმე სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, პოლიტიკური ჰეგემონიისთვის საფრთხის შექმნაზე ხომ საუბარი ზედმეტია.

რაც შეეხება დამოკიდებულებას ღარიბების მიმართ, სააკაშვილის მხარდამჭერები შეიძლება შეგვეკამათონ და გვითხრან (სავარაუდოდ, ჩვეულ პროპაგანდისტულ სტილში, სოციალურ-ეკონომიკური სტატისტიკის სრული უგულებელყოფით), რომ მათი ბელადი დღედაღამ ღარიბებზე და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობდა. მათი ოპონენტები კი სააკაშვილის რეჟიმს «სოციალური გენოციდის» პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულებენ და იტყვიან, რომ მან  უმწეოთა წინაშე პასუხისმგებლობა ეტაპობრივად მოიხსნა; ეს ცალკე დისკუსიის თემაა, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამ არის, კერძოდ კი, დამოკიდებულება ღარიბების მიმართ. ფაქტია, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ფართოდ გავრცელდა მიდგომა, რომლის ფარგლებში სიმდიდრე ასოცირდებოდა წარმატებასთან, ხოლო სიღარიბე _ წარუმატებლობასთან; ღარიბი, როგორც წესი, განიხილებოდა, როგორც გაბოროტებული «ლუზერი», ოპოზიციის პოტენციური მხარდამჭერი და, შესაბამისად, ხელისუფლებისთვის საშიში ელემენტი. 

_ აღვირახსნილი კრონიზმი და კორუფცია (კრონიზმი _ მერიტოკრატიის  პრინციპების საპირისპირო ფავორიტიზმი ძველი მეგობრების მიმართ). ბიზნესწრეები და ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი პირები ხშირად იყენებდნენ თავის მდგომარეობას პირადი გამდიდრებისთვის. ეს კორუფცია ორი მიმართულებით მოქმედებდა; მმართველი ელიტა იღებდა ფინანსურ საჩუქრებს და ქონებას ეკონომიკური ელიტისგან, რომელიც, თავის მხრივ, მოგებას ნახულობდა სახელმწიფო ფავორიტიზმისგან. მმართველი ელიტის წევრებს სარგებლის მიღება სხვა წყაროებისგან, მაგალითად, ეროვნული რესურსების მოპარვისგან შეეძლოთ. ეროვნული უსაფრთხოების აპარატისა და მასმედიის კონტროლის პირობებში ეს კორუფცია მნიშვნელოვანწილად შეუზღუდავი იყო და მოსახელობის მიერ კარგად გააზრებული არ გახლდათ. როგორც ვხედავთ, აქ ლოურენს ბრიტი ძირითადად აღწერს იმას, რასაც საქართველოში ელიტურ კორუფციას ვეძახით. სააკაშვილის ჯგუფი დღემდე ირწმუნება, რომ მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობდა, მათი ოპონენტები აქვეყნებენ წერილებს და შესაბამის დოკუმენტებს საეჭვო ტენდერებისა და ბიუჯეტში ხელის ფათურის შესახებ და საბოლოო სიტყვას ამ საქმეში, სავარაუდოდ, სასამართლო იტყვის.

ძალიან საინტერესოა ბრიტის ბოლო წინადადება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ეს საკითხი ბუნდოვანი მოსახლეობისთვის. რაც შეეხება კრონიზმს, ალბათ, ძალიან გაგვიჭირდება იმდენად თანმიმდევრული «მიშისტის» პოვნა, რომელიც დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ამას ადგილი არ ჰქონია და, ალბათ, შემდეგ ფორმულირებამდე მივალთ _ «ეს იყო კრონიზმი, რომელიც თავს მერიტოკრატიად ასაღებდა» (იხ. სააკაშვილის შესაბამისი გამოსვლები; ამ თემაზე, როგორც წესი ახალგაზრდებს ესაუბრებოდა). 

_ ნაციონალიზმის მძლავრი და უწყვეტი გამოვლინება. ხილული გამოვლინებები _ დროშებისა  და სიმბოლიკის გამოფენა, პატრიოტული ნაციონალიზმის აღტკინებული დაფიქსირება, როგორც ხელისუფლების, ისე მისი სიგიჟის ტყვეობაში მოქცეული მოქალაქეების მხრიდან, ყოველთვის აშკარა იყო. ხმამაღალი ლოზუნგები, სიამაყე არმიაში, ერთიანობის მოთხოვნა ამ ნაციონალიზმის გამოხატვის საერთო თემები იყო. ყოველივე ამას, როგორც წესი, ახლდა ეჭვი უცხოურის მიმართ, რომელიც ქსენოფობიას ესაზღვრებოდა. ლოურენს ბრიტის ამ პუნქტს, ალბათ, საგანგებო კომენტარი უნდა დავურთოთ. რაც შეეხება ხილულ გამოვლინებებსა და მუდმივ აპელირებას ნაციონალისტურ-პატრიოტული გრძონობების მიმართ, აქ ყველაფერი ერთი-ერთზეა. მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის ნაციონალიზმი განსხვავდებოდა კლასიკური ნაციონალიზმისგან იმით, რომ მის ცენტრში დაყენებული იყო არა არსებული ერი, არამედ «ახალი ქართველებისგან» შემდგარი «ახალი ერი», რომლის კონსტრუირებას სააკაშვილი ცდილობდა. ის იქმნებოდა დაპირისპირებაში «ძველ ერთან», რომელიც კოორდინატთა «ერთიან ნაციონალურ» სისტემაში «ქსენოს», ანუ უცხოს ადგილს იკავებდა.

სააკაშვილის «ახალი ერის» ქსენოფობია პარადოქსულად ვრცელდებოდა არა უცხოელებზე, არამედ «ძველ ქართველებზე», რასაც «ძველები» ანალოგიური დამოკიდებულებით პასუხობდნენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ არა უბრალოდ ნაციონალიზმზე, არამედ ნაციონალიზმზე ერის ექსპერიმენტული ტრანსფომაციის პროცესში და ამ პუნქტთან მიმართებაში, სააკაშვილის რეჟიმი, შესაძლოა, უფრო ახლოს დგას გერმანელ ნაცისტებთან (განსაკუთრებით თუ გავაანალიზებთ მათ კონფლიქტს ძველი ყაიდის გერმანელ ნაციონალისტებთან), ვიდრე «შედარებით უწყინარ» ბერძენ პოლკოვიკებთან; ამ თემაზე ძალიან საინტერესო დისკუსიის გამართვა შეიძლება.

_ სამხედროების უპირატესი მდგომარეობა /აღვიარხსნილი მილიტარიზმი. მმართველი ელიტები ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდენ სამხედროებთან და სამხედროსამრეწველო კომპლექსთან, რომლებიც მათ მხარს უჭერდნენ. ეროვნული რესურსების არაპროპორციულად დიდი დოზა სამხედროებისთვის გამოიყოფოდა, მაშინაც კი, როდესაც შიდა საჭიროებები მწვავე იყო. სამხედროები განიხილებოდნენ, როგორც ნაციონალიზმის განსახიერება და გამოიყენებოდნენ, როდესაც შეიძლებოდა, ეროვნული მიზნების მიღწევისთვის, სხვა ერების დაშინებისთვის და მმართველი ელიტის ძალის და პრესტიჟის გაზრდისთვის. ლოურენს ბრიტის ამ მოსაზრების მისადაგება ქართული რეალიების მიმართ ერთ მნიშვნელოვან დაზუსტებას მოითხოვს. ალბათ, არავინ იდავებს იმაზე, რომ ომამდე ხელისუფლება მიზანმიმართულად აძლიერებდა მილიტარისტულ ფსიქოზს და შეიარაღებაზე (მეტად არაეფექტურად) არაპროპორციულად დიდ თანხებს ხარჯავდა, ხოლო მცდელობები, არმია საკუთარ ხელკეტად გადაექცია, ომის შემდეგაც არ შეწყვეტილა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სამხედრო ელიტა (სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე ხომ საუბარი ზედმეტია) არ არის იმდენად ძლიერი, რომ ვისაუბროთ «თანამშრომლობაზე» მასსა და პოლიტიკურ ელიტას შორის. ეს, ალბათ, იყო სხვა, შუალედური მდგომარეობა «სრულ კონტროლსა» და «სრულ დათრგუნვას» შორის, რასაც ოფიცერთა კორპუსის საუკეთესო წარმომადგენლები (საზოგადოებამ ამის შესახებ ძალიან ცოტა იცის) წინააღდეგობას უწევდნენ.

ჩვენ ჩამოვთვალეთ კიდევ ხუთი პუნქტი, სადაც სააკაშვილის რეჟიმსა და ფაშისტურ (ან პროტოფაშისტურ) რეჟიმებს შორის ასევე აშკარა მსგავსება დაფიქსირდა, თუმცა ბრიტის ზოგიერთი პოსტულატის ან ცალკეული ფორმულირების პროეცირება ქართულ რეალობაზე შეიძლება საკამათო გახდეს ან საგანგებო დაზუსტება მოითხოვოს. დარჩა სამი პუნქტი, სადაც მსგავსება შეიძლება სერიოზული ეჭვის ქვეშ დადგეს, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ სააკაშვილის რეჟიმი უკეთესი იყო (ზოგიერთ შემთხვევაში პირიქითაა).

_ კორპორაციების ძალაუფლება დაცულია. როდესაც ჩვეულებრივი მოქალაქეების კერძო ცხოვრება მკაცრად კონტროლდებოდა, კორპორაციებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ფარდობითად თავისუფლად ემოქმედათ. მმართველმა ელიტამ კორპორატიულ სტრუქტურებში დაინახა არა მხოლოდ სამხედრო მრეწველობის უზრუნველყოფის საშუალება (განვითარებულ სახელმწიფოებში), არამედ სოციალური კონტროლის დამატებითი საშუალება. ეკონომიკური ელიტის წევრები ხშირად განებივრებულები იყვნენ პოლიტიკური ელიტის მიერ ურთიერთსასარგებლო ინტერესების უზრუნველყოფისთვის, განსაკუთრებით არამოქალაქეების რეპრესირების დროს.

 ბრიტის ამ პუნქტის მისადაგება 2003-2012 წლების საქართველოსთვის, ერთი შეხედვით, არც ისე იოლია, რადგან ბიზნესელიტა მკაცრად კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ, მისი ქონება და პირადი უსაფრთხოება ვერ ჩაითვლებოდა დაცულად (შეგვიძლია გავიხსენოთ სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემის საეჭვო შემთხვევები, კონკრეტული ბიზნესმენების სამართლებრივი დევნა და ა. შ.) იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი კონკრეტული ბიზნესის (ან, სულაც დარგის) პირადაპირ გაკონტროლებას გადაწყვეტდა ან რაღაც უაზრო პროექტის დაფინანსებას, პარტიული სალაროს არაგეგმიურ შევსებას მოთხოვდა. საუბარი ქართველი ბიზნესმენების ფარდობით თავისუფლებაზე ამ შემთხვევაში უადგილო ჩანს. უცნაურია, მაგრამ შესაძლოა, ისინი ამ მხრივ თავს უარესად გრძნობდნენ, ვიდრე მათი კოლეგები ფაშისტურ სახელმწიფოებში (თქმული არ ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელთ ულხინდათ).

ლოურენს ბრიტის მიერ აღწერილ მდგომარეობასთან გაცილებით ახლოს მსხვილი უცხოელი ინვესტორები იდგნენ. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე, როგორც ჩანს, იმავე პარადოქსთან გვაქვს, როგორც ზემოთ, «ნაციონალიზმის პუნქტში», როდესაც, ფაქტობრივად, «საძულველი უცხოს» სტატუსი არა უცხო ქვეყნების, არამედ საქართველოს მთელ რიგ მოქალაქეებს მიენიჭათ (ბიზნესმენი იქნებოდა ის თუ ვინმე სხვა).

_ რელიგია და მმართველი ელიტა ერთმანეთთან დაკავშირებულია. კომუნისტური რეჟიმებისგან განსხვავებით, ფაშისტური და პროფაშისტური რეჟიმები მათ მოწინააღმდეგეებს უღმერთოდ არასოდეს გამოუცხადებიათ. სინამდვილეში, ამ რეჟიმების უმრავლესობა ქვეყნის დომინანტ რელიგიას შეუერთდა და გადაწყვიტა, თავი ამ რელიგიის მეომარ დამცველად წარმოეჩინა. იმაზე, რომ მმართველი ელიტის ქცევა რელიგიის პოსტულატებს არ შეესაბამებოდა, არ საუბრობდნენ. პროპაგანდა მუდმივად ქმნიდა ილუზიას, რომ მმართველი ელიტები რელიგიის დამცველები იყვნენ, ხოლო ოპონენტები _ უღმერთოები; ინერგებოდა მოსაზრება, რომ მმართველი ელიტისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რელიგიაზე თავდასხმის ტოლფასი იყო, _ წერს ლოურენს ბრიტი. ამ შემთხვევაში, მსგავსება თითქოსდა არ ფიქსირდება, სააკაშვილის რეჟიმს, განხილულებისგან განსხვავებით, ნამდვილად არაერთგზის უწოდეს უღმერთო (რაც, პრინციპში, არცთუ სახარბიელო გარემოებაა). ეკლესიის ინტერესების დამცველის მანტიის მორგება და შესაბამისი რიტორიკის გამოყენება მან მხოლოდ მაშინ სცადა, როდესაც მისი პოლიტიკური მდგომარეობა სრულიად უიმედო გახდა, თანაც საკმაოდ არადამაჯერებლად.

საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაშიც სააკაშვილი გაცილებით ახლოს დგას ადოლფ ჰიტლერთან, ვიდრე მის სატელიტებთან და გვიანდელი რეჟიმების ხელმძღვანელებთან, ყველაზე სერიოზული პრობლემები ეკლესიასთან სწორედ ფიურერს ჰქონდა და სწორედ ის აქტიურად, ხშირ შემთხვევაში უხეშად, ცდილობდა მის ტრანსფორმირებას საკუთარი ხედვის შესაბამისად. მოკლედ, ამ შემთხვევაში ლოურენსის ფორმულირების მისადაგება სააკაშვილის რეჟიმის მიმართ არც ისე იოლია, თუ არა შეუძლებელი, მაგრამ ეს განსხვავება სააკაშვილის ხელისუფლების სასარგებლოდ არც ამ შემთხვევაში მუშაობს.

_ აღვირახსნილი სექსიზმი. იმ ბანალური ფაქტის გარდა, რომ პოლიტიკურ ელიტაში და ეროვნულ კულტურაში მამაკაცები დომინირებდნენ, ეს რეჟიმები გარდაუვალად განიხილავდნენ ქალებს, როგორც მეორე კლასის მოქალაქეებს. ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ აბორტებს და, აგრეთვე, ჰომოფობიურები იყვნენ. ეს დამოკიდებულება, როგორც წესი, კოდიფიცირებული იყო დრაკონულ კანონებში, რომლებიც სარგებლობდა მხარდაჭერით ქვეყნის რელიგიის მხრიდან, რაც წარმოადგენდა კრედიტს რეჟიმისთვის მისი დანაშაულის დასაფარად. ამ შემთხვევაში, სააკაშვილის რეჟიმი არ ჯდება ლოურენს ბრიტის მიერ მონიშნულ ჩარჩოში _ ის არ  ეწინააღმდეგებოდა აბორტებს, არ დევნიდა ჰომოსექსუალებს და არც შესაბამისი კანონები მიუღია. 13 პუნქტში მასსა და ფაშისტურ რეჟიმებს შორის მსგავსება (ან, როგორც წესი, უარესი მდგომარეობა) ფიქსირდება, ამ პუნქტთან მიმართებაში კი ისინი ერთმანეთისგან აშკარად განსხვავდებიან. მაგრამ აქ, შესაძლოა, არის ერთი საინტერესო ფსიქოლოგიური ნიუანსიც. სააკაშვილის ხელისუფლება შორს იდგა მამაკაცების კლასიკური დომინირებისგან, შესაბამისი ეთიკისგან და ესთეტიკისგან; «ნაცმოძრაობის» ზედა რგოლში პრაქტიკულად არ მოიძებნებიან მამაცი, ოდნავ ბრუტალური ვაჟბატონები, თავზეხელაღებული ოფიცრები და ა. შ. (ასე გამოვიდა და რა ვქნათ; სხვათა შორის, ამ მოსაზრების ირიბ დადასტურებად შეგვიძლია განვიხილოთ გასული კვირის ინციდენტი რესტორან «ლა ტრუფეში», სადაც ორმა, სპეციალური მომზადების არმქონე კაცმა «ნაცმოძრაობის» ხელმძღვანელი რგოლის დაახლოებით 20 წამომადგენელი მიბეგვა და 3 მათგანს მძიმე დაზიანებები მიაყენა. მსგავსი შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ოპონენტის არა იმდენად ფიზიკური, რამდენადაც ფსიქოლოგიური მახასიათებლები ძალზე დაბალია).

რეჟიმი ძალიან შორს იდგა მამაკაცების კლასიკური ტიპის დომინირებისგან, მაგრამ სააკაშვილის ზოგიერთი ოპონენტი მიიჩნევს, რომ 2003 წლიდან ადგილი ჰქონდა ჩამოუყალიბებელი, არშემდგარი მამაკაცების დომინირების, მოზარდთა მმართველობის (პედოკრატიის, ძველ ბერძნებს თუ დავესესხებით) დამყარების მცელობას, «ნამდვილი კაცების» წარუმატებელ მიბაძვას, განსხვავებული ღირებულებების დამკვიდრების პარალელურად. ამ კონტექსტში «მეორე კლასის მოქალაქეებად», სავარაუდოდ, განიხილებოდნენ არა მხოლოდ ქალები, არამედ «ძველი ეპოქის» სტერეოტიპების და ღირებულებების ერთგული მამაკაცებიც; მოკლედ, ესეც ძალზე საინტერესო თემაა, რომელიც, ალბათ, საგანგებო განხილვას საჭიროებს. 

კიდევ ერთხელ აუჩქარებლად გადავავლოთ თვალი ლოურენს ბრიტის 14 პუნქტს, გულზე ხელი დავიდოთ და შევეცადოთ, გავცეთ პასუხი კითხვას: რატომ ფიქსირდება ამდენი მსგავსება სააკაშვილის რეჟიმსა და ფაშისტურ (კი, ბატონო, პროტოფაშისტურ) რეჟიმებს შორის? გავითვალისწინოთ ისიც, რომ ის აშკარად მიისწრაფვოდა ტოტალიტარული კონტროლის დამყარებისკენ საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე და მისი მოხსენიება ნახევრადავტორიტარულად შეიძლება ზედმეტად ლმობიერად მოგვეჩვენოს. დეკლარირებულ იდეოლოგიურ პრინციპებს (ხშირ შემთხვევაში _ ცარიელ ლოზუნგებს) ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რეჟიმის არსი და გამორიცხული არაა, რომ ბევრი ადამიანი საბოლოოდ მივა დასკვნამდე, რომ 2003-2012 წლებში საქართველოს ნამდვილი ფაშისტები მართავდნენ, ხოლო სააკაშვილის მხარდამჭერებს მოუწევთ იმის ახსნა (თუ ამის სურვილი ექნებათ, რაც სათუოა), თუ რატომ ჰგავს მათი სათაყვანებელი ხელისუფლება ყველაზე ამაზრზენ რეჟიმებს კაცობრიობის ისტორიაში.

რა თქმა უნდა, იმის აღიარება, რომ 2003-ში თავზე ფაშისტები დავისვით, ძალიან დიდ სირცხვილსა და ტკივილს უკავშირდება, თუმცა გულწრფელი პასუხის გაცემა კითხვებზე, რომლებიც შეიძლება ლოურენს ბრიტის 14 პუნქტის გაცნობისას გაგვიჩნდეს, ალბათ, მაინც აუცილებელია, რადგან იმის გარკვევის გარეშე, თუ რა ხდებოდა უახლოეს წარსულში და რამდენად დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა სააკაშვილის რეჟიმის ჩამოყალიბებაზე და იმაზე, რასაც ის 9 წლის განმავლობაში აკეთებდა, ბედნიერი მომავლისკენ, სავარაუდოდ, ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადავდგამთ.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. კარგი სტატიაა… მოვუწოდებდი საქართველოს აგრეთვე დროშის სვაგვარად გადაკეთებას – 5 ჯვარი არაა საჭირო და საერთოდ მაქ არა მარტო ქრისტიანობაა, არამედ სხვა რელიგიის მატარებლებიც – ეს ძალზე სასწრაფოა ასეთი ნაცების "სვასტიკების" მოსასპობად… აი კიდევ თემა სხვა ფაშისტური გამოვლინების ფონზე საქართველოში!

  2. ამ ყველაფერში სირცხვილი არა ის არის, რომ ხალხმა თავის დროზე მას მისცა ხმა, რაც სადავოა, არამედ ის, რომ ”ნაცისტების” გასამართლება არ ხდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here