Home რუბრიკები პოლიტიკა ინჟინერ ივანიშვილის მარგველოიდი

ინჟინერ ივანიშვილის მარგველოიდი

920

ინჟინერი ივანიშვილი აკი დაგვპირდა, გასაოცარ დემოკრატიას შევქმნიო და მართლაც, ყოველდღიურად გვაოცებს. ირაკლი ალასანიას მიჩექმვისა და ჩამოლაბორანტების შემდეგ ვიცეპრემიერი გიორგი მარგველაშვილი გახდა, რომლისთვისაც ეს ამბავი ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც დანარჩენი საქართველოსთვის.

ამ მოკლე ხანში _ განათლების მინისტრობიდან + ვიცე-პრემიერობიდან ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატამდე გზად ბევრი თავგადასავალი და დაპირისპირება გადახდა. ჯერ კახა ბენდუქიძემ ლანძღა და «შენს ადგილას გადავდგებოდიო», _ უძახა (არავინ ჰკითხა, საკუთარ ადგილას რატომ არ გადადგა, როცა ყოველდღე «ბენდუქიძე _ იუდას» ეძახდნენ), მერე იყო და კობა დავითაშვილმა მოუწოდა გადადგომისკენ. ამ შემთხვევაში ლოგიკა გამართული იყო – თუ ვიცე-პრემიერს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი არ მოსწონს, მაშინ უნდა გადადგეს კიდეც.

მაგრამ აქაც ბიძინა ივანიშვილმა დაიცვა და არამარტო დაიცვა, მთლად პრეზიდენტობის კანდიდატის ხალათი უბოძა. არადა, მარგველაშვილის მიერ «როზა ლუქსემბურგის ოცნებად» მონათლული შრომის კანონთა კოდექსი არაფერია სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებასთან შედარებით, მაგრამ მაშინ მარგველაშვილს არც როზა გახსენებია, არც მარქსი და არც ლენინი!

მოკლედ, მემარჯვენეა მარგველაშვილი თუ მემარცხენე, როგორც ჩანს, თავადაც ვერ გაერკვა ან გაერკვა, მაგრამ პლატფორმას დღეგამოშვებით იცვლის. თუმცა პალიტრა TV-ს გადაცემა «ემას შოუს» ეთერში მარგველაშვილმა თავად განაცხადა, რომ «პლასტელინივით ადამიანია _ სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას რომ იღებს».

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სხვა საკითხებთან ერთად სისტემაში თავისი წინამორბედის, დიმიტრი შაშკინის, კაბინეტზეც ისაუბრა. ირკვევა, რომ მას არაფერი შეუცვლია კაბინეტში, დროშისა და «დედა ენის» დამატების გარდა. ასევე არაფერი შეუცვლია ახალი ხელისუფლების კულტურის მინისტრსაც, რომელმაც, ნიკა რურუას კაბინეტის გარდა, მისი მდივანიც და მძღოლიც დაიტოვა. ალბათ, ისიც პლასტელინის ადამიანია, ოღონდ ამას ხმამაღლა არ ამბობს.

ამ «პლასტელინის კაცებში» კობა დავითაშვილი აშკარად დაიბნა, რადგან იმის ახსნა, რომ უფასო სახელმძღვანელოები კარგია, მაგრამ დაქირავებულთა უფლებების დაცვა _ ცუდი, ადამიანურ ლოგიკას არ ემორჩილება. ვერც იმ კოაბიტაციას გაიგებს კაცი _ პირადი მდივანი და პირადი მძღოლი დაიტოვო წინა ხელისუფლების მინისტრისგან, რომელსაც კულტურის მესვეურობაზე მეტად იარაღის საწყობის დირექტორობა მოუხდებოდა!

«რამე შენიშვნა რომ მიიღოს კაცმა, სახელად აუცილებლად კობა უნდა ერქვას და გვარად დავითაშვილი უნდა იყოს _ დაიჩივლა დავითაშვილმა და პრემიერ-მინისტრისგან ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილის მიერ შრომის კოდექსის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე რეაგირებას დაელოდა.

რეაგირების სახით ივანიშვილმა მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ჟურნალისტების კითხვაზეიყო თუ არა მისი კანდიდატურის წარდგენის წინააღმდეგი უმრავლესობიდან კობა დავითაშვილი, მარგველაშვილმა ასე უპასუხა: «კობას უარყოფითი რეაქცია არ გამოუთქვამს, იხუმრა: ხომ მაინც მოგხსენიო».

«მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინას და მთლიანად კოალიციას, რომელიც ასე მენდო; ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და პატივი», _ ეს იყო პირველი კომენტარი, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსით გააკეთა. «ბუნებრივია, წინ არის ბრძოლა და ეს პოზიცია, რომელიც კოალიციაშია, საზოგადოებამაც უნდა გაიზიაროს. როდესაც ეს გუნდი გაყენებს კანდიდატად, დიდი პასუხისმგებლობაა, უნდა შევძლო და გავამართლო მათი იმედები», _ განაცხადა მარგველაშვილმა. კითხვაზე, თუ რატომ იყო კოალიციის სავარაუდო კანდიდატებს შორის მარგველაშვილი დაბალრეიტინგული, იგი პასუხობს, რომ შეეცდება რეიტინგის გამოსწორებას.

ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორი ეფექტური და პროდუქტიული იქნება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მუშაობა, როცა დარჩენილ ვადაში მისი მთავარი საზრუნავი საპრეზიდენტო არჩევნებამდე პირადი რეიტინგის ზრდა არის! მარგველაშვილს თავადაც არ ჰგონია, რომ დიმიტრი გელოვანია და ამომრჩევლის ამაში დარწმუნება, სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდება.

გიორგი მარგველაშვილს სერიოზულად არც საპარლამენტო უმცირესობა აღიქვამს. გიორგი ვაშაძე, რომელიც მშობლიურ პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ უასაკობის გამო დაიწუნეს, კონსპირაციულ თეორიას მიმართავს და აცხადებს: «ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, უყურებს, როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ თავის თავს დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატად. მარგველაშვილს სერიოზულად ვერ განვიხილავ. არაა საპრეზიდენტო ტიპაჟი და თან, როგორც ჩანს, ინტერესიც არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს».

როგორ არ უნდა მარგველაშვილს პრეზიდენტობა, ეს მისი გამომეტყველებითაც კარგად იკითხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღით ადრე განათლების მინისტრი აცხადებდა, «თუ შემომთავაზებენ პრეზიდენტობის კანდიდატობას, ავწონ-დავწონი და გადაწყვეტილებას ისე მივიღებო», აწონ-დაწონვას ხუთი წუთი მოანდომა და თანხმობა უყოყმანოდ განაცხადა.

თუმცა ვაშაძეს, ასაკის გარდა, პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობაც აწუხებს, თორემ მარგველაშვილის ასე განქიქების შემდეგ მასთან არჩევნების წაგება კიდევ უფრო სასაცილო მდგომარეობაში რომ ჩააყენებს «ნაციონალურ მოძრაობას», ეს დამწყებ პოლიტიკოსსაც კარგად მოეხსენება. ასეთ შემთხვევაში, რაგინდ არასერიოზულად მიგაჩნდეს კონკურენტი, უნდა აქო და ადიდო; მაშინ წაგებაც «ღირსეულად» მოინათლება.

ამის ნაცვლად, კითხვაზე – რამდენად კონკურენტული იქნება გიორგი მარგველაშვილი «ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატისთვის, ვაშაძემ აღნიშნა, რომ «ქართველი ხალხი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და რეალურ პრეზიდენტს აირჩევს». გაიგეთ რამე ამ პასუხიდან? ვერც _ მე.

სამაგიეროდ, ივანიშვილია ბედნიერი, რომ მარგველაშვილის ნაირ ადამიანს იცნობს და რადგან მიაჩნია, რომ «გიორგის ყველა კარგად იცნობს», ივარაუდება, რომ ყველა ბედნიერი უნდა იყოს. «მას, ჩემი აზრით, აქვს ყველა ის თვისება, რომელიც კარგ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს. ეს იდეალური ვარიანტია. მას აქვს შესაფერისი განათლება, კრეატიულობა, ასევე კრიზისულ სიტუაციაში უნიკალურია, არის კარგი ანალიტიკოსი, ექსპერტი, თუ რაიმე გამიჭირდება, ყოველთვის რჩევისთვის გიორგის და მასთან ერთად სულ რამდენიმე ადამიანს მივმართავ. გარდა ამისა, ის მაგარი ოპონენტია, არაფერს შეგარჩენს და გაპატიებს. მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს ვიცნობ», _ აცხადებს პრემიერი.

გაიზიარებს თუ არა პრემიერის ბედნიერებას ქართველი ამომრჩეველი, ოქტომბერში გამოჩნდება, მანამდე კი წინ «ნაციონალების» და გარეთ დარჩენილი ოპოზიციის კასტინგი გველის. «ნაციონალების» კანდიდატი საპატიო მეორე ადგილისთვის იბრძოლებს და, ვინც არ უნდა იყოს, მტერთან დანაჩანგლით მებრძოლი დავით ბაქრაძის გარდა, მხოლოდ მეორე ადგილისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.

რაც შეეხება «შუა გაკრეფილ» ოპოზიციას, თუ მან გაერთიანება და საერთო კანდიდატის დასახელება მოახერხა, მარგველაშვილი ისე იოლად ვერ გაიმარჯვებს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს _ «ქართული ოცნების» ბარე ორმა კანდიდატმა. მით უფრო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე «ნაცმოძრაობის» დამარცხების პრობლემა აღარ დგას და არჩევანიც ისეთი ცალსახა აღარ იქნება. რატომ უნდა აირჩიოს მარგველაშვილი პრეზიდენტად ქართველმა ამომრჩეველმა, როცა ის თავად ამბობს, რომ მანდატურების საერთოდ გაუქმებაზე არასოდეს ყოფილა საუბარი. აცხადებს, რომ არჩევანი ინგლისურზე უნდა გაკეთდეს. თვითონ ფაქტი, რომ უცხოელები აქ ჩამოდიან და ინგლისურს ასწავლიან, ძალიან მოსწონს.

მარგველაშვილს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი დაუმთავრებია, რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ არის დაფუძნებული და ახალი თაობის ლიბერალებს ზრდის. კითხვაზე, რას ნიშნავს ლიბერალური დემოკრატია, მარგველაშვილის პასუხი ასეთია: «ეს არის საზოგადოების, სახელმწიფოს, პოლიტიკური პროცესის ხედვა, როდესაც არამარტო რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ, არამედ პოლიტიკურ უმცირესობებსაც ეძლევათ ხმა პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის მისაღებად».

ქვეყანაში, სადაც უმრავლესობის ხმა არც ძველ და არც ახალ პოლიტიკურ ელიტას არ ესმის, უმცირესობების უფლებებზე უსაგნო ლაპარაკით საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაც გაჭირდება და იმის გარჩევაც, «ნაციონალების» კანდიდატის პლატფორმაა ეს თუ «ქართული ოცნებისა»!

სოროსისეული განათლების გარდა, გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფიაში კიდევ ერთი საინტერესო ფურცელია: 90-იანი წლების ბოლოს იგი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თბილისის ოფისში მუშაობდა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტებს კურირებდა. საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში კი ამ ორგანიზაციის ჩარევა ლუის ნავაროს არ დაუწყია. თავის დროზე ამას სწორედ ზურაბ ჟვანიას მეგობარმა _ მარკ მალენმა ჩაუყარა საფუძველი. მარგველაშვილი მაშინ მისი ხელქვეითი იყო.

2008 წელს იგი ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული დემოკრატიული განვითარების ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო, თუმცა ბურჯანაძის მიერ პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ ფონდს ჩამოშორდა. 2011 წელს ის ისევ მრჩეველთა საბჭოს წევრი ხდება, ოღონდ ამჯერად _ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი.

მარგველაშვილს ერთ დროს ნინო ბურჯანაძის ფავორიტად მოიხსენიებდნენ. მარგველაშვილის კანდიდატურის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი «ოცნების» კანდიდატურის გამოცხადებას დაელოდება და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. ახლა, როცა კანდიდატად მისი ყოფილი მრჩეველი _ მარგველაშვილი დასახელდა, სავარაუდოა, რომ ბურჯანაძე საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთვება. მისი პოლიტიკური წონისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მარგველაშვილს, პრემიერ ივანიშვილის მხარდაჭერის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.

მართალია, პრემიერს მიაჩნია, რომ ისეთი მყიფე დემოკრატიის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ახალმა გუნდმა გიორგი მარგველაშვილთან ერთად სახელმწიფოს დემოკრატიული მშენებლობა უმოკლეს დროში უნდა გააგრძელოს, მაგრამ მყიფე დემოკრატიის ქვეყანაში ასეთი მყიფე კანდიდატი ამ ამოცანის დაძლევას, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეძლებს. 

«მთელ მსოფლიოს მოკლე დროში უნდა დავუმტკიცოთ, რომ ვართ ევროპელები და მალე ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე ამის იმედს იძლევა», _ განაცხადა პრემიერმა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გამოზრდილი მარგველაშვილი, შესაძლოა, თავს მართლაც ევროპელად მიიჩნევდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს ახლო მომავალში ევროკავშირში მიიღებენ.

ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური რომანის გმირმა, ინჟინერმა გარინმა მის მიერ შექმნილი ჰიპერბოლოიდის მეშვეობით გერმანიაში ქარხნები გაანადგურა და მისი კონკურენტების მოცილების გამო ამერიკელი ფინანსისტისა და მეწარმის, როლინგის, მიმხრობა შეძლო. მისი დაფინანსებით გარინმა ოკეანეში კუნძული ჩაიგდო ხელში და ისევ ჰიპერბოლოიდის მეშვეობით ოქროს უზარმაზარი მარაგი შექმნა, რასაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი მოჰყვა. გარინმა ამ კრიზისის წყალობით მთელი აშშ-ის მრეწველობა იყიდა და დიქტატორი გახდა. რომანი იმით მთავრდება, რომ გარინის დიქტატურას რევოლუცია დაამხობს.

გახდება თუ არა მარგველაშვილი ინჟინერ ივანიშვილის ჰიპერბოლოიდი, რომელიც საბოლოოდ მის გაკოტრებას და საკუთარი დიქტატურის დამხობას შეუწყობს ხელს, ეს მართლაც ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე იგი მარგველოიდი უფროა და მისი დამანგრეველი ძალის თავად ინჟინერსაც არ სჯერა.

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. სტატია უაღრესად კვალიფიციური,აქცენტები სწორად დასმული,ზუსტი ანალიზი!იკითხება ერთი ამოსუნთქვით?!გმადლობთ ქალბატონო თამარ!~p.s.პათოსი შეუდარებელი.

  2. ‘მისი პოლიტიკური წონისა და გამოცდილების გათვალისწინებით’

    ერთი პატარა ლაქა უაფასურებს მთელი სამოსის ვიზუალობას…მსგავს შემთხვევაში თქვენი განსაზღვრების ლაქა წყალში გიყრით ჯამრთელ ნააზრევს…

    რა წონა და გამოცდილება შეიძლება ჰქონდეს იმ ინდაურს რომელსაც მთელი თავის ცხოვრება თავის აზროვნებით კენკავდა განვითარაბედი ქვეყნის პირობებში და თავისი ინდაურული თვალთმაქცობით ადამინაების სიცოცხლეს არაფრად აგდებდა შევარდნაძის დროიდან მოყოლებული…გაცნობებთ, რომ ლოგიკა და აზროვნება ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს თვალის ახელას…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here