Home რუბრიკები პოლიტიკა ზვიგენები, «ლა ტრუფე» და ნაციონალური ვნებების კვირა

ზვიგენები, «ლა ტრუფე» და ნაციონალური ვნებების კვირა

862

«მე და სანდრა ეგვიპტეში ვიყავით. ზღვაში ვცურავთ და დავინახე, ქვემოთ ორი ზვიგენი ზის და გვიყურებს. გავგიჟდი, რა არის ესმეთქი? მითხრეს, _ ნუ გეშინია, ორი წელია, ეგ ზვიგენები მანდ არიან, არ შეგჭამენო. რუსეთიც ასეა: როცა მოუნდება, მაშინ შეგჭამს», _ ამ ისტორიის წყალობით, გასულ კვირას საზოგადოებისგან მივიწყებულმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათით მოახერხა საყოველთაო ყურადღების მიპყრობა; აუდიტორიას ძალიან მოეწონა რელაქსირებული, მჯდომარე ზვიგენები, რომლებიც უცნაურად მოაგონებდნენ ალიგატორს საბჭოთა ანდერგრაუნდის ძველი სიმღერიდან, რომელსაც ჰიპებმა მარიხუანა მოაწევინეს. ამ ზვიგენებმა დაჩრდილეს ყოველივე დანარჩენი, რაც ამ განცხადებაში იყო, არადა, მასში, როგორც პატარა სარკეში, კიდევ ერთხელ აირეკლა მიხეილ სააკაშვილი ყველა თავის პრობლემასთან ერთად.


როგორც წესი, მამაკაცებს (ჩვეულებრივ, საშუალო-სტატისტიკურ მამაკაცებს, მთავარსარდალზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია), «ნუ გეშინია»-თი არ მიმართავენ, რადგან ეს შეურაცხყოფის ტოლფასია. ეს შეიძლება მოხდეს ორ შემთხვევაში: ა) თუ თანამოსაუბრე ფიგურანტს არაფრად აგდებს და ამას შეგნებულად ხაზს უსვამს; ბ) თუ ფიგურანტი ნამდვილად შეშინებულია და ეს გარეგნულად გამოავლინა. მეორე შემთხვევის კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს ვიდეოფირი, რომელიც ასახავს სააკაშვილის ცნობილ გაქცევას ჰიპოთეტური რუსული თვითმფრინავისგან, კერძოდ კი ის ეპიზოდი, როდესაც (ამ სამარცხვინო სცენის ბოლოს) დაცვის თანამშრომელი სააკაშვილს ამშვიდებს: «ნუ გეშინია!». სააკაშვილი, შესაძლოა, ვერ მიხვდა, რომ ამ ფრაზით «ზვიგენების ისტორიიდან» საკუთარი თავი კიდევ ერთხელ დაიმცირა, თუმცა ეს, პრინციპში, მისი პრობლემაა. ასევე სახასიათოა რეაქცია «გავგიჟდი» საფრთხის წინაშე, როდესაც პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ გვერდით მყოფი მანდილოსნის უსაფრთხოებაზე გეკისრება, საჭიროა (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეგიძლია) საკუთარი თავის კონტროლი და ცივი გონებით მოქმედება; გაგიჟება კი ამისთვის საუკეთესო ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის. და ბოლოს, ეს პასაჟი დაგვირგვინდა რუსეთის შედარებით ზვიგენთან, რამაც, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის ტრაგიკული ფაქტი, რომ 2008-ში განრისხებული რუსეთის პირისპირ იმ მთავარსარდალთან ერთად აღვმოჩნდით, რომელსაც საფრთხე აშინებს და აგიჟებს.

საინტერესოა, ღირს თუ არა სააკაშვილის გამონათქვამების დაკვირვება და ცალკეული ნიუანსების ანალიზი საერთოდ? ის ხომ უკვე აღარ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ფიგურას ქართულ პოლიტიკაში? არის თავისთვის, ღიმილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თავს კარგად ან კიდევ, ძალიან კარგად გრძნობს (იმდენად კარგად, რომ ვერც კი წარმოვიდგენთ), მჯდომარე ზვიგენებზე საოცარ ისტორიებს ყვება და ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე მფრინავ სპილოებსაც მიადგება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ, ფორმალური თვალსაზრისით, ის ჯერ კიდევ სახელმწიფოს მეთაურია (მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმრავლესობა ლეგიტიმურად არ თვლის), მისი განცხადებებისთვის ყურადღების მიქცევა, ალბათ, მაინც საჭიროა, რათა უცაბედად რეალობისგან საბოლოო მოწყვეტის საბედისწერო მომენტი არ გამოვტოვოთ და საჭიროების შემთხვევაში, ჰუმანიზმის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, დახმარება აღმოვუჩინოთ, უფრო სწორად კი, ბოლოს და ბოლოს მივცეთ შესაძლებლობა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, ეს გააკეთონ.

მიხეილ სააკაშვილს არ მიუღია მონაწილეობა «ნაციონალებისთვის» უმძიმეს «ლა ტრუფეს ბრძოლაში» (ლამაზად კი ჟღერს, ლა-როშელის ალყის არ იყოს). გავრცელებული ინფორმაციით, მან რესტორანი ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა (ინტუიცია? წინათგრძნობა?) და, ალბათ, იყო ამაში რაღაც დადებითი ყოფილი მმართველი პარტიისთვის; აშკარა რიცხობრივ  უმცირესობაში მყოფმა მოწინააღმდეგემ ისინი ისედაც სცემა და ძნელი წარმოსადგენი არაა, რა ზარალს განიცდიდნენ იმ შემთხვევაში, თუ სათავეში მათი მთავარსარდალი ჩაუდგებოდა და ჩხუბში ჩართული თანაპარტიელების მოქმედების კოორდინირებას დაიწყებდა. რა ვატერლოო, რომელი აუსტერლიცი? ამ სცენარის ფარგლებში ყველაფერი, დიდი ალბათობით, დასრულდებოდა თავქუდმოგლეჯილი სტრატეგიული უკანდახევით წითელ ხიდამდე, სადაც ისინი, სავარაუდოდ, მოუყვებოდნენ გაოგნებულ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს, რომ გამძვინვარებული მამუკა ბაკურია ფეხდაფეხ მოსდევთ შეძახილით «ზის იზ სპარტა!», უკაცრავად, «ზის იზ ვაკე!» (წვერით კი ჩამოჰგავს ლეონიდეს). ასე რომ, «ნაციონალებს», სავარაუდოდ, გაუმართლათ, რომ მათი ბელადი კარსმომდგარი ბრძოლის ველიდან ესოდენ წინდახედულად გაუჩინარდა, ისევე, როგორც კიდევ ერთი გამოჩენილი სარდალი იოანე მერაბიშვილი.

ძალიან საგულისხმო იყო საზოგადოების რეაქცია ამ ინციდენტზე, რომელმაც საინფორმაციო სივრცეში გარკვეული დროით ყველა სხვა მოვლენა დაჩრდილა, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიცაა «ქართული ოცნების» მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბი და თავპირისმტვრევა ზოგადად მისასალმებელი რამ არ არის, ძალიან ბევრი ადამიანი გაახარა იმ ფაქტმა, რომ «ნაციონალური მოძრაობის» მაღალი რანგის წარმომადგენლები სცემეს და ამას სოციალურ ქსელებში ღიად აფიქსირებდნენ.

ისინი ლოცავდნენ ბაკურიას მარჯვენას, აცხადებდნენ, რომ სიამოვნებით მიბაძავენ მას, აგრეთვე, მიანიშნებდნენ ივანიშვილის მთავრობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად არ დაიწყება სამართლიანობის პროცესი და ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრება-გასამართლება 2003-12 წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის (იმისთვის, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დავარღვიოთ, აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პირები  უდანაშაულოებად ითვლებიან, ვიდრე სასამართლო ამის საპირისპირო განაჩენს არ გამოიტანს) მსგავსი რამ კიდევ არაერთგზის განმეორდება.

როდესაც გამოძიების ეფექტურობა და სამართლიანობის აღდგენის იდეა ეჭვქვეშ დგება და ამდენი მოქალაქე გამოთქვამს სურვილს, მართლმსაჯულება საკუთარი მუშტებით აღასრულოს, ეს ძალიან ცუდი სიმპტომია, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ «რაღაც დალპა დანიის სამეფოში» და სიტუაცია სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა შეიძლება გადაიქცეს რინგად ბრძოლებისთვის წესების გარეშე. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს დაფიქრება იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა დაძაბულობა განიმუხტოს და, ამავე დროს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ყოფილი მაღალჩინოსნების პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც, მათი წარსულის მიუხედავად, ქუჩაში თუ რესტორანში დაცულნი უნდა იყვნენ განრისხებული მოქალაქეების მუშტებისგან ან ლინჩის წესით გასამართლებისგან; სხვა მიდგომა პრობლემის მიმართ ანტისახელმწიფოებრივია.

ცხადია, მთავრობა ვერ მიუჩენს თითოეულ «ნაციონალს» საგანგებო დაცვას, თუმცა გარკვეული ზომების მიღება, ალბათ, მაინც აუცილებელია. «ნაციონალები», თავის მხრივ, უფრო ფრთხილად და თავშეკავებულად უნდა მოიქცნენ (ამის გაკეთებას, ცხადია, ვერავინ დაავალდებულებს, თუმცა ეს, ალბათ, მათივე ინტერესებშია), განსაკუთრებით თბილისის ცენტრალურ უბნებში, სადაც 7 ნოემბერს და 26 მაისს მათი ზონდერები თანამემამულეებს ცემით კლავდნენ და სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ დასანახად ვერ იტანს. ამის მიზეზი არა მხოლოდ სისხლიანი დარბევები და განსხვავებული ღირებულებებია, ეს სიძულვილი, სხვა ყველაფერთან ერთად, წარმოადგენს საპასუხო რეაქციას «ნაცმოძრაობის» და მათი ბელადის დამოკიდებულებაზე თბილისის ცენტრალური უბნების მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში გატარებულ პოლიტიკაში და უამრავი განცხადების ქვეტექსტში ფიქსირდებოდა.

ამ მოსაზრების კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს ნაწყვეტი უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული ფედერაციის მდივნის _ გლებ გოლოვჩენკოს 2011 წლის წერილიდან. ავტორი სააკაშვილის მიმართ ფრიად კეთილგანწყობილი იყო, მაგრამ, როდესაც საუბარი განხილულ თემას შეეხო, სააკაშვილის ემოციური ამოფრქვევით გაოგნებული დარჩა (ციტატა): «თუ მთელი საუბრის განმავლობაში ის, პრაქტიკულად, თავშეკავებული დიპლომატი გახლდათ, მომდევნო ფრაგმენტში პრეზიდენტს მისი გულისწუხილი მაინც აღმოხდა, «საქართველოს ყოველთვის მართავდნენ ადამიანები იქიდან!», _ პრეზიდენტმა ბრაზით გაიქნია ხელი უკვე განათებული თბილისის მიმართულებით. იმ მხარეს, სადაც ის მიუთითებდა, გახედვაც კი არ მოგინდებოდა. ჩანდა, რომ წყენა «საქართველოს ამ ნაწილზე» წლების განმავლობაში გროვდებოდა და, როგორც მოუშუშებელი ჭრილობა, დღესაც სტკივა (თუმცა, შესაძლოა, ეს მომეჩვენა). პრეზიდენტმა ცოტა ხნით თავი დაანება მთავარ თემას და განაგრძო: «თბილისის ცენტრი _ აი, აქედან იშლება ჩრდილოეთით და ჩრდილოეთიდან _ დასავლეთით. ერთი და იგივე ადამიანები. იქ 150 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ყოველთვის, ბოლო 100 წლის განმავლობაში მხოლოდ მათ ჰქონდათ ფული, მხოლოდ მათ ჰქონდათ ყველაფერი». ხსენებულ 150 ათას ადამიანზე საუბრის დასასრულს, სააკაშვილმა, გოლოვჩენკოს თქმით, «განაწყენებულმა გადახედა თბილისის იმ ნაწილს, რომელიც «ყოველთვის კარგად ცხოვრობდა», «ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, არსად გადავასახლებთ, ჩვენ ციმბირი არ გვაქვს, რომ გადავასახლოთ და ბანაკებიც არ აგვიშენებია».

არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სააკაშვილის ამ სიძულვილის (ბიოლოგიურის… ზოოლოგიურის… ზუსტი განსაზღვრების შერჩევა საკმაოდ რთულია) პასუხი ისევ სიძულვილი გახდა. ასე რომ, «ნაციონალების» ინტერესებშია თბილისის ცენტრში (ისევე, როგორც სხვაგან, თუმცა აქ განსაკუთრებით) ფრთხილად მოიქცნენ, პოლიციელი და კეთილი ნების მქონე გამშველებელი კრიტიკულ მომენტში მათ გვერდით შეიძლება არ აღმოჩნდეს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც «ლა ტრუფეს ბრძოლაში» დამარცხებულ პარტიას ეხება, მალე მათ პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევა მოუწევთ. ვინც არ უნდა შეარჩიონ, საუბარი მის გამარჯვებაზე, ცხადია, არასერიოზულია, თუმცა პარტია, სავარაუდოდ, გააკეთებს ყველაფერს მეორე საპატიო ადგილის დასაკავებლად, რათა საკუთარი თავი «მთავარ ოპოზიციურ ძალად» წარმოაჩინოს; ეს ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული ამოცანაა, მაგრამ ამ შედეგის მიღწევა, შემცირებული რესურსების გათვალისწინებით,  დამოკიდებულია არა მხოლოდ მათზე, არამედ გარე ფაქტორებზეც: სხვა ოპოზიციური კანდიდატები ან ძალიან სუსტნი უნდა იყვნენ, ან უნდა მოხდეს დაახლოებით ისეთი რამ, რაც ნაძალადევის შუალედურ არჩევნებზე მოხდა, როდესაც ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობის პირობებში (რაც მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნებზეც), ორმა კონკურენტმა, კუკავამ და მანჯავიძემ, ერთმანეთს და «ქართული ოცნების» კანდიდატს ხმები წაართვეს და  «ნაციონალების» კანდიდატმა კინაღამ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო გამარჯვებულმა თამარ კორძაიამ «ოცნებიდან» 50%-ზე მეტი ვერ მოაგროვა (საპრეზიდენტო არჩევნებში ასეთ შედეგს მეორე ტურის დანიშვნა მოჰყვებოდა).

ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, ვინ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში «გარე ოპოზიციიდან» და რამდენად რეიტინგულები იქნებიან ეს კანდიდატები; არადა, «ნაციონალების» ფარდობითი წარმატება (ვერცხლის ან ბრინჯაოს დამაჯერებელი მედალი) სწორედ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული. ასევე ძნელია იმის ამოცნობა, თუ როგორი იქნება მათი კამპანიის ძირითადი იდეა, თუმცა გამორიცხული არაა, რომ წინასაარჩევნო კლიპებში მათ ზვიგენები განგმირონ (კრეატიულია, თანაც ჰეროიკული), აკვალანგებსა და წითელ ლასტებს მათზე გამოსახული ხუთიანით, ალბათ, სააკაშვილი უშოვის.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here