Home რუბრიკები საზოგადოება ოფიციალური განმარტება გია ხუხაშვილთან ინტერვიუს გამო

ოფიციალური განმარტება გია ხუხაშვილთან ინტერვიუს გამო

556

1 მაისს, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ტრადიციულ გამოკითხვაში ჟურნალისტმა ლილი მიროტაძემ საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს, მათ შორის ბატონ გია ხუხაშვილს, დაუსვა კითხვა: ცნობილია, რომ სააკაშვილის პერიოდში ტოტალურად ყალბდებოდა არჩევნები, შესაბამისად, პლებისციტის შედეგების სანდოობაშიც თამამად შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ.

ხომ არაა საჭირო ახალი გამოკითხვის ჩატარება, რამდენად რეალურია, უახლოეს მომავალში საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს და ეთანხმებიან თუ არა გავრცელებულ აზრს, რომ საქართველოს მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას?”, რაზეც ბატონმა ხუხაშვილმა უსასუხა:რადგან ხშირად ხდებოდა  სოციოლოგიური კვლევებით მანიპულირება წინა ხელისუფლების დროს, გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ არა მგონია, რომ მისი დამკვეთი ხელისუფლება უნდა იყოს. თუ ვინმეს აინტერესებს ამ გამოკითხვის ჩატარება, შეუძლია დამოუკიდებლად მოაგვაროს ეს საკითხი. გამოკითხვებში, რომლებიც ამ თემაზე ჩატარებულა, კითხვაზე _ გსურთ თუ არა ნატოში გაწევრიანება? _ პასუხი, ძირითადად, დადებითი იყოგამომდინარე იქიდან, თუ რა პრობლემები გვაქვს დღეს რუსეთთან,   ადამიანები ფიქრობენ ქვეყნის უსაფრთხოებაზეთავდაცის გარკვეულ საშუალებაზე და ასეთ საშუალებად განიხილება ნატო”.

 როგორც ხედავთ, არც დასმულ შეკითხვაში და არც ბატონ ხუხაშვილის პასუხში არა თუ ნატოს საკითხზე რაიმე სახის რეფერენდუმის ჩატარებაზე არაა საუბარი, – სიტყვა რეფერენდუმი საერთოდ არ არის ნახსენები. ამას კი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, კერძოდ:

იმავე  დღეს ,,პირველი რადიოს’’ ინტერნეტგვერდზე, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოზე” დაყრდნობით,  გაჩნდა ინფორმაცია სათაურით “ხუხაშვილი ნატოზე ახალი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს”.

ეს სათაური წარმოადგენს ,,პირველი რადიოდან’’  ჩვენი კოლეგების, მსუბუქად რომ ვთქვათ, თამამ ინტერპრეტაციას,  ვიმეორებთ – „საქართველო და მსოფლიოსთან“ ბატონი ხუხაშვილის საუბარში ტერმინი რეფერენდუმი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები. უფრო მეტიც, წინა ხელისუფლების  პერიოდში  ჩატარებული კვლევების მიმართ საზოგადოების  ობიექტური  უნდობლობიდან გამომდინარე , საუბარი ეხებოდა ახალი, სანდო და კომპეტენტური გამოკითხვის ჩატარებას (რასაც რეფერენდუმთან საერთო არაფერი აქვს), რაზეც ბატონმა ხუხაშვილმა განმარტა, რომ წინა ხელისუფლების დროს სოციოლოგიური კვლევებით მანიპულირების  პრაქტიკის არსებობიდან გამომდინარე,  თუ ვინმეს ამ საკითხზე გამოკითხვის გამეორება სურს, შეუძლია ეს კერძო ინიციატივით გააკეთოს და ხელისუფლება ამის დამკვეთი არ უნდა იყოს, რადგან ამ საკითხზე ჩატარებულ ყველა გამოკითხვაში კითხვაზე _ გსურთ თუ არა ნატოში გაწევრიანება? _ პასუხი, ძირითადად,  დადებითი იყო.

მას შემდეგ რაც პირველი რადიოს ზემოხსენებული ინფორმაციის თამამად ინტერპრეტირებული სათაური გამოჩნდა,  “ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე აქტივისტის  ,,ფეისბუქის’’  სტატუსზე  ამავე მოძრაობის ზოგიერთ  წარმომადგენელს ნამდვილი ისტერიკა დაემართა და პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა.    

“საქართველო და მსოფლიოსთვის ”  უცნობია,  თუ რატომ არჩიეს ჩვენმა კოლეგებმა ,,პირველი რადიოდან’’ გაზეთზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაციისთვის ესოდენ თამამად ინტერპრეტირებული სათაურის დარქმევა,  თუმცა, ვინაიდან „საქართველოს კანონით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით,  ხოლო ,,პირველი რადიოდან’’  ჩვენი კოლეგების მიერ შერჩეული სათაური, სავარაუდოდ, წარმოადგენს  მათ აზრს, ჩვენ ვერ გვექნება  სამართლებრივი ან სხვა სახის პრეტენზია მათ მიმართ.

დაინტერესებული მხარეებისთვის კი ოფიციალურად განვმარტავთ – ინფორმაცია, თითქოს ,,საქართველო და მსოფლიოში’’ გამოქვეყნებულ ინტერვიუში  ბატონმა ხუხაშვილმა ნატოსთან დაკავშირებით ახალი რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა, ნამდვილად დეზინფორმაციაა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ  ბატონი ხუხაშვილის ამ შინაარსის მატარებელი კომენტარი გაზეთში არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, არც ბატონ ხუხაშვილთან გვქონია საუბარი ნატოსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე.

აქვე ვთხოვთ პოლიტიკოსებს, რომ მარტოდენ  საკუთარი თანაგუნდელების ,,ფეისბუქის’’ სტატუსების მიხედვით ნუ გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, რადგან მსგავსმა ზედაპირულმა მიდგომამ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა უხერხულ, სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენოს.

  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here