Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ გაყიდა «ნაცმოძრაობამ» ბელარუსული ოპოზიცია

როგორ გაყიდა «ნაცმოძრაობამ» ბელარუსული ოპოზიცია

659

«რუსთავი-2-მა» თავი მოიქაჩლა და ერთ კვირაში ქვეყნის ორი უმაღლესი ხელმძღვანელი თავის ეთერში დასვა  _ ნინო შუბლაძის პროგრამაში «პოზიცია».

პუბლიკაცია, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, ერთგვარი გამოხმაურებაა სააკაშვილისა და ივანიშვილის ეთერში გამოსვლების გარკვეულ მომენტებზე.

სენსაციური გამოხმაურება.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მიერ სააკაშვილისა და მისი უახლოესი წრის სიამოვნებისთვის ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის შესახებ საუბრისას განაცხადა: ჯერ სადა ხართ, სულ მალე შეიტყობთ, როგორ და რაში ანაწილებდნენ სახელმწიფოს ფულს ბოკერია, სააკაშვილი და სხვებიო. დაახლოებით ასე.


ინტრიგის კვანძი შეიკრა.

მაშ, ყურადღებით წაიკითხეთ!

ამ დღეებში ბოლოტნაიას მოედანზე საპროტესტო დემონსტრაციის ერთერთ ორგანიზატორს _ კონსტანტინ ლებედევს 2,5 წლით შრომაგასწორების ბანაკში პატიმრობა მიუსაჯეს. ეს, შედარებით მსუბუქი განაჩენი სასამართლომ გამოიტანა გამოძიებასთან ლებედევის თანამშრომლობის გათვალისწინებით. დღეს გთავაზობთ ძირითად მომენტებს მისი ინტერვიუდან, რომელიც ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებაა.

_ ვაღიარებ, რომ სერგეი უდალცოვთან, ლეონიდ რაზვოზჟაევთან და გივი თარგამაძესთან ერთად ვმონაწილეობდი 6 მაისის არეულობის ორგანიზებაში. ვაღიარებ, აგრეთვე, რომ ვამზადებდით მომავალ მასობრივ არეულობას…

_ დაკითხვისას გაწამებდნენ?

_ არა, არ მაწამებდნენ.

_ მაშ, რატომ გადაწყვიტეთ გარიგება?

_ დავრწმუნდი, რომ გამომძიებელს აქვს ჩვენი ბრალეულობის დამადასტურებელი ამომწურავი მასალები..

…არჩევანი ასეთი მქონდა: ან რქებით უნდა მივწოლოდი, და მაშინ ყველაფერი ძალიან სამწუხარო შედეგით დამთავრდებოდა _ ათწლიანი მაქსიმალური ვადით. მაგრამ არსებობდა ალტერნატივა _ მეღიარებინა ის, რაც ცხადი და უეჭველი იყო, სწორედ რომ _ ცხადი და უეჭველი. არც ერთი ტყუილი სიტყვა ჩემს ჩვენებებში არ მითქვამს, არავისთვის ცილი არ დამიწამებია… ვინმეს ბედს რომ დაამძიმებდა, ისეთი ჩვენება არ მიმიცია… ჩვენ ვიცოდით, რაზეც მივდიოდით და რა სერიოზული შედეგებიც მოჰყვებოდა ასეთ მასშტაბურ ჩანაფიქრს.

_ როგორ მასშტაბს გულისხმობდით?

_ ძლიერი მემარცხენე პარტიის შექმნას, უცხოეთიდან ფულის მიღებას, ყოველ შემთხვევაში, ამაზე თარგამაძე ლაპარაკობდა, და, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლების ორგანოებში შესვლას, ანუ, ფაქტობრივად, რუსეთის კომპარტიის ჩანაცვლებას…

_ როგორ გაიცანით გივი თარგამაძე?

_ გავიცანი 2005 წელს უკრაინაში, მაიდანის დასასრულს. ბიჭები «შავი პორადან» მენდნენ, გამაცნეს თავიანთი სპონსორები და მასწავლებლები _ თარგამაძის გუნდი. მენდნენ იმიტომ, რომ სიტყვით კი არა, საქმით დავამტკიცე, რომ ბევრი რამის უნარი მაქვს და გაკეთებაც შემიძლია.

_ რა საქმით?

_ … ქუჩებში გამოგვყავდა ინსტიტუტები. დონეცკელ ბიჭებს კონფლიქტების დროს ვეუბნებოდით: «ჩვენ მოსკოვიდან ვართ, პუტინის მოწინააღმდეგეები». ყველა საქმეში ვმონაწილეობდით.

_ როდის და რისთვის მიიღეთ პირველი ფული თარგამაძისგან?

_ 2006 წელს ბელარუსში მუშაობისთვის: მე ვაკვირდებოდი, როგორ ხარჯავდნენ სახსრებს ადგილობრივი აქტივისტები. დავალებები მარტივი იყო: უნდა შეგვემოწმებინა, გააკრეს თუ არა პლაკატები, სინამდვილეში რამდენი ადამიანი მივიდა აქციაზე, უნდა დავლაპარაკებოდით ამა თუ იმ ადამიანს, გადაგვეცა ინსტრუქციები…

_ რატომ გადაწყვიტა საერთოდ თარგამაძემ ემუშავა თქვენთან _ პროკრემლური ორგანიზაციის ყოფილ წევრთან, რომელსაც უმაღლესი განათლება არ გააჩნია და კომუნისტური შეხედულებები აქვს?

_ ვფიქრობ იმიტომ, რომ ბიჭებმა «პორადან» («კმარას» უკრაინული ანალოგი. _ რედ.). თავისი სიტყვა თქვეს. თანაც, ყველასი თუ შეგეშინდა, ვერავითარ საქმეს ვერ გააკეთებ. ჩვენ ვურთიერთობდით, მათ ნახეს, რომ რწმენის კაცი ვარ, მაქვს ამბიცია და ვიცი, რა უნდა ვაკეთო. ის, რომ მაიდანს ჩვენი ამდენი დრო შევწირეთ, მათთვის ეკზოტიკა იყო, ჩვენისთანა ადამიანები მაშინ იშვიათობა იყო.

_ და მაინც, იგი თქვენ კარგად არ გიცნობდათ, ერთი წლის თავზე კი უკვე ფულს გაძლევდათ. საიდან ასეთი დიდი ნდობა?!

_ რთულია ამის ახსნა. ხდება ასე. თანაც თავდაპირველად იქ ნამცეცები იყო.

_ რამდენს იღებდით ბელორუსში მუშაობისთვის?

_ სასტუმროში ცხოვრებისა და კვების ყველა ხარჯს გვინაზღაურებდნენ და ყოველ კვირაში ათას ევროს გვაძლევდნენ. ცოტა ფულს მიხდიდნენ იმაშიც, რომ ვუწერდი რუსეთში პოლიტიკური სიტუაციის ანალიზს.

_ როგორ მოვიდა რუსეთში თარგამაძის გამოგზავნილი ფული?

_ ჩემ მიერ შექმნილი ორგანიზაცია «სმენის» მეშვეობით. ეს ორგანიზაცია ფინანსდებოდა საქართველოდან და ევროპიდან შემოსული არაოფიციალური გრანტებით.

_ უდალცოვმა თარგამაძე როგორ გაიცნო?

_ თარგამაძის ინიციატივით. 2011 წელს სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ, როცა საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, იგი ფრიად აღეგზნო და ამ საქმეში შეძრომა მოინდომა. როგორ _ იგი იყოს და განზე იდგეს?! თარგამაძე  მეუბნებოდა: «მე ძალიან მომწონს უდალცოვი». მე მისი მესმოდა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მაშინ სერიოგასთან ძალიან ცუდი ურთიერთობა მქონდა. მათ გადაწყვიტეს ფული შეეთავაზებინათ მისთვის. ეს მე ხელს მაძლევდა: მართალია, სერიოგასთან დაპირისპირებული ვარ, მაგრამ ეს რაღაც მემარცხენეობაა და რაღაც გავლენის მოხდენა მაინცაა შესაძლებელი.

_ ალექსანდრ ნავალნი თარგამაძეს არ აინტერესებდა?

_ მკითხა ნავალნის შესახებ. ვუპასუხე, რომ ეს ის ვარიანტი არ არის, ამაზე არ წავა-მეთქი. მართლაც უარს იტყოდა.

_ იმიტომ, რომ ნავალნი უდალცოვზე ჭკვიანია?

_ მას რესურსების პრობლემა არ აქვს. დღეის გადმოსახედიდან შეიძლება ვთქვა: რად აიტეხა ეს ყველაფერი?..

_ რაზვოჟზაევსა და უდალცოვს არ ეუხერხულებოდათ, რომ ფული საქართველოდან იყო?

_ რაგინდ გასაკვირი იყოს, არა. მახსოვს, ერთმანეთს შევხვდით «იოლკი-პალკიში»: უნდა გადაგვეწყვიტა, წავსულიყავით თუ არა შეხვედრაზე. მე მათ პატიოსნად ვუთხარი: ეს ადამიანი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, ეს იქნება ნაბიჯი ჩვენთვის სრულიად უცხო სამყაროში, მოდით, დავფიქრდეთ, გვინდა ეს თუ არა. ახლა ვფიქრობ, იქ ლიონია რომ არ ყოფილიყო, არაფერი მოხდებოდა. მან დაინახა, რომ მიეცემოდა შესაძლებლობა საყვარელი საქმის კეთების _ პოლიტიკის, ამიტომაც თარგამაძესთან შეხვედრის ყველაზე აქტიური ლობისტი გახდა. მაშინ ფულზე რომ არ გვეფიქრა და იმაზე, რომ ეს საქმე ათწლიანი პატიმრობით გვემუქრებოდა, ჩვენ დავხრიდით თვალებს, ავდგებოდით და დავიშლებოდით, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობდით 6 მაისის არეულობამდე.

_ რამდენჯერ შეხვდით მინსკში თარგამაძეს უდალცოვთან და რაზვოზჟაევთან ერთად?

_ ამ შემადგენლობით _ სამჯერ. პირველად 2012 წლის მარტში. მივედით დეპუტატ ილია პონომარიოვის მანქანით. გავიცანით, დავლიეთ. შევეცადეთ, დაგვეწერა რაღაც ხარჯთაღრიცხვა, მაგრამ უკვე მთვრალები ვიყავით. გივისთან ყოველთვის ბევრი ხალხი იყო, მას ჩვეულებად ჰქონდა ამალით მოგზაურობა. ერთხელ სადღაც ჩავიდა 40 კაცის თანხლებით. ჩასახლდნენ სასტუმროში, ჩაუსხდნენ და დალიეს, როგორც ყოველთვის. ჩვეულებრივ, საქმეები ასე წყდება: ორ დღეს სვამენ, მესამე დღეს რამეს მოიგონებენ, შემდეგ გაემგზავრებიან. ამ 40-მა კაცმა იქეიფა და აეროპორტისკენ დაიძრნენ. სადღაა მეთაური? მთავარი კაცი სასტუმროში დარჩათ. არ გაუღვიძებიათ. იგი დარჩა და ძილი განაგრძო.

აგვისტოს ბოლოს მესამედ ჩავედით ვასილიჩთან (თარგამაძესთან. _ რედ.) ერთად. მანამდე ერთი საღამოს განმავლობაში ლიტვაში 26 ბოთლი ღვინო ოთხმა დავლიეთ. და ამ დროს ვასილიჩი გვეუბნება: «სასწრაფოდ მივდივართ მინსკში. დაურეკე სერიოგას… ჩვენს წასაყვანად მოვიდა მანქანა დიპლომატიური ნომრებით. საჭესთან მთვრალი ჯდება ლიტვაში საქართველოს ელჩი, რომელიც ჩვენთან ერთად ამ ბოთლებს ცლიდა, და საათში 140 კილომეტრს სისწრაფით მივფრინავთ საზღვრამდე. იქ ვსხდებით სხვა მანქანაში დიპლომატიური ნომრებით, როგორც ჩანს, ბელარუსში საქართველოს ელჩის მანქანა იყო. მივედით ბინაში, ვაგრძელებთ სმას. სერიოგა და ლიონია მეორე დღეს ჩამოვიდნენ და ჩვენ ყველამ ერთად გავაგრძელეთ სმა…

_ არ გეჩვენებათ, რომ უცნაურია რევოლუციის დაგეგმვა და ასეთი ლოთობა?

_ ეს სხვა კულტურაა, ჩვენსას არ ჰგავს. თუ ქართველებთან ერთად არ სვამ, მათი მტერი ხარ. ასეთ შეურაცხად მდგომარეობაში «აგვარებდნენ» საქმეებს. ვასილიჩი რეალურად ალკოჰოლიკია, გახრწნილი ადამიანია. როგორც აქტივისტი და სტრატეგი, იგი უკვე ჩაიჩუტა.

_ რომელი შეხვედრის ჩანაწერია ჩართული ნტვ ფილმში «პროტესტის ანატომია»?

_ მეორე შეხვედრის. ივნისში… ვიყავით მე, სერიოგა, ლიონია და ჩემი ძველი თანამოსაქმე აიმალეტდინოვი… თარგამაძე და კიდევ ერთი მოჭიდავე იყო, გიორგი, რომელსაც ლუკა ბრაზის ეძახდნენ (ფილმ «ნათლიმამას» პერსონაჟის სახელს. _ რედ.). უზარმაზარი იყო, კარელინს ეჭიდავებოდა…

_ ეს შეხვედრა ჩაწერეთ ვიდეოკამერაზე თუ დიქტოფონზე?

_ ქართველებთან შეხვედრას ზოგჯერ მართლაც ვიწერდი აუდიოფირზე, მაგრამ ეს შეხვედრა არ ჩამიწერია. რატომ ვიწერდი? 2010 წელს, როცა კვლავ მიმიწვიეს მინსკში სამუშაოდ, უკვე ვიცოდი, რომ ისინი 2008 წლიდან შეურიგდნენ ბელარუსებს. ლუკაშენკო მაშინ ევროპისკენ შებრუნდა და მასთან ბერეზოვსკი ჩამოვიდა. ქართველები ბელარუსებს მათი უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის, სუხარენკოს, მეშვეობითაც შეურიგდნენ.

აქ გავწყვიტოთ ლებედევის «აღიარებითი ინტერვიუ» და ჩვენი პუბლიკაციის შესავალში ნათქვამს დავუბრუნდეთ, კერძოდ იმას, რომ სააკაშვილის ტელეგამოსვლის გამოხმაურებადაც შეიძლება მივიჩნიოთ დღეს შემოთავაზებული მასალა.

რა თქვა სააკაშვილმა, რით მოიწონა თავი, როგორც პოლიტიკოსმა, რომელმაც შეძლო ბელარუსის პრეზიდენტს ლუკაშენკოსთვის გადაეთქმევინებინა საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება?

16 აპრილს «პოზიციაში» ნინო შუბლაძესთან ტელესაუბარში პატივცემულმა მიხეილმა სიტყვასიტყვით განაცხადა:

«როგორ გავაჩერეთ აღიარება ბელარუსში? ბელარუსში მართლა ვაჟკაცურად მოიქცა ლუკაშენკო. და რამდენიც არ უნდა იძახონ ეხლაო, ლუკაშენკო, ასეთი და ისეთი, ჩვენთან მიმართებაში მოიქცა ვაჟკაცურად. პრაქტიკულად გამზადებული იყო აღიარება, არა მხოლოდ დიდი დაწოლის ქვეშ იყო, რამდენიმე მილიარდს აძლევდნენ. და მოგვიხდა… და რაღაცნაირად მოვახერხეთ ამის გაჩერება. ამ ყველაფერს აქვს ფასი თავისი…»

ყურადღება მიაქციეთ ბოლო ფრაზას: «და რაღაცნაირად მოვახერხეთ ამის გაჩერება. ამ ყველაფერს აქვს ფასი თავისი».

დავუბრუნდეთ ლებედევს, რომელიც აგვიხსნის, რას ნიშნავს ეს «რაღაცნაირად» და რა ფასზეა ლაპარაკი?

ყურადღება!

ლებედევი ამბობს:

_ 2010 წელს თარგამაძემ მომიყვა, რა პირობით შერიგდნენ: მათ ძალიან სურდათ, ლუკაშენკოს რუსეთისთვის ზურგი შეექცია. ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ  მათ ხელთ არსებული ყველა მონაცემი ბელარუსის ოპოზიციის შესახებ, რომელთანაც ისინი ძალიან დიდხანს მუშაობდნენ და ბევრი ფულიც დაახარჯეს, უნდა გადაეცათ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისთვის. ქართველებმა დაასახელეს  მათ მიერ დაფინანსებული ყველა აქცია და «ჩაუშვეს» ყველა ბელარუსი ოპოზიციონერი, ვისთანაც მუშაობდნენ.

2010 წლის არჩევნებზე მომცეს დავალება, შემომევლო მეგობარი ოპოზიციონერები, გამეგო მათი გეგმები და მომეყოლა მათთვის. მას მერე ვიყიდე დიქტოფონი და დავიწყე ამ საუბრების ჩაწერა. მოვასმენინე ადგილობრივ მეგობარ-აქტივისტებს. ისინი, რა თქმა უნდა, გაშტერდნენ. უსიამოვნო სიტუაცია იყო.

_ რატომ არ გაწყვიტეთ ყოველგვარი კონტაქტი თარგამაძესთან ამ ისტორიის შემდეგ?

_ …მათ ჰქონდათ ფული. ჩვენთვის, მემარცხენეებისთვის ეს ისეთი იშვიათობაა. გადავწყვიტე, რომ არ შეიძლება დავკარგო რესურსი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის საუკეთესო მეგობრის სახით.

_ მორალურად არ იტანჯებოდით?

_ ჩემთვის ყველაფერი მარტივი იყო. რეჟიმთან ბრძოლისთვის თითოეული კაპიკი წმინდაა… თარგამაძეს რევოლუციების მომწყობის იმიჯი აქვს, სადაც გინდა, მზადაა… ისინი გვეუბნებოდნენ: «თქვენ ახლა კარგად იმუშავებთ, ჩვენ ლონდონში გაგამგზავრებთ და თქვენი პარტიისთვის მოგცემთ ფულს». შეიძლება ჩვენ ერთმანეთს ელემენტარულად ვატყუებდით… ბუნებრივია, რომ ჩვენ და თარგამაძეს განსხვავებული მიზნები გვქონდა, მაგრამ, რახან ამ ვიწრო სივრცეში ერთმანეთს შევხვდით, შევეცადეთ რაღაც გაგვეკეთებინა, და აი შედეგიც. მე არ ვფარისევლობდი, სერიოგასთან და ლიონიასთან პატიოსნად ვიქცეოდი, იმთავითვე ვუთხარი, ვინ იყვნენ ის ადამიანები. გივისაც ვუთხარი, იმედი არ ჰქონოდა, რომ ქუსლებს ავულოკავდით…

_ …თქვენ ქართველებს ზოგჯერ იწერდით დიქტოფონით. ვიდეოკამერით არასოდეს ჩაგიწერიათ?

_ არა. აზრი არ ჰქონდა. დიქტოფონი საჭირო იყო იმისთვის, რომ, თუ გადაწყვეტდნენ, მოგვქცეოდნენ ისე, როგორც ბელარუსებს, მე შევძლებდი მათზე გარკვეული ზემოქმედება მომეხდინა. ბელარუსის ისტორიამ მაჩვენა, რომ ადამიანები თავიანთი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებენ. ჩვენ და მათი ინტერესები მხოლოდ ერთ პუნქტში გადაიკვეთება: მათ სძულთ პუტინი და ჩვენც გვძულს იგი. ამიტომ არ ვენდობოდით.

_ ვიდეოკამერაზე გკითხეთ იმიტომ, რომ თქვენმა მეგობრებმა თქვენს ბინაში იპოვეს ფარული კამერა, რომელიც პოლოს მაისურში იყო ჩამონტაჟებული. სად ისარგებლეთ ამ კამერით?

_ კამერა სახელმწიფო სათათბიროს 2007 წლის არჩევნების დროს დამკვირვებლებისთვის იყიდეს. მაშინ ღია გადაღებისთვის უბნებიდან აგდებდნენ, ჩვენც გადავწყვიტეთ შეგვეძინა… კამერას ღილის ფორმა აქვს…

_ მაშ, რა კამერა იყო მინსკში?

_ ჩემი აზრით, ტელევიზორში იყო ჩამონტაჟებული.

_ თქვენ თუ არ იწერდით, ვინ იწერდა?

_ ვარიანტი ბევრია, მაგრამ მგონია, თვითონ ქართველები იწერდნენ, ყოველი შემთხვევისთვის…

_ რუსეთში როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი?

_ არის ვერსია, რომ ლონდონიდან შეიტანეს… თუ გივიკოს მართლა ჰქონდა კავშირი ბოროდინთან (მოსკოვის ბანკის ყოფილი პრეზიდენტი. _ რედ.), მას შეეძლო წარედგინა ეს  ჩანაწერი იმის დასამტკიცებლად, რომ იგი ჩვენთან ერთად მუშაობს. გივი ამბობდა, რომ ბოროდინისგან ნახევარი ლიმონი მიიღო, მაგრამ არა მგონია, რომ ის ფული, რომელსაც გვაძლევდა, ბოროდინის იყო… ეშმაკმა იცის, ვისი იყო.

_ მაგრამ არა მისი პირადი

_ არა, რა თქმა უნდა, ერთი კაცისთვის მეტისმეტი ჩანს. საქართველოს მთავრობის ფული? საეჭვოა: საამისოდ რა მუხლი უნდა იყოს ბიუჯეტში?! ერთი სიტყვით, გივი დარწმუნებით მეუბნებოდა, რომ ნახევარი მილიონი მას უკვე აქვს.

_ რატომ განიხილავდით თარგამაძესთან ერთად ტრანსციმბირის მაგისტრალის აფეთქებას?

_ …ლიონიამ მოინდომა ქართველების გაბითურება ფულის გამო, ჩემი აზრით, მოინდომა, თავი იმაზე მეტ გიჟად წარედგინა, ვიდრე სინამდვილეში იყო. რა თქმა უნდა, მაგისტრალის აფეთქების არავითარი შესაძლებლობა არ არსებობდა. საერთოდ კი, ბევრი რამ, რასაც თვით ქართველები გვთავაზობდნენ, არარეალური იყო. მაგალითად, გვთავაზობდნენ რუსეთის ფსბ-ს შენობისთვის კატაბალახის (ვალერიანის) წვეთები შეგვესხა, რათა კატებს იქ მოეყარათ თავი, ან ცაში გაგვეშვა ბუშტი პუტინის გამოსახულებით და დაგვეხვრიტა იგი…

_ რამდენს დაგპირდნენ და რამდენს გიხდიდნენ რეალურად?

_ მოლაპარაკებული ვიყავით 35 ათას დოლარზე თვეში. თანხა დიდი არ არის, მაგრამ მემარცხენეებისთვის ბევრს ნიშნავს. ფულს ტრანშებით მე მიგზავნიდნენ: მეტროს გადასასვლელში ვყიდულობდი სიმბარათიან ტელეფონს, ვრეკავდი, მაცნობებდნენ შეხვედრის ადგილს, მივიდოდი, იქ მოსულ ადამიანს ვაჩვენებდი პასპორტს და კონვერტში ჩადებულ ფულს ვიღებდი…

ივნისში, 6 მაისის შემდეგ, მივიღეთ 90 ათასი დოლარი… აგვისტოში _ ბოლო ტრანში _ 42 ათასი დოლარი.

ახლა უკვე შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გაკეთება.

პირველი არის ის, რომ მიშა და მისი გუნდი ჩვენი დროის პირწავარდნილი ტროცკისტები არიან, ლეიბა ბრონშტეინის უმთავრესი პრინციპის _ რევოლუციის უწყვეტობის _ ცხოვრებაში გამტარებლები: სხვადასხვა ქვეყანაში «ფერადი რევოლუციების» ორგანიზების გზით მსოფლიოში ამერიკის გაბატონებისთვის ვარდყვავილოვანი ფიანდაზის დამგებნი.

იყვნენ და არიან მარიონეტები: ასეთ მასშტაბებს არა მარტო ვერ შესწვდებოდნენ, ვერც გაიაზრებდნენ. ამიტომაა, რომ თოჯინებით მოთამაშეები, რომელთაც რუსულად კუკლოვოდები ჰქვია, თავგამოდებით ცდილობენ, შეინარჩუნონ ისინი პოლიტიკური სცენის თუნდაც ბნელ კულისებში: რა იცი, როდის დასჭირდებათ ძაფების ათამაშება.

მათი დაჟინებული კოაბიტაცია ამას ადასტურებს.

მესამე დასკვნა, თავადაც კარგად მოგეხსენებათ: საქართველო და მისი მკვიდრი მოსახლეობა ფეხებზე ეკიდათ და ყველა მათი განცხადებადაპირება საქართველოს გაბრწყინების შესახებ ისეთივე სიცრუე იყო, როგორიც სააკაშვილის პრეზიდენტობა და თარგამაძის ჩე გევარობა.

დაბოლოს, რაც მთავარია, პრიმიტიული ჩამშვებები და გამყიდველები აღმოჩნდნენ, ფლიდები და შუბლის ძარღვგაწყვეტილი «დანოსჩიკები».

ოხრანკის აგენტები.

ბელარუსის მაგალითმა ეს თვალნათლივ დაგვანახა.

ბატონი ბიძინა კი უთუოდ სიტყვას შეასრულებს და, ამ კვირაში თუ არა, მომავალ კვირას დანარჩენს გვეტყვის.

КОММЕРСАНТ”-ის მიხევით

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here