Home რუბრიკები პოლიტიკა «ჩამაწობიე ოსტრში»!

«ჩამაწობიე ოსტრში»!

542

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, როგორც იქნა, მიხვდა, რომ სააკაშვილის მიერ გუბერნატორებად დასაქმებული «ნაციონალური» სახეები საბოტაჟს ეწევიან. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა, პრაქტიკულად, უარს ამბობს სამინისტროსთან თანამშრომლობაზე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა, მაქსიმალურად ჩაერთო ადგილებზე არსებული პრობლემების სამუშაო პროცესში გუბერნატორები.


საგანგებო პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ განაცხადა: «საბოტაჟის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რეესტრი. მოგეხსენებათ, აღნიშნული ფონდიდან პროექტების დასაფინანსებლად, მუნიციპალიტეტებთან ერთად, პროექტების წარდგენის შესაძლებლობა პრეზიდენტის რწმუნებულებსაც  ჰქონდათ. ამის მიუხედავად, მითითებულ ვადაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რწმუნებულებისგან სულ სამი პროექტი შემოვიდა _ შიდა ქართლის, იმერეთისა და გურიის გუბერნატორებისგან».

ირკვევა, რომ მარტში მომხდარ სტიქიაზე არც ერთ გუბერნატორს არ დაურეკავს და არც ერთი განცხადება არ შესულა სამინისტროში. მურღულიას განცხადებით, გუბერნატორების უმეტესობა სამინისტროს ოპოზიციაში უდგას. მაგალითისთვის, მარტში საქართველოში მომხდარი სტიქია (ქარიშხალი), რომელმაც 10-ზე მეტი თვითმმართველობა დააზარალა _ დაზარალებულთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, თუმცა ამ პერიოდში სამინისტროსთვის არც ერთ გუბერნატორს არ მიუმართავს.

გარდა ამისა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში _ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუბერნატორებმა საკუთარ რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით მხოლოდ ათჯერ მიმართეს.

სამაგიეროდ, საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულების მხრიდან ხშირად ისმის ბრალდებები, თითქოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჩერა. არადა, სამინისტროს 2013 წელს დაგეგმილი არც ერთი პროექტი არ შეუჩერებია; საქართველოს მთავრობამ მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 643 პროექტის დასაფინანსებლად 200 მილიონი ლარი გამოყო.

სამინისტროს ოპერატიულად გამოეხმაურა ორი გუბერნატორი _ თენგიზ გუნავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი. თენგიზ გუნავას პასუხი ახალი მთავრობის დადგენილებას ეყრდნობა და ამტკიცებს, რომ პროექტები საკრებულოებმა არ მიაწოდეს, თუმცა 30 პროექტი მაინც წარუდგენიათ. და აი, აქ ჟღერს იმ ისტორიული ინფრასტრუქტურული პროექტის სახელწოდება – «ლაზიკა», რომლის შეჩერებას «ნაციონალები» ვერა და ვერ ინელებენ. საწყალ გუბერნატორს თურმე სამთვიანი ბრძოლა მოუხდა ფინანსთა სამინისტროსთან შპს «ანაკლია-განმუხური რეზორტსისთვის» სახელფასო დავალიანების დასაფარად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ გუბერნატორი გუნავა ჩივის, რომ გამგებლები, საპატრულო პოლიციისა და პოლიციის უფროსები მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, რეგიონში ჩასული მაღალი თანამდებობის პირები კი არ ხვდებიან. «ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მკითხველებმა თავად გააკეთონ დასკვნა, თუ ვისი მხრიდან ხდება საბოტაჟი», _ განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი საკუთარ უავტორიტეტობაზე კრინტს არ ძრავს და ამტკიცებს, რომ ცენტრალური მთავრობა ვერ ახერხებს გააგრძელოს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მიმდინარეობდა. ამიტომო, აცხადებს ჭიაბერაშვილი, განტევების ვაცად გუბერნატორები შეარჩიესო!

«განტევების ვაცებს» დროებით თავი დავანებოთ და ახლა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გადავხედოთ, რომლითაც მოაქვს თავი ყოფილ მმართველ პარტიას. მხოლოდ 2012 წელს, სააკაშვილის მითითებითა და ახირებით, ამ პროექტებზე მილიონობით ლარი დაიხარჯა:

«ბათუმი ტაუერის» მშენებლობის პროექტის ნაწილობრივი დაფინანსება _ 40 მილიონი ლარი (თუ ეს «ნაწილობრივია», სრული რამდენი უნდა ყოფილიყო?).

რაბათის უბნის რეაბილიტაცია _ 28,5 მილიონი ლარი (მთელი ციხე რაღა დაჯდებოდა?).

განმუხურის აკვაპარკის მშენებლობა _ 26 მილიონ 267 ათას 780 ლარი (ამ თანხით ხელოვნურ ზღვასაც გააშენებდა კაცი!).

მესტიაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება _ 15 მილიონ 480 ათასი ლარი (სააკაშვილის მორიგი რეზიდენცია ამ კოდური სახელწოდებით შევიდა ოფიციალურ დოკუმენტებში!).

აჭარის სათხილამურო კურორტი _ 12 მილიონ 918 ათას 600 ლარი (ბაკურიანსა და გუდაურში ადგილების დეფიციტია და თითქმის 13 მილიონი ამიტომ გადაისროლა სააკაშვილმა აჭარაში!).

ზუგდიდის ცენტრალური პარკის მშენებლობა _ 12,5 მილიონი ლარი (თბილისის მერიის არ იყოს, იქაც, ალბათ, თითო ხეში ათასობით ლარია გადახდილი!).

ძველი თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტები _ 8 მილიონი ლარი (რა ძვირი გამოდგა ეს გიფსო-კარდონი?!).

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ბულვარის ტერიტორიაზე კაფე-რესტორნის მშენებლობა _ 4 მილიონ 814 ათას 376 ლარი (დახეთ, როგორი სიზუსტით არის აღრიცხული _ 376 ლარი 380-მდეც კი არ დაუმრგვალებიათ!).

ფოთის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია _ 3 მილიონ 800 ათასი ლარი (მეუფეს მიერ ტაძრის კედლებზე სააკაშვილის პლაკატების გაკვრის სანაცვლოდ!).

გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაცია _ 3 მილიონ 100 ათასი ლარი.

მთლიანობაში მხოლოდ საარჩევნო წელიწადს «ნაციონალურმა მოძრაობამ» თითქმის 120 მილიონი ლარი დახარჯა, ხოლო სტიქიით დაზარალებული კახეთის მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის დახმარების ამარა დატოვა!

19 თებერვალს მედიაექსპერტი და ჟურნალისტი, «ფეისბუქზე» ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი გიორგი უძილაური წერდა, რომ «ნაციონალურმა მოძრაობამ» ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ტერორი დაიწყო, გუბერნატორები კი საბოტაჟს ეწევიან.

«ნაციონალების» ბოლო გაფართხალება უკვე დაწყებულია. ჯალათების პარტიამ დაიწყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ტერორი: 2 დღის წინ ინტერნეტში დადეს ვითომ გამოძიება წინასაარჩევნოდ კახეთში მოკლულ ბავშვზე და ცდილობენ, ეს მკვლელობა «ქართულ ოცნებას» მიაბან, დღეს «რუსთავი 2»-ზე გაუშვეს რობაქიძის მკვლელობის კადრები და ცდილობენ, გაამართლონ მკვლელი პოლიციელები და დონაძე. დღესვე შემთხვევით გასკდა ახლო მომავლისთვის დაგეგმილი დივერსია _ განათლების სამინისტრომ აღმოაჩინა, რომ გუბერნიებიდან მათ განგებ აწვდიან მცდარ ინფორმაციას მოსწავლეებსა და სკოლებზე, რათა ამან გამოიწვიოს მოსახლეობის უკმაყოფილება. სააკაშვილის გუბერნატორები რეალურად ეწევიან საბოტაჟს».

მოძრაობა «ეროვნულების» ერთერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, განცხადებით, «ნაციონალური მოძრაობა» გუბერნატორების მეშვეობით საბოტაჟს ამზადებს, რათა ახალ მთავრობას ხელი შეუშალონ რეგიონებში საკუთარი მიზნების განხორციელებაში.

«ქალაქის მერებს, სოფლის, რაიონის გამგებლებს პირდაპირ აქვთ «ნაციონალური მოძრაობიდან» მიცემული ბრძანება, მაქსიმალურად ხელი შეუშალონ ყველა იმ ინიციატივას, რომლებიც წამოსული იქნება ახალი მთავრობისგან.  ჩვენ ვხედავთ, რომ გუბერნატორებად საკმაოდ ოდიოზური ადამიანები ინიშნებიან; მაგალითად, ჭიაბერაშვილი, ქალაქ თბილისის ყველაზე ოდიოზური მერი, რომელიც თავის დროზე «ქართლის დედას» ერჩოდა. ანალოგიური ტიპის საბოტაჟები იმერეთის, სამეგრელოს რეგიონებში იგეგმება», _ განახადა სანდრო ბრეგაძემ.

სანდრო ბრეგაძის თქმით, გუბერნატორები პრეზიდენტის რწმუნებულები არიან და მათ  მაქსიმუმ ერთი პატარა ოთახი,  ერთი მდივანი და ერთი მძღოლი უნდა ემსახურებოდეს და მათ არანაირად არ უნდა მიუწვდებოდეთ ხელი რაიონულ ბიუჯეტებზე. მოძრაობა გამოდის ინიციატივით, რომ რაიონებსა და რეგიონებში გუბერნატორის ინსტიტუტები გაუქმდეს და მათ ნაცვლად საქართველოს მთავრობის რწმუნებულები დაინიშნონ.

კაცმა რომ თქვას, მმართველ კოალიციას და მის წევრ ყველა პარტიას კი უნდა ჰქონდეს იმის რესურსი, რომ რეგიონებში ადამიანების საჭიროება და პრობლემები ისე მიაწოდონ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ გუბერნატორების წერილებს არ ელოდონ. ან რას უნდა ელოდნენ უსაქმურებისგან, რომლებიც მხოლოდ სააკაშვილის ერთგულების ნიშნით იღებენ უზარმაზარ ხელფასებს?

ხელფასს ვინ დაეძებს, როცა ამ საბოტაჟში ისინი ათასობით ლარს პრემიის სახით უწერენ საკუთარ თავს! მაგალითისთვის ანდრო ბარნოვი გამოდგება, რომელმაც შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე 9-დღიან მუშაობაში 2-ათასლარიანი პრემია გამოიწერა. მას არც სხვები ჩამორჩებიან და საკუთარ თავს ორმაგი ხელფასით, ზოგჯერ კი ხელფასზე მეტი პრემიით ყოველთვიურად უზრუნველყოფენ!

თავის დროზე კონტროლის პალატის თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი თანამშრომლებზე პრემიის «არასწორად» გაცემისთვის ციხეში ჩააგდეს და ურცხვად ირწმუნებოდნენ, რომ მან ზურგზე სიგარეტი თვითონ მიიწვა. ახლა «სწორია» საკუთარი თავის პრემიებით დაჯილდოება, თუ ის მუხლი აღარ მოქმედებს, რომლითაც მოლაშვილი ოთხი წლით გამოკეტეს ციხეში?

პრეზიდენტის ხელდასხმულმა გუბერნატორებმა მილიონები შეჭამეს საქართველოს ბიუჯეტიდან და ახლა იმაზე დარდობენ, რომ ამის საშუალება აღარა აქვთ. მათ სულაც არ აძლევთ ხელს, ახალმა მთავრობამ რაიმე გააკეთოს და მით უმეტეს, ეს გაკეთებული გამოჩნდეს. ისინი დღენიადაგ იმეორებენ, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, პროექტები შეჩერებულია, ეკონომიკა სტაგნაციაშია და ა. შ.

მათ ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ და მათი უტიფრობა აღარ გვიკვირს. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რატომ უკვირს ეს ახალ ხელისუფლებას და სხვას რას ელოდნენ? გამოვა კოაბიტაცია მორიელთან, რომელიც გაღმა გაგაყვანინებს თავს და ბოლოს მაინც დაგგესლავს?

არ გამოვა და ეს ახალ მთავრობას ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე უნდა სცოდნოდა. ვიდრე მიშას ახირებებზე დახარჯული მილიონების (ამბობენ, მილიარდზე მეტისაც!) გამო ყველა მათგანს სათითაოდ არ მოსთხოვენ პასუხს, ისინი მშვენივრად მოახერხებენ საბოტაჟსაც, გართობასაც და საბიუჯეტო თანხების თქვლეფასაც!

«ნაციონალების» ზეობისა და ოპოზიციის სასოწარკვეთის ჟამს ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია ჩაიფიქრეს სახელწოდებით «ჩამაწობინე»: რესტორნებთან, სადაც დიდმოხელე «ნაცები» ღრეობდნენ, მოითხოვდნენ _ «ჩამაწობინე ოსტრში»! არც ჩააწობინეს და ბევრეჯერ დაარბიეს კიდეც. სალაფავი თვითონ ედგათ და ახლოს არავის უშვებდნენ. ახლაც მათ უდგათ სალაფავი და ისევ იმაზე ირჯებიან, რომ არავინ ჩაეზიაროს.

«ლაზიკას» გაგრძელებაც უნდათ და სხვა მილიონიანი პროექტებისაც. ფული ხომ ყველაზე კარგად ასეთ მშენებლობებში «ტყდება»! ხალხი კი გაოგნებული შეჰყურებს ამ უმსგავსობას და ფიქრობს, რომ მისთვის სულერთია, ვის შეეხვეწოს, _ «ჩამაწობინე ოსტრში»!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here