Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილს ნარინჯისფერ კომბინეზონს უკერავენ?

სააკაშვილს ნარინჯისფერ კომბინეზონს უკერავენ?

528

წინა ხელისუფლების ტერორისტებთან შესაძლო თანამშრომლობის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება და ადგილობრივ საინფორმაციო სივრცეში თანდათან ერთერთ მთავარ ადგილს იკავებს. 26 აპრილს «რუსთავი 2»-ის ეთერში მასზე ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, რამაც ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა, ვიდრე მისი კომენტარის ციტირებას მოვახდენთ, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, რამდენიმე წინმსწრები განცხადება გავიხსენოთ, რომლებმაც ეს სკანდალური თემა საყოველთაო განხილვის საგნად აქცია.


ცალკეულმა ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთგზის მიანიშნეს სააკაშვილის ხელისუფლების საეჭვო კავშირებზე ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებთან, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაციის «კავკასიის იმარატი» წარმომადგენლებთან, მაგრამ მათ განცხადებებს ოფიციალური რეაქცია და გამოძიების დაწყება არ მოჰყოლია. სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავის მოხსენებაში შარშან, აგვისტოში სოფელ ლაფანყურთან მომხდარ სისხლიან შეტაკებას შეეხო. ხელისუფლებას, უბრალოდ, არ შეეძლო მასზე რეაგირება არ მოეხდინა, რადგან წაყრუება გადაულახავ წინააღმდეგობაში შევიდოდა როგორც კანონთან, ისე იმ ვალდებულებებთან, რომლებიც საქართველომ საკუთარ თავზე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აიღო. ომბუდსმენის სტატუსმა და ჩამოთვლილი ფაქტების სკანდალურობამ გამოძიების დაწყება გარდაუვალი გახადა.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების მითითება-თხოვნით, 2012 წლის თებერვლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩეჩნეთის ომის ვეტერანებთან, ჩეჩენ დევნილებთან და ჩეჩენთა წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებთან.

«საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ჰპირდებოდნენ .. კორიდორს ჩეჩნეთში გადასასვლელად, საქართველოში წვრთნას, აღჭურვასა და ჩეჩნეთში გადასვლისთვის ყოველგვარი პირობების შექმნას. მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩეჩნების ჩამოსვლა. მათთვის თბილისის ზოგიერთ უბანში (ძირითადად, საბურთალოს რაიონში) დაიქირავეს ბინები. საქართველოს შსს მაღალჩინოსნების დაპირების მიხედვით, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე მებრძოლი უნდა გადასულიყო, _ წერს ნანუაშვილი. _ ჩამოსულ ჩეჩნებს აეროპორტში ხვდებოდნენ და დისლოკაციის ან საცხოვრებელ ადგილებზე გადაჰყავდათ შსს მაღალჩინოსნებს. შსს მაღალი თანამდებობის პირები ჩუქნიდნენ და უფორმებდნენ მათ იარაღს, აძლევდნენ მართვის მოწმობებს, სხვა საჭირო დოკუმენტებსა და ნივთებს». მოხსენების თანახმად, ჩეჩენი მებრძოლები წვრთნას ვაზიანის და შავნაბადას სამხედრო ბაზებზე გადიოდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ყოველივე ამას ადგილი მართლაც ჰქონდა, გამოძიებას პასუხის გაცემა მთელ რიგ კითხვებზე მოუწევს: რა სტატუსით იმყოფებოდნენ ეს მებრძოლები საქართველოში და გადიოდნენ წვრთნას ჩვენ ბაზებზე? ვინ და რას ასწავლიდა მათ? რა ფონდებიდან ფინანსდებოდა ეს ღონისძიებები? იყვნენ თუ არა მათ შორის «კავკასიის იმარატთან» დაკავშირებული პირები? (ეს ორგანიზაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორისტულად 2011 წლის 26 მაისს გამოაცხადა, მისი ლიდერი დოკუ უმაროვი გაერომ «ალ ქაიდასთან» დაკავშირებული ტერორისტების სიაში შეიყვანა). ყველა კითხვას ნამდვილად ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ მთავარი აქ სულ სხვა რამ არის: თუ დადასტურდება, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მართლაც თანამშრომლობდნენ ტერორისტებთან, მათ, სავარაუდოდ, უმკაცრესად, სამაგალითოდ დასჯიან, რადგან დღევანდელი მსოფლიო შეუწყნარებელია ტერორისტებისა და მათი მეგობრების მიმართ.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს არაერთგზის უწოდეს იდიოტი, მაგრამ მის ყველაზე რადიკალურ ოპონენტებსაც კი, ალბათ, უჭირთ იმის დაჯერება, რომ ის იმდენად უიმედო იდიოტი გამოდგა, რომ საერთაშორისო ტერორიზმის სისხლიან ჭაობში შეტოპა, რითაც ქვეყანა მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე დააყენა.

სააკაშვილის რეაქცია სახალხო დამცველის მოხსენებაზე უცნაური და, ამავე დროს, დამაფიქრებელი იყო. 16 აპრილს «რუსთავი 2»-ის ეთერში მან ძალზე ემოციური განცხადება გააკეთა (ციტატა, სტილი დაცულია): «არის შემოტევა, მაგალითად, აი, იგივე იმ ხალხზე, ვინც ჩვენ უსაფრთხოებას აკონტროლებს ჩრდილო კავკასიის მიმართულებით; მთელი ეს ლაპარაკი სხვადასხვა ოპერაციებზე, ჩრდილოკავკასიელებზეც, რომ საქართველო ამზადებდა ტერორისტებსქართველების ნათქვამი, ქართველების ნათქვამი, ხალხო! ქართველების ნათქვამი, ქართველების მიცემული ჩვენები, ოფიციალური პირის, რომ, კი, ჩვენ ვამზადებდით ტერორისტებს. ჯერ ერთი ტყუილია და მართალი რომ იყოს, მართალი რომ იყოს, ერთი წუთით დავუშვათ, ენა უნდა ამოიგდო და ამაზე ილაპარაკო?».

ბოლო პასაჟი ფრიად ანტისამართლებრივად და ანტისახელწიფოებრივად ჟღერს. სააკაშვილის მიხედვით, გამოდის, რომ ქართველები უნდა მოქმედებდნენ მაფიოზური «ომერტას» ტიპის კოდექსის ფარგლებში, მიჩქმალონ დანაშაული და დადუმდნენ. ეს პოზიცია 100%-ით ეწინააღმდეგება პრინციპებს, რომელზეც დგას დემოკრატიული სახელმწიფო; ეს მაფიოზების ან თუნდაც იმავე ტერორისტების გზაა და საქართველო ამ გზით, ბუნებრივია, ვერ ივლის.     

საინტერესოა, რა საჭირო იყო ეს მელოდრამული მონოლოგი, რატომ არ თქვა სააკაშვილმა მშვიდად, რომ ეს სისულელეა, რომ ყველა კითხვას უპასუხებს და ბრალდებებს იოლად მოიგერიებს და, ამის ნაცვლად, დაიწყო აპელირება «ომერტას» მიმართ, ისე, თითქოს მთელი საზოგადოება მისი დანაშაულის (შესაძლო დანაშაულის; ნუ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას) თანამონაწილეა? შესაძლოა, მას არ ესმის, რომ გამოძიების შეჩერება, უბრალოდ, არ გამოვა, რადგან ამას კანონი და ქვეყნის ანტიტერორისტული ვალდებულებები გამორიცხავს და, ამასთანავე, შეუძლებელია, აუკრძალო ადამიანებს, ისაუბრონ იმ თემებზე, რომელთაც მნიშვნელოვნად თვლიან, მათ შორის სააკაშვილის შესაძლო კავშირებზე ტერორისტებთან, განსაკუთრებით სახალხო დამცველის მოხსენების შემდეგ.

26 აპრილს «რუსთავი 2»-ის ეთერში ამ თემაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა თქვა: «ომბუდსმენის გამონათქვამი მე შემიძლია მივიღო ძალიან რეალურად, მაგრამ არა დასტურად. დაველოდოთ გამოძიებას, გამოძიება დაწყებულია. რა თქმა უნდა, მეც დიდი ეჭვი მაქვს იმ საკითხებზე, რომლებიც გამოითქვა ომბუდსმენის მიერ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ხდებოდა რეალობაში, მაგრამ თავს შევიკავებ. ალბათ, უახლოეს დროში გამოძიება დასრულდება და ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებთშეიძლება შოკისმომგვრელსაც კი. ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა იმავე ბოევიკებთან და ტერორისტებთან. და ეს შოკისმომგვრელი იქნება ჩემთვის პირადად, თუ ეს დადასტურდა, რაზეც ეჭვებიაეს კითხვები ქართველ ჟურნალისტებს სულ აქვთ, რომ ასეთი ტიპის გამოძიებები ქვეყნის იმიჯს დააზარალებს. დააზრალებს ქვეყნის იმიჯს იმ შემთხვევაში, თუ ამას სხვა გამოიძიებს და ამას სხვა ქვეყნები დაადასტურებენ. მაგრამ, თუ ამას ახალი ხელისუფლება იზამს და თანაც აჩვენებს, რომ უარს ამბობს მსგავს ქმედებებზე და მკვეთრად გავემიჯნებით ჩვენ ამის მსგავსს, ეს პირიქით _ მოუმატებს სახელმწიფოს და საქართველოს იმიჯად ჩაეთვლება». ამ მიმართვას სააკაშვილმა საგანგებო ვიდეომიმართვით უპასუხა და ბრალდებები კიდევ ერთხელ უარყო.

საინტერესოა, რომ სააკაშვილის ზოგიერთი მომხრე (სოციალური ქსელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) მიიჩნევს, რომ თანამშრომლობა ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებთან (სწორედ ტერორისტებთან და არა მათთან, ვისაც დასავლურ მედიაში ხშირად «ჩეჩენ მეამბოხეებს» უწოდებენ და ვისაც «ალ ქაიდას» და «კავკასიის იმარატის» ტიპის ორგანიზაციებთან კავშირი არ უმტკიცდება), რადგან ისინი რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებენ. როგორც ჩანს, მათ საერთაშორისო სამართლის ანა-ბანა არ იციან, არ ესმით, რომ რაიმე ტიპის თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორისტებთან არ შეიძლება არა მხოლოდ სხვა სახელმწიფოსთან მწვავე კონფრონტაციის, არამედ ომის წარმოების პირობებშიც კი და ისიც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ბომბიანმა ჯიჰადისტმა, რომელიც დღეს რუსეთს უპირისპირდება, ხვალ შეიძლება აშშ-ის, ევროკავშირის ქვეყნებს ან, სულაც, საქართველოს შეუტიოს. მაგრამ მთავარი პრობლემა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე მენტალური ქარიშხალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ცალკეული მომხრეების თავში მძვინვარებს _ უნდა გაითვალისწინოს თუ არა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და დადუმდეს, რათა ქვეყნის იმიჯს ზიანი არ მიაყენოს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ, იმ ბანალური ფაქტის კონსტატაციით უნდა დავიწყოთ, რომ სააკაშვილი არ არის საქართველო, ისევე, როგორც მუსოლინი არ იყო იტალია, ხოლო ჩაუშესკუ _ რუმინეთი, რაც, ცხადია, არ ათავისუფლებს მორალური პასუხისმგებლობისგან მათ, ვინც ამ დიქტატორებს თავის დროზე მხარს უჭერდნენ. ის, რაც მიწასთან გაასწორებს სააკაშვილის იმიჯს, საქართველოს, დიდი ალბათობით, არ დააზარალებს, გაცილებით ცუდ შედეგს საქმის არგამოძიება მოიტანს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ეჭვებს იმის თაობაზე, რომ წინა ხელისუფლებამ ქვეყანა ტერორისტების ბუდედ გადააქცია.

მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საიმიჯო ზარალს ადგილი ექნება, დამოკიდებულებაში პრობლემის მიმართ, ალბათ, მაინც სისხლის სამართლის კოდექსს და არა იმიჯელოგიის სახელმძღვანელოს უნდა დავეყრდნოთ; დამნაშავე კი, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა დაისაჯოს.

საინტერესოა, როგორ დაიცავს თავს სააკაშვილი, თუ გამოძიება მართლაც შოკისმომგვრელ დასკვნამდე მივა? თეორიულად მან შეიძლება თქვას, რომ ყოველივე შსს-ს მაღალჩინოსნების წამოწყება იყო, რომლის შესახებ არაფერი იცოდა, ან კიდევ, რომ მათ არასწორად გაიგეს მისი ინიციატივა და კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებს, ხალხური საკრავების ნაცვლად, კალაშნიკოვის ავტომატები დაურიგეს. ამ შემთხვევაში მას არ შეეძლება აპელირება ქვეყნის უზენაესი ინტერების მიმართ, რასაც აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით აკეთებს, რაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაურთულებს საქმეს მის ადვოკატებს; თუმცა ასე შორს ნუ წავალთ, გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და საუბარი სასამართლოზე ან იმაზე, რომ ამერიკელ პარტნიორებს ნარინჯისფერი კომბინეზონების გამოგზავნა უნდა ვთხოვოთ (გუანტანამოში პატიმრებს რომ ურიგებენ), ჯერჯერობით ნაადრევია.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here