Home რუბრიკები პოლიტიკა კონტრდაზვერვის საიდუმლო მასალები

კონტრდაზვერვის საიდუმლო მასალები

639

გასულ კვირას რუსულ მედიაში გაჩნდა ცნობები იმის თაობაზე, რომ ტერორისტი ტამერლან ცარნაევი, რომელიც, ამერიკელი სამართალდამცავების ვერსიით, მონაწილეობდა ბოსტონის ტერაქტის მოწყობაში, დაკავშირებულია საქართველოსთან. გაზეთმა «იზვესტიამ» გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 2012 წლის ზაფხულში საქართველოში რეგისტრირებული «კავკასიის ფონდი» ამერიკულ «ჯეიმსთაუნის» ფონდთან ერთად, ატარებდა ღონისძიებებსა და სემინარებს ახალგაზრდა კავკასიელებისთვის» და ზოგიერთ ამ თავყრილობას თითქოს ესწრებოდა ტამერლან ცარნაევი, რომელიც რუსეთში 2012 წლის იანვარივლისში იმყოფებოდა. «იზვესტია» ინფორმაციის წყაროდ ასახელებდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დოკუმენტებს, რომლებიც თითქოსდა მის განკარგულებაში აღმოჩნდა, კერძოდ პუბლიკაციაში მოხსენიებული იყო ამ დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკის, გრიგოლ ჭანტურიას, ანგარიში.  


ამ პუბლიკაციას საქართველოში დიდი რეზონანსი მოჰყვა, შსს-მ და «კავკასიის ფონდმა» «იზვესტიას» მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. საინტერესოა, რომ მსჯელობა გაიმართა საგაზეთო პუბლიკაციის და არ იმ დოკუმენტების გარშემო, რომელიც ნახსენებია მასში, არადა, იქ სულ სხვა, არანაკლებ საინტერესო რამ წერია.

საქმე ისაა, რომ ქართული კონტრდაზვერვის დოკუმენტები «კავკასიის ფონდის» საქმიანობასთან დაკავშირებით, პირველად მოხსენიებული იყო არა «იზვესტიას» 24 აპრილის, არამედ ინტერნეტ-გამოცემა «სეგოდნიას» 22, შემდგომ კი 23 აპრილის სტატიებში. 22 აპრილის სტატიაში მითეთებულია ინფორმაციის წყარო, იქვე არის ბმულებიც, საიდანაც ირკვევა, რომ ამა წლის 17 აპრილს «ფეისბუქზე» შეიქმნა «დავით სიხარულიძის» პროფილი (გვარი ინგლისურად არატრადიციულადაა დაწერილი _ ასო «ქეის» გარეშე). იმავე დღეს ამ გვერდზე გამოქვეყნდა მიმართვა (ინგლისურ ენაზე): «მინდა მივმართო რუსეთისა და საქართველოს საზოგადოებას, იმიტომ, რომ ჩემს განკარგულებაშია გარკვეული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გახდეს შემობრუნების მომენტი ჩემი ქვეყნის საშინაო საქმეებში და საკადრო პოლიტიკაში. დღესდღეობით სიტუაცია საქართველოს შსს-ში ძალიან უცნაურ მანერაში ვითარდება. მხედველობაში მაქვს, რომ არიან ჩინოვნიკები, რომლებიც არ იხილავენ საკუთარ თავს, როგორც სამთავრობო იერარქიის ნაწილს. ისინი უარყოფენ სუბორდინაციის წესს და ტოვებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაურკვევლობაში, იმასთან დაკავშირებით, რასაც სინამდვილეში აკეთებენ. მე არ შემიძლია ჩუმად ვიყო, როდესაც ჩემი კოლეგები სახელმწიფო საქმეს წარმართავენ ისე, თითქოს ეს მათი საკუთარი საქმეა (აქ გამოყენებული სიტყვა «ბიზნეს» და ორივე შემთხვევაში «საქმე» შეიძლება ითარგმნოს როგორც «ბიზნესი») ან მესამე მხარის ინტერესები. მე გადავწვიტე, თქვენი ყურადღება მივაპყრო ამ მასალებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს გადასახედიდან. ის გაეგზავნება ყველა ცნობილ ჟურნალისტს, პლოგერებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს».

ამ მიმართვის შემდეგ მოდის ფაილის გადმოწერის ბმული. «ტვიტერზე» «დავით სიხარულიძის» პროფილში (22 აპრილის მდგომარეობით, როდესაც «სეგოდნიამ» პირველი მასალა გამოაქვეყნა) ორი ჩანაწერი იყო: 17 აპრილის _ «ჩემს განკარგულებაშია გარკვეული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გახდეს შემობრუნების მომენტი საქართველოს საშინაო საქმეებში» (შემდეგ ბმული) და იდენტური 19 აპრილის ჩანაწერი, ოღონდაც ამ შემთხვევაში ავტორი მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებს მიმართავდა.

ამასთანავე, «სეგოდნიას» მოყავს წერილის ტექსტი, რომელიც, მისი ინფორმაციით, ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს დავით სიხარულიძეს უწოდებს, რუსულ ინტერნეტ-გამოცემებს და ბლოგერებს დაუგზავნა (ციტატა; თარგმანი რუსულიდან): «მე წარმოვადგენ საქართველოს შსს და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. მე გამაჩნია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა საქართველოს შსსში უმალავს თავის უშუალო ხელმძღვანელს, პრემიერმინისტრს იმ საქმიანობის დეტალებს, რომელსაც სახელმწიფოთაშორის სფეროში ახორციელებს. ჩვენი ხელმძღვანელობისა და საზოგადოების ჩაუხედაობამ ამ საქმიანობის დეტალებში შეიძლება გამოიწვიოს ეთნიკური კონფლიქტი და რუსეთსაქართველოს ორმხრივი ურთიერთობის სერიოზული გართულება».

გადავიდეთ უშუალოდ ფაილზე, რომელიც მიმართვის ავტორმა ინტერნეტში განათავსა და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახადა: ეს «ვორდის» 48-გვერდიანი დოკუმენტია, ტექსტი იწყება იგივე მიმართვით, რაც «ფეისბუკზე» გავრცელდა, შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით მოდის:

1) «ცნობა «კავკასიის ფონდის» ღონისძიებების შესახებ» (გრიფით «საიდუმლო»; ხელმოწერა _ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოქმედი რეზერვის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი ვიცეპოლკოვნიკი . ჭანტურია, ნოემბერი 2012 .);

2) «ცნობა «კავკასიის ფონდის» შესახებ (იგივე გრიფი, იგივე ხელმოწერა, იანვარი 2013 .);

3) «ცნობა ერევანში ჩატარებული კონფერენციის შესახებ» (ასევე ეხება «კავკასიის ფონდის» საქმიანობას, ტექსტში მოხსენიებულია 2-გვერდიანი დანართი, იგივე გრიფი, იგივე ხელმოწერა);

4) ტექსტის მონაკვეთი, რომელიც დასათაურებულია «კავკასიის ფონდის» შესახებ» (გრიფის, თარიღისა და ხელმოწერის გარეშე);

5) «ცნობა ჩრდილოეთ კავკასიაში კაზაკთა საკითხის შესახებ» (გრიფით «საიდუმლო», ხელმოწერა _ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ანალიზის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, ვიცეპოლკოვნიკი . ჭანტურია, აგვისტო 2012 ., ინგლისურ და რუსულ თარგმანში ეს მონაკვეთი დათარიღებულია სექტემბრით);

6) (კიდევ ერთი, პირობითად #2) «ცნობა «კავკასიის ფონდის» ღონისძიებების შესახებ» (გრიფით «საიდუმლო», ხელმოწერა და თარიღი _ იგივე, რაც წინა პუნქტში, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე თარგმანში აგვისტოა);

7) (კიდევ ერთი, პირობითად #3) «ცნობა «კავკასიის ფონდის» ღონისძიებების შესახებ» (ტექსტში მოხსენიებულია ერთგვერდიანი დანართი, გრიფით «საიდუმლო», ხელმოწერა და თარიღი _ იგივე, რაც მეხუთე პუნქტში);

8) «პატაკი შინაგან საქმეთა მინისტრს, . ღარიბაშვილს, კონსპირაციული ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ» (გრიფით «სრულიად საიდუმლო», ხელმოწერა _ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი, ვიცეპოლკოვნიკი . ჯანელიძე, იანვარი 2013 . «ვეთანხმები» შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი . ხვედელიძე, იანვარი, 2013 .);

9) «ცნობა . ტალიაშვილის შესახებ» (ტექსტში მოხსენიებულია სამგვერდიანი დანართი, გრიფით «საიდუმლო», ხელმოწერა _ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოქმედი რეზერვის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი, ვიცეპოლკოვნიკი . ჭანტურია, დეკემბერი, 2012 .);

10) «ცნობა . იდიგოვის შესახებ» (იგივე გრიფი და ხელმოწერა, რაც წინა პუნქტში, ნოემბერი, 2012 .);

გავრცელებული დოკუმენტი აკრეფილია «ვორდში», ანუ ეს არ არის სკანირებული დოკუმენტების ან ფოტოკოპიების კრებული, შესაბამისად, შეუძლებელია ისეთი დეტალების ანალიზი, როგორიცაა ბლანკის, ბეჭდის, ხელმოწერის და ა. შ. ავთენტურობა. დოკუმენტის სტრუქტურა (უკვე ციტირებული ინგლისურენოვანი მიმართვის შემდეგ) ასეთია: თითოეულ ქართულ მონაკვეთს, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მოსდევს თარგმანი ინგლისურ და რუსულ ენებზე და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მომდევნო ქართული მონაკვეთი.

ინტერნეტგამოცემა «სეგოდნია» 22 და 23 აპრილის პუბლიკაციებში, ასე თუ ისე, რჩება იმ ინფორმაციის ჩარჩოებში, რომელსაც ეს დოკუმენტი შეიცავს და მისგან საკუთარ ვარაუდებს მიჯნავს, ხოლო «იზვესტიას» 24 აპრილის წერილში გაუგებარია, სად მთავრდება ამ და იწყება სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია ან ვარაუდი. თეორიულად შეგვიძლია დავუშვათ, რომ «იზვესტიას» ხელთ რაღაც სხვა დოკუმენტები აღმოჩნდა, მაგრამ ერთი და იმავე სახელების და გარემოებების მოხსენიება ამის ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. თუ ჩვენ დავყრდნობით ვერსიას, რომ «სეგოდნია» და «იზვესტია» ერთსა და იმავე დოკუმენტს იყენებენ, უკანასკნელის წერილში ბევრ შეუსაბამობას აღმოვაჩენთ.

მთავარი, ალბათ, ისაა, რომ განხილულ დოკუმენტში არსად არ არის მოხსენიებული ტამერლან ცარნაევი, აგრეთვე, «კავკასიის ფონდისა» და ჯეიმსთაუნის ფონდის ერთობლივი «ღონისძიებები და სემინარები» 2012 წლის ზაფხულში. ერთადერთი აბზაცი, სადაც ნახსენებია «ჯეიმსთაუნის ფონდი» მე-10 მონაკვეთში გვხვდება («ცნობა უ. იდიგოვის შესახებ»), სადაც აღწერილია «კავკასიის ფონდის» საფარქვეშ მოქმედი ოპერთანამშრომლის შეხვედრა იდიგოვთან, რომლის დროს იდიგოვმა თითქოსდა შეატყობინა, რომ სექტემბერში შეხვდა «ქართული ოცნების» ლიდერებს _ ივანიშვილს, ღარიბაშვილს, უსუფაშვილს, საგანელიძეს და»აღნიშნულ შეხვედრაზე მან ნუგზარ წიკლაური და ძველი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაადანაშაულა, თითქოსდა ისინი კავკასიურ თემატიკაზე ჩატარებულ ღონისძიებებში ე. წ. შავ ფულს ათეთრებდნენ. კერძოდ, თითქოს ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა 2010 წელს ჯეიმსთაუნის ფონდთან ერთად ჩატარებული ორი კონფერენციის დროს და ფულის გათეთრება მოხდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და «კავკასიის ფონდის», როგორც კონფერენციის თანაორგანიზატორების მეშვეობით». სადმე სხვაგან დოკუმენტში «ჯეიმსთაუნის ფონდი» ნახსენები არ არის და გაუგებარია, საიდან მოაქვს «იზვესტიას» ინფორმაცია 2012 წლის ღონისძიებების და ცარნაევის შესახებ. არის სხვა შეუსაბამობებიც, მაგალითად, «იზვესტიამ» ახსენა პოლკოვნიკი გრიგოლ (რუსულად გრიგორი) ჭანტურია, ამის შემდეგ შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათთან «პირი მსგავსი სახელით და გვარით არც ადრე ირიცხებოდა და არც ახლა მუშაობს». არადა, დოკუმენტში არაა ნახსენები არანაირი პოლკოვნიკი გრიგოლი, არამედ მხოლოდ ვიცე-პოლკოვნიკი გ. ჭანტურია, რომელიც შეიძლება იყოს გიორგიც, გურგენიც, გერმანეც, გუჯაც და ა. შ.

ვინაიდან ამ დოკუმენტმა, უფრო სწორად კი სპეკულაციებმა მის გარშემო ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, ალბათ, აჯობებს, მოკლედ მიმოვიხილოთ ჩამოთვლილი მონაკვეთების შინაარსი:

პირველ მათგანში საუბარი ეხება «კავკასიის ფონდის» მიერ სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებას თემაზე «ეროვნულ-განმათავასუფლებელი მოძრაობა კავკასიაში XIX საუკუნეში». არაფერი კრიმინალური ამ ტექსტში არ არის, ოღონდაც ზოგიერთ ჩრდილოკავკასიელ მეცნიერს შეიძლება შეექმნათ გარკვეული პრობლემები რუსულ კონტრდაზვერვასთან, თუ ამ დოკუმენტს სრული სერიოზულობით მოეკიდება, შემდეგი აბზაცის გამო (ყველა ციტატაში დაცულია ორიგინალის სტილი ორთოგრაფია და პუნქტუაცია): «შესაძლებელია კონფერენციაზე მოვიწვიოთ 6-7 მეცნიერი დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, დაღესტნის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტიდან და ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ყველა მოწვეულ პირთან ოპერთანამშრომელს აქვს დამყარებული კონტაქტი «კავკასიის ფონდის» საფარით, ისინი დადებითად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ და მომავალშიც არის რეალური შესაძლებლობა, რათა ეს პირები გამოყენებული იქნან ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის საინტერესო ოპერატიული ხასიათის ინფორმაციის მისაღებად».

მეორე მონაკვეთი შემდეგ ინფორმაციას შეიცავს: «2008 წლის 7 ნოემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ფუნქციონირებდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონსპირაციული ორგანიზაციაარაკომერციული იურიდიული პირი «კავკასიის ფონდი» (/ 202454325). მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტის და საქმიანობის შეჩერების თაობაზე, ფონდის პრეზიდენტმა გივი ღამბაშიძემ გადაწყვიტა, ამავე სახელწოდებით დაეფუძნებინა ახალი ორგანიზაცია და მოეძია დაფინანსების ალტერნატიული წყარო. ამ მიზნით იგი დაუკავშირდა თავის მეგობარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ზურაბ აბაშიძეს და სთხოვა პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობა «კავკასიის ფონდის» დაფინანსების თხოვნით». რამდენადაც ზ. აბაშიძე ამ წლების განმავლობაში საქმის კურსში იყო «კავკასიის ფონდის» საქმიანობის შესახებ და ახლო ურთიერთობა გააჩნია გ. ღამბაშიძესთან და ოპერთანამშრომელთან, იგი დაუკავშირდა პარლამენტის კავკასიის და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გუბაზ სანიკიძეს, ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს და საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს. მათი ერთობლივი შეთანხმებით გადაწყდა, რომ «კავკასიის ფონდის» მუშაობის გაგრძელების საკითხი ერთად დაეყენებინათ პრემიერ-მინისტრის წინაშე.

შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან შედგა 14 იანვარს. ზემოხსენებულ პირთა გადმოცემით, ბ. ივანიშვილი მოწონებით შეხვდა ამ იდეას და გამოთქვა თანხმობა, რომ «კავკასიის ფონდის» საქმიანობის დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდ «ქართუს» სახსრებით. ბ. ივანიშვილმა «კავასიის ფონდის» დაფინანსების და ორგანიზაციული საკითხების კურატორობა დაავალა თავის მრჩეველს _ ირაკლი მელაშვილს. პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, აუცილებელია არასამთავრობო დონეზე «კავკასიის ფონდის» სახით მძლავრი და ქმედითი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც მთლიანად გადაფარავს და გააკონტროლებს ჩრდილოეთ კავკასიასთან საზოგადოებრივ, კულტურულ და სამეცნიერო მიმართულებებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გივი ღამბაშიძის პიროვნება მისთვის ცნობილია და მხარს უჭერს მის კანდიდატურას».

შემდეგ აღწერილია საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ბოლოს კი ნათქვამია: «უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერ-მინისტრისა და ზემოხსენებული პირებისთვის უცნობი რჩება ის ფაქტი, რომ «კავკასიის ფონდი» შექმნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ფინანსდებოდა სამინისტროს სპეცსახსრებით. ოპერთანამშრომლის მიერ გ. ღამბაშიძე გაფრთხილებულია, რომ ხსენებულ პირებთან ურთიერთობისას საიდუმლოდ უნდა შეინახოს ეს ფაქტი.

2008-2012 წლებში «კავკასიის ფონდში» გ. ღამბაშიძის საქმიანობა ძირითადად შემოიფარგლებოდა წარმომადგენლობითი ფუნქციით. ფონდის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრასა და ცალკეული აქტიური ღონისძიებების დაგეგმვაში იგი აქტიურად არ მონაწილეობდა. მისი პირადი კავშირები ჩრდილოეთ კავკასიაში შემოიფარგლება მეცნიერთა ვიწრო წრით, რომელიც რეგიონში განსაკუთრებული გავლენით არ სარგებლობს. გ. ღამბაშიძე ადვილი სამართავია და ყოველთვის მაღალი პასუხისმგებლობით ასრულებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისგან მიღებულ დავალებებს.

აღსანიშნავია, რომ «კავკასიის ფონდის» საფარით ოპერთანამშრომლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას ფლობს დიასპორის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია. ამ წლებში იგი «კავკასიის ფონდს» პერიოდულ დახმარებას უწევდა ცალკეული ღონისძიებების ჩატარების კუთხით ხელისუფლებსთან კოორდინაციის საქმეში» (ციტატის დასასრული).

მესამე მონაკვეთში (კონფერენცია ერევანში) არაფერია ისეთი, რაც ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს დააინტერესებს, რადგან საუბარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებსა და სხვა ქვეყნების პრობლემებს ეხება.

მეოთხე მონაკვეთი კი საკმაოდ საინტერესოდ იწყება: «შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ბრაძანების თანახმად, 2008 წლის 7 ნოემბერს დარეგისტრირდა არაკომერციული იურიდიული პირი «კავკასიის ფონდი». შესაბამისად, ფონდის საქმიანობაზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტში შეიქმნა კონტრდაზვერვითი ოპერაციების საქმე, სახელწოდებით «დარიალი». შემდეგ მოდის ორგანიზაციის მიზნების ჩამონათვალი, რომელთა შორისაა «ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით ოპერატიული მუშაობის გაადვილება», ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის საინტერესო პირთა წრის გამოვლენა», «აღნიშნული რეგიონიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების გამოვლენა», «ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებთან სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების აღდგენა და განვითარება», «კულტურის და სამეცნიერო სფეროების წარმომადგენლებთან დაკავშირება და ქართულ მხარესთან სათანამშრომლოდ მათი მოზიდვა», «კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სპორტული ხასიათის ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დადებითი კუთხით წარმოჩენას ჩრდილოეთ კავკასიაში და განამტკიცებს საქართველოს იმიჯს», «ჩრდილოეთ კავკასიიდან პერსპექტიული სტუდენტების მოზიდვა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში», «ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების სახელისუფლო წრეებიდან პროქართული ორიენტაციის თანამდებობის პირთა და საზოგადო მოღვაწეთა გამოვლენა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათი კონტაქტების ხელშეწყობა». შემდეგ მოდის ანგარიში «კავკასიის ფონდის» 2008 წლის ნოემბრიდან საქმიანობის შესახებ.

მეხუთე მონაკვეთი ეხება კაზაკებს ჩრდილოეთ კავკასიაში და ამ საკითხის შესწავლას, საქართველოს პრობლემებს უშუალოდ არ უკავშირდება და ამიტომ მას არ შევეხებით. მეექვსე მონაკვეთი კი ასე იწყება: « კავკასიის ფონდში» საქმიანობის პერიოდში ოპერთანამშრომელს ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან შესთავაზეს იდეა, შემდგარიყო ერთობლივი ალპინისტური ასვლა მწვერვალ მყინვარწვერზე (მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, სიმაღლე 5033 მ.). აღნიშნული იდეა ეკუთვნის ჩეჩნეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს კანტა იბრაგიმოვს, რომელიც გასული წის დეკემბრიდან ურთიერთობს ფონდთან». ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება 22 აპრილის პუბლიკაციაში «სეგოდნიამ» მიაქცია, რადგან, გამოცემის ვარაუდით, ქართველი ოპერმუშაკები იბრაგიმოვის მეშვეობით რამზან კადიროვზე გასვლას გეგმავდნენ. კადროვის შეხვედრა იბრაგიმოვთან დოკუმენტში ასე აღიწერება: «მაისში, როდესაც, პირველად ჩამოვიდა საქართველოში, ჩამოსვლაზე ნებართვა პირადად პრეზიდენტ რ. კადიროვისგან აიღო. მან კ. იბრაგიმოვს განუცხდა, რომ პრინციპში წინააღმდეგი არ არის, ურთიერთობა იქონიოს საქართველოსთან, თუმცა გააფრთხილა, მოერიდოს საქრთველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ღია კონტაქტს, რათა ამის გამო მოსკოვიდან მას, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელს, შენიშვნა არ მისცენ». ალპინისტური ექსპედიცია, დოკუმენტის მიხედვით, უნდა შემდგარიყო 2012 წლის 29-30 აგვისტოს. როგორც ცნობილია, ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობების თემა ამ პერიოდში აქტუალური, სხვა მოვლენის, ლოპოტას ხეობაში მომხდარი შეტაკების გამო გახდა.

მეშვიდე მონაკვეთში აღწერილია ჩრდილოკავკასიელი ბავშვების დასვენება ქობულეთში 2012 წლის 4-14 აგვისტოს, აგრეთვე, ოპერთანამშრომლის კონტაქტი ინგუშ ჟურნალისთან პაველ (იბრაგიმ) ცოროევთან (ის ბავშვების ჯგუფს ახლდა) რომელიც მას პერსპექტიულად მიაჩნია.

მერვე მონაკვეთში («პატაკი ღარიბაშვილს») ნათქვამია, რომ «კავკასიის ფონდის» შექმნა გადაწყდა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესების გაკონტროლების მიზნით. «კავკასიის ფონდის» საშუალებით საქართველოსთან სათანამშრომლოდ უნდა მოგვეზიდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ინტელიგენციის, საზოგადოებრივი სექტორის გავლენიანი წარმომადგენლები, განგვეხორციელებინა კულტურული და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობდა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან საქართველოს დაახლოებას და ჩვენი ქვეყნის იმიჯის დადებითი კუთხით წარმოჩენას. აგრეთვე, მათთვის გვეჩვენებინა საქართველოს პოტენციალი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარების კუთხით.

ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის სპეციფიკისა და იქ არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ორგანიზაციის შექმნა მიზნად ისახავდა ასევე ამ მიმართულებით კონტრდაზვერვითი საქმიანობის გააქტიურებას, რუსეთის სპეცსამსახურების დაინტერესების დროულ გამოვლენას და მათი მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციას. აგრეთვე, იმ ორგანიზაციებისა და კერძო პირების გამოვლენას, რომელთა საქმიანობა საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

ორგანიზაციის შექმნის ლეგენდა ითვალისწინებდა კავკასიაში ამჟამად არსებული დაძაბულობის ფონზე ზემოხსენებული პირების ინიციატივას, რათა ჩრდილოეთ კავკასიაში მათი პირადი და პროფესიული კონტაქტები, ასევე მოზიდული შემოწირულობები, გამოყენებული ყოფილიყო მიზანმიმართულად და ამ საქმიანობას შეეძინა ორგანიზაციული ფორმა, რაც მათ მისცემდათ უფრო ფართო არეალით მუშაობის შესაძლებლობას.

საფარის უწყების გაშიფვრის შემთხვევაში, ორგანიზაციის ლიკვიდაციის ლეგენდა ითვალისწინებდა დამფინანსებლების მიერ შემოწირულობების შეწყვეტას და არასაკმარისი ფინანსების გამო საქმიანობის შეჩერებას.

2008-2012 წლებში «კავკასიის ფონდის» მიერ კულტურული, სამეცნიერო, ჰუმანიტარული ხასიათის ღონისძიებების ჩატარებით ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება კონტაქტები დაემყარებინათ ქართველ კოლეგებთან, ასევე მიეცათ საქართველოს კულტურულ და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობა.

მიუხედავად აღნიშნულისა, ორგანიზაციის საფარის გამოყენებით გარემოებათა გამო ვერ მოხერხდა ორგანიზაციის წინაშე მდგარი აქტიური კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების ძირითადი მიმართულებების გამოვლენა საქართველოში. ორგანიზაციის საქმიანიბის დაფინანსებისათვის განისაზღვრა ყოველთვიური თანხა 33000 (ოცდაცამეტი ათასი) ლარი, თუმცა ხდებოდა დამატებითი თანხების გამოყოფა, რომელიც დაიხარჯა არადანიშნულებისამებრ. ორგანიზაციის შექმნიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გამოყოფილმა თანხამ ჯამში შეადგინა 4058000 (ოთხი მილიონ ორმოცდათვრამეტი ათასი) ლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საჭირო რეალურ მოთხოვნას.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც სრულყოფილად ვერ მოხერხდა დასახული ამოცანების გადაჭრა, «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნის შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის @#006 სრ. საიდუმლო ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე, გთხოვთ თქვენს განკარგულებას კონსპირაციული ორგანიზაცია «კავკასიის ფონდის» ლიკვიდაციის თაობაზე».

მეცხრე და მეათე მონაკვეთებში აღწერილია ოპერთანამშრომლის შეხვედრები თემურ ტალიაშვილთან და უმარ იდიგოვთან, ყველაზე მეტად საზოგადოებას, სავარაუდოდ, დააინტერესებს ინფორმაცია ფულის გათეთრების შესახებ, რომლის ციტირება ზემოთ მოვახდინეთ.

ცხადია, ასეთ დოკუმენტებს საზოგადოება განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ინფორმაციის «შემოგდების» მსგავსი მეთოდი ხშირად გამოიყენება ამა თუ იმ პიროვნების ან ორგანიზაციის დისკრედიტაციისთვის. თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა, ალბათ, უნდა გადაამოწმონ ფაქტები, რომლებიც შესაძლო დანაშაულს, მაგალითად, ფულის გათეთრებას, ეხება. აგრეთვე, სასურველია, ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ  შეაფასოს ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობის კუთხით შექმნილი სიტუაცია, ყურადღება მიაქციოს იმ საკითხებს, რომლებმაც რუსეთთან ურთიერთობაში შეიძლება სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დატოვებული ნაღმები გაანეიტრალოს.

www.geworld.ge

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here