Home რუბრიკები საზოგადოება დავიცვათ ჩვენი საარსებო და თავის სარჩენი ბაზა

დავიცვათ ჩვენი საარსებო და თავის სარჩენი ბაზა

733

«სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების თაობაზე საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შევიდა. გთავაზობთ ამ საკანონმდებლო წინადადების ავტორთა წერილს.

თანამედროვე მსოფლიოში შეზღუდული რესურსების, კერძოდ, საკვების რესურსთა შემცირების, პრობლემა სულ უფრო მწვავდება. ეს, პირველ რიგში, ეხება მიწას და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სავარგულებს, რადგან ეს უკანასკნელი, ანთროპოგენური ზემოქმედების გამო, სულ უფრო მცირდება და  ხდება პლანეტის მოსახლეობის სწრაფი ზრდის ფონზე. დამახასიათებელია ამ მხრივ FAO-ს განცხადება, რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სწორედ ამიტომ სახელმწიფოთა უმრავლესობა მეტად ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების საკითხს და ზოგიერთ შემთხვევაში ეს სფერო უმკაცრესი რეგულაციით გამოირჩევა.

 

მიწა არის შეუცვლელი, გაუმრავლებელი და «ამოწურვადი» (შეზღუდული) რესურსი. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური საკითხია მისი ფასი. მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად მცირდება დაუმუშავებელი სოფლის მეურნეობის სავარგულები და აქედან გამომდინარე, იწურება რესურსიც. ამიტომაც მიწის განუსაზღვრელი ოდენობით გასხვისება უცხოელებზე ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებთან  და საზოგადობრივ ინტერესთან შეუთავსებელია. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ყოველთვის უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროცესი.

გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (BVerfGE 21, 37 [82]) განმარტა: «იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებას და შეუცლელია, აკრძლულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. სამართლიანი სამართლებრივი და საზოგადოებრივი სისტემა მოითხოვს მიწის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესების მეტად გათვალისწინებასა და გამოხატვას, ვიდრე სხვა ქონებრივი სიკეთეების შემთხვევაში. არც სახალხოსამეურნეო მოსაზრებიდან და არც მისი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიწა ავტომატურად გაუთანაბრდეს სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებულებებს, სამართლებრივ ბრუნვაში კი იგი ვერ იქნება მიჩნეული და მიღებული, როგორც უძრავი საქონელი».

საქართველოში არსებული სიტუაცია ამ პრობლემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა. საქართველოს მოსახლეობის გამოკვება დღეს არსებითად დამოკიდებულია იმპორტზე, რომელიც, მძიმე გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველ წუთს შეიძლება შეწყდეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო მიწის გამოყენება ამ საშიშროების პრევენციისთვის მოითხოვს იურიდიული ბერკეტების ქონას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს დღესდღეობით არა აქვს.

თავის პასუხისმგებლობას მოქალაქის წინაშე საქართველოს სახელმწიფო ვერ განახორციელებს  და, შესაბამისად, მას თავის მოქალაქეობრივ მოვალეობათა შესრულებას სრულფასოვნად ვერ მოსთხოვს, თუ მისი თავის რჩენის მთავარი ბაზა _ სასოფლო-სამეურეო მიწა _ მნიშვნელოვნად შევიწროებული იქნება მასზე საკუთრების მხრივ.

26. 06. 2012 წლამდე საქართველოში «სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონით აკრძალული იყო საქართველოში უცხოელის მიერ სასოფლოსამეურნეო მიწის შეძენა. თუ იგი სასოფლო სამეურნეო მიწას მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღებდა, მას მიღებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა 6 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეზე უნდა გაესხვისებინა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის პლენუმის გადაწყვეტილებით, მსგავსი აკრძალვა ძალადაკარგულად ითვლება.

საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ არ არის დაშვებული კანონმდებლის მიერ იმავე შინაარსის ნორმის მიღება, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონში არა ბლანკეტური აკრძალვა, ისეთი, როგორიც ნორმის გაუქმებამდე იყო, არამედ მხოლოდ შეზღუდვა ჩაიდოს. სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ იგი არაკონსტიტუციურად თვლის უცხოელთათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ქონის ბლანკეტურ (სრულად) აკრძალვას და არა ამ უფლების შეზღუდვას.

საკუთრებას სოციალურ სახელმწიფოში, მესაკუთრის კერძო ინტერესების დაკმაყოფილების პარალელურად, აქვს სოციალური ფუნქცია. სამართალი ვერ იქნება გულგრილი საკუთრების სოციალური დატვირთვისადმი, რადგან სწორედ აქ მჟღავნდება საკუთრების მიერ შესასრულებელი ამოცანა, მისი ადგილი, როლი და მნიშვნელობა. ამიტომ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო ერთიანად მოითხოვს როგორც კერძო საკუთრების თავისუფლებას, ისე მისი შეზღუდვის აუცილებლობას საჯარო მიზნებისთვის.

ამიტომაც, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც უშვებს უცხოელთა მიერ მიწის საკუთრებაში ქონას, მაგრამ მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. ასეთი შეზღუდვა შეიძლება უცხო ქვეყნების პრაქტიკიდან გავითვალისწინოთ, როგორიცაა, მაგალითად, ავსტრიაში (უცხოელი 10 წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში, სადაც ის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას შეიძენს) ან კიდევ თურქეთში (მას მხოლოდ გარკვეული ოდენობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა შეუძლია ჰქონდეს საკუთრებაში), ან კიდევ პოლონეთში (სანებართვო სისტემა ამუშავდეს), ასევე საინტერესოა გერმანიის მაგალითი (სადაც მყიდველი ამ მიწის დამუშავების კონკრეტულ გეგმას წარადგენს და ეს გეგმა უნდა იყოს გერმანიის პოლიტიკურ-სოციალური ინტერესის შესაბამისი. ასეა ავსტრიაშიც). ასევე სასარგებლო იქნება არგენტინის მაგალითის გამოყენებაც, სადაც სასოფლო-სამეუნეო მიწის მაქსიმუმ 20%-ის გასხვისება არის უცხოელზე დაშვებული. შეზღუდვა ასევე შესაძლებელია ორი ან რამდენიმე ელემენტის ერთმანეთთან შერწყმით.

ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლოსამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი იაპონიაში, ისლანდიაში, მექსიკაში, კანადასა და სხვ. აშშის ზოგიერთ შტატში, კანადის რამდენიმე პროვინციასა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში აკრძალულია მიწის უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ შესყიდვა. ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო კონკრეტულად განიხილავს 2 ჰაზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდელობა, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა.

აშშ-ში 1978 წელს მიიღეს ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულირება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხზე ცალკეული შტატის დონეზეა დაწესებული. ამგვარი კანონმდებლობა აკრძალვების სხვადასხვა დონეს გულისხმობს და უკვე შტატების ნახევარზე მეტშია მიღებული. ამასთან, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე (ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები განსაკუთრებით ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, აგრარული შრომის გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და სხვ.). ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ძირითადად, ევროპელები და კანადელები არიან.

საჭიროა, «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ» საქართველოს კანონში შევიდეს რიგი ცვლილებებისა, რომლებშიც თანამედროვეობასთან მორგებულად ასახული იქნება ის შეზღუდვები, რომლებიც ეხება უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასხვისებას.

სასოფლოსამეურნეო მიწის შეძენის მსურველ უცხოელთა მიმართ უნდა დაწესდეს შემდეგი შეზღუდვები:

ა) უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებულია მხოლოდ ორ-ნახევარი (2,5) ჰექტრის ოდენობით (თითოეულ კომლზე/პირზე). საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისამებრ, ისე, რომ მისი ფუნქციობა შეესაბამებოდეს საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ ინტერესებს; 

გ) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელშიც საქართველოს მოქალაქე წილობრივად ფლობს არანაკლებ 51%-ს. შერეული კაპიტალით შექმნილ, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე ჯამურად დაშვებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის არა უმეტეს 10%-ის შეძენა;

დ) უცხოელი, რომელსაც სურს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა, უნდა:

_ ცხოვრობდეს საქართველოში კანონიერად ბოლო 10 წლის განმავლობაში;

_ ჰქონდეს სპეციალური სასოფლო-სამეურნეო განათლება, სოფლად ცხოვრებისა და აგრარული შრომის ხუთწლიანი გამოცდილება;

_ ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო კაპიტალს;

ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევას  და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს საშუალება, შევარბილოთ ჩადენილი დანაშაულის კატასტროფული შედეგები, მივიღოთ სათანადო კანონი.

ანა ფირცხალაშვილი,

სამართლის დოქტორი, პროფესორი;

პაატა კოღუაშვილი,

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

 ზაურ ჯინჯოლავა,

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here