Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ხაჭაპურიძე: კოკოითმა მთხოვა, გადამეცა სააკაშვილისთვის: ღმერთი არ გაგიწყრეთ და ომი არ...

ვაჟა ხაჭაპურიძე: კოკოითმა მთხოვა, გადამეცა სააკაშვილისთვის: ღმერთი არ გაგიწყრეთ და ომი არ დაიწყოთ, თორემ ჩვენ ჩვენი კი დაგვემართება, მაგრამ თქვენი სახსენებელიც გაწყდება ამ ტერიტორიაზეო!

1044

ბევრის აზრი მომისმენია სააკაშვილზე, მაგრამ, ვფიქრობ, იგი ყველაზე ზუსტად ერთმა რესპონდენტმა დაახასიათა: «სააკაშვილის, როგორც მოვლენის, კარგი მაგალითია აღმაშენებლის გამზირი: უცხო თვალის გასახარებლად მოჩუქურთმებული ფასადების უკან იმალება ძველი, ამორტიზებული, ნახევრადდაშლილი სახლები და ამ სახლებში მცხოვრები ჩვენი გაუბედურებული, იმედგაცრუებული და მიტოვებული თანამემამულეები…» მოკლედ რომ ვთქვათ, ბრჭყვიალა გარსის შიგნით _ სიდამპლე. სააკაშვილის რეჟიმის მძიმე დანაშაულთა გრძელ ნუსხაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 2008 წლის აგვისტოს ამბებს, რომელთაც მშვიდობიანი მოსახლეობის (ქართული და ოსური) დიდი მსხვერპლი მოჰყვა. კითხვაზე «ვინ დაიწყო ომი?» «საქართველო და მსოფლიოს» თავის მოსაზრებებს უზიარებს ვაჟა ხაჭაპურიძე _ ყოფილი თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და ცხინვალში პრეზიდენტის ყოფილი პირადი წარმომადგენელი.


_ ბატონო ვაჟა, რამდენად მართალია ის ამბავი, რომ ომის წინა დღეებში კოკოითმა გასაფრთხილებლად გამოგგზავნათ სააკაშვილთან, ომი არ დაეწყო?

_ დიახ, სრული ჭეშმარიტებაა. 2008 წლის 15 ივნისს კოკოითმა პირადად დამავალა, შევხვედროდი სააკაშვილს და გადამეცა მისი თხოვნა-გაფრთხილება, რომ არ განეხორციელებინა საომარი მოქმედება ცხინვალში. რა თქმა უნდა, იმ დღესვე ჩამოვედი თბილისში. დავალების სირთულისა და სერიოზულობის გამო მინდოდა, ჩემთან ერთად შეხვედრის მონაწილეთა შორის ყოფილიყვნენ ჩვენი საზოგადოების ცნობილი წევრები. შევიკრიბეთ ავთანდილ მარგიანი, პროფესორი ტარიელ კვიციანი, პროფესორი ნოდარ გიგანი, აკადემიკოსი გივი ბერძენიშვილი და სხვები _ სულ 7 კაცი. საკითხის გაცნობის შემდეგ, მართალია, შევთანხმდით, მეორე დღესვე შევხვედროდით სააკაშვილს, მაგრამ, გივი ბერძენიშვილის გარდა, ყველამ გადაიფიქრა მასთან სტუმრობა, იმ მოტივით: ხომ იცით, რა გიჟი-გადარეულია. გამოვარდება ტელევიზიით და გაგვლანძღავს, და ვინ იცის, რას დაგვაბრალებსო. ბატონი გივის ავადმყოფობის გამო, იძულებული გავხდი შეხვედრაზე მარტო წავსულიყავი.

_ ბატონო ვაჟა, როგორ განვითარდა შემდგომი მოვლენები?

_ კანცელარიაში მეთერთმეტე სართულზე რომ ავედი, დაცვის ბიჭებმა გამომკითხეს მისვლის მიზანი. ზოგადად ვუთხარი და მოვითხოვე პრეზიდენტთან პირადი საუბარი. მითხრეს, რომ აჭარაში, ბობოყვათის აგარაკზეა წასული და, ალბათ, ერთ კვირაში ჩამოვაო. აღვშფოთდი, სასწრაფო საქმეა-მეთქი! განმიცხადეს, საქმეები მერაბიშვილს გადააბარა და მასთან წადიო. რა გაეწყობოდა, იძულებული გავხდი, წავსულიყავი მერაბიშვილთან. სამწუხაროდ, მერაბიშვილიც არ დამხვდა, შესაძლოა, დამემალა, არ ვიცი. პირველ მოადგილესთან მომიწია ამ საკითხებზე საუბარი. პირველი მოადგილე საკმაოდ თავაზიანი აღმოჩნდა. მან პირდაპირ მითხრა: ოსეთის საკითხი მერაბიშვილმა კონტრდაზვერვის უფროსს _ შალვა ჟღენტს დაავალაო. მანვე დაურეკა ჟღენტს და 20 წუთის შემდეგ წამიყვანეს საბურთალოზე, მოდულის შენობაში შალვა ჟღენტთან შესახვედრად.

_ ჟღენტს თუ შეხვდით და რაზე გქონდათ საუბარი?

_ შევხვდი. კოკოითის დანაბარები და გაფრთხილება სიტყვა-სიტყვით გადავეცი: ღმერთი არ გაგიწყრეთ და ომი არ დაიწყოთ, თორემ ჩვენ ჩვენი კი დაგვემართება, მაგრამ თქვენი სახსენებელი გაწყდება ამ ტერიტორიაზეო. ამის შემდეგ იქაური მდგომარეობა, ოსი ხალხის განწყობა, მათი სურვილები გავაცანი; ოფიციალურიც და არაოფიციალურიც მიწვევაც შევთავაზე. ისიც ვუთხარი, რომ შენიღბულად შეგიყვან ცხინვალში, როგორც ჩემს მეგობარს, და იქაურობას დაგათვალიერებინებ-მეთქი. შენი თვალით ნახავ და დარწმუნდები, რომ ომი არაა საჭირო, რადგან, სტატუსის განსაზღვრის გარდა, თითქმის ყველაფერზე გვეთანხმებიან-მეთქი, მათ შორის, ჩვენს იურისდიქციაში შემოსვლის ჩათვლით! 4-საათიანი საუბრის შემდეგ, შალვა მეუბნება: ბატონო ვაჟა, ძალიან კი შეუშინებიხარ იმ შენს კოკოითსო. სულ მცირე დრო მჭირდება, რომ კოკოითი თავისი ბანდით რუსთაველზე თეთრი ტრუსიკებით ჩავატაროო. «იმედიც» მომცა: შენ არ იგულისხმები ამაში, შენ ჩვენი ხარო… რა თქმა უნდა, ძალიან აღვშფოთდი, ვუთხარი, არ გაბედოთ იქ ომის დაწყება, თორემ კუდამოძუებული გამოიქცევით, როგორც ყოველთვის და მერე ჩვენს თავზე დატრიალდება რისხვა, რომელიც თქვენი მიზეზით იქნება გამოწვეული-მეთქი.

ამით დამთავრდა ჩვენი შეხვედრა. ჟღენტმა ღიმილით მთხოვა, დავწყნარებულიყავი და დამეცადა მოვლენების განვითარებისთვის. იმედგაცრუებულმა დავტოვე შალვა ჟღენტის «რეზიდენცია». ამ შეხვედრის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რა უბედურება გველოდებოდა ქართულ მოსახლეობას.

_ ბატონო ვაჟა, კოკოითს თუ გააცანით სააკაშვილის მხრიდან მოსალოდნელი საომარი მოქმედების თაობაზე?

_ არა! ცხინვალში 3 დღის შემდეგ დავბრუნდი, კოკოითმა თვითონ მომძებნა და მკითხა, თუ რა ამბავი ჩავიტანე. სიმართლის თქმას მოვერიდე. არ მინდოდა, ცეცხლზე ნავთი დამესხა და მხოლოდ ეს ვუთხარი: ჯაბიევიჩ, ხომ გითხარით, ცდებით, არანაირი ომის დაწყებას არ აპირებს სააკაშვილი. პირიქით, შერიგებისთვის ემზადებიან-მეთქი. შემომხედა, ეტყობა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ რატომღაც არ ჩათვალა საჭიროდ, ხელი ჩაიქნია და უსიტყვოდ დამცილდა.

_ ბატონო ვაჟა, როგორც თვითმხილველი, რას გვეტყვით, ვინ დაიწყო ომი?

_ ომი სააკაშვილმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს 21:30 საათზე და არა 23:35 საათზე, როგორც ეს ტალიავინის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული. პირველად განხორციელდა ცხინვალის მასიური საარტილერიო დაბომბვა. გამოიყენეს უახლესი საარტილერიო იარაღი და, მათ შორის, აკრძალული კასეტური ბომბები, რომლებმაც ქალაქის შენობა-ნაგებობების ნახევარი დაანგრია, ხოლო მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია!..

_ მინდა შეგეკითხოთ, როგორც ამ საკითხებში გარკვეულ პიროვნებას: რა შედეგებს ელოდებოდა სააკაშვილი ამ შეიარაღებული თავდასხმისგან?

_ სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის დღესაც გაუგებარია, თუნდაც იმიტომ, რომ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისას ცხინვალი და აფხაზეთი დამშვიდებულ, დაწყნარებულ მდგომარეობაში ჩაიბარა. ამის ნათელი მაგალითი იყო, თუნდაც ერგნეთის ბაზრობაზე არსებული ვითარება. მანდ თითქმის მთელი საქართველო იღებდა მონაწილეობას სავაჭრო-სამეურნეო საქმიანობაში. არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, როგორც რუსეთის პროდუქციის შემოტანა, ასევე ყველანაირი ქართული პროდუქციის გასაღება რუსეთში. მეტსაც გეტყვით, ქართველ და ოს ბიზნესმენებს შორის ისეთი მეგობრული ურთიერთობა იყო, რომ ერთმანეთს ასი ათასობით დოლარის საქონელს ანდობდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული კომერსანტები, საქმიანი ხალხი ცხინვალში ქირით ცხოვრობდნენ და არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, პირიქით, ყველანაირად უზრუნველყოფილნი იყვნენ!

სააკაშვილის მოსვლის დღიდან ყველაფერი თავდაყირა დადგა! მისი თანამზრახველებიდან განსაკუთრებული აგრესიით ირაკლი ოქრუაშვილი გამოირჩეოდა. ჯერ ერგნეთის ბაზრობა გაანადგურეს, შემდეგ ამას მოჰყვა ოქრუაშვილის მიერ 2004 წელს განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა. რა მივიღეთ ყოველივე ამის შედეგად? _ მხოლოდ მსხვერპლი. მიუხედავად ასეთი რთული პროცესებისა, ოსური მხარე ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებას. 2005 წლის 15 დეკემბრის ერთობლივი მუშა ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი ამის ნათელი მაგალითია. მასში ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ: რუსეთის მხრიდან _ ნიკოლაი არხიპოვი, ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან _ ნიკოლაი მაკოევი და თეიმურაზ კუსოვი, ცხინვალიდან _ ინალ ფუხაევი. აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი მე და კოკოითი გახლდით. მე ვთხოვე რუსეთისა და ოსეთის მხარეს, შეგვედგინა მიმართვა დოკუმენტის სახით და სააკაშვილის გუნდისთვის შეგვეთავაზებინა ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა იურიდიული ნორმების ჩარჩოებში. აქვე იყო მითითებული როკის გვირაბის ერთობლივი გაკონტროლება. დოკუმენტზე მუშაობის დამთავრების შემდეგ, დამევალა, წამომეღო ის თბილისში და სააკაშვილისთვის გამეცნო, რათა აქაც ანალოგიური მუშა ჯგუფი შექმნილიყო და, ჩვენ მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, აზრთა შეჯერება მომხდარიყო. ამით შედგებოდა სამმხრივად შეჯერებული შერიგებისა და თანამშრომლობის აქტი. ამავე დოკუმენტში პირდაპირ იყო მითითებული კოკოითის დევიზი _ 2006 წელი გამოცხადებულიყო შერიგების წლად და ამავე წელს მოგვარებულიყო ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ჩვენ წინაშე იდგა.

პირადად დამევალა, აღნიშნული დოკუმენტის შინაარსის გასაჯაროება. ალბათ, მოსახლეობას კარგად ახსოვს ჩემი ერთსაათიანი ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან «იმედის» არხზე. დოკუმენტში ასახული სამივე მხარისთვის მეტად სასარგებლო და აუცილებელი საკითხების თაობაზე მაყურებელს ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე და, რაც ყველაზე მთავარი იყო, განვაცხადე, რომ 2006 წელი შერიგების წლად გამოცხადებულიყო! მაგრამ მოხდა დაუჯერებელი რამ: გადაცემის მსვლელობის დროს ჯერ გამოიყვანეს გოგა ხაინდრავა, რომლის ნათქვამიდან აზრი ვერ გამოვიტანე, მერე გამოიყვანეს ირაკლი ოქრუაშვილი. მან განაცხადა: 2007 წლის 1 იანვარს ცხინვალში გეპატიჟებით ყველას, ყანწით უნდა დავლიო საქართველოს სადღეგრძელოო. ამ ნათქვამმა დიდად აღაშფოთა ჩვენი მუშა ჯგუფი და დამდუღრულივით უკომენტაროდ დაიშალნენ. სასოწარკვეთილი ვიყავი, არანაირი სიკეთის ნიშანწყალი აღარ ჩანდა…

_ ბატონო ვაჟა, პირადად სააკაშვილის აზრი როგორი იყო ამ დოკუმენტთან დაკავშირებით?

_ რაც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ეს იყო სააკაშვილის პასუხი! თუ ირაკლიმ მის გარეშე გამოთქვა მისთვის არასასურველი აზრი, მაშინ რეაგირება უნდა მოეხდინა. დუმილი თანხმობას ნიშნავდა.

_ თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ სააკაშვილი კონფლიქტის დარეგულირების ნაცვლად, მის გამწვავებაზე ფიქრობდა.

_ ნამდვილად ასეა! მას არ აინტერესებდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება! ყოველი მისი ქმედება გამოიხატებოდა მდგომარეობის გართულებებითა და პროვოკაციებით. აი, მაგალითად, 2008 წლის 7 აგვისტოს ფართომასშტაბიან ომს წინ უძღოდა 2 აგვისტოს შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალის მშვიდობიან მოქალაქეებზე. თავდასხმა ერგნეთისა და ნიქოზის მხრიდან განახორციელეს, რამაც გამოიწვია 6 კაცის გარდაცვალება და 57 კაცის დაჭრა! სწორედ ეს პროვოკაცია იყო 7 აგვისტოს მიზანმიმართული გეგმის განხორციელების საბაბი, მაგრამ სააკაშვილს მოლოდინი არ გაუმართლდა. ოსეთის მხარემ იცოდა, რომ ეს პროვოკაცია დიდი ომის საწინდარი იყო. ოსებს ეგონათ, დუმილით საფრთხეს თავიდან აიცილებდნენ; თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მოლოდინს მოვლენებმა გადააჭარბა და 7 აგვისტოს საღამოს სააკაშვილმა მაინც განახორციელა ფართომასშტაბიანი ომი. საარტილერიო დაბომბვის შემდეგ, შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა, საჯარისო ნაწილები და უამრავი მსუბუქი თუ სატვირთო მანქანა, მათ შორის, ორი სატვირთო მანქანა დროშებით იყო დატვირთული. ითქვა ისიც, რომ 2 ტრიბუნაც იყოო, მაგრამ მე ტრიბუნები არ მინახავს.

ჩემი ნათქვამი ფაქტებზეა დაყრდნობილი. მკითხველს უთუოდ გაუჩნდება მრავალი შეკითხვა, მათ შორის, შალვა ჟღენტთან საუბრის სინამდვილის შესახებ. მე მინდა მკითხველს განვუმარტო ის, რომ შალვა ჟღენტი გახლდათ სპეცსამსახურის უფროსი და მასთან ჩემი შეხვედრა ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გარეშე არ წარიმართებოდა. ამავე დროს, არსებობს მეორე დამამტკიცებელი დოკუმენტი _ 2008 წლის 9 აგვისტოს, დილის 10 საათზე ჩემს მობილურ ტელეფონზე მირეკავს შალვა ჟღენტი და მთხოვს დახმარებას, კერძოდ, «კრიზისიდან გამოსვლას». ვახდენ მისი საუბრის ციტირებას: ბატონო ვაჟა, შალვა ვარ, ჟღენტი. მე მაშინვე ვუთხარი: ეს რა ჰქენით, მე ხომ გაგაფრთხილეთ, ცუდად დამთავრდება-მეთქი.

მისი პასუხი: ბატონო ვაჟა, ძალიან გთხოვთ, ახლა ჯინით ლაპარაკის დრო არ არის, ხელების გადაგრეხას მოვეშვათ და ჩემი დიდი თხოვნა იქნება, სასწრაფოდ მოდი ჩემთან სამსახურში, რათა დახმარება გაგვიწიო. მე 9 აგვისტოს არ მეცალა და შევპირდი, რომ ხვალ დავუკავშირდებოდი. 10 აგვისტოს დილით დავურეკე შალვას და ვუთხარი: შალვა მე ვარ, ვაჟა ხაჭაპურიძე, შეპირებისამებრ, მოვდივარ თქვენთან და საშვი ჩამოუშვი-მეთქი, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, შალვას ნაცვლად პასუხს მცემს ბადრაგი, რომელიც მეუბნება: ბატონო ვაჟა, სამწუხაროდ, შალვას ხელები აქვს გაკრული და ვერ გიპასუხებს, თუ დახმარება შეგიძლიათ, ჩვენ დაგვეხმარეთ. შალვა კი კარგა ხანი ვერ შეძლებს თქვენთან საუბარსო. ამის გადამოწმება ადვილია. «მაგთიკომის» სატელეფონო სადგურში 9-10 აგვისტოს შალვას და ჩემ მიერ განხორციელებული საუბრების მოპოვება სავსებით შესაძლებელია. დანარჩენში კი, სხვადასხვა საკითხებში დოკუმენტურ მასალების დასამტკიცებლად, პროკურატურის თანამშრომლებს მე გავუწევ მეგზურობას ცხინვალში, თუ მოისურვებენ.

_ რა აზრის ხართ რუსეთის ჯარის შემოსვლაზე ცხინვალში და შემდგომ _ ცხინვალის გარეთ შიდა ქართლის ტერიტორიაზე?

_ ეს საკითხი მეტად აქტუალური თემაა და მასში ატეხილი აურზაურიც უსაფუძვლოა. ნებისმიერი მიმომხილველი შეცდომებს უშვებს ამ საკითხის მსჯელობის დროს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. სინამდვილე კი არის 1992 წლის 29 აგვისტოს დაგომისის ხელშეკრულების აქტი, სახელწოდებით СКК _ Смещнная контролъная комиссия. დიახ, ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც მოქმედებდა და დღესაც ძალაშია, რადგან ის არავის გაუუქმებია. ეს დოკუმენტი შესანიშნავი ჩანაფიქრია კონფლიქტის ზონაში სეპარატისტული დაჯგუფებების თარეშის აღსაკვეთად. მართლაც, ცეცხლმაქრის როლი ითამაშეს მშვიდობისმყოფელებმა და ბევრი ხიფათიც იქნა თავიდან აცილებული. ეს რომ არა, ვინ იცის, რამდენი უბედურების მომსწრე გავხდებოდით და რამდენი სიცოცხლე შეეწირებოდა იმ ქაოსს! მოკლედ განვიხილოთ აქტი СКК.

სამმხრივი «შერეული საკონტროლო კომისია» შეიქმნა საქართველოსა და გაეროს ეგიდით. მისი შესრულება, გაეროს გადაწყვეტილებით, დაევალა რუსეთის საჯარისო ნაწილს. ფაქტობრივად, ეს საჯარისო ნაწილი გაეროს დაქირავებული რაზმია კონფლიქტის ზონაში, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობის დაცვას და მოიერიშე ძალების დაშორიშორებას. სამშვიდობო ძალა შეზღუდული უფლებებით სარგებლობს. მის ფუნქციაში არ შედის პოლიციის უფლებები და სახელმწიფო საქმიანობაში ჩარევა. რაც შეეხება საბრძოლო გარემოებას, მას მინიჭებული აქვს მაქსიმალური უფლებები. ნებისმიერ ვითარებაში ის არავის ემორჩილება, გარდა СКК ფორმატისა. სამშვიდობო ძალა, ყოველგვარი ბრძანების გარეშე, მზადყოფნაშია ნებისმიერი წინააღმდეგობის გაწევისთვის. ამ აქტის ერთ-ერთ მუხლში გარკვევით არის მითითებული, კონფლიქტის ზონაში თუ რომელიმე მხარე დაარღვევს СКК-ს შეთანხმების აქტს და განახორციელებს საბრძოლო (საომარ) მოქმედებას, სამშვიდობო ძალის მთავარსარდალს უფლება აქვს, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, მიიღოს გადაწყვეტილება მის აღკვეთაზე.

აქვე მითითებულია, რომ, თუ მოწინააღმდეგე (მეამბოხე) ძალა აღემატება მის შესაძლებლობას, მას (სამშვიდობო ძალას) აქვს უფლება, ექსტრემალურ ვითარებაში მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთიდან სათანადო დამხმარე ძალების შემოყვანის შესახებ. სამშვიდობო ძალის უფლებებში შედის მოვალეობა, გაანადგუროს მეამბოხე ძალების საცეცხლე ობიექტები, რომლებიც განლაგებულია კონფლიქტის ზონის გარშემო გარკვეულ პერიმეტრზე.

ხელშეკრულების გაუქმების შემთხვევაში, რუსეთის ჯარი ვეღარ შემოვიდოდა ჩვენს ტერიტორიაზე; ხოლო თუ შემოვიდოდა, კანონიერად გამოცხადდებოდა აგრესორად! რატომ არ გააუქმა სააკაშვილმა ეს დოკუმენტი და, საერთოდ, თუ იცოდა მისი არსებობის თაობაზე, იმედია, ამას სასამართლო გაარკვევს! ამიტომაც შემოსული რუსული ჯარი აღმოჩნდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე.

_ თბილისი შედიოდა «გარკვეულ პერიმეტრში»?

_ არა! დაგომისის ხელშეკრულების თანახმად, რუსებს თბილისში არაფერი ესაქმებოდათ. ისე კი, სააკაშვილი, როგორც პრეზიდენტი და იურისტი, ვალდებული იყო, სცოდნოდა ამ დოკუმენტის არსებობა!

აქვე მინდა თქვენი გაზეთის მეშვეობით დავარწმუნო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომ მე და ჩემი ოსი ეროვნების მეგობრები მზად ვართ აქტიური მხარდაჭერისთვის ამ ძმათამკვლელი ომის წამომწყებთა გამოსააშკარავებლად! სააკაშვილმა თავისი უმეცარი ქმედებებით თავს მოგვახვია არაერთი უმძიმესი პრობლემა. მინდა აქვე საზოგადოებას განვუმარტო ის, რომ, თუ ბატონმა ბიძინამ ომის თემის გამოძიებას გვერდი აუარა და ოს ხალხთან შერიგების სურვილი გამოთქვა, გარწმუნებთ ყველას, ეს საკითხი განუხორციელებელი იქნება მანამ, სანამ არ დავსჯით ორივე მხრიდან იმ დამნაშავეებს, რომლებიც ოსი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცეცხლს აღვივებდა!

ოსი ხალხი ხომ ჩვენი ისტორიული ძმა და მეგობარია. დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, ჩვენ ერთ ეროვნულ ყაიდაზე აღზრდილნი ვართ; საქართველოში სულ რაღაც 160 000 ოსი ცხოვრობს, აქედან 60 000 ცხინვალის გარშემო. სიკეთის მეტი რა უკეთებიათ?! ჩვენ გვერდით ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობდნენ და ზოგიერთ შემთხვევაში ტოლს არ გვიდებდნენ სამშობლოს სიყვარულში! დიახ, დადგა დრო, აღდგეს კანონიერება და დამნაშავენი დაისაჯონ! ორივე მხრიდან მივცეთ საშუალება სამართალდამცავ ორგანოებს, იმუშაონ სიმართლის დასადგენად.

ბატონ ბიძინას მივმართავ თხოვნით: არ შეკრთეთ და უკან არ დაიხიოთ, იბრძოლეთ ბოლომდე, რათა ძირფესვიანად ამოიძირკვოს ის ბოროტების კერები, რომლებიც, რამდენიმე წელია, სატანჯველად იქცა ჩვენი ხალხისთვის! თითქმის 23 წელია, საქართველოს მოსახლეობა ელოდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას!

_ ბატონო ვაჟა, წლეულს, ოქტომბერში სრულიად საქართველო აირჩევს ახალ პრეზიდენტს. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იგი?

_ ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელმაც უნდა აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ამიტომ მომავალ პრეზიდენტს, უპირველეს ყოვლისა, კარგად უნდა იცნობდნენ სოხუმშიც და ცხინვალშიც, როგორც ავტორიტეტულ და სანდო პიროვნებას. ასევე, მომავალ პრეზიდენტს უნდა იცნობდნენ მოსკოვში, როგორც თავისი ხალხის ნდობით აღჭურვილ, სერიოზულ და სიტყვაგაუტეხელ ადამიანს! თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამას გაითვალისწინებს, მაშინ ქვეყნის წინსვლა და აყვავება გარანტირებულია!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here