Home რუბრიკები პოლიტიკა დადეთ კომპრომატები, ბატონო ირაკლი…

დადეთ კომპრომატები, ბატონო ირაკლი…

691

19 აპრილის აქციას «ნაციონალური მოძრაობისთვის» მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდა. ერთერთი მიზანი ამ აქციისა ის იყო, რომ ხალხს «ნაციონალი» ლიდერები ერთად ენახა და ეფიქრა, ესენი ისევ ერთიანნი არიან და ერთ პოზიციაზეც დგანანო. ამით ყოფილი მმართველი გუნდი იმ ხმების გაქარწყლებას ცდილობს, რომელთა თანახმადაც, «ნაციონალური მოძრაობა» ძალიან მალე დაიშლება, პარტიის შიგნით დიდი დაპირისპირებაა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი ერთმანეთის ჩაძირვით გადარჩენას ცდილობს. მათდა საუბედუროდ, ეს ხმები სრულიად საფუძვლიანია და «ნაცბელადებს» ერთ ტრიბუნაზე დგომა ვეღარ უშველით. «ნაციონალური მოძრაობა» უკვე ჩასაძირად განწირული გემის მდგომარეობაშია  და, როგორც წესი, პირველები გემს ვირთხები ტოვებენ. «პოლიტიკოსი ვირთხების» ერთმა ნაწილმა უკვე დატოვა პარტია, ახლა კი, გასაქცევად ისინი ემზადებიან, ვისაც ამ  «გემის» ჩაძირვაში უმთავრესი წვლილი მიუძღვით.


«საქართველო და მსოფლიოს» ინფორმაციით, «ნაციონალური მოძრაობის», როგორც პარტიული, ასევე პოლიტიკიური გუნდის რამდენიმე წევრი დღედღეზე დატოვებს პარტიას.

გიგა ბოკერიას ულტრალიბერალურ დაჯგუფებას «გლეხი ნაციონალები» გულზე ადრეც რომ არ ეხატებოდა, ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია. ახლა, როცა ბოკერიას დაჯგუფების წევრები ხელისუფლებაში ძველებური მასშტაბით აღარ არიან, ბაჩო ახალაია ციხეშია და მისი ძმა, დათა ახალაია _ «მთავარი ძებნილი», ბოკერია საბოლოოდ გაემიჯნა სააკაშვილს. მათ საკმაოდ მძიმე, ხმამაღალი საუბარი ჰქონდათ 19 თებერვალს, გამთენიისას და მათი გზები საბოლოოდ მაშინ გაიმიჯნა. 19 აპრილის აქციაზე მათი ერთად მისვლა მხოლოდ ხალხისთვის თვალის ასახვევი ხრიკი იყო. ბოკერიამ მიშას კატეგორიულად განუცხადა, რომ პოლიტიკურ სამარეში არ ჩაჰყვება და თავის თანაგუნდელებთან ერთად ახალ პარტიას შექმნის. ბოკერია ემიჯნება ყველა იმ დანაშაულს, რომელთაც 9 წლის მანძილზე «ნაცმოძრაობა» სჩადიოდა. ამით ისიც ცხადია, რომ ბოკერია ყოფილ თანამოაზრეებს _ ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავასაც გაემიჯნა, რადგან ყველაზე ოპტიმისტი «ნაციონალებიც» ვერ უარყოფენ, რომ ორივე მათგანს უახლოეს მომავალში განსასჯელის სკამზე ჯდომა მოუწევს. ბოკერია, ცხადია, მიატოვებს ახალაიებსაც და სხვა «ნაცდამნაშავეებს», რომლებიც მის სახელთან ასოცირდებიან. მართალია, «თავისუფლების ინსტიტუტი» ბაჩო ახალაიას უდანაშულოდ აცხადებს და მისი ლიდერები ახალაიას არც ერთ პროცესს არ აცდენენ, მაგრამ ბოკერიამ ბოდვა უწოდა დათა ახალაიას იმ განცხადებას, რომელშიც იგი ყველა უბედურებაში ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს. ამით ბოკერია არამარტო დათას, მის პატიმარ ძმასაც გაემიჯნა, მისი აღშფოთება მერაბიშვილის დადანაშაულებამ კი არ გამოიწვია, არამედ იმ დანაშაულთა შესაძლო გამომზეურებამ, რომლებშიც მერაბიშვილთან და სხვებთან ერთად თავადაც არის გარეული.

გიგა ბოკერია სიკვდილივით გაურბის ორი საქმის  _ 2008 წლის აგვისტოს ომისა და 2006 წლის 27 მარტის «ციხის ბუნტის» საქმეების გამოძიებას. ამ საქმეების ნორმალურად გამოძიების შემთხვევაში, მას ციხე არ ასცდება. არსებობენ კონკრეტული მოწმეები, მათ შორის ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბოკერია «ციხის ბუნტის» დროს ციხეში იმყოფებოდა და ბაჩო ახალაიასა და მის მოადგილეებს ბრძანებებს აძლევდა. მის ბრძანებას არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მრავალი პატიმარი დახეიბრდა. ასევე, არსებობენ მოწმეები თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ჩინები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ სოფელ შინდისთან, რუსეთის ჯარების შემოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე გენერლებს აძლევდნენ ბრძანებებს და ისინი წყვეტდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ ქართულ სამხედრო ნაწილებს. გარდა ამისა,  2008 წლის ოქტომბერში პირადად მითხრეს ამის შესახებ შინდისის მცხოვრებლებმა _ მათ საკუთარი თვალით ნახეს, მთავარსარდლობის ეშხში შესული ბოკერიასა და თარგამაძის ბრძანებებს უსიტყვოდ როგორ ემორჩილებოდნენ გენერალიტეტის წევრები, მათ შორის, გენშტაბის უფროსი ზაზა გოგავა. სწორედ მათი «მეთაურობის» შედეგად, მათი უცოდინარობისა და უზომო ამბიციების წყალობით, უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. წყარო აცხადებს, რომ სწორედ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას ერთობლივი გადაწყვეტილება იყო, რომ შიდა ქართლის სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოეყვანათ. სააკაშვილი და  ბოკერია აშშის პრეზიდენტობის მაშინდელმა კანდიდატმა, ჯონ მაკკეინმა, დაარწმუნა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა, მით უარესი იქნებოდა რუსეთისთვის, ხოლო როცა ომი დასრულდებოდა, ამერიკა და მისი მხარდამჭერი ევროპული ქვეყნები რუსეთს ქართველთა გენოციდში დასდებდნენ ბრალს და პასუხსაც საკადრისად აგებინებდნენ. ცხადია, ბოკერიას, ეს დანაშაულები თუ დაუმტკიცდა, ციხე არ ასცდება. ამიტომაცაა, მისი თანაგუნდელები სასტიკად რომ ეწინააღმდეგებიან «აგვისტოს ომის» ხელახლა გამოძიებას და ხელისუფლებას ბრალს სდებენ, ესენი რუსეთის დავალებას ასრულებენო, გამოძიების მიზანი ის იქნება, ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულოს და რუსეთს მძიმე ტვირთი მოხსნასო. მართალია, ხელისუფლებამ განაცხადა, ჩვენ 2008 წლის ომის საქმის გამოძიებას იმიტომ არ ვიწყებთ, რათა გავარკვიოთ, თუ ვინ დაიწყო ომი, ჩვენ ომის დროს ჩადენილი დანაშაულები გვაინტერესებსო, მაგრამ ლიბერალები ამან ვერ გააჩერა. ე.წ. ლიბერალების ფრთა «ომის საქმის» ყოველგვარ რევიზიას ეწინააღმდეგება, რადგან, თუ გამოძიება პირუთვნელად წარიმართა, მათ ბელადს ციხე არ ასცდება. კულუარული ინფორმაციით, ბოკერიამ უკვე ჩართო საქმეში თავისი ამერიკელი პატრონები, აშშ-ის ხელისუფლების ლიბერალური ფრთა, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს  საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე. ბოკერიას სასარგებლოდ დაიწყეს მუშაობა ცალკეულმა ევროპელმა ლიბერალმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ  ვილფრედ მარტენსმა და ამ პარტიის სხვა ლიდერებმა. მათი მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე ამ ორი საქმის გამოძიების შეჩერებაა, შემდგომში კი, საერთოდ,  გამოძიების შეწყვეტა. საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ არც 2008 წლის ომის, არც «ციხის ბუნტის» საქმე არ გამოიძიონ, ამერიკიდან და ევროპიდან უკვე დაიწყო. ამას გავლენიანი ძალები კოალიცია «ქართულ ოცნაბაში» შემავალი რესპუბლიკური პარტიის მეშვეობით აკეთებენ. რესპუბლიკელები ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის გავლენიანი ლიდერების დარწმუნებას ცდილობენ, რომ ბოკერიას გადარჩენით სოლიდურ ევროპულ და ამერიკულ პილიტიკურ ძალებთან ურთიერთობას დაარეგულირებენ და შესაძლოა, გარკვეული დივიდენდებიც მიიღონ ამის საფასურად. ამ ფონზე საგულისხმოა დავით უსუფაშვილის განცხადება, რომ «ნაციონალური მოძრაობის» გადარჩენა ქართული დემოკრატიის საზრუნავიაო. ცხადია, უსუფაშვილი კაკო ბობოხიძესა და  მიშა მაჭავარიანს  არ გულისხმობდა. წყაროს ინფორმაციით, უსუფაშვილი სწორედ «ნაცმოძრაობის» ლიბერალური ფრთის გადასარჩენად იღვწის, ის უკვე შეხვდა იმ უცხოელ პოლიტიკოსებს ამერიკასა და ევროპაში, რომლებიც ბოკერიას გუნდის პატრონებად ითვლებიან, და მათ შორის გარკვეული შეთანხმებაც შედგა. რესპუბლიკელები იდეოლოგიით დიდად არ განსხვავდებიან «ბოკერიას მიმდევრებისგან», შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რესპუბლიკელები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რომ ეს დავალება პირნათლად შეასრულონ. თუ გავითვალისწინებთ ბიძინა ივანიშვილზე რესპუბლიკური პარტიის გავლენას, მათი ლიდერების მიმართ პრემიერის მაღალ ნდობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოკერია და მისი გუნდი სამშვიდობოს გააღწევენ, მართალია, მძიმე დანაკარგებით, მაგრამ რამდენიმე პოლიტიკურ ლიდერს შეინარჩუნებენ და დარჩებიან ქართულ პოლიტიკაში. დანაკარგების შესავსებად კი ბოკერიას შორს წასვლა არ მოუწევს. ახალ პარტიას ის «თავისუფლების ინსტიტუტის» იმ წევრებით დააკომპლექტებს, რომლებსაც საზოგადოება ჯერ არ იცნობს. ბოკერიას გვერდით დაუდგებიან, ასევე, იმ  ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, რომლებიც ამერიკული ფონდებიდან ფინანსდებოდნენ და ფულს სწორედ «თავისუფლების ინსტიტუტის» რეკომენდაციების წყალობით იღებდნენ. ეს არასამთავრობოები, ფაქტობრივად, «თავისუფლების ინსტიტიტის» ფილიალებად ითვლებოდნენ, ბოკერიასა და მის გუნდს გვერდით ედგნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმართულ ყველა ბრძოლაში, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ მრავალწლიან და ბინძურ ომშიც.

ამერიკელ და ევროპელ ლიბერალთა მიზანი და გეგმები ნათელია. «ნაციონალურ მოძრაობაში» ყველაზე ანტიხალხური, ანტიქართული ქმედებებით გიგა ბოკერია და მისი თანაგუნდელები გამოირჩეოდნენ, ვანო მერაბიშვილიც, ამირან მესხელიც, გიგი უგულავაც, ძმები ახალაიებიც (მრავალ დანაშულში მხილებული თუ ეჭვმიტანილი) სწორედ «თავისუფლების ინსტიტუტში» დაფრთიანდნენ, ისინი ზედმიწევნითი სიზუსტით ასრულებდნენ დასავლელთა დავალებებს, განსაკუთრებული გააფთრებით დედაეკლესიას ებრძოდნენ და ამ დავალებასაც ამერიკიდან იღებდნენ. მათი გეგმით, საპატრიარქო ორ ნაწილად უნდა დაეშალათ და ასე ეკონტროლებინათ იგი. ყველა პროვოკაცია, ყველა ბინძური ქმედება თუ პიარკამპანია, რომლებიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორესა და სხვა  მღვდელმთავრების წინააღმდეგ იყო მიმართული, «თავისუფლების ინსტიტუტში» იგეგმებოდა, მათ განახორციელეს.

მისი აღმასრულებელი დირექტორი «გიგა ბოკერია 2», ლევან რამიშვილი, აკონტროლებდა. მეტიც, ამ გეგმების უდიდესი ნაწილის  ავტორი, ვანო მერაბიშვილის სპეცსამსახურებთან ერთად, სწორედ  ლევან  რამიშვილი იყო. თუმცა ინსტრუქციებს, როგორ უნდა ებრძოლათ ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ, ამერიკიდან იღებდნენ.

 დავუბრუნდეთ პრეზიდენტის სასახლეში 19 აპრილს, გამთენიისას გამართულ თავყრილობას. მას, სააკაშვილისა და ბოკერიას გარდა, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, გია ბარამიძე და რამდენიმე სხვა გავლენიანი «ნაციონალი» ესწრებოდა. იქ იმყოფებოდა ლევან რამიშვილიც. ბოკერიამ მკაფიოდ და გასაგებად განუცხადა იქ მყოფთ, რომ «ნაციონალურ მოძრაობას» არ გადაჰყვებოდა და დამოუკიდებელ თამაშს იწყებდა. ბოკერიას ამ გადაწყვეტილების ყოფილი თანაგუნდელებისთვის პირში მიხლა იმანაც დააჩქარა, რომ მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ მეორე დღეს რუსთაველზე, «ნაციონალთა» აქციაზე ხალხის საჭირო რაოდენობა არ მივიდოდა, ანუ «ნაცმოძრაობის» რეინკარნაციის გეგმა ჩავარდა. 19 აპრილს, 10 ათასამდე მხარდამჭერის ნაცვლად, 100 000 რომ მისულიყო, ბოკერია, შესაძლოა, არ გამიჯვნოდა მათ და ბრძოლა მათთან ერთად გაეგრძელებინა. 19 აპრილის აქციამ საბოლოოდ დაასამარა «ნაცმოძრაობაც» და პარტიაში არსებული განხეთქილებაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. გიგა ბოკერიამ მერაბიშვილსა და უგულავასაც გასაგებად აუხსნა, რომ მათი ცოდვების აკიდებას არ აპირებს და არც მათ ნაცვლად ჩაჯდება ციხეში. თქვენ პოლიტიკაშიც რომ დარჩეთ, ერთ გაუსვრელ კაცს ვერ ამოიყენებთ გვერდით, რადგან, ვინც გარშემო გყავდათ, ყველა გასვარეთ, მე კი ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნა გაუსვრელი ხალხით არ გამიჭირდებაო, _ მიუხლია ბოკერიას მათთვის. ბოკერია, ცხადია, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკლესიების რბევასა და ნგრევას «გასვრად» არ თვლის. ის აქცენტს იმ დანაშაულობებზე აკეთებდა, რომლებშიც მერაბიშვილი, უგულავა და სხვა მაღალჩინოსნები არიან ეჭვმიტანილნი. ბოკერია  სააკაშვილსაც გაემიჯნა და უთხრა, რომ მე რამდენიმეჯერ გადაგარჩინე, მაგრამ შენ ბიძაშენის, თემურ ალასანიას, ჭკუაზე დადიხარ, ახლა იმან გიშველოსო. ბოკერია თემურ ალასანიას თვლის ელიტური კორუფციის იმ სქემის ავტორად, რომელმაც ეს ქვეყანა დააქცია. მეორეც, ბოკერია თემურ ალასანიას ადანაშაულებს იარაღით უკანონო ვაჭრობაში, ამ კრიმინალური საქმიანობისთვის საქართველოს სატრანზიტო დერეფნად გადაქცევაში, რამაც ყოფილ ხელისუფლებას და, ცხადია, ბოკერიასაც, ამერიკის გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ურთიერთობა გაუფუჭა. ამ  საქმეებში ბოკერიას თანაგუნდელებიც იყვნენ გარეულნი,  არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები, ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძეც  ჩაბმულნი იყვნენ იარაღით ვაჭრობაში, მაგრამ გიგა მათზეც უარს ამბობს. ემიჯნება გივი თარგამაძესაც, რომელიც ამჟამად ლიტვაში იმყოფება და ცდილობს, ვიდრე მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა მიიღოს. იარაღით ვაჭრობასთან ბოკერიას მართლა არაფერი არ უნდა აკავშირებდეს, მაგრამ ელიტური კორუფციის ფაქტების სრულყოფილი გამოძიება თუ მოხდა, თავად ბოკერიაც აღმოჩნდება გარეული ამ საქმეში, რაც მას ნაკლებად ადარდებს. მისთვის მთავარია, 2008 წლის ომი და «ციხის ბუნტი» ჩამოაწერონ. გია ბარამიძეს დაუსვამს ამის თაობაზე კითხვა: ხელისუფლებაში «ნაცმოძრაობის» ყოფნისას არც შენ იკლებდი არაფერს, ახლაც ხელისუფლებაში ხარ და რაღაც შენი გასაჭირის შესახებ არაფერი მსმენიაო? ბარამიძეს იქვე წამოუძახებია იმ ბიზნესების შესახებ, როტელთაც  ბოკერიას პოლიტიკური თანაგუნდელები დღემდე ფლობენ. ბოკერიას მშვიდად უთქვამს, რომ ის წარსულს ემიჯნება, მათ შორის იმ თანაგუნდელებსაც, ბიზნესი სასათბურე პირობებით რომ ჰქონდათ. იქვე, ყველასთვის გასაგონად განუცხადებია, რომ ის მიდის გუნდიდან და ამიერიდან, თუ უნდათ, გამარჯობასაც ნუ ეტყვიან.

გიგა ბოკერია თავდაპირველად ვანო მერაბიშვილთან ერთად აპირებდა პარტიის შექმნას, მაგრამ საბოლოოდ გადაიფიქრა. მან კარგად იცოდა, რომ მერაბიშვილს მის თანაგუნდელებზე, მათი ოჯახის წევრებზე უამრავი კომპრომატი ჰქონდა, მათ შორის, მათი კორუფციასა და სხვა დანაშაულში მონაწილეობის ფაქტები, ასევე, ბოკერიას თანაგუნდელი პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების ტრადიციული და არატრადიციული აღვირახსნილი სექსუალური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებიმათი გამომზეურების შიშით, ბოკერიას  სურდა, ვანო გვერდით და კონტროლქვეშ ჰყოლოდა. მაგრამ, როცა გაირკვა, რომ ანალოგიური კომპრომატები დათა ახალაიასაც გააჩნდა, ბოკერიამ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო _ მან თითქმის ყველა თანაგუნდელი მოიკვეთა და ახლა მისთვის სულერთია, _ მერაბიშვილი გამოაქვეყნებს კომპრომატებს მის ყოფილ მეგობრებსა და მათი ოჯახის წევრებზე თუ დათა ახალაია. იტყვის, _ როგორც კი გავიგე, რომ ეგეთი ბინძური ადამიანები იყვნენ, მათ მაშინვე ვუგანეო. წყაროს ინფორმაციით, ბოკერია, თუ მოისურვა, მერაბიშვილის ხელთ არსებულ კომპრომატებსაც მოიპოვებს და იმათაც, დათა ახალაიას რომ აქვს.

ამას ბოკერია თავად არ გააკეთებს, ამას ამერიკული სპეცსამსახურები გააკეთებენ იმ ძალის გულისთვის, რომელიც აგერ 15 წელი აშშ-ის პოლიტიკის მთავარი დასაყრდენია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში. მეტიც, ბოკერია იმ საფრთხესაც გაანეიტრალებს, ბაჩო ახალაიასგან რომ ელის. მას ნაკლებად ადარდებს, რომ ახალაია პირს მოაღებს და «ციხის ბუნტის» დროს ბოკერიას დანაშაულობებზე ალაპარაკდება. ბაჩომ სხვაზე უკეთ იცის, _ ეს რომ გააკეთოს, მას არავინ აცოცხლებს. ეს «არავინ» კი, ცხადია, ვინცაა. ოკეანისგაღმელ პატრონებს  არაერთი მეთოდი აქვთ ხელთ იმისთვის, რომ ბოკერიას გადასარჩენად ახალაიასნაირი ტიპები გააჩუმონ. «ნაციონალური» წყაროების ინფორმაციით, «თავისუფლების ინსტიტუტის» მხარდაჭერა ბაჩო ახალაიას მიმართ, მეტი არაფერი იყო, თუ არა ბოკერიას მიერ დაგეგმილი პიარაქციები, რომელთაც სულ სხვა მიზანი ჰქონდათ და არა მხოლოდ ახალაიას მიმართ თანადგომის გამოხატვა, რაც ერთი შეხედვით ჩანდა. კი, მან ბაჩოს დაუდასტურა თანადგომა და  მისგან სანაცვლოდ ითხოვს, ციხის ამბებთან დაკავშირებით მისი სახელი არ ახსენოს. თუმცა ახლა გიგა ბოკერიასთვის ბაჩო ახალაიაც აღარ წარმოადგენს დიდ პრობლემას. მის გადასარჩენად ევროპული და ამერიკელი ლიბერალი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი იბრძვის, «ქართული ოცნების» წამყვანი და ყველაზე გავლენიანი ფრთა კი არ არის წინააღმდეგი, რომ ბოკერია გადაარჩინონ და დატოვონ ქართულ პოლიტიკაში.

მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, «ქართული ოცნების» დაპირები _ ქვეყანაში სამართლიანობა აღდგებაო, დაპირებად დარჩება. «რიგითი ბოკერიას გადასარჩენად» რომ დიდად  მოწადინებულნი არიან რესპუბლიკელები, ეს უკვე მოგახსენეთ. ვანო მერაბიშვილი «ქართული ოცნების» ლიდერებს აშანტაჟებს, თქვენი პარტიის ლიდერებსა და გავლენიან პოლიტიკოსებზე, მათი ოჯახის წევრებზე მაქვს კომპრომატები და, თუ მე და ჩემს თანაგუნდელებს ხელს გვახლებთ, მათ გამოვაქვეყნებო. ვანო მერაბიშვილი, კულუარული ინფორმაციით, გიგი უგულავასა და მისი თანაგუნდელების გადასარჩენადაც იბრძვის. აქეთ დათა ახალაია იმუქრება, _ მერაბიშვილს რაც კომპრომატები აქვს, ყველაფერი ჩემი სამსახურის, კუდის, მოპოვებულია, ყველა კომპრომატის ასლი ხელთ მაქვს და, მე და ჩემს ძმას თავს თუ არ დაგვანებებთ, ავდგები და გამოვაქვეყნებო. დათა ახალაია ხელისუფლებას ჭკუასაც არიგებს, _ ვანო მერაბიშვილია მთავარი დამნაშავე, ჩვენ  შეგვეშვითო. მოკლედ, ვინც ამ ქვეყნის დაქცევასა და გაპარტახებაში ლომის წილი დაიდო, ყველას გააჩნია თავის გადარჩენის საშუალება _ კომპრომატები «ქართული ოცნების» ლიდერებზე. რაც მოგახსენეთ. ეს ირაკლი ღარიბაშვილმაც დაადასტურა, _ ყოფილი  ხელისუფლების წარმომადგენლებს, ლოგიკურია, გააჩნდეთ კომპრომატები როგორც «ქართულ ოცნების», ასევე «ნაციონალური მოძრაობის» ლიდერებზეც, რადგან შს სამინისტროში დაგვხვდა კომპრომატების დიდი არქივი, რომელთა დიდი ნაწილიც, ჩემი ინფორმაციით, დაკოპირებულიაო. ღარიბაშვილმა ისიც დასძინა, სავარაუდოდ, მათ მხოლოდ კომპრომატების ნაწილი დატოვეს სამინისტროში და მეორე, უფრო ღირებული ნაწილი წაიღესო.

რა გამოდის? თუკი «ქართული ოცნების» მავანი დეპუტატის ქალიშვილი  ორალური სექსით ერთობა, ამის დამადასტურებელი ფარული ჩანაწერი ვანო მერაბიშვილსა და დათა ახალაიას აქვთ და ამ ჩანაწერის გამოქვეყნებით მთელ კოალიციას ემუქრებიან. მათ პასუხი არ უნდა აგონ უმძიმესი დანაშულებისთვის? ანდა ქართველმა ხალხმა რატომ უნდა ზღოს იმის გამო, რომ «ქართული ოცნების» მავანი დეპუტატი კოალიციაში გაწევრიანებამდე მიშა სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ეჯდა შავნაბადას რეზიდენციაში და მილიონებზე ევაჭრებოდა _ ფული მომეცით და საერთოდ წავალ პოლიტიკიდანო? სხვათა შორის, თანხაზე ვერ მორიგდნენ და გარიგება ამიტომ ჩაიშალა. ეს ჩანაწერიც ორივეს არქივში ინახება, ვანოსიც და დათასიც.

ამ სიტუაციიდან ერთადერთი მარტივი და სამართლიანი გამოსავალი არსებობს _ «ქართული ოცნების» სუფთა ლიდერებმა თავად უნდა იზრუნონ, რომ ეს კომპრომატები გამოქვეყნდეს, რათა დროზე მოიშორონ თავიდან ეს ადამიანები. ხალხმა გაიგოს, ვინ ვინ არის და ვიღაცების პოლიტიკაში დარჩენის სურვილსა და სხვა ამბიციებს ქართველი ხალხის ინტერესები არ უნდა შეეწიროს. ირაკლი ღარიბაშვილს ხომ ხელთ აქვს, ყველასი თუ არა, რამდენიმე თანაგუნდელის მამხილებელი ჩანაწერები… ადგეს, გამოაქვეყნოს და, ვისაც ქართულ პოლიტიკაში არ დაედგომება, ის ხალხი ამ გზით განერიდოს პოლიტიკას.

სხვებს კი ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია გამოამზეურებენ.

სხვა გამოსავალი არ ჩანს. აბა, გადავაყოლოთ ეს ქვეყანა ოციოდე უზნეო პოლიტიკოსისა და მათი ოჯახის არანაკლებ უზნეო წევრების დაუოკებელ ვნებებს?!

ლევან ჯავახიშვილი

 

 

1 COMMENT

  1. გეთანხმებით ბატონო ლევან,მაგრამ უკეთესი იქნება გადადგნენ თანამდებობებიდან.ამის შემდეგ გინდ გამოაქვეყნონ კომპრომატები და გინდ არა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here