Home რუბრიკები პოლიტიკა «ნეონაცმოძრაობა,» ანუ «ვანოს გზა» და ახალი ეროვნული ბლეფი

«ნეონაცმოძრაობა,» ანუ «ვანოს გზა» და ახალი ეროვნული ბლეფი

561

19 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე სატინგიცოდ გამოსულმა «ნაცმოძრაობის» კრიმინალურმა ბანდამ კიდევ ერთხელ პირწმინდად დაამტკიცა, რომ სააკაშვილის ავადმყოფური ფანტაზია ნამდვილად უსაზღვრო და უკიდეგანოა; რომ უკვე მართლაც და 100 პროცენტით შეურაცხად «მამამთავარსრომელსაც საკუთარი დაცვაც ვერ აკავებს და სად, რომელ ტრაილერს ჩაუვარდება, ექსპრესს თუ «პოვოსკასკაცმა არ იცის, ყოველგვარი მუხრუჭები გამწყდარი აქვს.


19 აპრილის დადგომას ყველა ერთად ველოდით და მიმდინარე დაძაბული პროცესების კვალდაკვალ ინტერესიც საკმაოდ დიდი იყო; განსაკუთრებით იმ პროვოკაციის შემდეგ, რომელიც სააკაშვილის საპარლამენტო აქტივმა ბიბლიოთეკის შენობასთან მოაწყო, ეს ინტერესი გამძაფრდა, მაგრამ იმან, რაც საბოლოოდ ვიხილეთ და მოვისმინეთ, ვაღიაროთ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. «ნაციონალური მოძრაობა» ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებს, ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვაშაძემ აქციის დაწყებისთანავე განაცხადა და იქვე ისიც დასძინა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რუსეთის სიძულვილს. მოკლედ, გუნდი, რომელიც აქამდე ცალსახად პროამერიკული იყო და რომლის პოლიტიკასაც ერთმნიშვნელოვნად «თეთრი სახლი», უშუალოდ ამერიკის სენატი განსაზღვრავდა, რაც თეორიულად და გნებავთ, პრაქტიკულადაც ნიშნავდა სწორედ ეროვნული ფასეულობების დაყენებას კითხვის ნიშნის ქვეშ, უცებ ეროვნული მოძრაობის მეციხოვნე და ტრუბადური გახდა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, დღეს ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, გიგა ბოკერიასა და სხვა მამალი «ნაცებისგან» ასეთ რიტორიკას რომ ვისმენდეთ იმ ადგილიდან, სადაც ორი წლის წინ, იმავე მერაბიშვილის პირადი ბრძანებით, უდანაშაულო ხალხი ჩახოცეს, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში სხვა რამაა: მთავარია, რაში დასჭირდა ყოფილ ხელისუფლებას ამგვარი საკითხებით მანიპულირება, მაშინ, როცა ოკეანის გაღმიდან სააკაშვილსა და მის დამქაშებს ადრინდელივით ისევ კბილებით იცავენ. საქმე ისაა, რომ მარტო ვაშინგტონიდან მიღებული დივიდენდები საკმარისი არ აღმოჩნდა პოლიტიკური დღეგრძელობისთვის.

მიუხედავად თვით შვილი-ბუშის დაჟინებული მტკიცებისა, სააკაშვილი დემოკრატიის პროჟექტორიაო, ვერც ის და ვერც მისი ხელის ბიჭუნები ხალხმა ფრთიან ანგელოზებად ვერ აღიქვა. საბოლოოდ «ნაცმოძრაობა» მიხვდა ან მიახვედრეს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა შეუძლებელია; ანუ ხალხის პოლიტიკური კულტურა მეტ-ნაკლებად გაიზარდა და ძალაუფლების ხელახლა მოპოვება 9 წლის წინანდელი მეთოდებით ვერ მოხერხდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათი მხრიდან, ალბათ, სავსებით ლოგიკურია იმ თემებით მანიპულირება, რომლებიც მათივე მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად მთელი ამ წლების მანძილზე ყველაზე პრობლემური იყო. პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, ესაა ეროვნული ფასეულობები, თვითშეგნება და ცნობიერება, რომლის მიზანმიმართულ ნგრევაშიც ჩემ მიერ ზემოჩამოთვლილ პიროვნებებს ლომის წილი მიუძღვით.

  მოკლედ, არ ვიცი, რა შანსი აქვს «ნაციონალურ მოძრაობას» თუნდაც შორეულ პერსპექტივაში და ვერც იმას განვსაზღვრავთ წინასწარ, რა ჭკუაზე იქნება ორი-სამი წლის შემდეგ გზასაცდენილი ქართველი ხალხი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: სააკაშვილს, მერაბიშვილს, უგულავას, ბოკერიას, საზღვარგარეთ ვირთხასავით გაქცეულ ადეიშვილსა და მათ კრიმინალურ ბანდას რეალობის შეგრძნება კვლავ დაკარგული აქვთ, ამიტომ იმის ნაცვლად, რომ დღეს განსასჯელის სკამზე დასაჯდომად ემზადებოდნენ, ისევ რეაბილიტაციაზე, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე ფიქრობენ. შეიძლება ითქვას, რომ 19 აპრილს მათ ეს პროცესი ოფიციალურად დაიწყეს და აწი, ალბათ, იქამდე არ მოისვენებენ, სანამ ან ნაციონალურ დაბრუნებას, ან ნაციონალურ აპოკალიფსს არ ვიხილავთ. ყოველ შემთხევაში ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, რაც შეეხება ისევ «ახალ ეროვნულ მოძრაობას», მის გეგმებსა და პრიორიტეტებზე 19 აპრილის აქციის დასრულების შემდეგ «საქართველო და მსოფლიო» თავად საპარლამენტო უმცირესობის წევრებს გაესაუბრა:

გოგა ხაჩიძე:

_ 19 აპრილის აქციას უამრავი მიზანი ჰქონდა და მათ შორის მთავარი დეკლარირებულია. ეს არის ის, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოველთვის აღუდგება წინ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ბევრჯერ უნახავს ისტორიას მიძინებული ქართველი ერი იმპერიის უბეში შეფარებული და 37 მანეთად გაყიდული. ასე რომ, კიდევ ვიმეორებ, განსხვავებული ძალის არსებობა ვერც ამ აქციის გარეშე წარმოჩინდებოდა, ვერც იმ აქტიურობის, რომელსაც ჩვენ მუდმივად გამოვხატავთ, და ვერც ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე…

 _ წლების მანძილზე თქვენი ხელისუფლება აკრიტიკებდა ოპოზიციას იმის გამო, რომ მათ პროცესები ქუჩაში გადაიტანეს

 _ ეს არის ტყუილი.

 _ არაერთი განცხადება მოგვისმენია.

 _ უკაცრავად, მაგრამ აქ ვინმეს ხედავთ, რომ საპარლამენტო მანდატებს ჭრიდეს და მერე იწყებდეს ქუჩაში ქვების სროლას, ფარებით, ხელკეტებით გამოვარდნას, გალიების ჩადგმას, ქვეყნის ეკონომიკის გაჩერებას და მტრის წისქვილზე წყლის დასხმას? თქვენ საიდან ბრძანდებით, ძალიან მაინტერესებს?

_ გაზეთიდან  «საქართველო და მსოფლიო».

_ კარგია, გილოცავთ…

_ აქციამ, საბედნიეროდ, მშვიდობიანად ჩაიარა და ცხადია, ეს მისასალმებელია, მაგრამ, ვინაიდან წინა დღეებში ბევრს საუბრობდნენ საფრთხეებზე, მაინც მინდა გკითხოთ: რომ მომხდარიყო უბედურება, შემოვარდნილიყო სპეცრაზმი, დაერბია მშვიდობიანი მომიტინგეები და ყოფილიყო მსხვერპლი, რა შეფასებას მისცემდა ამას თქვენი გუნდი?

_ ეს იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან ძალიან უგუნური ნაბიჯი და მე მათ არ ვაკადრებ, რომ ასეთი უგუნურები არიან. თავიდანვე გამოვრიცხავდი ასეთ რამეს, ვინაიდან არ მეგულება დღევანდელ მმართველ გუნდში ადამიანი, რომელიც ამაზე წავიდოდა.

ხათუნა გოგორიშვილი:

_ არანაირ საფრთხეებს არ განვიხილავდი, რა საფრთხე უნდა ყოფილიყო: მშვიდობიან აქციას დაერეოდნენ და დაარბევდნენ?! არ მგონია, რომ ასეთი ჭკუამოკლე ხალხი იყოს დღეს ხელისუფლებაში, რომ ამაზე წასულიყვნენ, მაგრამ, თუ წავიდოდნენ, ამით დაამთავრებდნენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს.

მიხეილ მაჭავარიანი:

_ არანაირ საფთხეებს არ ველოდებოდი, ეს იყო მშვიდობიანი აქცია: შევიკრიბეთ, დავაფიქსირეთ პოზიცია და დავიშალეთ. რატომ უნდა დავერბიეთ? ჩვენ არაფერი დაგვირღვევია; თუ ახლა მაინც და მაინც განვიხილავთ იმ ალბათობას, რომ რამე მომხდარიყო, ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან, ფაქტობრივად, პოლიტიკური თვითმკვლელობა, იმიტომ, რომ, კიდევ ვიმეორებ, ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია, რომელიც ჩატარდა ნორმალურად და კანონის სრული დაცვით.

_ სხვა ქალაქებში თუ გამართავთ მსგავს აქციებს?

_ არა, აქ თითქმის ყველა რეგიონიდან იყვნენ ჩვენი აქტივისტები ჩამოსული, ვისი ჩამოყვანაც შევძელით. ასე რომ, ჯერჯერობით ეს იყო მხოლოდ თბილისის აქცია.

კობა ხაბაზი:

_ ჩვენ ჩვენს თანამებრძოლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქციაზე იყო მოსული, მოვუწოდეთ, მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი ყოველგვარი პროვოკაციისგან, გართულებებისგან და სიტუაციის დაძაბვისგან, მაგრამ თუ მაინც რამე მსგავსი მცდელობა იქნებოდა, არ გაეცათ პასუხი, მოეხადათ ბოდიში და დაეტოვებინათ ტერიტორია. ასე რომ, ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, იყო ხელისუფლებაზე. თუ რამე მოხდებოდა, თუნდაც უმნიშვნელო ინციდენტი, უმნიშვნელო პროვოკაცია, მმართველი გუნდი მთლიანად აგებდა პასუხს,  ეს მათთვის იქნებოდა დიდი ლაქა. რამე უფრო სერიოზულზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს, ამით საბოლოოდ დაისამარებდნენ თავიანთ მომავალს და წერტილს დაუსვამდნენ ყველანაირ პერსპექტივას.

_ მოსული ხალხის რაოდენობით თუ ხართ კმაყოფილი?

_ კმაყოფილი ვიქნები ერთადერთ შემთხვევაში: როდესაც ყველა ადამიანი, რომლისთვისაც დასავლური ღირებულებები მნიშვნელოვანია, გამოვა და დადგება ჩვენთან ერთად. საერთოდ, რაოდენობაზე ყურადღება არ გამიმახვილებია, იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარია ხარისხი და ის, თუ რას ითხოვენ მიტინგზე. მე მგონი,  ათიათასობით ადამიანი მოვიდა. ასე რომ, საერთო ჯამში, ნამდვილად კმაყოფილი ვარ.

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here