Home რუბრიკები პოლიტიკა ყარსიდან გეორგიევსკამდე

ყარსიდან გეორგიევსკამდე

2072

ინტერნეტში გავრცელდა თურქი პუბლიცისტის, უმიტ ნაზმის სტატია «გახდება თუ არა თურქეთი ანატოლიის შეერთებული შტატები?». მასში ავტორი თურქეთის სავარაუდო დანაწევრებაზე საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ ეს აშშსა და ევროკავშირს სურს. «თურქეთის პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციასთან ერთად, შესაძლოა, აღნიშნული სახელმწიფოს ტოპონიზმის შეცვლაც, რადგანაც «თურქობა» – ეს არაა იდენტურობა, არამედ ერთერთია ეთნიკურობებიდან. ასე რომ, ჩნდება შემდეგი კითხვები: პირველი: დაამთავრებს თუ არა თურქეთი თავის არსებობას, როგორც ეროვნული სახელმწიფო? მეორე: როგორად მოგვევლინება თავისი რესპუბლიკის 100-წლიან იუბილეზე 2023 წელს _ როგორც ანატოლიის შეერთებული შტატები თუ დაიშლება ნაწილებად ცალკე გასულ ქურთისტანთან ერთად?» _ წერს უმიტ ნაზმი.


თუ თურქულ პრესას გადავხედავთ, ასეთი განწყობის მაგივრად ისეთ სურათს წავაწყდებით, რომლის შესახებაც ძალიან მონდომებულად საუბრობს თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.

ცოტა ხნის წინ გაზეთმა Milliyet-მა «ახალი თურქეთის რუკა» გამოაქვეყნა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, რუკაზე  თურქეთის შემადგენლობაში, დღევანდელი ტერიტორიების გარდა, შედის კუნძული კვიპროსი, ჩრდილოეთ საბერძნეთი, სირიის ჩრდილოეთის რეგიონები და ჩრდილოეთ ერაყი, ბულგარეთის, საქართველოს, ირანის ნაწილები და აზერბაიჯანის ნახჭევანი.

როგორც რიგი ექსპერტებისა მიიჩნევენ, თურქეთი ამ ტერიტორიების ერთ წნეხქვეშ მოქცევას ისლამის მეშვეობით შეეცდება.

თურქეთის ასეთი სცენარი, საქართველოს, წესით, არ უნდა გაუკვირდეს, თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას კარგად გადავიკითხავთ. საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ მრავალი საუკუნის მანძილზე ცდილობდა სხვადასხვა დამყრობელი მის გამაჰმადიანებას, მიუხედავად ამისა, დღეს ქართველი ერი მაინც მართლმადიდებლური რჯულით ცხოვრობს.

იცვლება დრო და იცვლება ბრძოლის წესებიც. ადრე თუ მტერი შემოგვესეოდა და გვაოხრებდა, ახლა ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და მზარდი ინვესტიციების ნიღბით შემოდის ქართულ მიწა-წყალზე.  ნატოსა და ევროკავშირს მოწყურებულმა ქართველმა ერმა თავიდან ეს პროცესი ვერ შენიშნა, თუმცა უკვე მიღებული შედეგით დაინახა, რომ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, კერძოდ კი დავით აღმაშენებლის გამზირი სტამბოლის პატარა ფილიალია, ბათუმში კი კვლავ აზიზის მეჩეთს აშენებენ, მაშინ,  როდესაც ოშკი და იშხანი განადგურების პირასაა.

«სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამაპაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს», _ წერდა ილია ჭავჭავაძე.

ილია მართალი, რომელიც ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, საქართველოს ზუსტად ამ სამი შემადგენელით ახასიათებდა «ენა, მამული, სარწმუნოება». როგორც კი ამ «სლოგანიდან» ერთ-ერთი კომპონენტი დაიკარგება, აღარც საქართველო იარსებებს. ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის სტრატეგიული «ახლობელი», როგორც ჩანს, კარგად მიხვდა ამ სიტყვების აზრს და ყველაფერიც ზუსტად თურქულენოვანი აბრებით დაიწყო…

ილია ჭავჭავაძე გარდა იმისა, რომ პატრიოტიზმით იყო გამსჭვალული, არც ტოლერანტობის გრძნობას კარგავდა არასოდეს და არც ის უთქვამს, «საქართველო _ მუსლიმების გარეშე»-ო.

«ქართველმა, თავისის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი _ აქ, ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის _ მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებას».

თუ საქართველოს ისტორიას დავუბრუნდებით, შეგვიძლია მაგალითად 1712 წლის ყანდარის იერიშიც მოვიყვანოთ, რომლის შემდეგაც შაჰმა თავისთან ვახტანგი დაიბარა.

ვახტანგი თავისი ამალით ირანში გაემგზავრა. მას თან ახლდა სულხან-საბა ორბელიანიც. ქართლის მეფედ დანიშვნისთვის მთავარი პირობა გამაჰმადიანება იყო. ვახტანგმა გამაჰმადიანებაზე უარი განაცხადა, რასაც მისი დატყვევება მოჰყვა.

«თურქებმა ჯავრი ქალაქზე იყარეს, გაანადგურეს და ააოხრეს ყველაფერი, რაც რუსებმა დაინდეს. სახლებმა, რომლებიც შემორჩენილი იყო ციხესიმაგრის გარშემო, დიდი დაბრკოლება შეუქმნეს რუსებს, ვინაიდან იქ დაბანაკებული თურქები ცეცხლს უხსნიდნენ ალყაშემორტყმულებს. მათი გაქცევის შემდეგ, რუსები იძულებულნი გახდნენ, გაეწმინდათ ეს ადგილი. მათ აიღეს ციხესიმაგრის გარშემო არსებული ყველა სახლი და ნანგრევი

ეს ქალაქი (ახალციხე) თურქების დროს აწარმოებდა საკმაოდ მნიშვნელოვან ვაჭრობას. საფაშოს მთავარ ქალაქში განვითარებული იყო მრეწველობა. მას კავშირი ჰქონდა ყარსთან და არზრუმთან. ამასთანავე, ახალციხეში იყო მონათა მნიშვნელოვანი ბაზარი. იგი ხელმისაწვდომი იყო ლეკებისთვის, რომლებიც არა მარტო მსახურობდნენ ფაშათა დროშის ქვეშ, არამედ იყენებდნენ ყველა შესაძლებელ შემთხვევას, რათა მოეტაცებინათ ქართველები, რომლებიც მათ ადვილად გადაჰყავდათ თურქთა საზღვრებზე. თუმცა რუსებმა იმდენი დაბრკოლება შეუქმნეს, რომ მალე ახალციხე აღარ იქნება მონათა ბაზარი», _ წერს ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე სამცხე-ჯავახეთის შესახებ, სადაც რაბათის ციხის რეაბილიტაციისთვის მილიონები დაიხარჯა.

თურქულ პრესაში გავრცელებული სხვა სტატიის მიხედვით კი, ჩვენი მეზობელი ძალიან განიცდის საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

«დღეს საქართველო ორიენტირებულია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებაზე სომხეთთან, რუსეთის მოკავშირესთან სამხრეთ კავკასიაში, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა. მითუმეტეს, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმისას საქართველო თითქოს არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას აზერბაიჯანისა და თურქეთის სავარაუდო რეაქციას, რომელთანაც «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ერთ რეგიონულ ბლოკში აღმოჩნდა და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ურთიერთობებს ავითარებდა. ამასობაში, ეს სიტუაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან გასვლით წერტილს, რომელიც გვაძლევს უფლებას, ვამტკიცოთ, რომ კონკურენციის სეისმური აქტივობა სამხრეთ კავკასიაში იზრდება

როგორც საქართველო, ისევე სომხეთიც ქვეყნებია, რომლებიც ორიენტირებულები არიან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პროექტის შემადგენლობაზე, რომლის მიზანიც მისი მთელ ევრაზიაში გავრცელებაა. ამ ინიციატივის წარმატებამ და საქართველოს, დასავლეთის მოკავშირის შემოერთებამ ამ გაერთიანებაში, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიაში ევროატლანტიკური მსოფლიოს აღმოფხვრას და რუსეთის მრავაპოლარულობის შესახებ კონცეფციის ამუშავებას შეუწყოს ხელი», _ წერს გეკტერიუკ ტიუსიუზოღლუ.

თურქებს ისტორიამ ჭკუა ასწავლა და არც გეორგიევსკის ტრაქტატი დავიწყებიათ, როგორც ჩანს. რაც უნდა ბევრი იკამათოს ისტორიკოსებისა და ექსპერტების ჯგუფმა აღნიშნული ტრაქტატის შესახებ, ფაქტი ერთია: თავად ტრაქტატის ტექსტში ოთხჯერაა მოხსენიებული ერთმორწმუნეობა…

«ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პილიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილის გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. დრო იყო ამისთანა და სხვა არარა ელემენტი მაშინ შემძლებელ არ იყო, ეს ჩვენის ისტორიის დასაბამიდამ სასურველი ერთობა დაედგინა. სხვათა შორის, ქართველი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც, თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა. ამ სიკეთეს დიდი ხანია მიაგნეს ჩვენთა ბედისგამგებელთა და არ არის ჩვენში არც ერთი სახელგანთქმული კაცი, ან მეფე, რომ, სხვათა შორის, ამ თვალით არ ეყურებინა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. ამიტომაც, მოაცალებდათ თუ არა პოლიტიკური ტრიალი ბედისა, ყოველი მათგანი სცდილობდა, არაფერს ზოგავდა, ქრისტეს რჯული, შინაგანის ღირსებით განდიდებული და მიმზიდველი, გარეთა ღირსებითაც განედიდებინათ, გაემშვენიერებინათ და მისი მონასტრები და ტაძრები ყველგან მოეფინათ ქრისტეს რჯულის სახსოვრად და სადიდებლად», _ წერდა წმინდა ილია მართალი.

და მაინც, დაიდება თუ არა ახალი გეორგიევსკის ტრაქტატი? დავთმობთ თუ არა რწმენას იმისთვის, რომ «ახლობლის ახლობელს» არ ვაწყენინოთ?  სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ორთოდოქსული რელიგიის გადასარჩენად, ალბათ, დიდად არ შეწუხდება… თუმცა როგორ უნდა დაიდოს ტრაქტატი, როდესაც ქვეყანას პატარა კახის ნაცვლად დიდი გაუგებრობა მართავს?!

მაია ჩუბინიშვილი

 

2 COMMENTS

  1. ამ ბოლო დროს იმდენ აღმაშფოთებელ ფაქტს წავაწყდი თურქეთის გეგმების და ქმედებების შესახებ გაოგნებული ვარ. გავიღვიძოთ ქართველებო, განსაკუთრებით აჭარლებს მოვუწოდებ, რელიგიას – ისლამს და თურქობას ნუ გაუტოლებენ ერთმანეთს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here