Home რუბრიკები საზოგადოება ჭაბუა ამირეჯიბი: მიხეილ სააკაშვილში ქართული არაფერია

ჭაბუა ამირეჯიბი: მიხეილ სააკაშვილში ქართული არაფერია

786

დიდი ქართველი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი «საქართველო და მსოფლიოს» შეკითხვებს უპასუხებს

_ უპირველესად, როგორ შეაფასებთ «ნაციონალების» 19 აპრილის ისტერიკას რუსთაველის პროსპექტზე?

რა იყო ეს _ ყოფილი ხელისუფლების გაბრძოლება რეინკარნაციისთვის თუ სრულიად საქართველოს სირცხვილი, რომელმაც «ნაცებს» ასეთი «გაგულავების» უფლება მისცა? ან, ეგებ, ეს იყო ყბადაღებული კოაბიტაციის განხორციელების  საჩვენებელი მაგალითი? თუ ჩვეულებრივი დღე იყო, რომელმაც ჩაიარა და არაფერი შეიცვალა?

 

_ «კოაბიტაციაში» თუ ეროვნული და სოციალური ერთობის მიღწევა იგულისხმება, რა თქმა უნდა, მეც, ყველა ჭკუათმყოფელი ქართველივით, ამ შესაძლო ერთობის მომხრე ვიქნებოდი. მაგრამ კოაბიტაციის, როგორც პოლიტიკური ტერმინის, თუ გნებავთ, როგორც საერთო ეროვნული ღონისძიების ტერმინის განმარტება ჩემს ხელთმისაწვდომ ლექსიკონებში ვერ ვნახე. ამდენად, თავს ვიკავებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან. ისე კი სათქმელს ვიტყვი _ ხმარებაში ყოველი ახალი ტერმინის შემოღება, ნიშნისმოგებად თუ არა, თავის ქებად მიმაჩნია _ აი, როგორი განათლებული ვარო!

მეორე: უფრო მართებული იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ის მიტინგი თუ თავყრილობა ბევრს ვერაფერს შეცვლის საქართველოში დღესდღეობით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში და მთავრობის პოლიტიკაში.

_ ახალი ხელისუფლების მეექვსე თვის თავზე რით ხართ უკმაყოფილო?

_ არაფრით, გარდა იმისა, რომ, რა სიკეთეც კეთდება, ნელი ტემპით ხასიათდება. მართალია, სიფრთხილე სახელმწიფოს მართვის საქმეში აუცილებელია, მაგრამ არც ქმედების გონივრულად მაღალი ტემპია დასაძრახი.

_ ნაციონალბოლშევიკებმა «ახალი ეროვნული მოძრაობის» დაწყება «დაგვიანონსეს» და ეროვნულგამათავისუფლებელი ბრძოლისკენ მოუწოდეს ქართველ ხალხს.

თქვენი კომენტარი?

_ არა მგონია, ქართველმა ერმა და საქართველოს მთელმა მოსახლეობამ «პოლიტიკური შაური» მაინც გაიღოს იმ პარტიის სასარგებლოდ, სადაც «ნაციონალ-ბოლშევიზმის» მოწოდებები გაიჟღერებს. ამ პარტიას, დარწმუნებული ვარ, მხარს არავინ დაუჭერს, გარდა ყოფილი ჩეკისტებისა.

_ მაშინ, როცა ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო მტკიცდება აზრი «ნაციონალური მოძრაობის» აკრძალვის თაობაზე, ამ მოძრაობის ლიდერები ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ბიძინა ივანიშვილის ვადამდე მოცილების ლოზუნგს ისვრიან.

_ ამ საქციელში ახალი თუ მოულოდნელი სრულიად არაფერია. ისინი, ანუ ე. წ. ნაციონალები ჩამოყალიბებულ ვითარებას სხვას ვერაფერს დაუპირისპირებენ. საკუთარ მომხრეებს, ასეთი პოლიტიკის წარმოების გარდა, სხვას ვერაფერს შესთავაზებენ.

_ შეიძლება თუ არა «ნაციონალური მოძალებისგან» საქართველოს დეოკუპაცია?

_ ყველანაირი ხერხის გამოყენებაა შესაძლებელი იმ აუცილებელი პირობით, თუ ამ ხერხში სიფრთხილე იქნება გათვალისწინებული. «ნაციონალები», ანუ უმცირესობა, არანაირ ღონისძიებას დაერიდებიან, თუ მისი განხორციელება ბრძოლის არსებულ საფეხურზე მცირე გამარჯვებას მაინც მოუტანს.

_ რატომ წუხს სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დაწყების გამო?

_ ცხადია, იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთის, ანუ სამაჩაბლოს დაკარგვა სააკაშვილის მიერ წამოწყებული დაკარგული ტერიტორიის სადამბრუნებლო ოპერაციების შედეგია. ეს დადასტურდა იმ ოპერაციების დასაწყისსა და მსვლელობაში.

_ ვითომ არ «გაყიდის» მიშა თავის ქვეშევრდომებს გამოძიების პროცესში?

ამ შეკითხვის დასმის უფლებას მაძლევს «ნაციონალურ მოძრაობაში» დაწყებული «ჩაშვების» ჯაჭვური რეაქცია _ ნახევრადდაშლის პერიოდი.

_ განწირული პოლიტიკოსისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მითუმეტეს მაშინ, როცა ხმოსანთა დიდი უმრავლესობის დამოკიდებულება არსებული მმართველი ძალის მიმართ, მიშა იქნება, თუ გრიშა _ უარყოფითია.

_ არის მიხეილ სააკაშვილი ქართული ფენომენი?

_ იმის მიხედვით, რაც მან საქართველოს დამართა საკუთარი მმართველობის პერიოდში, ვგულისხმობ ფასეულობათა გასხვისებებსა და სხვა «სიკეთეებს» _ მასში ქართული არაფერია.

_ აფხაზეთის პრობლემა, ცხინვალის პრობლემა, ფაქტობრივად, მიგდებულია ჩინოვნიკზე _ თუნდაც მინისტრის რანგში.

თუ აღიარებულია, რომ კონფლიქტური რეგიონები ქართველი ხალხის ყველაზე დიდი ტკივილია, როგორ ფიქრობთ, ხომ არ უნდა გახდეს ამ სატკივარის მოგვარება, ისევე, როგორც რუსეთის მიმართულებით მუშაობა მომავალი პრეზიდენტის უპირველესი, კანონმდებლობით დამტკიცებული მოვალეობა? თორემ, როგორც ერთმა ჭკვიანმა ჟურნალისტმა თქვა, იმ პირობებში, როცა ახალი კონსტიტუციით, ქვეყნის განვითარების უმთავრესი საშინაო და საგარეო საკითხები პრემიერმინისტრის გადასაწყვეტი იქნება, მომავალ პრეზიდენტს სახელმწიფო საქათმეში ყვერულის ადგილიღა დარჩება.

თუ შემოთავაზებული წინადადება განხორციელდება, პრემიერს საშუალება მიეცემა თავისი ფუნქციების შესრულებაზე სრულად იყოს კონცენტრირებული, პრეზიდენტსაც სერიოზული ფუნქცია გაუჩნდება.

_ მე მგონი, ძალიან კარგი იქნება, თუ ეს წინადადება ხორცს შეისხამს.

_ ხომ არ ჰგავს პრეზიდენტობაში ჩარჩენილი მიხეილ სააკაშვილი კლასში ჩარჩენილ ოროსან მოსწავლეს, რომელმაც სასწავლო პროგრამა ვერ აითვისა და არც გარანტიაა, რომ აითვისებს?

_ ჩინებული განსაზღვრებაა.

_ თქვენი ტრადიციული მოწოდება _ «ჭკუით, ქართველებო!» _ ძალაში რჩება?

_ ვადასტურებ _ ჭკუით, ქართველებო!!!

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. რატომ აფიქსირებს არმაზ სანებლიძე თავის პოზიციას, როცა კითხვას სვამს?!

  2. კითვებსი მშვენივრად ჩანს სანებლიძის მიკერძოებულობა. არ მიკვირს რესპონდენტიც თანამოაზრე რომ მოუძებნია.

  3. ჭაბუაც ბოლშევიზმისკენ იხრება, და საერთოდ დროა, ის ვინც სსსრ-ში ცხოვრობდა არ გავაჭაჭანოთ არც მთავრობაში, და არც ვკითხოთ ჭკუა, მათი 95% დიქტატის მომხრეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here