Home რუბრიკები საზოგადოება პარლამენტის თავმჯდომარე _ მატროსოვი «ნაცმოძრაობისთვის»

პარლამენტის თავმჯდომარე _ მატროსოვი «ნაცმოძრაობისთვის»

716

ოთხშაბათს, 17 აპრილს რადიო «თავისუფლების» პრაღის შტაბბინას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რადიო «თავისუფლების» ქართულ სამსახურს პირდაპირ ეთერში მისცა ინტერვიუ, რომლის დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, ილაპარაკა დასავლეთის მიერ საქართველოს პოლიტიკური ტრანსფორმაციის აღქმაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესში არსებულ გამოწვევებზე, პრემიერმინისტრთან ურთიერთობაზე, აგვისტოს ომის გამოძიებაზე და ყოფილი მმართველი ძალის, «ნაციონალური მოძრაობის», სამომავლო პერსპექტივებზე.


პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, «ნაციონალური მოძრაობის»  წევრების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. მისი სურვილია, «ნაციონალური მოძრაობის» ჯანსაღი ნაწილი გადარჩეს და მათი დამარცხება პოლიტიკურად მოხდეს. როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, «ნაციონალური მოძრაობის» გადარჩენა ქართული დემოკრატიის ამოცანაა.

«მე ძალიან ხშირად მიწევს იმის თქმა, განსაკუთრებით აქეთ ყოფნისას, ევროპაში, ამერიკაში, რომ «ნაციონალური მოძრაობის», როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. რაც არ უნდა გამიბრაზდნენ ახლა ქართველი მსმენელები, რომლებიც თვლიან, რომ «ნაციონალური მოძრაობა» გადასარჩენი კი არა, გასასამართლებელი და ასაკრძალია, მე ამას კიდევ ვიმეორებ და ყველას ვურჩევ, რომ კარგად დავუკვირდეთ, რაზეა აქ საუბარი. «ნაციონალური მოძრაობა», როგორც კოლექტიური დამნაშავე პოლიტიკური ძალა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებში და ასე შემდეგ _ თუ ჩვენ ასე შორს წავედით, მაშინ ჯობია, დავიწყოთ ჯერ კომუნისტური პარტიით, მერე მივაყოლოთ მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება, ნაციონალური მოძრაობა, და ყველა ერთად ავკრძალოთ, გავაუქმოთ და .. რადგან ჩვენ ეს არ გვიქნია კომუნისტური პარტიის მიმართ, არც «ნაციონალური მოძრაობის» მიმართ იქნება ეს სწორი. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს», _ განაცხადა უსუფაშვილმა.

ამის პარალელურად NDI-მ ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა მნიშვნელოვანია. კითხვაზე, თუ რომელ პარტიას მიიჩნევენ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, გამოკითხულთა 56%-მა «ნაციონალური მოძრაობის» სასარგებლოდ უპასუხა, მაგრამ ცნობილია, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია, ეს ორგანიზაცია გასამართლდეს.

«საქართველო და მსოფლიო» შეეცადა, გაერკვია, ვინაა მართალი: უსუფაშვილი, რომელიც «ნაციონალური მოძრაობის» გადარჩენას ქართული დემოკრატიის ამოცანად მიიჩნევს, NDI, რომლის თანახმადაც  «ნაციონალური მოძრაობა» ქვეყანაში ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა თუ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის აზრითაც მოძრაობა უნდა გასამართლდეს.

ოთარ ჩრდილელი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

_ ყველა ადამიანს გააჩნია თავისი სუბიექტური აზრი. პირადად მე, როგორც ერთი დეპუტატი, საზოგადოების მხარეს ვარ. საქართველოს მოსახლეობას იმიტომ არ მოუცია ჩვენთვის ხმა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას» გადავეფაროთ და მოვახდინოთ მათი რეინკარნაცია. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ნამდვილად არ წარმოადგენს «ნაცმოძრაობის» რეანიმირება. მართალია, მათ მოახდინეს რებრენდინგი, მაგრამ ყალბი პათოსი და საზოგადოებისთვის ოდიოზური სახეები იგივე დარჩა.

სიმართლე გითხრათ, დიდი კადრების სამჭედლო არც არასოდეს ყოფილა ,,ნაციონალური მოძრაობა». ისინი, როგორც ციყვი ბორბალზე, ყოველთვის ერთი და იგივე სახეებს ატრიალებდნენ წრეზე. არც რესურსი გააჩნიათ, რომ მძლავრ ოპოზიციურ პარტიად ჩამოყალიბდნენ. ვერ ვიტყვი, რომ «ნაციონალური მოძრაობა» მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ბევრად საინტერესო მოვლენები გველოდება წინ _ ოპოზიციურ ფრთაზე.

19 აპრილი იყო ,,ნაციონალური მოძრაობის» დაისი, რომელსაც საკუთარი თვალით შეხედეს. ხალხი, რომელიც 10 წელი მართავდა ქვეყანას, მხოლოდ 10 ათასი კაცის იმედად დარჩა. ვერავინ გაიგო, რა აქცია ჩაატარეს, რისთვის და რატომ. სასაცილოდაც არ მყოფნის ვანოს და მისი რაზმის საუბარი რაღაც ახალ ეროვნულ მოძრაობაზე.

კარგი იქნება, თუ ძველი ეროვნული მოძრაობის წევრები ხმას ამოიღებენ და თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ. არ მჯერა, რომ თანამედროვეობის სავლე პავლედ იქცეს. არც მიშა სააკაშვილია მოციქული ანანია, რომ მერაბიშვილს თვალები აუხილოს და მოახდინოს მისი გარდასახვა ავაზაკ  სავლედან მოციქულ პავლედ. მოგეხსენებათ, გველმა ტყავი იცვალა, გველი დარჩა გველადა.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:

_ ბატონი დავით უსუფაშვილის განცხადება არანაირ ჩარჩოში და წარმოდგენებში არ ჯდება, ეს სრული გაუგებრობაა და აი, რატომ: პროგრესული ხელისუფლების ამოცანა კონსტიტუციური გარემოს შექმნაა, სადაც ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციები მოქმედებენ კონსტიტუციის ფარგლებში და მათი მომავალი მათსავე საქმიანობაზე, კვალიფიკაციასა და პოლიტიკური მოღვაწეობის უნარზეა დამოკიდებული… გადარჩება თუ არა პოლიტიკური პარტია, ეს მის მხარდამჭერებზეა დამოკიდებული და არა ხელისუფლებაზე (ცხადია, დემოკრატიული სახელმწიფო მაქვს მხედველობაში, რადგან მხოლოდ ასეთ სახელმწიფოშია პარტიები თავისუფალი მოღვაწეობისთვის). რატომ უნდა გადაარჩინოს ბატონმა უსუფაშვილმა «ნაციონალური მოძრაობა?» დაე, ამ პარტიამ იმოქმედოს კანონის ფარგლებში და, თუ ეყოლება მხარდამჭერები, მიიღებს მხარდაჭერას და შემდეგ არჩევნებზე აღმოჩნდება რაღაც სახით პარლამენტში, თუ ვერ მიიღებს მხარდაჭერას, მას სხვა ჩაენაცვლება და ა. შ.

ანბანური ჭეშმარიტებაა. გარდა ვიწრო პოლიტიკური უპერსპექტივო მიზნებისა, გადამრჩენს სხვა რა უნდა ამოძრავებდეს, თორემ ვის რა უფლება აქვს კანონის ფარგლებში მოქმედი პოლიტიკური ორგანიზაციის, მათ შორის «ნაციონალური მოძრაობის», «გადარჩენის» ანდა გასრესვის? ცხადია, არავის!

რაც შეეხება დანაშაულის პატიებას, არ მესმის და ჩემთვის გაუგებარია: ბატონი უსუფაშვილი თავის თავზე იღებს დამნაშავე პირების შეწყალებას, თუ ვინმეს ობიექტური სასამართლო პროცესის შემდეგ დაუდასტურდება დანაშაული?! ე.ი. მისი აზრით, დანაშაულის ნიშნები თუ აქვს წინა ხელისუფლების კონკრეტულ პირს ჩადენილი, უსუფაშვილი აპრიორი პატიობს მათ?! ბარაქალა!!! პოლიტიკოსის წესიერება მოითხოვს, რომ მან საკუთარ ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ უთხრას, რას აპირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ… მან ეს არ გააკეთა! ეთქვა 1 ოქტომბრამდე ქართველი ხალხისთვის, რომ «ნაციონალური მოძრაობის» გადარჩენა იქნებოდა მისი მიზანი, თუ ისინი დამარცხდებოდნენ. აი, მაშინ იქნებოდა იგი მართალი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე და ეს იქნებოდა მისი მხრიდანაც წესიერი და სწორი საქციელი. ახლა ისე იქცევა, თითქოს მეორე არჩევნები აღარასოდეს ემუქრება. სამწუხაროა!

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი, ყოფილი პოლიტპატიმარი, «სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის» დამფუძნებელი:

_ ჩემთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წმინდა სუბიექტური ფაქტორიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია რაიმე ფორმით «ნაციონალური მოძრაობის» არსებობაც კი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, რადგანაც აღნიშნულ ექსმმართველმა ძალამ ქვეყანაში დაამყარა «ხისტი» ავტორიტარულ-ავტოკრატიული რეჟიმი და საქართველოს განვითარების ტემპების დაცემას შეუწყო ხელი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. მსოფლიოში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი პატიმართა მხრივ (სავარაუდოდ 25 ათასამდე) საქართველოში დაფიქსირდა. ქვეყნის გენოფონდის დაკონსერვების წყალობით, საქართველო მიუახლოვდა დემოგრაფიული კატასტროფის ნიშნულს და პირველად კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდიდან მოყოლებული ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და დევნილთა საკმაოდ დიდი მაჩვენებელი (190 ადამიანი), რამაც საქართველო გადაიყვანა ე. წ. ჰიბრიდული პოლიტიკური რეჟიმების სტატუსკვოს რიგებში.

ცხრაწლიანი ავტოკრატიული მმართველობისას, «ნაციონალური მოძრაობის» უნიათო პოლიტიკური ლიდერობის წყალობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გახდა გეოპოლიტიკურად პრობლემატური და კრიტიკული, ანუ, ფაქტობრივად, «ნაციონალურმა მოძრაობამ» შეძლო ის, რის გაკეთებასაც კრემლი წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა, შემოიტანა «კოსოვოს» პრეცენდენტის საშიშროება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართ. ამ პერიოდში აღინიშნა პოლიტიკური მკვლელობებისა და «სიკვდილის ესკადრონების» ფენომენების გაჩენა (გავიხსენოთ, გირგვლიანის, რობაქიძისა და კიდევ 140-მდე ახალგაზრდის საზარელი მკვლელობების ფაქტები; სვანეთში აფრასიძეების ოჯახზე განხორციელებული ბარბაროსული შეიარაღებული თავდასხმა; 2012 წლის 26 მაისის სისხლიანი სასაკლაო, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური მკვლელობა და ა.შ.). 

მოკლედ, ზემომოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არავის უნდა შეეფაროს ეჭვი ამ ე. წ. ფსევდო-»პოლიტიკური» პარტიის საერთოდ არსებობაშიც კი. მე ასე ვთვლი და ასე მწამს და სხვებმა თვითონ თქვან საკუთარი სათქმელი, მათ შორის პოლიტიკურმა მოღვაწეებმაც.

რაც შეეხება NDI-ს კვლევებს, ამ ორგანიზაციას საკუთარი კვლევებიც ჰქონდა გაკეთებული 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ვერც ერთხელ ვერ შეძლო სწორი «პოლიტიკური დიაგნოზის» დასმა. აქედან გამომდინარე, მის მიერ ჩატარებულ ამჟამინდელ, ანალოგიური სახის სამუშაოს შედეგებსაც თავისუფლად შეიძლება «ისტორიული მაკულატურის» სიაში ადგილის მიჩენა.

ირაკლი ყიფიანი, «ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის» საბჭოს წევრი:

_ ვფიქრობ, რომ სტაბილურობის გარანტი და ამასთან, ქართული დემოკრატიის ამოცანა არა რესპრესიული და ავტორიტარული რეჟიმის შემქნელი პარტიის გადარჩენაა, არამედ უშუალოდ შექმნა პრეცედენტისა, როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები (და არა მხოლოდ) ჩადენილი დანაშაულებისთვის აგებენ პასუხს. რაც შეეხება «ნაციონალური მოძრაობის» ჯანსაღ ნაწილს, ეს იგივეა მკვდარ ორგანიზმში ცოცხალი უჯრედების ძიება დაიწყო. რომელ ჯანსაღ ნაწილზე აქვს საუბარი უსუფაშვილს, როდესაც რეალურად დამნაშავე პოლიტიკური პარტიაა «ნაციონალური მოძრაობა». პარტია, რომლის მმართველობის დროსაც ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების ყოველგვარ ხელყოფას, მიმდინარეობდა ანტისახელმწიფოებრივი შიდა და საგარეო პოლიტიკის გატარება, ტერორდებოდა ბიზნესი და ა.შ. ამ ყველაფრის შემოქმედი მხოლოდ მმართველი პარტია გახლდათ.

რაც შეეხება NDI-ს გამოკითხვებს, რომლის შედეგადაც ,,ნაციონალური მოძრაობა» ქვეყანაში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად გამოიკვეთა, ვფიქრობ, ტრაგედიაა და უნდა დააფიქროს პარლამენტსმიღმა დარჩენილი  ყველა პარტია, რომლებიც წლების მანძილზე იბრძოდნენ «ნაცმოძრაობის» წინააღმდეგ და რომელთათვისაც კოალიცია «ქართულ ოცნებაში» არ გაიღო კარი გარკვეული მიზეზების გამო.

ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ არანაყოფიერი და არასწორი იყო პარლამენტსმიღმა დარჩენილი პარტიების მუშაობა. პარტიამ, რომელიც გაყალბების, სისხლიანი დარბევებისა და საერთაშორისო ასპარეზზე მანიპულირების გზით ინარჩუნებდა 9 წლის მანძილზე ხელისუფლებას, არჩევნებში მოწინავე პოზიციის დათმობის მიუხედავად, გასამართლების ნაცვლად, ხელთ იგდო ძლიერი ოპოზიციის სტატუსი რასაც უკეთილშობილეს სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ «ნაციონალური მოძრაობის» წევრები. თუმცა როდესაც ცალკეული ოპოზიციური პარტიები ზეუსუსურობას იჩენენ, რა თქმა უნდა, ამით «ნაციონალური მოძრაობის» წევრები ისარგებლებენ და ისარგებლეს კიდეც, როგორც ვხედავთ.

რაც შეეხება საზოგადოების აზრს და ხედვას მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, მოდით ნუ გვექნება მოკლე მახსოვრობა და კარგად გავიხსენოთ, თუ რისი ატანა მოუწიათ საქართველოში მცხოვრებთ _ დაცინვა, მათი უფლებების ხელყოფა, ტერორი მცირე თუ საშუალო მეწარმეზე, ქუჩაში თუ სასაფლაოზე ბიჭების წამება-დახოცვა, შიმშილი, შერჩევითი სამართალი, უმუშევრობა, თითიდან გამოწოვილი ომი… თუნდაც ეს ყოველივე არ აძლევთ ამ ადამიანებს ლეგიტიმურ უფლებას, რომ მოითხოვონ რეჟიმის გასამართლება?

საქართველოს მოსახლეობის 54,97%-მა, ყველა სიკეთესთან ერთად,  სამართლიანობის აღდგენას მისცა ხმა და არა კოაბიტაციას. თავისთავად სამართლიანობის აღდგენაში, დარწმუნებული ვარ, არავინ გულისხმობს რეპრესიებსა და დევნას, მაგრამ ტენდენციები უნდა შეინიშნებოდეს იმისა, რომ დაწყებულია პროცესი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ დიდი იმედით მისცა ხმა და რასაც ასე მონატრებული იყვნენ ქართველები, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია, რასაც ყველასთვის და ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა ჰქვია.

მოამზადა

ლილი მიროტაძემ

 

1 COMMENT

  1. ბატონო დავით, ასეთი რა ვალდებულებები გაგაჩნიათ ნაცების წინაშე, რომ ვერ ელევით????

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here