Home რუბრიკები საზოგადოება თემურ ქორიძე: ეროვნულ მოძრაობაზე ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც ცეცხლითა და მახვილით ებრძოდნენ...

თემურ ქორიძე: ეროვნულ მოძრაობაზე ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც ცეცხლითა და მახვილით ებრძოდნენ ყოველგვარ ეროვნულს

999

19 აპრილს «ნაცმოძრაობამ» კანის შეცვლა გადაწყვიტა და განაცხადა, რომ ახალ ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთო, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დიდი იმედი აქვს, რომ მათ უკანასკნელად მოიქნიეს კუდი და ამიერიდან პოლიტიკურ ასპარეზზე ვერც ერთ მათგანს ვეღარ ვიხილავთ. «ნაციონალების» სახეცვლილებაზე და ქვეყანაში არსებულ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე სასაუბროდ «საქართველო და მსოფლიო» პირველი ეროვნული მთავრობის უზენაესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილოლოგს, ბატონ თემურ ქორიძეს ეწვია.


_ ბატონო თემურ, «ნაციონალებმა» განაცხადეს, _ ახალ ეროვნულ მოძრაობას ვიწყებთო…

_ ჩვენი ძვირფასი დროის ძალიან დიდ ნაწილს ხომ არ ვუთმობთ იმ უმსგავსობას, რომელსაც «ნაციონალური მოძრაობა» და მათი მიტინგი ქვია?! არ ვიცი, რა საჭირო იყო ტელევიზიითა და გაზეთებით ამხელა კამპანიები, რატომ ილაპარაკეს ამ თემაზე პოლიტოლოგებმა და ექსპერტებმა?! ნუთუ ამდენი საუბარი 19 აპრილზე ღირდა?! ისინი უფსკრულისკენ მიექანებიან, ეს ნათლად ჩანს და ამაზე ლაპარაკით საზოგადოება არ უნდა მოვაცდინოთ, ეს იაფფასიანი თემაა.

ნაციონალების მხრიდან ეროვნულ მოძრაობაზე საუბარი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორ ექცეოდნენ ისინი ეროვნული მოძრაობის წევრებს, როგორი ცინიზმითა და აგდებით საუბრობდნენ 80-90-იან წლებზე. მათ სურდათ, მოსახლეობის 98%-ის ღვაწლი მიეჩქმალათ, რომლითაც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის სურვილი გამოთქვეს. «ნაციონალებისგან» ეროვნული მოძრაობის ხსენებაც კი შეურაცხყოფაა იმ ქართველებისა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გაიღეს დრო, ნერვები და ბევრმა სიცოცხლეც კი. მათი მხრიდან ეროვნულობაზე საუბარი არის იდეის დასამარება, პროფანაცია; მადლობა ღმერთს, რომ მათი ავანტიურიზმი მთლიანად გაშიფრულია და აღარავინ სატყუარაზე არ წამოეგება. როგორი დროშაც არ უნდა ააფრიალოს «ნაციონალურმა მოძრაობამ», ის ვერასოდეს შეძლებს, ქართველი ხალხი აცდუნოს და კვლავ სათავეში მოექცეს თუნდაც უმნიშვნელო აქციას. ეროვნულ მოძრაობაზე ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც ცეცხლითა და მახვილით ებრძოდნენ ყოველგვარ ეროვნულს. არ გამოუვათ სახეცვლილება, მათი თამაშის მანერები გაშიფრულია, აღარავინ აჰყვება ცხვრის ტყავში გახვეულ მგელს.

ასე რომ, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს მინდა ვუთხრა, რომ ამდენ ბჭობას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, წლის ბოლოს დღევანდელი ხელისუფლება სერიოზულ «ჯანყს» მიიღებს, შეუსრულებელი დაპირებებისა და უნიათობის გამო, რასაც ისინი დღემდე ამჟღავნებენ.

_ ბატონო თემურ, «ნაციონალების» მხრიდან ეროვნულ მოძრაობაზე ყურადღების გამახვილების პროვოცირება ახალი ხელისუფლების ქმედებებმა ხომ არ მოახდინეს?

_ შესაძლებელია, რომ გარკვეულწილად ასეც იყოს. ივანიშვილის გუნდის მოსვლამ საზოგადოებაში დიდი მოლოდინები გააჩინა. მათ უხვად გასცეს დაპირებები და ბუნებრივია, წააწყდნენ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა არც ისე ადვილი აღმოჩნდა და ახალი ხელუსფლება უკმაყოფილო ხალხის წინ პირისპირ აღმოჩნდა. ჩვენმა საზოგადოებამ გამოიარა შოკური თერაპია, რომელიც ძალიან გაგრძელდა. მოხდა საზოგადოების პოლარიზება, მდიდრები უფრო გამდიდრდნენ და ღარიბები უფრო გაღარიბდნენ. ეს პროცესი თვალშისაცემი გახდა და, ბუნებრივია, რომ უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი თანდათანობით იზრდება. დღევანდელი ვითარება, შესაძლებელია, «პერესტროიკის» დასაწყისს შევადაროთ, როდესაც გორბაჩოვმა ციხიდან პოლიტპატიმრები გაათავისუფლა, გასაქანი მისცა სიტყვის თავისუფლებას. ხალხი გამოთქვამდა თავის კრიტიკულ მოსაზრებას, მაგრამ პასუხი არსაიდან იყო. დღესაც დაახლოებით ასეა: პასუხები არ ჩანს, ხელისუფლება თვითიზოლაციის გზას ადგას და ამაოდ ველოდებით პასუხს. გარდა ტრაფარეტული ფრაზებისა, მაგალითად, როგორიც არის საქართველოს ერთიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ მიმზიდველნი აფხაზებისთვის და ოსებისთვის, რაც, უკვე 20 წელიწადია, უცხოელი მრჩევლებისგან გვესმის და რაც რეალობისგან დღესდღეობით მეტისმეტად მოწყვეტილია, პრაქტიკულად, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური პრობლემა საწყისი წერტილიდან არ დაძრულა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მკაფიოდ განსაზღვრული, კონცეპტუალური გეგმა ახალ ხელისუფლებას არ გააჩნია არც ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებთ და არც  ფუნდამენტალურად განსაზღვრული ჩვენი ადგილი არ გვაქვს მსოფლიოში. საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად ნატოში უნდა შევიდეთ, სადაც ჩვენთვის რატომღაც ჩინური კედელია აღმართული და არამც და არამც კარს არ გვიღებენ, სისულელედ მიმაჩნია, რადგან, უკვე 20 წელიწადია, ამ კარზე  ვაკაკუნებთ, მხრებითა და წიხლებით ვცდილობთ ამ კარის შემტვრევას, მაგრამ არავინ იქ კეთილი მასპინძლის როლში არ გვხვდება და ძალზე საეჭვოა, რომ ეს იდეა განხორციელდეს. ალბათ, მალე ნატოც დაიშლება, მოგეხსენებათ, ამქვეყნად მარადიული არაფერია. 20-იანი წლების ქართველებმა, იმჟამინდელმა ინტელექტუალურმა ელიტამ თვალნათლივ დაინახა, რომ ევროპა, როგორც იდეა, მოკვდა; ევროპას აღარ აქვს გასასესხებელი იდეები, ასე რომ, ჩვენ ვერაფერს ავიღებთ კრიზისულ ცნობიერებაში მყოფი ევროპიდან. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული საზოგადოება საკმაოდ ობიექტურად აფასებდა საერთაშორისო მდგომარეობას, ჩვენს ადგილს, ჩვენს დამოკიდებულებას ევროპასთან. შემდეგ უკვე ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძის თაობებმა დაგვიტოვეს მკაფიო ჩამოყალიბებული თვალაზრისი, კონცეფცია, თუ რამ შეიძლება გადაარჩინოს ქართველი ხალხი. მადლობა ღმერთს, ქართველ ხალხში არსებობს შინაგანი რესურსები იმისათვის, რომ შევძლოთ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ. სამწუხაროდ, «პოლიტიკური ელიტა» მე-19 საუკუნის აზროვნების სიღრმეებს ძალიან ჩამორჩება, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ის არ დგას 21-ე საუკუნის სიმაღლეზე. მინდა ავღანეთში ჩვენი ჯარების მონაწილეობაზეც ორი სიტყვა ვთქვა, რადგან ეს ჩვენს ისტორიაში, როგორც სამარცხვინო ფაქტი ისე დარჩება. მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორია ოკუპირებულია უცხო ძალების მიერ, თავად ოკუპანტის როლში გამოდიხარ?! ეს პარადოქსია. თქვენი შეკითხვის პასუხამდე მივდივარ, ასეთმა თემებმა, რაზეც ვილაპარაკე, და ამ თემების გარშემო დასმულ შეკითხვებზე პასუხგაუცემლობამ უბიძგა საზოგადოების ნაწილს, 19 აპრილის აქციაში მიეღო მონაწილეობა. ვიმეორებ, წლის ბოლოს არა «ნაციონალების» მხრიდან, არამედ საზოგადოება ახალი ხელისუფლების მისამართით თავის კრიტიკულ მოსაზრებას აუცილებლად გამოხატავს.

_ პოლიტიკის დასავლური ვექტორით დაკავებულნი არიან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო კომიტეტები, სპეციალურად შექმნილი სამინისტროები, ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, ხოლო აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობებისთვის არსებობს მხოლოდ რეინტეგრაციის სამინისტრო. საკმარისია თუ არა ერთი სამინისტროს და თუნდაც მინისტრის რანგი ამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე წარმატების მისაღწევად?

_ ცხადია, ერთი სამინისტრო და ერთი მინისტრი საკმარისი არ არის, რომ კონცეპტუალურად შეისწავლოს, ჩამოაყალიბოს პრობლემა და კოცენტრირება საქართველოს გაერთიანებისკენ მიმართოს. ერთიანი საქართველო, გაერთიანებული საქართველო _ ეს ჩვენი საზოგადოების უმთავრესი მიმართულება უნდა იყოს. სამწუხაროდ, ასეთი სწრაფვა არც საზოგადოებაში იგრძნობა და არც «პოლიტიკურ ელიტაში».

ხშირად პოლიტიკოსებს უყვართ ხალხისკენ თითის გაშვერა, რაც აბსოლიტურად ამორალურ საქციელად მიმაჩნია, აპელირება ხალხზე უმსგავსობაა, პრემიერსაც უყვარს იმის თქმა, რომ «საზოგადოება მოუმწიფებელია». მოდით ასე ვთქვათ: «პოლიტიკურმა ელიტამ» მოთხოვოს  მომწიფება თავის თავს და მერე მოთხოვოს ხალხს. მინდა გავიხსენო ნაპოლეონი, რომელიც ხშირად ახსენებდა ცხვრის ფარას, რომელსაც ლომი ედგა სათავეში, და უპირისპირდებოდა ლომების ჯოგს, რომელსაც ცხვარი ედგა სათავეში. მათი შერკინებისას იმარჯვებს ცხვრის ფარა, რომელსაც წინ მიუძღვის ლომი. ჩვენ ლომები არ გვყავს ხელისუფლების სათავეში. პოლიტიკანებს უყვართ ლაპარაკი რიგით ადამიანებზე, საიდანაც საკუთარ თავს გამოყოფენ ხოლმე, ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ზეგარდმო სიბრძნეს ფლობენ, რომ მათ ხელეწიფებათ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ეს ასე არ არის, პრობლემის არსი საძიებელია იმაში, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური ელიტა, ჩვენ საოცრად გონებაშეზღუდული ხელისუფლება გვყავს, მათ ელემენტარული ცოდნა არ გააჩნიათ, ისინი საკუთარი თავს ვერ ცნობენ და ზედმეტია წინაპრების გამოცდილების ცოდნაზე საუბარი. დიტერ ბოდენისკენ და კიდევ ვიღაცებთან მისასვლელ გზას ხელის ცეცებით დავეძებთ, მაშინ, როდესაც ჩვენი ეროვნული გონი ფლობს საიმისო ცოდნას. თუ ასე დეტალურად მივუდგებით საკითხს, ცხადია, ერთი სამინისტრო ვერაფერს შეძლებს.

_ გამოითქვა მოსაზრება, რომ აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, რუსეთთან, მათ შორის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან, ურთიერთობები რეალურად ავიყვანოთ სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლეს რანგში და ამ საქმისთვის გამოვიყენოთ პრეზიდენტის პოსტი, რომელიც მალე გამოთავისუფლდება, ანუ ახალ პრეზიდენტს კანონმდებლობით უნდა დაევალოს ამ მიმართულებით არსებული პრობლემის გადაწყვეტა.

_ ის წარმოდგენა პრეზიდენტზე, რომელიც ახალი კანონმდებლობით მკვიდრდება, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს პრეზიდენტი არარაობა. ამის ფუფუნება ნამდვოლად არ გვაქვს, ჩვენ უნდა გვყავდეს ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, რომელიც თავისი პოლიტიკური წონით არ იყოს ისეთი, როგორც აშშ-ში უწოდებენ პოლიტოლოგები მეფე-პრეზიდენტს, ისეთი, როგორიც სააკაშვილი იყო, ანომალიური მოვლენა. საქართველოში ადამიანი, რომელიც იქნება აღჭურვილი პრეზიდენტის უფლებამოსილებით, უნდა იყოს პიროვნება, რომელიც  პრეზიდენტის პოსტს შეავსებს და არა პირიქით. საქართველოს უნდა ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც წარსდგება ხალხის წინაშე, რომელიც შეაკავებს პოლიტიკანების ამბიციებს. ის უნდა იყოს რეალური გარანტი საქართველოს ერთიანობის, პრეზიდენტის საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება. პრეზიდენტი უნდა იყოს ერთიანი საქართველოს ისტორიული ამოცანის აღმასრულებელი, ეროვნული განათლების მამა. ვიღაცამ შეიძლება გაიცინოს და თქვას, რომ ასეთი დიმიტრია გელოვანიო, მაგრამ ჩვენ გვყავს ასეთი დიმიტრი გელოვანები. ხალხს რაღაც პერიოდში შეუძლია, რომ იყოლიოს სულელი მმართველი, მაგრამ ჩვენ ახლა ამის ფუფუნება არ გვაქვს, ჩვენ გვჭირდება მმართველი, რომელიც ანთებული ლამპრით უკან კი არ დაგვედევნება, არამედ თავად გაგვინათებს გზას. ვეთანხმები ივანიშვილს, როდესაც ამბობს, რომ მომძლავრდნენ მედროვენიო, ეს დღევანდელი პრობლემა არ არის, მედროვენი მართლაც მომრავლდნენ და ეს მის გუნდში განსაკუთრებით შეიმჩნევა.

დღეს ძალიან ძნელია, იყო ლიდერი, საქართველოს ჰყავდა შვილები, რომელთაც ამის ძალა შესწევდათ, საწყენად ნუ მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ეს უნდა ითქვას: 1990 წლის არჩევნებში ბატონი ბიძინა, თავისი ფინანსურ-საქველმოქმედო შესაძლებლობების მიუხედავად, კატასტროფულად დამარცხდებოდა. 

_ ბატონო თემურ, ახლა ცოტას კონტექსტიდან ამოვვარდები, რადგან დიდი ხანია, თქვენთან აღარ მისაუბრია და გკითხავთ: იყო თუ არა შეცდომა საქართველოს ხელისუფლების მხრდიდან ჩერქეზთა გენოციდის აღიარება?

_ ვფიქრობ, ეს ფაქტი პოლიტიკურ კონტექსტში ვერ თავსდება. შესაძლებელია, «გულკეთილი» იყო, მაგრამ უნდა განსაზღვრო, რა არის საჭირო შენი ქვეყნისთვის. შესაძლებელია, ვიღაცას გული შესტკიოდა ჩერქეზ ხალხზე, მაგრამ სახელმწიფოს ინტერესები უზენაესია. სანამ ჩერქეზთა გენოციდს გავიხსენებთ, გავიხსენოთ, ის რაც აღმოსავლელმა მეზობლებმა ჩვენს ხალხს მოუწყვეს _ შაჰების ირანმა, სულთნების ოსმალეთმა. მე-12 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე 12 მილიონი ქართველია სტამბულის ბაზარზე გაყიდული; ეთნიკური წმენდა, ძალმომრეობა, ის, რაც მოაწყვეს აღმოსავლურმა იმპერიებმა ქართველი ხალხის ამოსაძირკვად. გავიხსენოთ ხოლმე ასეთი ისტორიული ფაქტები და ჩვენი ქვეყნისთვის დედინაცვლის როლში არ აღმოვჩნდებით.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here