Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის მესამე მსოფლიო ომი

მიხეილ სააკაშვილის მესამე მსოფლიო ომი

1296

აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაკითხვის მოლოდინში მიხეილ სააკაშვილი საინტერესო მოგონებებს გვიზიარებს. მართალია, «ნაციონალური მოძრაობის» ბელადის აუდიტორია ძალიან შეთხელებულია და მის განცხადებებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ, მაგრამ ყურადღების გამახვილება იმაზე, რაც მან ამას წინათ «რუსთავი 2»-ის ეთერში თქვა, ნამდვილად ღირს. სააკაშვილი 2008 წლის ომის ერთერთ ყველაზე ბუნდოვან ეპიზოდებს შეეხო და, თითქოს შემთხვევით, საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. რა მიზნის მიღწევას ცდილობდა სააკაშვილი ამ ტელემემუარების გავრცელებით და რა გავლენას მოახდენს ისინი მის მომავალზე?

 

რად გადააქცია წყალი დიკ ჩეინიმ?

რამდენიმე ციტატა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან (სტილი დაცულია, ამ შემთხვევაში ეს აუცილებელია) ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ის გადაცემა «პოზიციაში»: «2008 წელს, აბა, რამ გადაგვარჩინა, სხვასთან ერთად? ის მეექვსე ფლოტი ამერიკის არ იყო? მართლა წყლის ჩამოსატანად ხომ არ ჩამოსულა, ხო?». «მითხრა, სხვათა შორის, ჩეინიმ, კიდევ ერთხელ ეხლა ვნახე, იქ ამერიკაში, და დამიდასტურა, რომ ჩვენ ვაპირებდით, ვიხილავდით სერიოზულად როკის გვირაბის დაბომბვას. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს”. «ამერიკის ხელმძღვანელობის შიგნით და ეს იყო რონ ასმუსის წიგნიც, რომელიც ინსაიდერია, იმიტომ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, ის წერს, რომ ის იხილავდა იქ (?). და ჩეინის რომ ვკითხე, როგორც ვიხსენებო, ალბათ, ასეაო და მე ვუთხარი, თუ შეიძლება, მაშინ კარგად გაიხსენეთ კიდევ და კარგი იქნება, რომ მემუარებში ან სადმე საჯაროდ ახსენოთ». «როცა ჯორჯ ბუში დაბრუნდა იქიდან, პეკინიდან… დამირეკა თვითონ, მანამდე ორჯერ ველაპარაკე, მაგრამ ეს არის ის პერიოდი, გზიდან, თვითმფრინავიდან დამირეკა, თუ არ ვცდები და მერე უკვე… მაგრამ ყოველთვის ისე მირეკავდა _ მაგრად დადექი, მიშა, ყოჩაღ, მიდით, უფრო სწორად, გამხნევდით, არ ჩამყაროთ ხელები, მარა ისე, მორალური ზოგადი მხარდაჭერა, არაფერი კონკრეტული». «ბუში მირეკავს და მეუბნება: აბა, როგორა ხარ, მიშა? მთლად კარგად, ალბათ, ვერაო, _ პირველად მეუბნება თვითონ… მე ვუთხარი, მე როგორ ვარ, ძვირფასო პრეზიდენტო, ამას არანაირი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მე შეიძლება ხვალ აღარ ვიყო, მაგრამ თქვენ არ უნდა იყოთ კარგად, მე ასე მგონია, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა მამათქვენის პრეზიდენტობის დროს, თქვენი პრეზიდენტობის დროს დღეს თბილისში დაძრული ჯარი თუ შემოვიდა, საბჭოთა კავშირი ისევ აღდგება. და როგორ ჩაიწერებით ისტორიაში, ამაზე რატომ არ ფიქრობთ? რაზეც მითხრა, მოიცა, მოიცა, დამაცადე ახლა, აი ახლა, ნახავ, მე ახლა მივდივარ, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში გვაქვს თათბირი, ლენგლიში, იქ ბუნკერში სადღაც, იქ იყო გეითსი, კონდი, გამოვიდა და ამის პარალელურად დაძრეს მეექვსე ფლოტი. თურქებმა უთხრეს, რომლებიც, პრინციპში, თანამშრომლობდნენ ჩვენთან, მაგრამ უთხრეს, რომ ისე ჩქარა ვერ გავატარებთ, იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო კონვენციებია ბოსფორში გატარება. მეექვსე ფლოტის უფროსმა, რომელსაც მე შევხვდი შემდეგ, არაერთხელ მითხრა, რომ ჩვენ ვუთხარით რომ, რომც  დოკუმენტები არ გვქონდეს, მაინც გავივლით. თითოეულ ამ სარაკეტო იმას, ჰქონდა საკმარისი რაკეტები რომ ყველა რუსული თვითმფრინავი ჩამოეყარა და უფრენი ზონა შეექმნა საქართველოს თავზე. და მითხრა მე ჩეინიმ, რომელიც ჩამოვიდა მერე, შენ ხომ იცი, რომ ამ იმაზე სასმელი წყალი არ ყოფილა და მართლა არ ყოფილა. ყველაზე, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე კრეისერი გამოაგზავნეს, პირველი სარაკეტო კრეისერი რომელიც არის, რომელიც ერთი აჯობებდა მართლა, ყოველ შემთხვევაში, საჰაერო ძალებს და ფლოტს რუსეთის ნამდვილად. მერე რუმინეთში საჰაერო ბაზაზე გადმოფრინდა, თუ არ ვცდები, 26 «ფ-16», ეგრევე, თურქეთის ბაზა მოიყვანეს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, უზარმაზარი ბაზა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპაში, ასე რომ… თურქეთის დიდი შენაერთებიც ამ ნატოს საერთო მზადყოფნის პონტში (??) იყვნენ მოყვანილნი მზადყოფნაში, რუსებისადმი სიგნალი იყო ასევე. ასე რომ, რუსებს ძალიან ნათლად უთხრეს, რომ მე ვფიქრობ, მაინც დაგვიანებით, ეხლა უკვე გავლებულია აქ წითელი ხაზი» (ციტატის დასასრული).

ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერ გამოსვლაში ძალიან რთულია ერთმანეთისგან ფაქტების, ვარაუდებისა და ფანტაზიის ნაყოფის გამიჯვნა, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებლად უნდა ვცადოთ, რადგან ფიგურანტი მიუახლოვდა (უპირველესად, მისთვის) სახიფათო ზღვარს და ამერიკელების როლი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში ერთობ ორაზროვნად წარმოაჩინა. ამ ნიადაგზე შეიძლება გაჩნდეს ვარაუდი, რომ მას ძალიან შეეშინდა პროკურატურის მიერ დაანონსებული დაკითხვის ან შესაძლო გასამართლების და გამორიცხული არაა, რომ თავისი «მემუარებით» ამერიკელ პარტნიორებს მიანიშნებს _ «მიშველეთ, თორემ თქვენ როლზე აგვისტოს ომში სკანდალურ ინფორმაციას გავავრცელებო» (მიუხედავად იმისა, სიმართლეს იტყვის თუ იცრუებს, 2008-ში მისი სტატუსიდან გამომდინარე, რეზონანსი და სკანდალი საკმაოდ დიდი იქნება). თუ ეს მართლა ასეა, ეს, ალბათ, ძალიან სულელური ჩანაფიქრი და საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანაა. ძია სემი, უბრალოდ, არ დაუშვებს, რომ მას ასე აშანტაჟებდნენ (თან ვინ?!). ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ფაქტები იმისთვის, რომ ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცოთ, რომ სააკაშვილმა ამ შემთხვევაში შანტაჟის ტაქტიკა აირჩია, მაგრამ ზოგიერთმა მონაკვეთმა მისი გამოსვლიდან შეიძლება სწორედ ამ ვერსიის განვითარებისკენ გვიბიძგოს.

სააკაშვილი უკავშირებს ამერიკული ძალების გადაადგილებას არა ჰუმანიტარულ, არამედ სამხედრო-პოლიტიკურ აქციას და ვითარებას აღწერს ისე, თითქოს საქმე ეხებოდეს კუნთების თამაშს კარიბის კრიზისის სტილში, რაც ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციას არსებითად ეწინააღმდეგება. აშშ უძლიერესი ზესახელმწიფოა და, როგორც წესი, არ ერიდება იმის დაფიქსირებას, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინა ან მოკავშირეს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, როდესაც ამას საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ოფიციალური ვერსიით, მან მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება მოგვაწოდა. სააკაშვილის განცხადება ამ პოზიციასთან წინააღმდეგობაში შედის, რაც ამერიკელებმა შეიძლება პირველ საგანგაშო სიგნალად ჩათვალონ.            

 «მართლა წყლის ჩამოსატანად ხომ არ ჩამოსულა, ხო?», «მითხრა მე ჩეინიმ, რომელიც ჩამოვიდა მერე, შენ ხომ იცი, რომ ამ იმაზე სასმელი წყალი არ ყოფილა» _ ეს ორი ფრაზა ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა: ა) ამერიკულმა ხომალდებმა ჩამოიტანეს შეიარაღება საქართველოსთვის; ბ) მათი რეალური მისია რუსეთისთვის ძალის დემონსტრირება იყო. საინტერესო მონაკვეთია «ამ იმაზე სასმელი წყალი არ ყოფილა», რომელსაც სააკაშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მიაწერს. ერთის მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ წყალი ნამდვილად იყო (ეს დაფიქსირებულია უამრავ განცხადებასა და რეპორტაჟში), მაგრამ სააკაშვილის მსმენელებს შეიძლება შეექმნას მყარი შთაბეჭდილება, რომ იქ წყლის ნაცვლად ან კიდევ წყალთან, როგორც ძალზე უმნიშვნელო ტვირთთან, ერთად, იყო რაღაც სხვა, საიდუმლო ტვირთი. ამ მონაკვეთში სააკაშვილი სახიფათო ზღვარს უახლოვდება და, შეიძლება ითქვას, ცეცხლს ეთამაშება.

2008 წლის 26 აგვისტოს «ბი-ბი-სი»-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თქვა: «ის, რასაც ამერიკელები ჰუმანიტარულ ტვირთს უწოდებენ, მათ, რა თქმა უნდა, იარაღი შემოაქვთ. ჩვენ არაფერს ვეწინააღმდეგებით». თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტონი ფრატომ უარყო მედვედევის ეს მოსაზრება და მას «შეუსაბამო» უწოდა. სააკაშვილის კომენტარები ისე ჟღერს, თითქოს ის, ამერიკულის საპირისპიროდ, მხარს რუსულ პოზიციას უჭერს და მედვედევის ნათქვამს ადასტურებს. ამერიკელებმა ეს შეიძლება კიდევ ერთ საგანგაშო სიგნალად განიხილონ. 

ბუში _ ბუნკერში და ესკადრა _ ბოსფორში

აშშ-ის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, განხილულ პერიოდში ბუშისა და სააკაშვილის სატელეფონო საუბარი სამჯერ _ 9, 11 და 13 აგვისტოს შედგა. სხვათა შორის, რუსმა კომენტატორებმა შეიძლება იოლად დაუკავშირონ რეპლიკა «მაგრად დადექი, მიშა, ყოჩაღ, მიდით, უფრო სწორად, გამხნევდით, არ ჩამყაროთ ხელები» ომის საწყის პერიოდს (ტექსტიდან ასეთი დასკვნის გამოტანაც შეიძლება) და განაცხადონ, რომ ბუში სააკაშვილს აქეზებდა, თუმცა აქ უფრო საინტერესო სხვა მომენტია: ერთი შეხედვით, სააკაშვილი 13 აგვისტოს საუბარს იხსენებს, ამაზე მიუთითებს რეპლიკა «მანამდე ორჯერ» და ის ფაქტი, რომ 13 აგვისტოს გაკეთდა განცხადება ჰუმანტარული ოპერაციის დაწყების თაობაზე და თავდაცვის მდივნის, რობერტ გეითსის, მითითების შესაბამისად, მასში აშშ-ის შეიარაღებული ძალები ჩაერთნენ («დაძრეს მეექვსე ფლოტი»), მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იმ დღეს აშშ-ის პირველი პირები არა თეთრ სახლში, როგორც ამაზე ოფიციალური ინფორმაცია მიუთითებს, არამედ ლენგლიში თათბირობდნენ (თან ბუნკერში, საუკეთესო კონსპიროლოგიურ ტრადიციებში). ოფიციალური ინფორმაციით, შტაბ-ბინას ლენგლიში ბუში 15 აგვისტოს ესტუმრა. ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი არიელ კოენი მაშინ ვარაუდობდა, რომ «აშშ-ის პრეზიდენტი გასცემს განკარგულებას, რომ ჩატარდეს შიდა მოკვლევა, მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს იმას, არის თუ არა სისტემური ჩავარდნები და როგორ მოიტანა აშშ-ის 15-წლიანმა პოლიტიკამ საქართველოში დღევანდელი შედეგები». მაგრამ 15 აგვისტოს თათბირს ლენგლიში კონდოლიზა რაისი ვერანაირად ვერ დაესწრებოდა (სააკაშვილის რეპლიკა: «ლენგლიში, იქ, ბუნკერში სადღაც, იქ იყო გეითსი, კონდი»), რადგან ფიზიკურად სხვა კონტინენტზე იმყოფებოდა _ ჯერ საფრანგეთში სარკოზის ხვდებოდა, შემდეგ საქართველოში _ სააკაშვილს. ამ ნიადაგზე შეიძლება გაჩნდეს სამი ვერსია: ორი უწყინარი და ერთი არც ისე უწყინარი: ა) სააკაშვილს ეშლება; ბ) კონდოლიზა რაისი თათბირს დისტანციურად შეუერთდა (ტექნიკურ დეტალებში ჩაღრმავების გარეშე რომ ვთქვათ, შედგა «სკაიპის» ზარის ტიპის კონტაქტი); გ) პერიოდში «ბუშის დაბრუნებიდან ფლოტის დაძვრამდე» მართლაც გაიმართა რაღაც საიდუმლო თათბირი ლენგლიში, რომელიც არანაირად არ ფიქსირდება ოფიციალურ ამერიკულ წყაროებში; ეს კი ბუნებრივად წარმოშობს კითხვას: ვინ ესწრებოდა მას და რა გადაწყვეტილებები მიიღეს? ასე იყო თუ ისე, ამერიკელები, სავარაუდოდ, დაფიქრდებიან იმაზე, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს სააკაშვილი თავის შემდგომ ვარიაციებში ამ თემაზე.

ცალკე ნონსენსია სააკაშვილის მონაყოლი მეექვსე ფლოტის სარდლის ულტიმატიურ დიალოგებზე თურქებთან: «ჩვენ ვუთხარით, რომ რომც  დოკუმენტები არ გვქონდეს, მაინც გავივლით». სხვათა შორის, სწორედ იმ პერიოდში შეიცვალა მეექვსე ფლოტის სარდალი, ჯეიმს ვინეფელდის ადგილი ბრიუს კლინგანმა დაიკავა («სტარს ენდ სტრიპეს» 2008 წლის 12 აგვისტოს ინფორმაციით, ვინეფელდმა თანამდებობა 11 აგვისტოს დატოვა, ამიტომ, ალბათ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ჰიპოთეტურ დებატებში თურქებთან კლინგანი შევიდა). სააკაშვილის მონათხრობს თუ დავეყრდნობით, გამოდის, რომ იმ დროს, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი აწარმოებდა ოფიციალურად დადასტურებულ კონსულტაციებს თურქეთის ხელისუფლებასთან ხომალდების გატარებაზე (ომი ამ დროისთვის უკვე დასრულებული იყო, ხოლო სამშვიდობო შეთანხმება _ ხელმოწერილი), რაც დასრულდა იმით, რომ თურქებმა გაატარეს «მაკფოლი», «დალასი» და «მაუნტ უიტნი», მაგრამ არ გაატარეს «მერსი» და «კომფორტი», რომელთა პარამეტრები აღემატებოდა მონტრეს კონვენციით დადგენილ ლიმიტს (სხვათა შორის, არც ერთი ჩამოთვლილი ხომალდი სარაკეტო კრეისერი არ არის, თუმცა, როგორც ცნობილია, სააკაშვილს მსგავსი ნიუანსების არაფერი გაეგება, ალბათ, ჯობდა ისევ «სარაკეტო ის» ეთქვა), ამერიკელი ადმირალი აპირებდა, ფეხებზე დაეკიდებინა კონვენცია და მოეხდინა გარღვევა შავ ზღვაში პირველი მსოფლიო ომის სტილში?! ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სკანდალური შინაარსის განცხადება თურქებს ან ამერიკელებს მოეწონათ; ვერ გამოვრიცხავთ, რომ ვაშინგტონსა და ანკარაში სერიოზულად დაფიქრდნენ, თუ რა შეიძლება თქვას ფიგურანტმა შემდეგ ჯერზე.

კონტუზია ხომ არ მიიღო?

რაც შეეხება თათბირს, სადაც როკის გვირაბის დაბომბვა განიხილებოდა, ის, როგორც ჩანს, მართლაც გაიმართა. რონალდ ასმუსის წიგნის თანახმად, ეს 11 აგვისტოს მოხდა; მასში ბუში და ჩეინი მონაწილეობდნენ, ხოლო საკითხის განხილვის ინიციატორი სტივ ჰედლი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) იყო. ასმუსი წერს, რომ ჰედლი მიიჩნევდა, რომ სამხედრო მოქმედებები მეტად სარისკო იქნებოდა, მაგრამ მან მაინც წამოაყენა ეს საკითხი 11 აგვისტოს შეხვედრაზე ბუშთან, ჩეინისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან, რათა გამოეწვია «ღია განხილვა და აეძულებინა ჩეინი და სხვები, პროტოკოლისთვის განცხადებები გაეკეთებინათ». ასმუსი წერს, რომ თათბირზე «როკის გვირაბის დაბომბვა და გადაკეტვა» და «სხვა წერტილოვანი დარტყმები» განიხილებოდა. მოგვიანებით, «პოლიტიკო»-სთან საუბარში ჰედლიმ თქვა, რომ «იყო მსჯელობა თემაზე «შეიძლება თუ არ განვიხილოთ სამხედრო მოქმედება ჩვენი მიზნების მიღწევისთვის?» და «საერთო აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ეს მიმზიდველი ვარიანტი არ არის… ყოველივე ეს ძალიან შორს ხდებოდა და რუსეთთან პირდაპირ სამხედრო შეტაკებაში გადაიზრდებოდა». იმას, რომ ძალისმიერ ვარიანტს მხარი არავინ დაუჭირა, თავის ინტერვიუებში ასმუსიც ადასტურებდა.

კონდოლიზა რაისი თავის მემუარებში ამ თათბირს ასე აღწერს: «შეხვედრა, ცოტა არ იყოს, რთულად სამართავი იყო. ბევრი რუსების გამო გულში მჯიღს იცემდა. ერთ მომენტში სტივ ჰედლი ჩაერია, რასაც ის იშვიათად აკეთებდა ხოლმე. ამ დროს იმაზე ლაპარაკობდნენ, თუ რით შეიძლება დაიმუქროს აშშ. «ერთი შეკითხვა მინდა დავსვა, _ თქვა ჰედლიმ თავშეკავებით, _ მზად ვართ იმისთვის, რომ საქართველოს გამო რუსეთს ვეომოთ?». ხმაური ჩაწყნარდა და მან ადგილი დაუთმო კონსტრუქციულ საუბარს იმაზე, თუ რის გაკეთება შეგვეძლო რეალურად».

დიკ ჩეინი (სააკაშვილის მიხედვით) ამ თათბირს ძნელად იხსენებს. უარყოფა არ შეუძლია, რადგან მსჯელობა ამ თემაზე ასახულია არა მხოლოდ მემუარებში, არამედ პროტოკოლშიც (რისთვისაც, სავარაუდოდ, წამოწია საკითხი ჰედლიმ), მაგრამ რა უნდა უთხრას რესპუბლიკელ ამომრჩეველს და სრულიად ამერიკას «საჯაროდ» ჩეინიმ, როგორც ამას სააკაშვილი მოითხოვს? რომ ადმინისტრაცია იხილავდა რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციის ვარიანტს და მასზე უარი თქვა? და რა აზრი აქვს ამას? რა მოტივებიდან გამომდინარე უნდა აკეთოს ჩეინიმ მსგავსი განცხადებები? იმისთვის, რომ ირიბად გაამყაროს სააკაშვილის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ქმედითი სამხედრო დახმარების აღმოჩენა რეალური იყო? ამ დადასტურებიდან ორი ნაბიჯი დარჩება იმის მტკიცებამდე, რომ ჩეინი და მისი თანაგუნდელები ქართველ პარტნიორებს ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე აიმედებდნენ. ამ შემთხვევაში სააკაშვილის მიახლოება საშიშ, ამერიკელებისთვის არასასურველ ზღვართან არც ისე თვალსაჩინოა, თუმცა, შესაძლოა, ადგილი მას ამ შემთხვევაშიც აქვს. 

საერთოდ, სააკაშვილის ინტერვიუს ზოგიერთმა მონაკვეთმა როგორც ადგილობრივ, ისე დაინტერესებულ უცხოელ მკითხველს შეიძლება შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ ის, უბრალოდ, ფსიქიურად დაავადებულია. ფრაზა «ძალიან ვწუხვარ, რომ ეს (დამომბვის) გადაწყვეტილება არ მიიღეს», სხვა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას ნაკლებად ტოვებს. მესამე მსოფლიო ომი უნდოდა? სერიოზულად? აშშ-რუსეთის სამხედრო შეჯახება საქართველოში, რომლის შემდეგ აქ ქვა ქვაზე არ დარჩებოდა? გასაგებია, რომ სააკაშვილის  წარმოსახვაში ამერიკულ ხომალდს (1 ც.) მთელი რუსული ფლოტისა და ავიაციის (გაუგებარია, რატომ გამოტოვა სახმელეთო ძალები) განადგურება შეუძლია, მაგრამ, საინტერესოა, სმენია თუ არა მას რაიმე ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესახებ და წარმოუდგენია თუ არა, რა შედეგს მოიტანდა მისი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე? თუ იმის იმედად უნდა ვყოფილიყავით, რომ რუსები ურალამდე გაიქცეოდნენ, მას შემდეგ, რაც ამერიკული ავიაცია როკის გვირაბზე იერიშს მიიტანდა? რაზე ფიქრობდა, რისი იმედი ჰქონდა? შესაძლოა, მას მართლა ეგონა, რომ ჩვენი გულისთვის აშშ რუსეთთან ომს დაიწყებდა. საბრალო მიშა, უბედური საქართველო!

თუმცა ბელეტრისტიკა გვერდზე გადავდოთ და შევეცადოთ, მოკლე დასკვნა ჩამოვაყალიბოთ. ფაქტები შემდეგია: მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაკითხვა და, შესაძლოა, გასამართლება დაემუქრა, სააკაშვილი ადგა, ტელევიზიაში მივიდა და დაიწყო ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ოფიციალურ ამერიკულ ვერსიას ეწინააღმდეგება, რაც აქამდე აზრადაც არ მოსვლია და რაღაც ორაზროვანი მინიშნებებიც გააკეთა. ამ ნიადაგზე, ვაშინგტონში შეიძლება გაჩნდეს ვარაუდი, რომ საფრთხის მოახლოებასთან ერთად, კუთხეში მიმწყვდეულმა სააკაშვილმა შეიძლება უარესი რამ თქვას, მაგალითად ის, რომ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციისკენ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი გუნდი უბიძგებდნენ. ეს კი თეთრ სახლს (მიუხედავად იმისა, თუ ვინ ზის ოვალურ კაბინეტში) არანაირად ხელს არ აძლევს.

და ბოლოს, ორი წინადადება ეპილოგის ნაცვლად: ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს არასოდეს ჩაუტარებია ოპერაციები, რომელთა მიზანს ამა თუ იმ უცხოელი პოლიტიკოსის გარანტირებული გაჩუმება წარმოადგენდა. საინტერესოა, შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს, მშვიდად იძინოს ამ გარემოების გათვალისწინებით?!

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here