Home რუბრიკები საზოგადოება ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის შესახებ

ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის შესახებ

898

საბაზრო ურთიერთობათა პირობებში მნიშვნელოვნად იცვლება სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა და ფერმერთა ორიენტაცია, მათი დამოკიდებულება და მოტივაცია ეკონომიკურ მექანიზმსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რაც   მოითხოვს ახლებურ აზროვნებას და კადრების კვალიფიკაციის სისტემატიურ ამაღლებას, სწავლების უწყვეტი ციკლის დამკვიდრების თვალსაზრისით. უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა იმის საშიშროება, რომ სოფლის მეურნეობას, მისი გაძღოლის მთელ სისტემას ეცლება მეცნიერული საფუძვლები, თითქმის გაწყდა კავშირი მეცნიერებასა და სასოფლოსამეურნეო პრაქტიკას შორის. ამას ემატება ისიც, რომ მოიშალა სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა და ფერმერთა აღზრდის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა. აქედან გამომდინარე, აქტუალური ხდება საკითხი ფერმერთა და სპეციალისტთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.


ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მდიდარი გამოცდილება გააჩნია. აკადემიის საერთო კოორდინაციითა და ხელმძღვანელობით 1997 წლიდან 7-8 წლის განმავლობაში საქართველოს ბიზნესის ორგანიზაციისა და ტექნოლოგიის სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებდა ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სწავლებაში ჩართული იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში  შემავალი ყველა დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელთა მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი ამ პროცესში. მათ შედგენილი ჰქონდათ სპეციფიკური სასწავლო პროგრამები, რომელთა მიხედვითაც ტარდებოდა სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობები.

აღნიშნული გამოცდილება წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ ამჟამადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და თანადგომით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ახლადჩამოყალიბებულ ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრში.

ეს საკითხი განსაკუთრებული აქტუალობით დგება იმის გამოც, რომ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში უკვე თითქმის აღარ ისწავლება აგროტექნიკაზე, ზოოტექნიკაზე, აგროინჟინერიაზე, აგრარულ ეკონომიკასა და ბიზნესზე წმინდად ორიენტირებული ტრადიციული დისციპლინები და ის საგნები, რომლებიც აუცილებლად სჭირდება დღევანდელ ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს.

ფერმერთა და სპეციალისტთა მომზადება-გადამზადებითი ფორმის სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება, რაც უწყვეტი სწავლების პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს, სრულიად ახლებურ, მომავალზე ორიენტირებულ მიდგომებს, ფორმებსა და მეთოდებს უნდა ეყრდნობოდეს.

სწავლების აღნიშნული სისტემა უნდა მოიცავდეს თეორიულ-მეთოდოლოგიურ, დარგობრივ, რეგიონულ, ტექნიკურ-ტექნოლოგიურ, საინფორმაციო, ინფრასტრუქტურულ, ბიზნესური ეკონომიკისა და სამართალმცოდნეობის ასპექტებს.

ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის მიზანი უნდა იყოს:

_ სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე და მუშაობის მსურველ სპეციალისტთა და ფერმერთა მრავალმხრივი მომზადება და კვალიფიკაციის სისტემატიური ამაღლება, რომელიც დაეყრდნობა მომავალზე ორიენტირებულ, უწყვეტი სწავლების პრინციპებზე აგებული და ინფორმაციული ტექნოლოგიებით გაჯერებული სწავლების ფორმებსა და მეთოდებს, დარგობრივ-რეგიონულ მეცნიერულ-ტექნოლოგიურ საფუძვლებს, გრძელვადიან მარკეტინგულ სტრატეგიას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა მიერ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და დანერგვას, ეკონომიკური მექანიზმის სწორად გამოყენებას და ამ გზით წარმოების მდგრად განვითარებასა და პროდუქციის წარმოების მნიშვნელოვან და დინამიურ ზრდას, მთელი აგრარული სექტორის ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცებას.

ცენტრის ძირითადი სასწავლო მიზნები და ამოცანები:

_ სწავლების უწყვეტი პრინციპების შესაბამისად, ახლებური, პროგრესული ფორმებისა და მეთოდების შემოღება და დანერგვა;

_ ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სახელმძღვანელოებისა და ნორმატიულ-საცნობარო კრებულების პერიოდული გამოცემა;

_ ცალკეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით აგროწესების კრებულების მომზადება და გამოცემა;

_ სოფლად მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტთა ფართო ფენის მომზადება და კვალიფიკაციის სისტემატიური ამაღლება;

_ საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო-რესურსული და ეკონომიკური პოტენციალის რაციონალური გამოყენება, მისი დონისა და ეფექტიანობის ამაღლება;

_ სოფლის მეურნეობის მტკიცე საწაროო-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული ბაზის შექმნა და მისი მიზნობრივი და რაციონალური გამოყენება;

_ თითოეული რეგიონის ბუნებრივ-ეკონომიკური პირობების ურთიერთშეწონასწორებული გამოყენება;

_ მთიანი რეგიონების საწარმოო პოტენციალის გამოყენების გაუმჯობესება ბარის რეგიონებთან ინტეგრაციის გზით.

სწავლების ფორმა და თემატური მიდგომა:

ცენტრში შეიძლება შემოღებული იყოს როგორც 3-თვიანი (წელიწადში 2 შეკრება), ისე 6-თვიანი სწავლების ფორმა, სახელმწიფო დაფინანსების საფუძველზე. ცენტრის მსმენელები, დასწრებული სწავლების ფორმით, შეისწავლიან ისეთ დისციპლინებს, რომლებიც უკავშირდება სოფლის მეურნეობის ტექნიკურ-ტექნოლოგიურ კომპლექსს, პროდუქციის გადამუშავების სისტემას, სოფლის მეურნეობის რაციონალიზაციას, მენეჯმენტს, მარკეტინგს, დარგობრივ-რეგიონულ საწარმოო-რესურსულ პოტენციალს, ინფრასტრუქტურას, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.

კვლევითი და საგანმანათლებლო-მეთოდური საქმიანობა:

პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერ-თანამშრომლები (ფერმერებთან და სპეციალისტებთან შესაძლო ურთიერთკოორდინაციით) ცენტრში დაამუშავებენ სანიმუშო, სხვადასხვა ეკონომიკურ-ორგანიზაციული და საწარმოო-ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო პრაქტიკულ პროექტებს (შესაძლოა, მათი მიზნობრივად დანერგვა). მოამზადებენ სახელმძღვანელოებს, პრაქტიკულ რეკომენდაციებს, მეთოდურ მითითებებს, ჩაატარებენ სადისკუსიო შეხვედრებს და კონფერენციებს.

მეცნიერული და გამოყენებითი საშუალებებით უზრუნველყოფა:

პროგრესული ხედვის შესაბამისად, ცენტრში უნდა შედგეს სასოფლო-სამეურნეო და სარეველა მცენარეთა ჰერბარიუმი (რაც ამჟამად, ალბათ, აღარც კი არსებობს), ნიადაგების, სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებების, სამექანიზაციო აგრეგატებისა და სხვა სპეციფიკის მუზეუმები, საგანგებო ბიბლიოთეკა, კინოთეკა, კომპიუტერული კლასი.

ცენტრს უნდა ჰქონდეს აგროტექნიკური, ზოოტექნიკური და ეკონომიკურ-ორგანიზაციული ხასიათის მონაცემთა ბანკი, ცენტრმა უნდა გამოსცეს საგანგებო მრავალტომეული _ «აგრარული მეცნიერების საგანძური» ასეთი ხასიათის გამოცემა საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა.

ორგანიზაციული უზრუნველყოფა:

ფერმერთა და სპეციალისტთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება:

_ მისი მმართველობითი სტრუქტურის დამუშავება და კადრებით დაკომპლექტება;

_ სასწავლო პროგრამების შედგენა და სპეციფიკური ჯგუფებისთვის განაწილება;

_ პედაგოგიური პერსონალის შერჩევა და განაწილება;

_ სასწავლო ბაზის შერჩევა-მოწყობა და აუდიტორიების თანამედროვე ტექნიკური და ინფორმაციული ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვა;

_ ინტერნეტის ქსელის შექმნა და მისი ადმინისტრირება.

ცენტრი იქნება პროგრესულ საფუძვლებზე აგებული, მეცნიერებისა და წარმოების დამაკავშირებელი და ურთიერთშეწონასწორებული ინტეგრირებული ფორმა, რომელმაც დიდი წვლილი უნდა შეიტანოს აგრარული მეცნიერების განვითარებაში, სწავლების ახლებური სისტემის დანერგვაში, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიციური ფენის მომზადებაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მოდერნიზაციაში და ღრმა კვალი უნდა დაამჩნიოს მას, ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცებას.

გივი ჯაფარიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი _ აკადემიკოსმდივანი, აკადემიკოსი;

ომარ ქეშელაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;

ალექსანდრე ჯაფარიძე, ეკონომიკის მაგისტრი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here