Home რუბრიკები საზოგადოება ზუგდიდში მცხოვრებ დევნილთა ჯგუფებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ თავიანთი კანდიდატურების გაყვანა სურთ

ზუგდიდში მცხოვრებ დევნილთა ჯგუფებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ თავიანთი კანდიდატურების გაყვანა სურთ

546

ზუგდიდში ჩასახლებული დევნილები ძალზე «მნიშვნელოვანი» საქმით არიან დაკავებულნი. ამჟამად რამდენიმე ჯგუფი იმისათვის იბრძვის, რომ როგორმე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გამოთავისუფლებულ «პოსტზე» თავისი კანდიდატურა გაიყვანოს.


დევნილები იმდენ ჯგუფად არიან დაყოფილნი, რამდენი კანდიდატურაცაა წარდგენილი: «ქართული ოცნების» პოლიტსაბჭოს წევრ დავით ფაცაციას, აფხაზეთის მთავრობის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრ დალილა ხორავას, შევარდნაძის ხელისუფლების შინაგანი ჯარის ყოფილ სარდალ გია შერვაშიძის, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას მომხრეები და მხარდამჭერები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საპროტესტო აქციებს, ბრიფინგებსა და შეხვედრებს მართავენ, აგროვებენ ხელმოწერებს, რათა თავიანთ კანდიდატურებს  ხელი შეუწყონ, დაიკავონ ეს თანამდებობა. თუ რამდენად გამოადგება ამ კანდიდატებს მათი მომხრეების მხარდაჭერა, ძნელი სათქმელია, თუმცა ყოველივე ეს დევნილებში იწვევს უთანხმოებას, განხეთქილებას და დაპირისპირებას, განსაკუთრებით ის დევნილები ღიზიანდებიან, რომლებიც საერთოდ არ ერევიან ამ პროცესებში, არც ერთ დაჯგუფებას არ მეკუთვნებიან და მიიჩნმევენ, რომ კონკრეტული პიროვნების შეცვლა არაფერს შეცვლის,  აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეორგანიზაცია.

ზუგდიდში მოქმედი აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაცია «სამოქალაქო განვითარების ცენტრის» ხელმძღვანელს, მურმან მალაზონიას, მიაჩნია, რომ დევნილები არა ამ პრობლემით, არამედ უფრო საჭირბოროტო საკითხებით უნდა იყვნენ დაკავებულნი. «ჩემი ორგანიზაციისა და ჩემი მეგობრების პოზიციაა, რომ გავემიჯნოთ ამ პროცესებს. მიზანშეწონილად არ მიმაჩნია აქციების, შეხვედრების ჩატარება რომელიმე კანდიდატურის მხარდასაჭერად. უფრო სწორი იქნება, შევკრებილიყავით და გვემსჯელა იმ საკითხებზე, რომლებიც მრავლად არსებობს ჩვენ გარშემო. თუ ვინ დაიკავებს შემოთავაზებული კანდიდატებიდან მთავრობის  თავმჯდომარის თანამდებობას, არაა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ამ სტრუქტურის რეორგანიზაცია, რათა ეს სტრუქტურა  მართლაც გახდეს დევნილთა ინტერესების გამტარებელი და არა ხელისუფლების მაამებელი. ამის შემდეგ მხარს დავუჭერთ იმ პიროვნებასრომელიც წარმოადგენს სამოქმედო პროგრამას, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის მთავრობის მუშაობას. ეს პიროვნება უნდა იყოს წონადი, რომელიც ავტორიტეტით ისარგებლებს დევნილებში», _ განაცხადა მურმან მალაზონიამ.

აფხაზეთის მთავრობა რომ ცენტრალური ხელისუფლების დანამატია და არ გამოხატავს დევნილთა ინტერესებს, 1 ოქტომბრის არჩევნებმაც დაადასტურა.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here