Home რუბრიკები საზოგადოება ანზორ თოთაძე: ქართველი ერის კვდომის ტემპმა ნაციონალური კატასტროფის მასშტაბი მიიღო

ანზორ თოთაძე: ქართველი ერის კვდომის ტემპმა ნაციონალური კატასტროფის მასშტაბი მიიღო

693

საქართველოში დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულად მძიმეა. უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა შობადობა, გაიზარდა მოკვდაობა და შესაბამისად მნიშვნელოვნად დაიკლო მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ, განსაკუთრებით ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. ნაციონალურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ერი არც გამრავლებულიყო და არც განათლებულიყო. ამჟამად მეტად ძნელია გამოსავლის პოვნა, თუ ქვეყანაში საგანგებო ღონისძიებები არ განხორციელდა, თუ ერმა მთელი ძალისხმევა არ მომართა ამ მეტად მტკივნეული ეროვნული პრობლემის მოსაგვარებლად. უნდა შევძლოთ, რომ ერი ერმა გადაარჩინოს.


საქართველოს ცალკეული ადმინისტრაციული მხარეების სოფლის მოსახლეობის წილი შესაბამისი რეგიონის მოსახლეობაში საგრძნობლად მაღალია. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში _ 80,8 პროცენტი, კახეთში _ 79,4 პროცენტი, გურიაში 73,6 პროცენტი და ა.შ. ამასთან, ქალაქების მოსახლეობაც სოფელს არის მიჯაჭვული. ამიტომ ხალხის კეთილდღეობისა და გამრავლებისათვის ქართულ სოფელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სოფლად დემოგრაფიული მოვლენების მიმდინარეობაზე ნათელი წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, შემდეგ გარემოებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, უკანასკნელ წლებში უაღრესად ინტენსიური გახდა არა მარტო გარემიგრაციული, არამედ შიდამიგრაციული პროცესებიც. სოფლის მოსახლეობა მაინც უპირატესად შიდამიგრაციულ პროცესებშია ჩართული. 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, წინა 9 წლის განმავლობაში 437 232 პირმა შეიცვალა ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილი. ადამიანთა უმეტესობა საცხოვრებელ ადგილს იცვლიდა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით. 437 ათასი კაციდან 423 ათასი (96,8 პროცენტი) ქართველი იყო. ამრიგად სოფლები ქართველი მოსახლეობისაგან თითქმის მთლიანად იცლება. აღნიშნულ 9 წელიწადში საქართველოში საცხოვრებელი შეიცვალა მხოლოდ 4 309 აზერბაიჯანელმა (შიდა მიგრაციაში მონაწილე მოსახლეობის მხოლოდ 1,0 პროცენტმა) და 3 967 სომეხმა (0,9 პროცენტმა).

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია ყოველმხრივ  გააზრებული, აწონ-დაწონილი და ეფექტური დემოგრაფიული ღონისძიებების განხორციელება, რათა ქართული სოფელი ყველა იმ სიკეთით შევინარჩუნოთ, რომელთაც იგი ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს და ასე იდეალიზებულია ქართველი ხალხის მიერ. ასე რომ, საქართველოს ხსნა სოფლის ეკონომიკურ და შესაბამისად მის დემოგრაფიულ აღორძინებაში მდგომარეობს.

გლობალიზაცია, დემოგრაფიული პრობლემები და საფრთხეები

ადამიანებისთვის ეროვნული ინტერესები, ეროვნული თვითმყოფადობა მათი ცხოვრების, ადამიანური არსებობის მთავარი ღირებულება იყო და არის. საქართველო მსოფლიო ან თუნდაც ევროპული ლიდერი სახელმწიფოს როლს ვერასოდეს იკისრებს, იგი ვერც ნედლეულისა და რესურსების მომწოდებელი რამდენადმე მიშვნელოვანი ქვეყანა გახდება.

ამდენად, მუდმივად ცვლად და მობილურ საზოგადოებაში უნდა შევძლოთ ჩვენი საკუთარი თავის პოვნა, საკუთარი ინტერესების დაცვა, რასაც ძირითადად ჩვენი ინტელექტუალური, სულიერი და მატერიალური მზაობა განაპირობებს. მაგალითად, როგორც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მიუთითებს, მოწინავე ტექნოლოგიების ათვისებაში ჩვენს ქვეყანას გააჩნია ინტელექტუალური რესურსი და «ჩვენ უნდა მოვძებნოთ ჩვენი ადგილი მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში».

დღეს უკვე არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია იცხოვროს ერთიანი მსოფლიო პროცესებიდან იზოლირებულად, მაგრამ ამავე დროს თითოეული მათგანი ისწრაფვის შეინარჩუნოს სპეციფიკური თვისებები, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ფასეულობების სახით. ამ მხრივ, მიუხედავად ოპტიმისტური ფონისა, გარკვეულწილად მაინც ჩანს ეროვნულ ფასეულობებზე უარის თქმის, იმ ნიშან-თვისებების თანდათანობით წაშლის საშიშროება, რისთვისაც ღირს ერის სიცოცხლე. ადამიანებს აწუხებთ იმის შეგრძნება, რომ თავიანთი ერის წარსულის ყველა დიდება, მათი სახელმწიფოებრივი ძლიერებისა და ეროვნული სიამაყის გამოვლინების პერიოდები თუ გამონათებები შეიძლება დავიწყებას მიეცეს. «ხსოვნის მქონე შთამომავლობა» ვერ ურიგდება ამ საკმაოდ მტკივნეულ, მოსალოდნელ პროცესს, როდესაც ერის წარსული და თვითმყოფადობა, ფაქტობრივად, უპატრონოდ, უმემკვიდროდ დარჩენილი ისტორიის კუთვნილება ხდება. სხვა ერთიანი, გლობალური, ეროვნულობისაგან განძარცული სულიერი ფასეულობები იკავებს ცხოვრების სცენას.

ამ სფეროში მოსალოდნელი და, იქნებ, გარდაუვალი გლობალიზაციის პროცესი სულიერი, კულტურული ღირებულებებით ურთიერთგამდიდრების ნაცვლად, ეგებ საბოლოოდ ვერ შეძლებს თავის თავში დაიტოვოს სხვადასხვა ხალხის მიერ შექმნილი მეტნაკლებად ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები. უკვე ახლაც იგრძნობა სულიერი ცხოვრების გაერთფეროვნება, რომლის აუცილებლობას, უფრო სწორად დამკვიდრებას, გლობალიზაციის პროცესი საბოლოოდ კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩენს. ადამიანთა ცხოვრებაში დაისადგურებს ინფანტილიზმი და სხვა, შეიძლება ადამიანთა მოდგმისათვის უაღრესად საშიში განვითარების ტენდენციები.

ასეთ პირობებში იქმნება იმის საშიშროება, რომ შეიძლება ადამიანი მორალს იმდენად დასცილდეს, რომ მისთვის მთავარი გახდეს პრინციპი «ყველაფერი ნებადართულია». ამ შემთხვევაში მას მიაჩნია, რომ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის ყოველგვარი ტვირთი მოხსნილი აქვს და თავისუფლებას იგი ხშირად იღებს უფლებისა და მოვალეობის გარეშე.

გლობალიზაციის პროცესში მეტად მწვავედ დგება დემოგრაფიული პრობლემები, მით უმეტეს მცირერიცხოვანი ერისთვის.

თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს თავისი დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, უზრუნველყოს გლობალიზაციისა და ეროვნული ინტერესების შეხამება. ეს თანამედროვე მსოფლიოში ურთულესი პრობლემაა. ქვეყნის დემოგრაფიული განვითარება უაღრესად არათანაბარზომიერად მიმდინარეობს და ცალკეული სახელმწიფოები საკმაოდ შეშფოთებულიც არიან თავიანთი დემოგრაფიული მომავლით. უკვე ცალკეული ერების გულისტკივილი გაისმის იმაზეც, რომ რეალური საფრთხის წინაშე დგას მათი გადაგვარება და ფიზიკური უწყვეტობა. დღეს, ასეთი საფრთხის წინაშე დგას საქართველოც. თუკი მსოფლიოსათვის საინტერესოა სხვადასხვა კულტურა, მაშინ უნდა შევინარჩუნოთ ამ კულტურის მატარებელი ეთნოსები. კულტურის გლობალიზაციას არ უნდა ემსხვერპლოს კაცობრიობის ეთნიკური მრავალფეროვნება. უფალმა «ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა» და ჩვენც მოვალენი ვართ გლობალიზაციის პროცესში შევინარჩუნოთ ეს ჰარმონია, თუ გვინდა შევინარჩუნოთ კულტურათა მრავალფეროვნება, მაშინ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ეთნოდემოგრაფიული მრავალფეროვნება.

მსოფლიო გლობალიზაციას უწინარესად ის აინტერესებს, რომ მსოფლიო ეკონომიკურ «ლანდშაფტში» ესა თუ ის სივრცე უკაცრიელი, აუთვისებელი არ იყოს. ამასთან, მისთვის მთავარია სამუშაო ძალის არა ეთნიკური კუთვნილება, მისი ეროვნული ნიშან-თვისებები, არამედ სამუშაო ძალა როგორც ასეთი, მისი პროფესიული, საქმიანი თვისებები. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მოსახლეობის გამრავლების რეჟიმი მას იმდენად აინტერესებს, რამდენადაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ესა თუ ის რაოდენობა ამ ეკონომიკური სივრცის ათვისებას, ამ ეკონომიკურ სივრცეში არსებული მისთვის საჭირო რესურსების მოძრაობაში მოყვანას. შეიძლება უფრო მეტიც ითქვას _ ეთნიკური წარმომავლობა გლობალიზაციას საერთოდ არ აინტერესებს. სამაგიეროდ ეროვნული სახელმწიფოები ამ პრობლემას სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ. გლობალიზაციის პროცესში საქართველოს სახელმწიფომაც თავისი ეროვნული და დემოგრაფიული პრობლემები გლობალისტიკის მიერ წამოჭრილ ურთულეს პრობლემებს უნდა შეუხამოს.

გლობალიზაციის პირობებში საქართველოში, მძიმე დემოგრაფიული ვითარების მოსაგვარებლად კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს. ერთშვილიანი ოჯახების ზრდის კვალობაზე არა მარტო შობადობა მცირდება, არამედ საკმაოდ მყარი ნიადაგი ექმნება ჩვენი ეროვნული სულიერების მსხვრევას, ქართული სულიერი სამყაროს გადაგვარებას. ცხოვრება ლხინისა და ჭირის მონაცვლეობაა და ოჯახში ერთი შვილის ყოლის პირობებში ჩვენ მარტოსულს ვზრდით, მას არავინ ჰყავს ლხინისა და ჭირის გამზიარებელი ახლო ნათესავი, უჭირს ცხოვრების ტვირთის ზიდვა, პირადი ოჯახური პრობლემების გადაწყვეტასთან ერთად მოხუცი მშობლების მოვლა-პატრონობა. ქართული ტრადიციული ოჯახი, რომელიც არა მარტო რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრებას გულისხმობს, არამედ იმ ურთიერთობებსაც, რომელმაც ქართველი ხალხის სულიერი სამყარო გაამდიდრა და ეროვნული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები და ნიშან-თვისებები შემოგვინახა, სულ უფრო კრიზისს განიცდის. შობადობის შემცირების პირობებში იზრდება დედისერთათა რიცხვი, და, მაშასადამე, იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებსაც არ ჰყავთ დედმამიშვილები, დეიდაშვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და ზედმეტად ნათქვამი არ იქნება, რომ ამის შედეგად ისპობა ქართული სულიერი სამყარო, ჩვენი თვითმყოფადობა. კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებმა მსოფლიო თითქოს დააპატარავა. გლობალიზაციის პროცესში თუ არ შენარჩუნდა ეროვნული ფასეულობები, ადამიანი დაპატარავდება, დაჩიავდება და მარადიული კითხვა ადამიანის არსის, რაობისა და დანიშნულების შესახებ სულიერი და ზნეობრივი დაცემის სფეროში ჰპოვებს პასუხს. არაფერს არ ექნება ფასი, თუ გაქრებიან ეთნოსების ნიშან-თვისებების მატარებელი ადამიანები, ხოლო ჩვენ თუ სწორი გზა ვერ მოვნახეთ, თუ მხოლოდ პირად კეთილდღეობას დავუქვემდებარეთ ჩვენი აზრები და მოქმედება, მაშინ ზედმეტია ფიქრი ეროვნული სახელმწიფოს აშენების, ქართველი ერის გამრავლების, ქართული სულიერების დაცვისა და შენარჩუნების შესახებ.

გლობალიზაციის, ისე როგორც საბაზრო ეკონომიკის, კანონები დაუნდობელია. ისე არ უნდა გავიხადოთ საქმე, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო, როგორც მხოლოდ ტერიტორია, როგორც მხოლოდ მოგების წყარო აინტერესებდეთ. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მეტად ცვალებად სამყაროში ეროვნულობა შევინარჩუნოთ, გლობალიზაციიდან ავიღოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს გამოადგება.

ქართველმა ხალხმა გაუძლო კაცობრიობის ისტორიაში ცნობილ ქარტეხილებს და შეძლო «განსაცვიფრებლად ხანგრძლივი არსებობა დედამიწის ყველაზე სახიფათო ადგილას» (ი. გოგებაშვილი). თუ გვინდა, მართლაც, სახიფათო, მაგრამ ღვთისმშობლის წილხვედრ უმშვენიერეს მიწაზე სიცოცხლის გაგრძელება, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე დიდი ეროვნული სატკივარი _ უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემები უნდა მოვაგვაროთ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო მოსალოდნელი დემოგრაფიული საფრთხეებია:

1. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება;

2. შობადობის კრიზისულ ზღვრამდე დაცემა;

3. მოკვდაობის საგრძნობი გაზრდა;

4. წინა ორი ტენდენციის შედეგად, როცა არსებითად იმდენივე იბადება, რამდენიც კვდება, მოსახლეობის ბუნებრივი მატების თითქმის შეჩერება და ფაქტობრივად დეპოპულაციის პროცესის დაწყება;

5. მოსახლეობის დაბერება;

6. შიდა და გარე მიგრაციული პროცესების ფართო მასშტაბები;

7. აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთიდან 300 ათასამდე განდევნილი;

8. ბავშვთა მოკვდაობისა და მკვდრადშობადობის საკმაოდ მაღალი დონე;

9. უმუშევრობის მაღალი დონე;

10. შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირება;

11. დეფორმირებული სქესობრივასაკობრივი სტრუქტურა;

12. სამხრეთ კავკასიის მოსახლეობაში საქართველოს მოსახლეობის წილის მკვეთრი შემცირება;

13. ნეგატიური დემოგრაფიული პროცესებისა და შესაბამისი საფრთხეების ალბათობის მნიშვნელოვნად ზრდის ისეთი არასასურველი ტენდენცია, როგორიცაა ქორწინებათა რიცხვის საგრძნობი შემცირება და განქორწინებათა ზრდა;

14. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, დემოგრაფიული პროცესების უმართავობა, სპონტანური, იშვიათი, უსისტემო და სერიოზული რეალური შედეგების არმქონე ღონისძიებები, სახელმწიფო სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროგრამების არარსებობა;

15. სახელმწიფოსა და საზოგადოების უმეტესი ნაწილის გაუცნობიერებლობა, გულგრილობა, ნიჰილიზმი და რეალურ ქცევებსა და ცხოვრებაში გაუთვალისწინებლობა, თუ ეროვნულსახელმწიფოებრივი თვალსაზრისით რა სერიოზული, საგანგაშო დემოგრაფიული საფრთხეები არსებობს საქართველოში.

ამრიგად, ქვეყანაში თანამედროვე დემოგრაფიულ სიტუაციას აქვს სისტემური კრიზისის ხასიათი. ამ სისტემის შემადგენელი ნაწილებია: შობადობის კრიზისულ ზღვრამდე შემცირება, მოკვდაობის ზრდა, ზოგიერთ რაიონში მოსახლეობის შემცირებული გამრავლება ანუ როდესაც მომდევნო თაობა წინა თაობაზე ნაკლებია, დეფორმირებული სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, მოსახლეობის ბუნებრივი მატებისა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება, ჯანმრთელობის გაუარესება, გარე და შიდა მიგრაციის ფართო მასშტაბები, «ტვინების გადინება», დიდი რაოდენობით განდევნილი მოსახლეობა. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ დაბალია დემოგრაფიული პროცესების მართვა. უაღრესად შეზღუდულია სახელმწიფო რესურსები ასევე სისტემური ეკონომიკური კრიზისის შედეგად.

რა უნდა გავაკეთოთ

დემოგრაფიული პრობლემები აღიარებულია თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ ხუთ გლობალურ პრობლემათა შორის. ასეთ პრობლემებად მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს მიაჩნია მშვიდობის შენარჩუნება, ყოფილ კოლონიებსა და დამოკიდებულ ქვეყნებში ეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევა, კაცობრიობის უზრუნველყოფა ენერგიის წყაროებით, გარემოს დაცვა და დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ზრდა.

მსოფლიო მოსახლეობის მაღალი ზრდის ტემპების ფონზე, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, საწინააღმდეგო ვითარებაა. კლებულობს მოსახლეობის რაოდენობა, მეტად არასახარბიელოა დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებლები და ამდენად, სულ უფრო მწვავდება დემოგრაფიული პრობლემები. დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ დემოგრაფიული ვითარება პირდაპირ და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, მის ეროვნულ უსაფრთხოებას.

უმწვავესი დემოგრაფიული ვითარებაა საქართველოშიც, საფრთხე ემუქრება ქვეყნის ფიზიკურ არსებობას. ისე, როგორც ყოველგვარი მწვავე პრობლემა, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაც შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი სოლიდარობა არ იგრძნობა დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისათვის. წლების განმავლობაში არც ხელისუფლება ზრუნავდა პრობლემის სამკურნალოდ ფიზიკური გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე მდგარი ერის გადასარჩენად.

დემოგრაფიული ვითარების გამოსწორების ღონისძიებათა სისტემაში უპირველეს საჭიროებად მიგვაჩნია სახელმწიფოს ჩარევა დემოგრაფიული პროცესების მსვლელობაში. პირველ რიგში ქვეყანაში უნდა გამოცხადდეს საგანგებო კრიზისული დემოგრაფიული ვითარება და შემუშავდეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი დემოგრაფიული პროგრამები, სადაც მთავარი აქცენტი მიმართული იქნება შობადობის ამაღლებაზე და ორიენტირი იქნება, პირველ რიგში, სამბავშვიანი ოჯახი.

როგორი ვითარებაა ამ მხრივ? _ სამწუხაროდ, ქვეყანაში ნაციონალური ხელისუფლების მართველობის პერიოდში არანაირი დემოგრაფიული პოლიტიკა არ ტარდებოდა. მეცნიერულად დასაბუთებული პოლიტიკის დროული და გონივრული გატარებითა და მართვის სრულყოფილი მექანიზმის გამოყენებით კი შეიძლება გარკვეულწილად დემოგრაფიული კრიზისის გაღრმავების შეჩერება და არსებული სიტუაციის სტაბილიზება, შემდეგ კი დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებაც, რასაც ადასტურებს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პრაქტიკა.

«ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დემოგრაფიული პრობლემებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მშობიარობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, უფასო იქნება, აგრეთვე, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მშობიარობის შემდეგ ქალის მკურნალობა, გაუმჯობესდება მშობიარობისას შვებულებისა და ანაზღაურების სისტემა, სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდება მოსწავლეებს და, რაც მთავარია, შეიქმნა საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი, რომელიც ძირითადად ყოველთვიურ დახმარებას გაუწევს ოჯახს მესამე ბავშვის დაბადების შემთხვევაში. დახმარების ოდენობა საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება. საქართველოში ნორმა გახდება სამბავშვიანი ოჯახი, რაც მოსახლეობის გამრავლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

1 COMMENT

  1. ამ გაზეთსაც ჰყოლია ცენზორები,რომლებიც გულმოდგინეთ შლიან კომენტარებს რომლებშიც ანტიმასონური აზრებია,ასეთი ადამიანები კლავენ ერს და იკლავენ თავსაც, თუ ერი არ გადარჩა თვითონ როგორღა გადარჩებიან ბრიყვები? მეორედ მოსვლაა და არ ვაღიარებთ, ამიტომაჩ ვისჯებით!.აბა თქვენ იცით ეს კომენტარიც არ გაუშვათ.ეს ქვეყანა არ გიყვართ? თუ ხართ ქართველები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here