Home რუბრიკები პოლიტიკა ვის და რისთვის სჭირდება მესამე ძალა?

ვის და რისთვის სჭირდება მესამე ძალა?

676

მესამე ძალაეს სიტყვები ამაყად კი ჟღერს, მაგრამ ეს არასაკმარისია იმისთვის, რომ მან ქართულ პოლიტიკურ არენაზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. მისი პერსპექტივების შესაფასებლად, ალბათ, საჭიროა იმის დადგენა, არსებობს თუ არა მესამე გზა ან, თუ გნებავთ, მესამე იდეა, თუნდაც მონახაზის სახით, და ტრანსფორმაციის რა სტადიაში იმყოფებიან პირველი და მეორე ძალები, ისევე, როგორც პოლიტიკური სისტემა მთლიანობაში; მარტივად რომ ვთქვათ, მესამე ძალა არ არის «ნატალი პორტმანის თაყვანისმცემელთა წრე» ან «მიხეილ სააკაშვილის ყველა ბრუნვაში მოხსენიების საზოგადოება», რომელიც შეიძლება დააფუძნო მაშინვე, როდესაც მოგეხასიათება, რადგან წინაპირობები ამისთვის აშკარად მომწიფებულია.


დისკუსია მესამე ძალაზე გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: «ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ მესამე ძალა გაჩნდეს. ამისთვის, გასაგებია, რომ სურვილი საკმარისი არ არის. არსებობენ პარტიები, რომლებთანაც შეხვედრაც მქონდა და მე ამას არ ვმალავ, თუნდაც სალომე ზურაბიშვილთან და ირმა ინაშვილთან. მათ აქვთ პარტია და კარგი იქნება, თუ განავითარებენ და გააქტიურდებიან. ნინო ბურჯანაძესაც შევუთვალე, რომ კარგი იქნება, თუ თავის პარტიას გააძლიერებს და გაააქტიურებს». იქვე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ «ნაცმოძრაობის» განადგურება არ სურს, თუმცა მიუთითა იმაზეც, რომ ის ვერ ასრულებს ოპოზიციური ძალის მთავარ ფუნქციას: «გვჭირდება კონსტრუქციული ოპონირება, რასაც, სამწუხაროდ, «ნაციონალური მოძრაობა» ვერ ახერხებს. ამიტომ საჭიროა ჯანსაღი ძალა, რომელიც კონსტრუქციულ ოპონირებას მოახერხებს. ესენი კრიტიკას ფასს უკარგავენ».

რა აერთიანებს სამ ჩამოთვლილ პიროვნებას? ალბათ, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ სამივეს რადიკალური, ძველად რომ იტყოდნენ, შეურიგებელი დამოკიდებულება აქვს ყოფილი მმართველებისა და მათი ნამოქმედარის მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გააქტიურდებიან, ახალ ხელისუფლებას, დიდი ალბათობით, უპირველესად, არასაკმარისი პრინციპულობისთვის გააკრიტიკებენ, იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯგუფს გადამეტებული ლმობიერებით ეპყრობა. რეალურად ეს იქნება შეტევა კოაბიტაციის პოლიტიკის და იმ ფსევდოორპარტიული სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ახლა «ჩაბეტონების» სტადიაშია და ძალიან ბევრ ამომრჩეველს არ მოსწონს. სამაგიეროდ, მოსწონს «ნაციონალებს» და იმ სუსტ ჯგუფებს მმართველ კოალიციაში, რომლებიც დამოუკიდებლად, ახალ რეალობაში («ნაცრევანშის» წარმოსახვითი საფრთხის მოხსნისა და კოალიციის დაშლის შემდეგ) ვერაფერს მიაღწევენ. მათ ხელს აძლევთ, რომ დღევანდელი მდგომარეობა რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს. ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობები, ეს ვითარება რადიკალურად შეცვალოს, ამ ეტაპზე შეზღუდულია, ის იძულებულია როგორც უცხოელი პარტნიორების, ისე კოალიციური პარტნიორების პოზიცია გაითვალისწინოს.

ამ ნიადაგზე შეიძლება გაჩნდეს ვარაუდი, რომ დღეს ივანიშვილს სჭირდება დახმარება «გარედან» და მისი განცხადება წარმოადგენს სიგნალს მისი აღმოჩენის აუცილებლობაზე. ხვალ შეიძლება გვიანი იყოს; სისტემა, რომელიც ჩვენ თვალწინ ყალიბდება და არსებითად პარაზიტულია, ათასი გამოგონილი, ობიექტური წინაპირობის არმქონე, შეზღუდვიდან გამომდინარე, პრემიერს ჯერ ეფექტური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას არ მისცემს, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ, უბრალოდ, გადაყლაპავს მას.

ალბათ, ცდება ის, ვინც მიიჩნევს, რომ ხვალ ნინო ბურჯანაძე და, მითუმეტეს ირმა ინაშვილი, გააკრიტიკებენ ივანიშვილის მთავრობას, უპირველეს ყოვლისა, ზედმეტი მემარჯვენეობა-მემარცხენეობისთვის, ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვისთვის ან მურა დათვების უფლებების შელახვისთვის, იმის იმედით, რომ ელექტორატი ამას ადეკვატურად აღიქვამს. დღეს აქტიურ ამომრჩეველს, მედიას და საექსპერტო საზოგადოებას, უპირველეს ყოვლისა, აინტერესებს თუ როგორი იქნება ახალი სისტემა, ერთგვარი ფუნდამენტი, რომელსაც შემდგომ დაეყრდნობა მთელი კონსტრუქცია თავისი მემარჯვენეებით, მემარცხენეებით, ბიუჯეტით და დათვებით. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყდება «ნაცმოძრაობის» საკითხი, დაიმკვიდრებს თუ არა ის ანგარიშგასაწევ ადგილს საქართველოს მომავალში; ყველაფერი დანარჩენი თითქოსდა მეორეხარისხოვანია და მას ყურადღებას თითქმის არ აქცევენ. კონკრეტული მაგალითი: პარლამეტში მიმდინარეობს შრომის კოდექსში შესატანი, უმნიშვნელოვანესი ცვლილებების განხილვა, ეს უშუალოდ ეხება თითოეულ მოქალაქეს, მაგრამ ეს თემა საზოგადოების ყურადღების პერიფერიაზეა მოქცეული, მასზე ძალიან ცოტას საუბრობენ. მართალია, არის კიდევ ერთი მიმართულება, სადაც ახალმა ოპოზიციამ შეიძლება ქულები დააგროვოს _ აღვირახსნილი სოციალური დემაგოგია «მოგვატყუეს» სტილში, რომლის გამოყენებაზე შეიძლება, მაგალითად, შალვა ნათელაშვილი დაფიქრდეს, მაგრამ ეს ივანიშვილის მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსების «საფირმო კერძი» ნამდვილად არაა, მათთვის (და ამავე დროს საკმაო რაოდენობის ამომრჩევლისთვის) მთავარი იდეა სამართლიანობის აღდგენაა.

ალბათ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის იდეა ტაქტიკური არსენალიდან, ის არ ქმნის სრულფასოვან ალტერნატივას და, შესაბამისად, ვერ გამოკვებავს «მესამე ძალას» სტრატეგიულ პერსპექტივაში. რას გააკეთებენ სამართლიანობის აღდგენაზე ორიენტირებული ძალები მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელისუფლების ნამოქმედართან მიმართებაში, სამართლიანობა აღდგება? დღეს მათ შეუძლიათ შეასრულონ ბიძინა ივანიშვილისთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სასურველი, ინსტრუმენტული როლი, მაგრამ ამავე დროს მომავალზეც უნდა იფიქრონ.

ნინო ბურჯანაძემ საპასუხო განცხადებაში გააკრიტიკა პრემიერი იმის გამო, რომ «ნაცმოძრაობას» საპატიო მეორე ადგილი მიაკუთვნა: «რატომ არის «ნაციონალური მოძრაობა» მეორე პოლიტიკური ძალა? პოლიტიკური ძალის რიგითობა უნდა განსაზღვროს საზოგადოებამ და მოსახლეობამ. მხოლოდ მათ შეუძლიათ რომელიმე პარტიას მიანიჭონ პირველი ნომერი ან მეთხუთმეტე», ხოლო მოგვიანებით «რუსთავი 2»-ის ეთერში განაცხადა: «საქართველოს მოსახლეობამ «ნაციონალურ მოძრაობას» ნათლად უთხრა «არა». პარლამენტში არსებული ბალანსი მოსახლეობის განწყობას არ ასახავს. «ნაციონალურ მოძრაობას» ხმათა 40% არ მიუღია. გარდა ამისა, სამართლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ «ნაციონალური მოძრაობის» მიმართ მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური, არგუმენტირებული პრეტენზია, რასაც ჯერ პასუხი არ გასცემია. ამ პასუხების გაცემის შემდეგ, გამოძიებების შემდეგ «ნაციონალური მოძრაობა» ლეგიტიმური ოპოზიცია ვერ იქნება».

თუ ბელეტრისტიკას გვერდზე გადავდებთ, ვნახავთ, რომ ამ განცხადებაში ფიქსირდება სწორედ ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, როგორც ფრონტალური იერიში «ნაციონალების» წინააღმდეგ, ისე მინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. განხილული სქემის ფარგლებში ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც თანხმობა ტაქტიკურ (ფორმალურად ფარულ) ალიანსზე, რომლის მიზანი იქნება ჯერაც ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი ბიპოლარული სისტემის დანგრევა, და, ამავე დროს, მომავალში მყარი პოზიციების დაკავების პრეტენზიაც. ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა «პარტიების შესახებ» კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე, რაც ისევე, როგორც სარჩევნო კოდექსის გადახედვა, შეიძლება საჭირო გახდეს იმისთვის, რომ სუსტი პარტიები გაძლიერდნენ. მოწოდება ივანიშვილისადმი, რომ თანამშრომლობა «მესამეებთან» ამ ტიპის კონკრეტული ნაბიჯებით დაიწყოს, რამაც, იდეაში, მისი წინადადების სერიოზულობა უნდა დაადასტუროს, რამდენიმე ექსპერტმა გაახმოვანა.

ცუდი კანონმდებლობის გარდა, არსებობს კიდევ ერთი შემაფერხებელი მიზეზი, რომელიც ფსიქოლოგიურ ხასიათის ატარებს. საზოგადოება და მედია, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი, მნიშვნელოვანწილად ბიპოლარული მოდელის ტყვეობაში მოექცა, ორი შეურიგებელი, დაპირისპირებული ძალით, რომელთაგან ერთ-ერთი აღიქმება, როგორც აბსოლუტური სიკეთე, ხოლო მეორე _ როგორც აბსოლუტური ბოროტება (თეთრი და შავი, ჩვენ და ისინი). უამრავი ამომრჩეველი წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამყაროს სწორედ ასე აღიქვამდა. ეს ტრადიცია ჯერ კიდევ სამოქალაქო ომიდან მოდის და, შესაძლოა, 1999 წლის არჩევნებიდან, როდესაც ხელისუფლებამ ოსტატურად გამოიყენა ქართველების ლტოლვა სამყაროს სურათის გამარტივებისკენ და «ორი პოლუსის» («აღორძინება» და «მოქალაქეთა კავშირი») ცნობილი მოდელი შემოაგდო. სხვათა შორის, ამ მოდელის პროეცირება საგარეო პოლიტიკაზეც ხდება (აშშ და რუსეთი _ მორჩა და გათავდა, ჩინეთსა და ევროპას უბრალოდ ვერ ამჩნევენ).

ამ არაჯანსაღი, პოლიტიკური თვალსაზრისით დამღუპველი მიდგომიდან გამომდინარე, საზოგადოება (ყოველ შემთხვევაში, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი) ზურგს აქცევს ყველაფერს, რაც შავთეთრი მოდელის ჩარჩოში არ ჯდება; «მესამე ხედვა» და «მესამე აზრი» მას ნაკლებად აინეტერესებს.

რეალურად, ეს პრობლემა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე «ნაცმოძრაობის» ნარჩენებისგან მომავალი საფრთხე და ნებისმიერი სხვა ტაქტიკური სირთულე, რადგან ის ხელს გვიშლის რეალური დემოკრატიის ჩამოყალიბებაში.

ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ალტერნატიული იდეა «მესამე ძალისთვის» ზედაპირზე დევს და ის განსხვავებულ საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას (რუსეთზე ან ნეიტრალიტეტზე) უკავშირდება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე, საკმარისად მძლავრი გაერთიანება მას ძირითად იდეად გამოიყენებს, ეს აუცილებლად გამოიწვევს პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩას ორ ნაწილად და მწვავე დაპირისპირებას. საგარეო ორიენტაცია არ შეიძლება გამოიყენებოდეს, როგორც დროშა ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის. განსხვავებული იდეები ორიენტაციასთან დაკავშირებით შეიძლება (და უნდა) დაფიქსირდეს პარტიების პროგრამებსა და წინასაარჩევნო ლოზუნგებში, მაგრამ არ შეიძლება გახდეს ცენტრალური, რადგან ეს, ლოგიკურ განვითარებაში, სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანს და, მსგავსი უბედურება რომც არ მოხდეს, ეს გამოიწვევს შიდაპოლიტიკური პრობლემატიკის დაქვედებარებას საგარეოპოლიტიკურისადმი, რაც, უახლესი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგს არაფერს მოგვიტანს.

ავანსცენაზე მესამე ძალის გამოსვლა, სავარაუდოდ, სჭირდება ბიძინა ივანიშვილს არა იმის გამო, რომ «ნაცმოძრაობას» ვერ უმკლავდება, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთმა მისმა მოკავშირემ შეიძლება მტერზე უარესი ზიანი მიაყენოს, თუ საზოგადოება და ახალი ოპოზიცია მათ მკაცრად არ გააკონტროლებს. შეტევას «ნაციონალების» პოზიციებზე, სავარაუდოდ, მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა აქვს, ხოლო მთავარი ამოცანა იმ არაჯანსაღი გარემოს ანიჰილაციაა, რომელშიც კოალიციაში შემავალმა ძალებმა შეიძლება მუტაცია განიცადონ და უარეს მონსტრებად ჩამოყალიბდნენ. გამორიცხული არაა, რომ ივანიშვილმა სრულად გააცნობიერა საფრთხე, რომელიც სისტემის დღევანდელი მდგომარეობიდან მოდის და დახმარებისთვის «გარეთ დარჩენილ» ძალებს მიმართა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი და მესამე ძალა (პირობითად ასე ვუწოდოთ) დამოუკიდებლად არ გააქტიურდა, თითქოსდა ივანიშვილისგან რაღაც სანქციას ელოდა, თუმცა არსებითი მნიშვნელობა ამას უკვე აღარ აქვს: სანქცია გაცემულია, მწვანე კი _ ანთებული.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here