Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილს ჰააგაში გაასამართლებენ?

მიხეილ სააკაშვილს ჰააგაში გაასამართლებენ?

605

რატომ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილი ასე ემოციურად მის შესაძლო დაკითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით? რა კითხვები შეიძლება დაუსვან მას ქართველმა გამომძიებლებმა და რა აინტერესებს ამ საქმეში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისსამ კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე, ალბათ, შეუძლებელი იქნება, როგორც შექმნილი სიტუაციის, ისე გამოძიების პერსპექტივების შეფასება. საინტერესოა და შესაძლოა, ერთობ პარადოქსულიც, რომ მოვლენათა განვითარების მრავალ ვარიანტს შორის არსებობს ისეთიც, რომლის ფარგლებში ქართული გამოძიება, რომელსაც სააკაშვილი დღეს ასე მწვავედ, ლამის ისტერიულად, უპირისპირდება, შეიძლება მისთვის ერთგვარი სამაშველო რგოლი გახდეს.


რკალი ვიწროვდება

მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ცუდად მოქმედებს მისი შესაძლო დაკითხვის იდეა და ეს არამხოლოდ განხილულ საქმესთან დაკავშირებით გამოვლინდა. შეგვიძლია გავიხსენოთ 26 თებერვლის ეპიზოდი, როდესაც «მაესტროს» ჟურნალისტის კითხვაზე: ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან «იმედის» საქმეზე, სააკაშვილმა უპასუხა: «მე ვფიქრობ, რომ ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი და სამარცხვინო. ეს განცხადებები ძალიან არასერიოზული და ძალიან სამარცხვინოა. ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერზე», და სწრაფად დატოვა დარბაზი. ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც, პროკურატურის განცხადებით, საქმეში არის ჩვენება, რომლის თანახმად, სააკაშვილი ზეწოლას ახდენდა ტელეკომპანია «იმედის» მფლობელზე, რათა ტელეკომპანია ხელისუფლებისთვის დაეთმო. იმის ნაცლად, რომ მშვიდად განეცხადებინა, რომ უპასუხებს გამოძიების ყველა კითხვას და თავის უდანაშაულობას იოლად დაამტკიცებს, ფიგურანტმა ემოციური რეპლიკით დარბაზის დატოვება არჩია. ასევე შეიძლება იმის გახსენება, რომ იანვარსა და მარტში სააკაშვილი მოითხოვდა ყოფილი ჩინოვნიკების დაკითხვების შეწყვეტას. ყოველივე ამან შეიძლება დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ფიგურანტი დაკითხვას ზოგადად და რამდენად შეესაბამება მისი მიდგომა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.

გამოძიება არ არის რეპრესირება, ხოლო დაბარება დაკითხვაზე ადამიანს დამნაშავის სტატუსს არ ანიჭებს. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თითქოსდა იურიდიული განათლება აქვს, მთელი არსებით ეწინააღმდეგება ყოფილი სახელმწიფო მოხელეების დაკითხვას, რითაც წინააღმდეგობაში შედის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, რომელიც არ ცნობს რაიმე ტიპის «იმუნიტეტს დაკითხვისგან ყოფილი ჩინოვნიკებისთვის», ისე კანონის უზენაესობის პრინციპთან, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს იმასაც, რომ არავინ შეიძლება დადგეს კანონზე მაღლა. შესაძლოა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იმ სისტემაში, რომელიც სააკაშვილმა თავის დროზე შექმნა, დაკითხვაზე დაბარება ძალიან ხშირად განიხილებოდა არა როგორც ნაბიჯი ჭეშმარიტების დადგენისკენ, არამედ როგორც დასჯის ერთგვარი პრელუდია, უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ამა თუ იმ ადამიანს მთელი სახელმწიფო მანქანა დააცხრა. შიში დაკითხვის მიმართ, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარსულში თესავდა, პარადოქსულად და, შესაძლოა, სამართლიანად აწმყოში მასვე მიუბრუნდა.

«ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან. ამ გამოძიების მიზანი არის სახელმწიფოებრიობის შერყევა და პირდაპირ არის მიმართული ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ», _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აქ, ალბათ, უნდა მოვიყვანოთ რამდენიმე ციტატა, რომელიც უკეთ გაგვარკვევს იმაში, თუ რა გამოძიებაზეა საუბარი. თემა განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია «მაესტროს» ეთერში განაცხადა: «ჩვენ გვსტუმრობდნენ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ოფისის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენგან ითხოვენ ჯეროვანი გამოძიების წარმოებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით და ჩვენ ეს მოვალეობა გვაკისრია. აქამდე, წინა ხელისუფლება ეწეოდა .. რეზინის გაწელვის პოლიტიკას, ანუ გამოძიება ტარდებოდა გამოძიებისთვის და 4 წლის განმავლობაში არანაირი შედეგი არ იყო დამდგარი. ჩვენ წინაშე იყო კონკრეტული საკითხი დასმული, კერძოდ: აპირებს თუ არა საქართველოს ახალი ხელისუფლება, ჯეროვნად შეაფასოს და შეისწავლოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და გასცეს კითხვას პასუხი, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულებს. ახალმა ხელისუფლებამ და მისმა ხელმძღვანელმა პოლიტიკური ნება გამოხატა, რომ ეს საკითხი იქნება გამოძიებული ობიექტურად».

შემდეგ განცხადება ამავე საკითხზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაკეთა: «აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. საქართველო რომის სტატუტის მონაწილე მხარეა და, როდესაც ჩვენ მხარე გავხდით, გარკვეული ვალდებულებები ავიღეთ. ჰააგის სასამართლოში პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნიდან და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა თუ თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს, სავარაუდოდ, ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ან ის დანაშაული, რომელიც შეიძლება ომის დანაშაულად კვალიფიცირდებოდეს. ჩვენი ვალდებულებაა, ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გავხადოთ და ჩვენს პრობლემებს თვითონვე მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომლებიც გვაქვს. ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, რომ აგვისტოს ომი გამოვიძიოთ ჩვენ თვითონ, თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და ვერ აღმოვჩნდით ან საკმარისი პროფესიონალები, ან საკმარისი პოლიტიკური ნება არ გვექნა ამისთვის, მაშინ იძულებულები ვიქნებით, ჰააგის პროცესს დავემორჩილოთ და ეს საქმე წავიდეს ჰააგის საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში. ეს ჩემი მიზანი არ არის და არა მგონია, რომ ეს ქართველი ხალხისთვის სასურველი რამ იყოს».

და ბოლოს, ამ თემას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეეხო: «საჭიროა, პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომელიც ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ არსებობსრატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება? როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა? რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რამაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია? რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის? რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია? როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს და მრავალი სხვა».

თუ ჩვენ ერთმანეთს შევადარებთ წულუკიანისა და ივანიშვილის განცხადებებს, ვნახავთ, რომ მათში წინა პლანზე წამოწეულია სხვადასხვა საკითხი, ერთის მხრივ, ის, რაც აქტუალურია პროკურორებისთვის ჰააგაში, ხოლო მეორე მხრივ, ის, რაც ქართულ საზოგადოებას აინტერესებს.

 ამ ძნელად შესამჩნევი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო სხვაობის უკან შეიძლება ძალიან სერიოზული პოლიტიკური ქვეტექსტი იდგეს, ხოლო მისმა დაკვირვებამ საკმაოდ საინტერესო კითხვამდე მიგვიყვანოს: რა ურჩევნია მიხეილ სააკაშვილს _ დაკითხონ (და შესაძლოა, გაასამართლონ) თბილისში თუ ჰააგაში? უდანაკარგოდ ამ სიტუაციიდან გამოსვლას ის, როგორც ჩანს, ვერ მოახერხებს.

შემდეგი გაჩერება _ ჰააგა

გასულ კვირას არაერთგზის დაისვა კითხვა: რა ხდება ჰააგაში, რა საკითხებზე მუშაობენ იქაური პროკურორები? სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორები აწარმოებენ წინასწარ მოკვლევას შემდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით: ქართული მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა ქართული ძალების მიერ, თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე, როგორც ქართული, ისე რუსული ძალების მხრიდან, ქონების განადგურება, ძარცვა საქართველოს სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, წამება და ცუდი მოპყრობის სხვა ფორმები (2011 წლის დეკემბრის და 2012 წლის ნოემბრის მოხსენებები). ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ არსებობს «საკმარისი საფუძველი იმისთვის, ვირწმუნოთ», რომ მხარეებმა ჩაიდინეს ისეთი დანაშაული, როგორიცაა წამება, ქონების განადგურება, ძარცვა, მოსახლეობის დეპორტაცია ან იძულებით გადაადგილება. მხარეთა სხვა შესაძლო ქმედებების შეფასებამ, მათ შორის ბრალდებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა განზრახ შეტევა რუს სამშვიდობოებზე, შედეგი ვერ მოიტანა. ეს პირველადი შეფასება შეიძლება გადაიხედოს ახალი ფაქტების ან მტკიცებულებების გამოჩენის შემთხვევაში, _ ნათქვამია მოხსენებაში.

მიხეილ სააკაშვილისთვის, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, დადგინდება, რომ მას წვლილი მიუძღვის რომელიმე ნახსენები დანაშაულის ორგანიზებაში და, შესაბამისად, ჰააგაში ბრალს წაუყენებენ ომის დანაშაულთან ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. რაც შეეხება შესაძლო ბრალდებას თბილისში (იხ. «ივანიშვილის ჩამონათვალი»), ბრალდება შეიძლება იყოს როგორც შედარებით მსუბუქი, მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადო შესრულების თაობაზე, ისე ძალიან მძიმე, როგორიცაა სამშობლოს ღალატი. მაგრამ ამ შემთხვევაში სააკაშვილს დარჩება შესაძლებლობა, ეჭვქვეშ დააყენოს გამოძიებისა და სასამართლოს მიუკერძოებლობა და განაცხადოს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, რის შესაძლებლობაც ჰააგაში ნაკლებად ექნება. ჯერჯერობით, როგორც მას, ისე საქართველოს ახალ ხელისუფლებას აქვს სივრცე მანევრისთვის და შანსი, წინა პლანზე «შედარებით უმტკივნეულო» (აგვისტოს ომში უმტკივნეულო არაფერი იყო, უბრალოდ, შეუძლებელია სხვა ტერმინის მოძებნა) თემები წამოწიოს. აქ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საუბარია არა საკითხების ჩანაცვლებაზე, არამედ აქცენტების გადატანაზე, როგორც ფიგურანტის, ისე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაზეც, შესაძლოა, მიანიშნა თავის განცხადებაში თეა წულუკიანმა.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი განაგრძობს ყვირილს, ქართული გამოძიება «ანტისახელმწიფოებრივია» და მასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, ეს ვერ მოხერხდება. არჩევანი სააკაშვილზეა; საბოლოო ჯამში, ეს დაცვის ხაზის პრობლემაა და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ითანამშრომლებს ქართულ გამოძიებასთან, არ ითანამშრომლებს (ეს არ ნიშნავს, რომ მისი დაკითხვა არ მოხდება; თუ თავისით არ მივა, მიიყვანენ, ხოლო თუ წინააღმდეგობას გაწევს, სავარაუდოდ, მიათრევენ), თუ შეეცდება, დაამტკიცოს, რომ მენტალური სტაბილურობის დეფიციტს უჩივის ან 2008-ში უჩიოდა (თეორიულად, ალბათ, არც ამ ტაქტიკის გამოყენება უნდა გამოვრიცხოთ).

ჯერჯერობით, სააკაშვილის მიერ არჩეული ქცევის სტილი მის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით, თავისი ემოციური შეძახილებით, დარბაზის დატოვებით და ა.შ., მეტად უცნაური ჩანს და, რაც მთავარია, ის გაუგებარია დემოკრატიული ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, სადაც ყოფილი ჩინოვნიკების დაკითხვა ყოველდღიური თუ არა, სავსებით ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა. იმის ნაცვლად, რომ მშვიდად მოემზადოს შესაძლო ბრალდებების მოგერიებისთვის, სააკაშვილი იქცევა ისე, თითქოს დანაშაულის ფაქტზე წაასწრეს ან წარმოუდგენლად ძლიერ შიშს განიცდის. და ეს, გამოძიების საწყის ეტაპზე, როდესაც საზოგადოებას (ადგილობრივს თუ საერთაშორისოს, ამ თუ ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით) უყალიბდება მოსაზრება ფიგურანტის შესახებ, მის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, არ მუშაობს.

ადვოკატებს საქმე არ გამოელევათ

«როგორც ჰააგის, ასევე სტრასბურგის სასამართლოებში შესულია არაერთი სარჩელი, რომელიც ეხება ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებს, ტყვეების უფლებების დარღვევას და სხვა სამხედრო დანაშაულებს. ამ საჩივრების საფუძველზე ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებმა გამოძიების პროცესი დაიწყეს და ეს ეხება მხოლოდ ადამიანის უფლებებსა და ომის დანაშაულებს. აქ არ არის შესწავლის საგანი ის, თუ ვინ დაიწყო ომი და შესაძლებელი იყო თუ არა ამ ომის თავიდან აცილება», _ განაცხადა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ცნობილმა უფლებადამცველმა და დიპლომატმა თომას ჰამერბერგმა, რითაც, ალბათ, კიდევ ერთი მხვილი ხაზი გადაუსვა სააკაშვილის მომხრეების არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ახალი ხელისუფლების მთავარი მიზანია, მათ ბელადს, კრემლის დაკვეთიდან გამომდინარე, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დააკისროს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართულმა გამოძიებამ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში საკუთარი თავის წინაშე ეს ამოცანა დააყენოს, რადგან ჰააგაში ამას არავინ მოითხოვს. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოთვალა (და შესაძლო «პარალელურ გამოძიებას»), ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროკურატურა გასცდეს იმ ჩარჩოს, რომელიც მონიშნულია ტალიავინის კომისიის დასკვნაში (სხვათა შორის, იმავე პრესკონფერენციაზე თომას ჰამერბერგმა მისი გადაკითხვა გვირჩია). რა უნდა დაწერონ კბილაშვილმა და წულუკიანმა იმაზე უფრო მძიმე ომის საწყის პერიოდთან დაკავშირებით, რაც ამ დასკვნაში უკვე წერია, მაგალითად, ეს (და არაერთი სხვა მონაკვეთი): «არსებობს კითხვა იმის შესახებ, იყო თუ არა საერთაშორისო სამართლის მიხედვით გამართლებული საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენება, რომელიც სამხრეთ ოსეთში 2008 წლის 7/8 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვის ოპერაციით დაიწყო? კითხვაზე პასუხია არა.

საქართველოს გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ პუნქტი, როგორც ეს განსაზღვრულია კონკრეტულ შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში, როგორიც არის 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება და 1996 წლის მემორანდუმი საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერებისა და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შესახებ, ვრცელდება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემთხვევაშიც. რომც დავუშვათ, რომ საქართველო განხორციელებულ შეტევას იგერიებდა, ანუ მისი რეაქცია სამხრეთ ოსეთის მხრიდან ქართველებით დასახლებულ სოფლებზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხს წარმოადგენდა, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული პასუხი უნდა ყოფილიყო აუცილებელი და პროპორციული. შეუძლებელია დავუშვათ, რომ მთელი ღამის განმავლობაში ცხინვალის დაბომბვა გრადის ტიპის მასიური სარაკეტო დანადგარებითა და მძიმე არტილერიით შესაბამისობაშია აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნასთან იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო სოფლები». ან რა უნდა მიუმატოს ქართულმა გამოძიებამ ტალიავინის კომისიის შემდეგ ფორმულირებას: «ღია სამხედრო მოქმედებები დაიწყო ფართომასშტაბიანი ქართული სამხედრო ოპერაციით, რომელიც განხორციელდა ქალაქ ცხინვალისა და მისი მიმართულებით 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამით», ან შემდეგს: «საქართველოს მიერ ცხინვალში რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ ძალის გამოყენება 2008 წლის 7/8 აგვისტოს ღამეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებოდა»?

მიხეილ სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, გამოიყენოს გამოძიების პერიოდი და შესაძლო სასამართლო პროცესი, როგორც თავისებური ტრიბუნა, რათა გააკრიტიკოს ტალიავინის კომისიის დასკვნა და შეეცადოს კონკრეტული ფაქტებითა და საბუთებით გააქარწყლოს მასში დაფიქსირებული მოსაზრებები, მაგრამ მისი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მას ომის დაწყებას (უხეშად რომ ვთქვათ) «ტენის», ერთობ უადგილო და გაუგებარი ჩანს _ იმაზე მეტი რაღა უნდა «შეტენოს», რაც ტალიავინის კომისიამ უკვე «შეტენა»? მართალია, ეს დასკვნა არ წარმოადგენს ბრალდებას ან სასამართლოს განაჩენს იურიდიული თვალსაზრისით, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ ამის საფუძველზე აყალიბებენ პირველად პოზიციას აგვისტოს ომის მიმართ ევროპელები. აგერ თომას ჰამერბერგიც ამბობს: «დავუბრუნდეთ ტალიავინის ანგარიშს და წაიკითხეთ ის სრულად. ამ ანგარიშში არის ასახული, თუ რა გაკეთდა ან არ გაკეთდა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი თავიდან ყოფილიყო აცილებული». ამასთანავე, ჰამერბერგი მიიჩნევს, რომ უნდა დაიკითხოს ყველა, ვინც 2008 წლის ომის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროკურორებმა ჰააგაში ან თბილისში შესაძლებლობა მისცენ სააკაშვილს, გადააქციონ გამოძიება დისკუსიად თემაზე «ვინ დაიწყო ომი?», რადგან მათ წინა პლანზე სულ სხვა თემები გამოაქვთ. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ის იმდენად მიეჩვია იმას, რომ ნებისმიერი საუბარი ომზე ამ პუნქტამდე დაიყვანოს, რომ ძნელი წარმოსადგენია, დაცვის ალტერნატიული ტაქტიკა აირჩიოს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სხვა კითხვების დასმას აპირებენ.

საინტერესოა, დაეხმარება თუ არა სააკაშვილს იურიდიული განათლება იმაში, რომ ყველა შესაძლო ბრალდება მოიგერიოს? მან, ალბათ, უპირველესად, უნდა გააცნობიეროს, რომ ამჯერად მოქმედება არა პროპაგანდისტულ, არამედ სამართლებრივ სივრცეში მოუწევს (რაც, შესაძლოა, ბოლომდე გააზრებული არ აქვს). ერთი კი ფაქტია, გამოძიების მატარებელი დაიძრა, მისი შეჩერება წარმოუდგენელი ჩანს და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურობაზეა დამოკიდებული, ჩაიყვანს ის მას ჰააგაში თუ სადმე სხვაგან.

დიმიტრი მონიავა

 

2 COMMENTS

  1. ნაცები თავის ბელადთან ერთად გასასამართლებელია ერის გადაგვარების მცდელობისათვის საქართველოს გაუპატიურებისათვის ……..

  2. მივმართავ ბატონ ბიძინას, ჩვენ ქართულ ოცნებას იმიტომ მივეცით ხმა რომ სამართლიანობა აღდგენილიყო, ძალიან გთხოვ დაუკვირდით რესპუბლიკელების ქმედებას მათი ლიბერალიზმი ამოვიდა ყელში, მათი იდეოლოგია არაფრით განსხვავდება ნაცების იდეოლოგიისაგან …., ისინი მოქმედებენ თავისუფლების ინსტიტუტის დირექტივებით რამეთუ ამ ინსტიტუტიდან არიან გამოჩეკილები ამიტომ იცავენ ბოკერიას… გთხოვთ ბატონო ბიძინა აღადგინე სამართლიანობა ,ამით დაისვენებს ქართველი ერი …დავიღალეთ სხვის დაკრულზე ამდენი ცეკვით… შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here