Home რუბრიკები საზოგადოება ატეხილი საია

ატეხილი საია

657

მაშ ასე: ა. წ. 28 მარტს ბათუმში საიას ნასვამმა(!) მძღოლმა დაარღვია მოძრაობის წესები, შექმნა საავარიო სიტუაცია და აგდებულად ელაპარაკა პოლიციის სამმართველოს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილ უფროსს, რომლის მანქანასაც კინაღამ დაეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ სამმართველოს უფროსმა მას თავი წარუდგინა, საიას მძღოლს არც ბოდიში მოუხდია და არც გამომწვევად ლაპარაკი შეუწყვეტია, რის გამოც უფროს პოლიციელს მისთვის სათანადო პასუხი გაუცია და ფიზიკური ძალის გამოყენებით მისი პოლიციის განყოფილებაში წაყვანა მოუნდომებია. ამ გაწევ-გამოწევაში მძღოლს სახელო ჩამორღვევია მცირედ. ეს არის და ეს მთელი ისტორია, რასაც მოჰყვა, მაგრამ რა მოჰყვა: საიას მხრიდან საკუთარი მძღოლის «უფლებების დაცვა», ფაქტობრივად კი – სამარცხვინო და პროვოკაციული ქმედებები (ამაზე ოდნავ ქვემოთ მოგახსენებთ), რითაც მან თავისივე ხელით ჩამოიხსნა დემოკრატიისთვის მებრძოლის ნიღაბი და ყველამ დავინახეთ ამ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ნამდვილი სახე, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდა იგი ადრე და ვის სამსახურშია დღესაც.

ახლა ვიკითხოთ, თუ როგორ მოიქცეოდა სააკაშვილის დროინდელი პოლიცია ანალოგიურ სიტუაციაში. ნასვამ მძღოლს, რომელმაც დაარღვია მოძრაობის წესები და თან პოლიციის უფროსსაც «აუხტა», აუცილებლად ჩატენიდნენ მანქანაში, პოლიციაში კარგადაც «დაზელდნენ», ოპერატიულად გაასამართლებდნენ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით და 400-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად (რაც საიას მძღოლს დააკისრეს) ციხეში ამოაყოფინებდნენ თავს რამდენიმე წლით!

მეორე მაგალითი. როგორ იმოქმედებდა პოლიცია ე. წ. დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგ. ამერიკაში. პირველი, რასაც პოლიცია გააკეთებდა, ასეთ მძღოლს დაადებდა ბორკილებს (გამომწვევად ქცევის მიუხედავად!); სულ მცირე, ერთი დღით ან ბევრად მეტით ჩასვამდა ციხეში (აქ უკვე ქცევას გააჩნია!), გადაახდევინებდა უზარმაზარ ჯარიმას და ერთი წლით ჩამოართმევდა მართვის უფლებას (კიდევ სხვა, შედარებით წვრილმანი სანქციებიც იქნებოდა მიღებული). პოლიციელს (პოლიციელებს) რა? არც არაფერი, შეიძლება მადლობაც გამოეცხადებინათ!

ეს მაგალითები ძველი და ახალი პოლიციის (მერაბიშვილისა და ღარიბაშვილის) ან ახალის და ამერიკულის შესადარებლად არ მომიყვანია, ეს მხოლოდ საიას ახლანდელი და ძველი ქმედებების შესადარებლად მჭირდება, ასეთი შედარებითი ანალიზი აუცილებელია.

ძალიან თავს კი დებენ ობიექტურობაზე «ახალგაზრდა იურისტები», მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წლის მანძილზე ერთხელ მაინც თუ უცდიათ ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა გაცილებით მძიმე ინციდენტზე, როდესაც სრულიად უდანაშაულო ხალხს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოგონილი ბრალდებით პირდაპირ ციხეში უკრავდნენ ხოლმე თავს.

ახლა კი რას ვხედავთ: საიამ იშიშვლა «დემოკრატიის» მახვილი და, დაცვის ნაცვლად (რა ჭირს დასაცავი!), შეტევაზე გადადის, ღარიბაშვილის უწყებას უტევს, თან გაიძახის: ჩვენ მხარე არა ვართ, ჩვენ სიმართლეს ვემსახურებითო. ერთი მაგალითი მაინც გაგვახსენონ ძველი ან ახალი დროიდან ანალოგიური მსახურების!

ერთი სიტყვით, ისე ატყდა საია, რომ მართლა ატეხა «ჭიქაში ქარიშხალი» _ ბრიფინგები, ინტერვიუები ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, სხვადასხვა ტელეარხზე, საპროტესტო აქციები, პროკურატურაში სარჩელის შეტანა და დიპლომატიური კორპუსის საქმის კურსში ჩაყენება _ აქაოდა, ადამიანის უფლებები ირღვევა საქართველოში, დროზე გვიშველეთ, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას აქვს ადგილიო! და ამას აკეთებს ორგანიზაცია, რომლის ყოვლად სამარცხვინო, ანტიჰუმანური და ანტიეროვნული პოზიცია 26 მაისთან, პოლიტპატიმრებთან თუ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში ყველასათვის ცნობილია. რატომ ხდება ასე? უფრო სწორად, რატომ აძლევს საია თავს ამდენის უფლებას? პასუხი მარტივია _ იმიტომ, რომ გასდის! და რომ გასდის, იმიტომაც აქვს თავში ავარდნილი!

ბათუმის ინციდენტის შემდეგ განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ საიას მხრიდან აქ უბრალო მიკერძოებასთან ან საკუთარი «მუნდირის» ღირსების დაცვასთან არ გვაქვს საქმე (რასაც სავსებით მართებულად აკეთებს შსს), აქ აშკარად შორსგამიზნული ჩანაფიქრის ნიშნები იკვეთება, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობები შემოიღეს, ჯერ არავის მოსწრებია მსოფლიოში, რომ დაცვის მხარეს იქით მოეთხოვოს პოლიციელისთვის – ერთი თქვენი მართვის მოწმობა წარმომიგვიდგინეთო! ეს საიას ახალი მიგნებაა, თანაც როგორი, პირველივე ცდაზე ათიანში გაარტყა, ყველას გასაოცრად, მთავარ პოლიციელს მართლაც არ ჰქონია მართვის მოწმობა! ასეა, სიმართლისა და ლიბერასტ-პედერასტების დამცველებთან «ჩიტებს მოაქვთ ამბავი» საჭირო დროს!

ახლა თავში ავარდნაზეც ვთქვათ. მძღოლის ნასვამობაზე შემოწმების (და დადასტურების!) შემდეგ საია იქეთ ითხოვს პოლიციის სამმართველოს უფროსის ნარკოლოგიურ შემოწმებას(!), თუმცა მშვენივრად მოეხსენება, რომ შს მინისტრმა ღარიბაშვილმა, თავისი ინიციატივით, დანიშვნისთანავე, თავადაც გაიარა ნარკოშემოწმება და ყველა თანამდებობის პირიც გაატარა. საიას ნამდვილად გასდის, მაგრამ იმას ვერ ხვდება (არადა, ყველა ამჩნევს!), რომ თავისი მოთხოვნებით, აქციებით, მიმართვებით (დიპკორპუსს) და ფარული (!) შეხვედრებით (ამაზე ოდნავ ქვემოთ) მას მართლაც წურწურით გასდის გრანტების შესანარჩუნებლად(!) დაღვრილი ოფლი, ამ გრანტებისგან მწვანედ შეფერილი!

ამგვარი მოთხოვნის «გამბედაობა» საიას აქვს, მაგრამ მას არასოდეს შეუხსენებია სააკაშვილისთვის დიდი ხნის წინანდელი დანაპირები _ საკუთარი თავის და მინისტრ-დეპუტატების ნარკოშემოწმება, ეს არც მაშინ გახსენებია, როცა პატრიარქის სავარძელში ჩასკუპებული პრეზიდენტის აცა-ბაცა თვალებს უყურებდა! საიას ასეთ შერჩევით ქცევას ქართულად ტუტუცობა ჰქვია!

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ შორსგამიზნულ ჩანაფიქრს, თუ არა ამგვარ ჩანაფიქრზე, მაშინ, აბა, სხვა რაზე უნდა მიუთითებდეს საიას ხელმძღვანელის, კახა კოჟორიძის, ფარული შეხვედრები «ნაცების» ლიდერებთან. მხოლოდ ერთ, დადასტურებულ და თავად კოჟორიძის მიერ აღიარებულ შეხვედრაზე მოგახსენებთ, რომელიც ბათუმის ინციდენტიდან მეორე დღეს, 29 მარტს შედგა «ნაცების» პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან, ამჟამადაც პარლამენტის ნაცუმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან სასტუმრო «რადისონის» ბარში.

საქმიანი და არასაიდუმლო შეხვედრები, როგორც წესი, ოფისებში, სამუშაო ოთახებში იმართება დაუფარავად, მაგრამ, ვინაიდან ბაქრაძემ და კოჟორიძემ კარგად იციან, რომ გამორიცხული არ არის, მათი საუბარი ახლაც ისევე ისმინებოდეს, როგორც ეს ვანო «გისმენ» მერაბიშვილის დროს იყო, ამიტომაც მომავალ სამოქმედო გეგმებზე საუბარი მათ ავი თვალისგან და ყურისგან დაცულ ადგილას არჩიეს. სამწუხაროდ, საიასთვის ამ ოხერმა თვალმა მაინც ჩაავლო ე. წ. არასამთავრობოს ლიდერის ე. წ. ნაცსამთავრობოს ლიდერთან გამართულ 3-საათიან ჭუკჭუკს ქვეყნის «საჭირბოროტო საკითხებზე»! «ამ (ბათუმის) ინციდენტზე საუბარი არ ყოფილა ბაქრაძესთან შეხვედრის მიზანი», _ წარბშეუხრელად აცხადებს კოჟორიძე, მაგრამ ამ საკენკს ისევ თავისნაირ ახალგაზრდა, მაგრამ ჯერ გაურყვნელ იურისტებს თუ დაუყრის! ქვეყნის ბედზე მაფიქრალნი სასაუბროდ ინკოგნიტოდ ბარში არ ხვდებიან! ორი აზრი არ არის, სჯა-ბაასი, უეჭველად, ბევრ სხვა საკითხზეც იქნებოდა «რადისონში»!

მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთის მიერ ტელევიზიით გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ისინი ბათუმის ინციდენტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს მიესალმებიან, რომ ახლავე ჯობია ბუზის სპილოდ წარმოჩენა, რათა მომავალში უფრო უარესისგან ვიყოთ დაზღვეულებიო. მართალია, ნებისმიერ უარყოფით მოვლენას (ბუნებაში თუ საზოგადოებაში) მცირე დადებითი მხარეც გააჩნია, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია და ყველაფერში ხომ პრიორიტეტები არსებობს. ამიტომ ბუზის სპილოდ წარმოჩენა არასოდეს და არსად არ არის გამართლებული (ობიექტურობა თითქმის იმდენივეჯერ მცირდება, რამდენჯერაც სპილო აღემატება ბუზს), მით უფრო, დღევანდელ საქართველოში, სადაც ამდენი პრობლემაა (სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური), ყურადღების მეასეხარისხოვან წვრილმანებზე გადატანა დანაშაულის ტოლფას სიბეცედ მიმაჩნია!

საიას, ამ სამართლებრივად მომზადებული ორგანიზაციის, მიერ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების აყოლიება და ბათუმის ინციდენტზე ხალხის ყურადღების შეგნებულად გადატანა, ერთი ვაი-უშველებლის ატეხვა და ყველა საშუალებით ამ ძალზედ უმნიშვნელო ინციდენტისთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მინიჭების მცდელობა არ შეიძლება ნორმალურმა კაცმა სხვაგვარად გაიგო, თუ არა მიზანმიმართული, ვიღაცის ინტერესებზე მორგებული პროვოკაციული საქციელი. ვის ვის და, იურიდიული განათლების მქონე პირებს კარგად მოეხსენებათ, თუ რა შემთხვევებში იყენებენ მთავარიდან მეორეხარისხოვანზე გადართვის მეთოდს.

თუ ვის წისქვილზე ასხამს ამ აჟიოტაჟით წყალს საიას თავმჯდომარე კოჟორიძე, ძნელი მისახვედრი არ არის, და ჩვენი მიხვედრილობა მისმა ბაქრაძესთან ფარულმა შეხვედრამაც დაადასტურა.

ეს შეხვედრა აღარ მოგვეჩვენება იმდენად გასაკვირი, თუ გვეცოდინება, რომ კოჟორიძე «მამალ» ნაციონალ გიგი თევზაძესთანაც თანამშრომლობს ილიას უნივერსიტეტში 2009 წლიდან (27 წლის ახალგაზრდებს კი ერთგულებაზე «ნაცების» მკაცრი ტესტის ჩაბარების გარეშე ილიას უნივერსიტეტში ლექტორებად არ იღებენ!).

რაც ამ თითიდან გამოწოვილ «პრობლემაზე» საიამ, მედიამ, ტელევიზიამ, ხელისუფლებამაც დრო დახარჯეს, იმის მეასედი არ იხარჯება ქართველი ერის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტაზე, როგორიცაა: მიწების, წყლების, ტყეების, წიაღისეული სიმდიდრეების გასხვისება უცხოელებზე, თურქეთის არნახული ექსპანსია ბათუმში ჩვენივე ხელისუფლების – ძველის და ახლის ხელშეწყობით(!) წარმოებული, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაუფარავი პრეტენზიის გაცხადება ბათუმზე, მესხეთელი თურქების ჩამოსახლება, რეგიონული ენების თაობაზე ხელშეკრულების რატიფიკაცია (ზოგ ჭკუათმყოფელ მინისტრს ამის საპირწონედ ხომ ევროპაში სამგზავრო ვიზების გამარტივება მიაჩნია!), რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით გამოსაძიებელ სისხლის სამართლის საქმეზე (ცხინვალის ომი, 26 მაისი, 7 ნოემბერი, ციხის ბუნტი, ციხეებში წამება, გახმაურებული მკვლელობები, ლაფანყურის ტრაგედია, კერძო საკუთრების მიტაცება, პოლიტპატიმრები და ბევრი სხვა), რომელთა სასამართლო განხილვა-განჩინების გამოტანას არა და არ ადგება საშველი, აგერ ექვსი თვეა! ამ მიმართულებით რომ ხარჯავდეს საია თავის ენერგიას, მაშინ აღარავის მოუტრიალდებოდა ენა მის გასაკრიტიკებლად.

საიას (და სხვებისაც) შემყურე, აუცილებელია ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზეც ვთქვათ ზოგადად. ყველა მსგავსი ორგანიზაცია ე.წ.-ია, რადგანაც არასამთავრობოდ(!) წოდებული ორგანიზაცია არ უნდა ფინანსდებოდეს არც საკუთარი და არც უცხო სახელმწიფოს მთავრობისგან. იმის თქმაც კი ძნელია, თუ რომელი ვარიანტია უარესი! ჩვენთან ორივე ნაირსახეობა იყო გავრცელებული (ფარულად, ცხადია) და, შეიძლება ითქვას, 1 ოქტომბრის შემდეგაც, ანუ ორხელისუფლებიანობის პირობებშიც, დაახლოებით, იგივე გრძელდება _ ნაწვიმარზე ამოსული სოკოებივით მომრავლებულ, სააკაშვილის მაღალჩინოსნების მიერ დაარსებულ «არასამთავრობოებს» სახელისუფლო (ნაცების ფრთის) დაფინანსება გააჩნიათ (ზოგს _ უშუალოდ პრეზიდენტის ფონდიდან და ზოგსაც – ძველი მთავრობის წევრებისგან). ამერიკის რესპუბლიკური პარტია დააფინანსებს შაშკინის მიერ წლების წინ ჩამოყალიბებულ ორგანიზაციას, თუ «ნაცმოძრაობა» – კაპანაძისას, სულერთია, დიდი სხვაობა არ არის და არც ერთ მსგავს ორგანიზაციას არ შეიძლება არასამთავრობო ეწოდოს.

ამ ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე მოპოვებული მასალების გამოქვეყნება (ძალზედ იშვიათად) ერთ ალიაქოთს იწვევს არასამთავრობოებში – როგორ შეიძლება კონფიდენციალური ფინანსური დოკუმენტაციის ჩვენს უნებართვოდ გამოქვეყნებაო! რა გამოდის? დეპუტატები და სხვა მაღალჩინოსნები ვალდებულნი არიან, დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას პირადი შემოსავლების (ხელფასიდან, ბიზნესიდან და სხვ.)

და ოჯახური შემადგენლობის თაობაზე, არასამთავრობოებს კი არც დაფინანსების წყაროების გაცხადება ევალებათ და არც მიღებული თანხების ოდენობის და ხარჯვის?! ეს მაგონებს ჩვენს ერთ-ერთ კონსტიტუციურ უფლებას _ ჩვენ შეგვიძლია პარლამენტი და პრეზიდენტიც გადავირჩიოთ ვადამდელი არჩევნებით, მაგრამ არ შეგვიძლია ანალოგიური ვადამდელი არჩევნებით გადავირჩიოთ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და მოსამართლეები, თუნდაც მთელმა მოსახლეობამ მოითხოვოს ეს. განა ასე არ იყო რეგიონებში, როცა მოსახლეობის კანონიერი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების შესახებ ზეწოლად შეფასდა «ნაცების» და შორეული დასავლეთის მხრიდანაც; «ოცნებამაც» იმ ხალხის მხარე არ დაიჭირა, რომლის წყალობითაც გაიმარჯვა არჩევნებში, _ პრეზიდენტი ოქტომბრამდე და ადგილობრივი ორგანოებიც 2014 წლამდე უნდა დარჩნენ ადგილებზეო, _ გამოგვიცხადა ხმამაღლა, თუმცა კარგად იცოდა, რომ ერთიც გაყალბებული არჩევნებით იყო მოსული სათავეში და მეორენიც _ მერია-საკრებულო-გამგეობებში. ხალხის «ზეწოლად» შეფასებულ სამართლიან მოთხოვნებზე ყველა აყაყანდა, მაგრამ ამერიკის «რეკომენდაციად» წოდებულ აშკარა ზეწოლაზე ყველას ხმა ჩააკმენდინეს! ყველა ყველაფერს ხვდება, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც არ იქნება ზედმეტი, თუ ვოლტერის ცნობილ გამონათქვამს მოვიყვან: «იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ ვინ ბატონობს თქვენზე, გამოარკვიეთ, ვისი გაკრიტიკება გეკრძალებათ»!

ახალი ხელისუფლების გასაგონად, იმათთვის, ვინც არასამთავრობოებიდან არაა გამოსული, მინდა ვთქვა, რომ ეს ე.წ. არასამთავრობოები ყველა იმ ხელისუფლების თავის ტკივილია, რომელი ხელისუფლებაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მომგონს(!) და დამფინანსებელს არ აძლევს ხელს. ახალგაზრდებით დაკომპლექტებული და უცხოეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების უმრავლესობა პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით კი ჩვენისთანა პატარა, სუსტი და ღარიბი ქვეყნისთვის. ასეთი ქვეყნის შვილების მანქურთებად ქცევა ბევრად ადვილია და ეს პროცესი ახალგაზრდა ასაკიდან იწყება, რადგანაც ზრდასრული, ჩამოყალიბებული მამულიშვილის მანქურთად გარდაქმნა თითქმის შეუძლებელია. მანქურთების გამომყვანებმა კარგად იციან აღმოსავლური სიბრძნე: «თუ მტრის დამარცხება გსურს, აღზარდე მისი ბავშვები», ანუ ქვეყნის დაპყრობა, გავლენის სფეროში მოქცევა თუ გსურს, ამ ქვეყნის შვილები, ახალგაზრდები უნდა აღზარდო, თავიც მოუქონო, ამერიკაშიც ატარო სასეირნოდ, სატრეინინგოდ და, რაღა თქმა უნდა, სათანადო ტესტირებით სწორი სელექციის საწარმოებლად, რათა ისეთი კლონები გამოიყვანო, როგორებიც არიან რამიშვილი, შაშკინი, თარხნიშვილი… აუ, ყველას რა ჩამოთვლის, მაშინ ნახევარი პარლამენტი და სხვაც ბევრი უნდა მივაყოლო! სწორედ ასეთი აღზრდის კერებია: «კმარა», «თავისუფლების ინსტიტუტი», საია და ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. განა ვიცით, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, მათი დაფინანსების წყაროები და რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოდინებული უზარმაზარი თანხები? არ არის ამის ცოდნა აუცილებელი?!

ჩვენ კი არა, თურმე რუსეთსაც არ სცოდნია ამის თაობაზე და მან სულ ახლახან დაადგინა, რომ მის ტერიტორიაზე 654(!) მარტო უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებმაც ბოლო ოთხ თვეში ერთი მილიარდი(!) დოლარი მიიღეს, ანუ საშუალოდ 400 000 დოლარი თვეში თითოეულმა ორგანიზაციამ! ჩვენთან?არა მგონია, ნაკლებს იღებდნენ! ამ ორგანიზაციებზე კონტროლის დაწესების (და არა აკრძალვის!) მიზნით, რუსეთის დუმამ 2012 წლის ნოემბერში მიიღო კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ და პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ავალდებულებს, გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია, როგორც «უცხოეთის აგენტმა», და ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში მიღებული თანხების ოდენობისა და ხარჯვის თაობაზე (ანალოგიური კანონი, უფრო მკაცრი, შეერთებულ შტატებში 1938(!) წლიდან ყოფილა ძალაში და მსგავს ორგანიზაციებს იუსტიციის სამინისტროს შპიონაჟთან მებრძოლი კონტრდაზვერვის სამსახური აკონტროლებს! საინტერესოა ისიც, რომ თავად რუსეთი მხოლოდ ორადორ არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებს საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში). რამდენ რამეს აეხდებოდა ფარდა ჩვენთანაც, პარლამენტმა რომ მიიღოს ეს კანონი. მიბაძონ «ოცნებამ» და «ნაცებმა» რუსეთს, უკაცრავად, ამერიკას(!) და დაამკვიდრონ ჩვენთანაც ეს სასარგებლო წესი, რომელსაც ინგლისურად «თრუსტ ბუტ ვერიფყ» ჰქვია (ენდე, მაგრამ შეამოწმე). გვეტყვის ვინმე რამეს?!

მანქურთების გამოსაყვანი კონვეიერი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, სტრატეგია ხანგრძლივ პერიოდზე აქვთ გათვლილი სელექციონერებს და ამიტომაც ხელისუფლებაში მოყვანილი(!) პარტიის უკან თადარიგში ყოველთვის დგას ერთი ან რამდენიმე პარტია, მოძრაობა თუ ორგანიზაცია. ისევე, როგორც, მაგალითად, «ნაცმოძრაობის» შემცვლელად აბსოლუტურად იდენტური მსოფლმხედველობის რესპუბლიკური პარტია იყო გამწესებული, რესპუბლიკურ პარტიასაც ჰყავდა (და ჰყავს!) თავისი დუბლიორი! ეჭვი არავის შეეპაროს ამაში, ეს ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლებია «სტრატეგიულ პარტნიორებად» წოდებული ჩვენი «მეგობრების». აღმოსავლური სიბრძნის მიმდევრებს, ამერიკელ სელექციონერებს ავიწყდებათ ასაკუთარი პრეზიდენტის, ჯეფერსონის, სინანულით ნათქვამი სიტყვები: «სული მიშფოთავს ჩემი ქვეყნის გამო, როდესაც გავიფიქრებ, რომ ღმერთი სამართლიანია»! და ამას იგი ამბობდა 200 წლის წინ. ადვილი წარმოსადგენია, რას იტყოდა ამერიკის მსოფლიო პოლიტიკის შემხედვარე ჯეფერსონი დღეს, როცა მსოფლიო ჟანდარმის როლში იხილავდა ამერიკას!

ხელისუფლებაში გამძვრალი და არასამთავრობოებში განავარდებული, სავარძლებს და მწვანეებს დახარბებული, ეროვნულ ფესვებს მოწყვეტილი ქართველების კატეგორიას კი რუსეთის იმპერიის რეფორმატორად მიჩნეული საზოგადო მოღვაწის, პრემიერ-მინისტრ სტოლიპინის ბრძნულ სიტყვებს შევახსენებ (ვინ იცის, ეგებ გაიაზრონ კიდეც!): «ერი, რომელსაც ეროვნული თვითშეგნება არ გააჩნია, ნაკელია, რომელზეც სხვა ხალხები აღმოცენდებიან»!

იაკობ ლეჟავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here