Home რუბრიკები საზოგადოება არის თუ არა ნავთობი საქართველოში?

არის თუ არა ნავთობი საქართველოში?

4989

ოქროს ხანა საქართველოს ნავთობმოპოვებას 1975 წლის 28 აგვისტოს დაუდგა, როცა სამგორის #7 ჭაბურღილმა, რომელიც სოფელ სართიჭალის მიდამოებში მდებარეობს, დიდი ნავთობი მოგვცა. მისი ბურღვა 1974 წლის 29 იანვარს დაიწყო. საპროექტო სიღრმე 3800 მეტრი იყო, საპროექტო ჰორიზონტი კი _ ქვედა ეოცენური ასაკის ნალექები. ასეთი საპროექტო ამოცანით ამ უბანზე უკვე რამდენიმე ჭაბურღილი (## 1, 3, 4, 8) იყო გაბურღული, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომაც ტრესტის მთავარი გეოლოგის თანამდებობაზე იმ დროს ახლადდანიშნულმა, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ლალიევმა დიდი სიღრმეების დაპყრობას უფრო რეალური და საინტერესო ამოცანა _ შუაეოცენური ასაკის «მშთანთქმელი ჰორიზონტის» წყლით ბურღვა და მისი შემდგომი დასინჯვა ამჯობინა და გაუმართლა კიდეც. საქართველოში მანამდეც იყო ნავთობის საბადოები _ მირზაანი, პატარა შირაქი, ნორიო, საცხენისი, სუფსა, აღმოსავლეთ ჭალადიდი, ტარიბანა, ბაიდა-ჩათმა, მაგრამ ისინი იმდენად ცოტა ნავთობს იძლეოდნენ, რომ 1930 წლიდან 1974 წლამდე სულ რაღაც 1 მილიონ 362 ათასი ტონა ნავთობი მოვიპოვეთ.

 

წინაისტორია

 

საქართველოში ნავთობის სამრეწველო მოპოვება კი 1930 წლიდან იწყება, იმ დროიდან, როცა აღმოაჩინეს და ექსპლოატაციაში შეიყვანეს მირზაანის საბადო. სწორედ მაშინ, კახეთის ნავთობის საბადოების დაზვერვისა და ექსპლოატაციის მიზნით, შეიქმნა ტრესტი «საქნავთობი» და დაიწყო გეგმიური გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების წარმოება. ნავთობის მოპოვების ყველაზე მაღალი წლიური დონე 1941-1943 წლებშია მიღწეული, შესაბამისად, 57532, 56108 და 57477 ტონა წელიწადში. დანარჩენ წლებში მოპოვება 20-40 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა. შემდგომ პერიოდში ნავთობმოპოვების გაზრდის მიზნით ჩატარებული უახლესი მეთოდების გამოყენების მიუხედავად, მოპოვება თანდათან ეცემოდა.

1974 წლიდან, ნავთობის მოპოვების ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და იწყება სწორედ იმ ღირსსახსოვარი #7 ჭაბურღილით, რომელმაც საწყისი დაუდო ჯერ მაღალდებიტიანი სამგორი-პატარძეულის, მერე 1976 წელს თელეთისა და 1978 წელს სამგორის სამხრეთი თაღის საბადოების აღმოჩენას. ამ აღმოჩენებმა, მძლავრი ბიძგი მისცა ნავთობის მრეწველობის განვითარებას საქართველოში.

1977 წელს ნავთობის მოპოვებამ 1,75 მილიონი ტონა შეადგინა, რაც ლამის 80-ჯერ აღემატებოდა 1973 წლის მოპოვებას. 1978 და 1979 წლებში, შესაბამისად, 2,456 და 2,785 მილიონი ტონა მოიპოვეს. მაქსიმალურ დონეს მოპოვებამ 1980-1983 წლებში მიაღწია, როცა წელიწადში, შესაბამისად, 3,186, 3,322, 3,330 და 3,299 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვებოდა, მაგრამ 1984 წლიდან დაწყებული ნავთობის მოპოვების საქმეში მკვეთრი დაცემა დაიწყო.

ჭაბურღილის ნაზი, სათუთი ბუნება ვერანაირ ზედმეტ ნიუანსებს ვერ უძლებს. ის ცოცხალ არსებასავით მგრძნობიარეა და მოვლა-გაფრთხილება სჭირდება. ამ დროს კი დადგა არეული გასული საუკუნის 90-იანი წლების ავადსახსენებელი პერიოდი, როცა ყველასა და ყველაფერზე მხედრიონი ბატონობდა და ეს ბატონობა, სამგორის საბადოზე ნავთობის დატაცებაშიც აისახა. ისინი მთელ ლულაზე ხსნიდნენ ჭაბურღილებს, რათა თავიანთი ცისტერნები სწრაფად გაევსოთ. თუ ადრე მომპოვებლები, მეათედი ატმოსფეროს წნევასაც კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ყველა ხერხით ცდილობდნენ წნევის დაცემა არ დაეშვათ, ახლა მხედრიონელები წნევას არაფრად დაგიდევდნენ. ასეთმა მტრულმა დამოკიდებულებამ უცებ მოგუდა ჭაბურღილები. მხედრიონის მტაცებლურმა დამოკიდებულებამ საბოლოოდ დაანგრია კიდეც ნავთობმოპოვების საქმე.

არანაკლებ საეჭვო ნაბიჯად მიგვაჩნია ჭაბურღილების უცხოელი ინვესტორებისთვის გადაცემაც. არ გამართლდა, რომ ისინი ახალი მეთოდებით მეტის მოპოვებას შეძლებდნენ.

«ვარდების რევოლუციით» მოსულმა ხელისუფლებამ, რომელმაც ყველაფერი, რის გაყიდვაც მხედრიონმა ვერ მოასწრო, გაყიდა, დახურა «საქნავთობი». გამოაცხადა, რომ საქართველოში ნავთობი არ არის. ასეთმა დასკვნამ, მხოლოდ მწარე ღიმილი შეიძლება მოჰგვაროს გათვითცნობიერებულ ადამიანს. ხელისუფლებამ კი უცებ გამოგვიტანა განაჩენი: არ არის და მორჩაო.

რესურსები

საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსების რაოდენობრივი შეფასება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. იმ პერიოდში, როცა თბილისისპირა რაიონში, შუაეოცენურ ვულკანოგენურ-დანალექ წყებაში ახალი, მაღალდებიტიანი საბადოების აღმოჩენას დაედო სათავე. შემდგომში ასეთი სამუშაოები გარკვეული პერიოდულობით, 4-5 წელიწადში ერთხელ წარმოებდა. ყოველ მომდევნო პერიოდში ახალი გეოლოგიურ-გეოფიზიკური და სარეწაო მასალების დაგროვების ხარჯზე რესურსების რაოდენობა ცვლილებებს განიცდიდა მატებისკენ. 1999 წელს ნავთობის საწყისი ჯამური გეოლოგიური რესურსები 1,59 მილიარდი ტონით განისაზღვრა, ამოსაღები 584 მილიონი ტონით, გაზის რესურსები 163 მილიარდი კუბური მეტრით. ნავთობ-გაზიანობის თვალსაზრისით, პერსპექტიული ტერიტორიის ფართობი ყველა პერიოდისთვის უცვლელი რჩებოდა და 26,5 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, რომლის ფარგლებში 7 ნავთობ-გაზიანი რაიონი გამოიყოფოდა. ნავთობისა და გაზის რესურსების რაოდენობრივი შეფასების ბოლო დაზუსტება 2002 წელს მოხდა, რომლის თანახმად ნავთობის გეოლოგიური რესურსები ხმელეთზე 1,29 მილიარდი, ამოსაღები 450 მილიონი ტონით განისაზღვრა. ზღვის აკვატორიისთვის კი შესაბამისად 1,15 მილიარდი და 400 მილიონი ტონა. გაზის რესურსების რაოდენობა მხოლოდ ხმელეთისთვის იყო შეფასებული და 180 მილიარდ კუბმეტრად განისაზღვრა. პატრიარქი კომისიის ანგარიშში მოყვანილი ნავთობის პოტენციური რესურსები, სხვადასხვა სპეციალისტის შეფასებით, 573 მილიარდი ტონიდან 2,44 მილიარდ ტონამდე მერყეობს.

ნავთობის დარჩენილი რესურსების იმავე განაწილების თანახმად, საქართველოს ნავთობ-გაზიანი რაიონებისა და ბლოკების მიხედვით ასეთი სურათი გამოისახა: სამხრეთ საქართველოში (XIII-XIV ბლოკები) შესაბამისად გეოლოგიური და ამოსაღები მარაგები მილიონ ტონებში იყო 80 და 30; გარე კახეთში (XII) _ 265 და 75; თბილისისპირა რაიონში (XI) _ 200 და 70; მთიან კახეთში (X) _ 222 და 75; ქართლში (IX) _ 130 და 45; აჭარა-თრიალეთში (VIII და VII) _ 110 და 45; გურიაში (VII) _ 100 და 35; იმერეთში (VI) _ 100 და 40: კოლხეთში (V და IV) _ 85 და 35.

მოულოდნელი აღმოჩენა

ამჯერად მინდა ერთი საინტერესო და, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი ჭაბურღილის შესახებ მოგითხროთ. ასეთად მე უფლისციხის #5 მიმაჩნია, რომელიც კლდეში ნაკვეთი ქალაქის, უფლისციხის, ოდნავ ჩრდილო-დასავლეთით არის გაბურღული გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური ექსპედიციის მიერ. ამ ჭაბურღილის მიზანი სულაც არ იყო ნავთობის ძებნა, მაგრამ საპროექტო 2000-ის მაგიერ, ფაქტობრივად, 2285 მ-მდე გაბურღეს, საპროექტო ზედაეოცენურის შემდგომ შუაეოცენურ ნალექებში შევიდნენ 2120 მ-დან და 2205-2265 მ-ის ინტერვალიდან თხევადი ნავთობის მოდენი მიიღეს და დასასინჯად დეპარტამენტ «საქნავთობის» სპეციალისტები მიიწვიეს.

პირველი დასინჯვისას, 48 საათის განმავლობაში მიღებული მონაცემებით, დადგინდა საშუალო დღეღამური მოდენი _ 45,26 უბმეტრი/დღეღამეში. ერთი თვის შემდეგ, მეორე დასინჯვისას უშუალი დღეღამური დებიტი 2,42 კუბმეტრი/დღეღამეში განისაზღვრა. ნავთობშემცველი ფენის წნევა 178 ატმოსფეროს შეადგენს, რაც ნავთობის ზედაპირზე თვითგადმოდინებას გამორიცხავს.

ეს ჭაბურღილი და ის პირობები, რომლებშიც ის იმყოფება, ზუსტად შეესაბამება 1970-იანი წლების დროინდელ სამგორის იმ ჭაბურღილების ბედს, რომლებსაც დამსინჯველებმა უპასუხისმგებლობის, უცოდინარობის თუ სხვა მიზეზით მაშინ «სასიკვდილო განაჩენი» გამოუტანეს _ «მშრალიაო», შემდგომში კი სამგორის სახელგანთქმული # 7-დან ნავთობის მიღების მერე ყველა მათგანმა დიდი ნავთობი მოგვცა. აბა, დაუკვირდით: იგივე ასაკი, იგივე ვულკანოგენურ-დანალექი წყება, იგივე ანომალურად დაბალი წნევა. განსხვავება შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ მათში ნავთობს ვერ ხედავდნენ, აქ კი თვალსაჩინოა მისი არსებობა.

უფლისციხის # 5-ის შემთხვევაში შუაეოცენური ნალექების საბურღ ხსნარად 1,22 გ/სმі ხვედრითი წონის დამძიმებულ თიხის ხსნარს იყენებდნენ (ე.ი. როცა ფენის წნევა 178 ატმ. იყო მასზე 272 ატმოსფეროს წნევით, ფენის წნევაზე 94 ატმოსფეროთი მეტით ზემოქმედებდნენ). ამ ჰორიზონტის ბურღვა კი მხოლოდ წყლითაა რეკომენდებული. სწორედ იმ ხსნარმა უკუაგდო ნავთობი და მას მთელი ძალით გამოვლენის საშუალებას არ მისცა, ხსნარში შემავალი კომპონენტები კი ნაპრალებსა და ფორებში დაილექა და ნავთობის გამოსავლების ძირითადი ნაწილი ჩაკეტა.

ამას, რა თქმა უნდა, დიდი და შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდა ჭაბურღილის ლულიდან ნავთობის რაც შეიძლება შორს განდევნაში.

ასე რომ, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დიდი ქართული ნავთობის შიგ შუა ქართლში აღმოჩენის პერსპექტივის წინაშე ვიდგეთ. ამ ჭაბურღილის აღდგენა პირველი რიგის გადაუდებელ საქმედ უნდა ჩაითვალოს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ამ ანტიკლინის ქვედა სტრუქტურული სართული კარგადაა დახურული და ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ნავთობისა და გაზის დაგროვებათათვის; იმასაც, რომ შუაეოცენური ნალექები საქართველოში რეგიონულადაა ნავთობგაზშემცველი და იმასაც, რომ უფლისციხის ამ ჭაბურღილის აღმოსავლეთით, თბილისისპირა რაიონში გვაქვს თელეთისა და სამგორის ნავთობის საბადოები, ამ უკანასკნელის ფარგლებში არსებული სამგორის, პატარძეულის, სამხრეთის თაღისა და ნინოწმინდის უბნებზე გაბურღული ჭაბურღილებიდან მიღებული ნავთობი, რომლის საწყისი დღეღამური დებიტები თავის დროზე 500 კუბურ მეტრს აღემატებოდა, შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ: ნავთობი არის! გასარკვევია მხოლოდ ის, თუ რამდენია. ვფიქრობ, რომ ეს საეტაპო მნიშვნელობის სამუშაო საბოლოოდ გადაწყვეტს ქართლის დეპრესიისა, კერძოდ, გორი-უფლისციხის ნაოჭის, შუაეოცენური ნალექების ნავთობგაზიანობის საკითხს და შედეგი, ჩვენი აზრით, უდავოდ დადებითი იქნება.

თუ ჩვენი მოსაზრება გამართლდა და შუა ქართლში, ნავთობის დიდი საბადოს აღმოჩენა მოხერხდა, ნავთობის მრეწველობის ახალი, დიდი აღმავლობის ეპოქა დაიწყება.

კახეთი _ ნავთობის დიდი საბადო

ახლა ყურადღება, მინდა, სულ სხვა მხარეს _ მთიან კახეთს მივაპყრო და იქ გაბურღულ, ჩემის აზრით, მნიშვნელოვან ვეძების #1 ჭაბურილს (X ბლოკი) შევეხო, რომელიც ახმეტის რაიონის სოფელ ვეძებთან მდებარეობს. მისი გაბურღვა 902 მეტრამდე მოხერხდა და ორი ძირითადი – მეორე და მესამე ნავთობშემცველი ჰორიზონტი გაიხსნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მესამე ჰორიზონტის გახსნა 851-902 მ-ის ინტერვალში, საიდანაც 18 საათში 12.5 კუბური მეტრი ნავთობი იქნა მიღებული. მისი ხვედრითი წონაა 0,878-0,876გ/სმі; დუღილის საწყისი ტემპერატურა კი _ 138-139?ჩ.

აქ მცირეოდენი დაბანდების მეშვეობით, მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება და, დადებითი შედეგების შემთხვევაში, მაქსიმუმ 1000–1200 მ-ის სიღრმის მქონე საექსპლოატაციო ჭაბურღილების ბურღვა იქნება შესაძლებელი.

ამ ბლოკზე სამუშაოებს აწარმოებდა ბრიტანული ფირმა «რამკო», რომლის მიერ შესრულებულ სამუშაოთაგან, ვეძები-ილდოყანის ნავთობის შესწავლის თვალსაზრისით, დიდ ინტერესს იწვევს. ამ მიდამოების ქვედა იურული ნალექები და კერძოდ მისი ლიასური თიხაფიქლები მიგვაჩნია დიდი ქართული ნავთობის დედაქანად და მის ზემოთ განლაგებული, ნებისმიერი დახურული ფოროვანი და ნაპრალოვანი სტრუქტურა შეიძლება დიდი ქართული ნავთობის საბადო აღმოჩნდეს. აქ ალაზნის სერიის მძლავრი საფარის ქვეშ მოქცეული ნალექები ბევრი ნიშნით ავლენს ნავთობგაზიანობის პერსპექტივას.

საქმე ისაა, რომ ალაზნის სერია საკმაოდ მძლავრია და ზოგან 1500-2000 მეტრის სიმძლავრეს აღწევს. აი ამ სიღრმის ქვემოთ უნდა მოინახოს საიმედოდ დახურული ნავთობდაგროვებისთვის ხელსაყრელი სტრუქტურა და ამისათვის უარეს შემთხვევაში 5-6 კმ და შეიძლება უფრო მეტი სიღრმის მქონე ჭაბურღილების გაბურღვაც კი გახდეს საჭირო, მაგრამ ნავთობის ორგანული წარმოშობის ჰიპოთეზის მომხრეები თვლიან, რომ ნავთობი დიდ სიღრმეებზე არაა, რადგან 1500ჩ ტემპერატურაზე ის გაზად ან კოქსად გარდაიქმნება, მაგრამ ზოგიერთი ცდებისას, როცა ნავთობს 5000ჩ-მდე აცხელებდნენ. ის თავის თვისებებს არ კარგავდა.

ბევრი გეოლოგის აზრით, ეს ისეთი სიღრმეა, როცა წნევა და ტემპერატურა ნავთობის წარმოშობისთვის საჭირო პირობებს აჭარბებს.

სორის წყება საქართველოს ბელტზე და, კერძოდ, იმერეთის ამოწევისა და რიონის მთათაშუა როფის ფარგლებში შეიცავს ქვიშაქვიან წარმონაქმნებს, რომლებსაც ხელსაყრელი სტრუქტურული და სხვა პირობებისას სამრეწველო მნიშვნელობის ნავთობისა და გაზის აკუმულირების უნარი აქვს. მთიან კახეთში ასეთადვე გვესახება კორდილიერების კინტა-ფხოველის ზონა, კახეთისა და თიანეთი-ფხოველის ქვეზონები.

რა თქმა უნდა, ამ პატარა საგაზეთო სტატიაში ყველაფრის თქმა ვერ მოვახერხე, მაგრამ ვფიქრობ, იმაზე მაინც ნათლად მივანიშნე, რომ ხელაღებით თქმა, საქართველოში ნავთობი არ არისო, უხერხულია. ჩვენი ამოცანა ისაა, რომ ის პერსპექტივა მაინც, რომელიც უდავოდ მიგვაჩნია, ხელიდან არ გავუშვათ, რაც შეიძლება მალე ჩავატაროთ საჭირო სამუშაოები და დავრწმუნდებით, რომ დიდი ქართული ნავთობი არსებობს და მას დიდ ფულთან ერთად საქმის მოყვარული ადამიანების ხელი და გულის მიდევნება აკლია.

ნოდარ ბერიძე

 

5 COMMENTS

  1. ნნნიქ სადაც საქართველოში ნავთობმოპოვება დაიწყეს ყველგან ახლომახლო ტერიტორია ადამიანისთვის საცხოვრებლად უვარგის საშიშ ადგილებად იქცა,იმატა ჰაერისა,მიწის და წყლის გაუგონარმა დაბინძურებამ ისე რომ უკვე კითხვაა დასასმელი თუ კიბო და ათასი უბედურება ისე დაგვრევს ხელს აზრი კი აქვს ასეთ საკითხებზე საუბარს ,სანამ ვერ ვისწავლით ელემენტარულს რომ ისე უნდა მოახდინო მოპოვება და გადამუშავება ისედაც გადაშენების გზისკენ მიმავალ ერს ამ გზა არ შეუმოკლო.იმ დაბინძურებულ ადგილებში მცხოვრებლებივით იქაურ წყალს თუ არ სვამთ და ჰაერს არ სუნთქავთ,იქაურ ხილსა და ბოსტნეულს ხომ მიირთმევს თქვენი შვილი და შვილიშვილები,ესე რომ ეს ჭირი მარტო იმ ხალხის ჭირი არ არის ეს მთელი საქართველოს ჭირია .ცოდოა ის ხალხი რომ ამბობს ჭირივით დაერიაო კიბო მთელ სოფელსო სირცხვილია

  2. me gamachnia masalebi rom sakartvelochi aris didi navtobia maragebi uzxoelis mier gamkvleuli mivmarte axal mtavrobas misi er erti deputatis mxridan magram aseti mnichvnelovani masalebi aravis ar ainteresebs an ara akvt satanado kvalifikazia da amis garda rom sakutari navtobis mopoveba aravis interesebchi ar tavsteba

  3. ბატონო ნოდარ…ნავთობის რესურსების განსაზღვრისას ამოსაღებ ნავთობზე არ საუბრობენ,ვინაიდან ამსაღები რესურსი–ასეთი მცნება არ არსებობს.ამოსაღებ ნავთობს ანგარიშობენ,როდესაც გვაქვს მარაგები,რომლებიც მრავლდება ნავთობის გაცემის კოეფიციენტზე და ვღებულობთ ამოსაღებ ნავთობს.რესურსი ან არის ან არ არის და რომელ კოეფიციენტზე გინდათ გაამრავლოთ.თქვენ ეს უნდა გცოდნოდათ.

  4. პირველ რიგში, გირჩევთ გაეცნოთ სააქციო საზოგადოება, ნავთობოს ეროვნული კომპანია „საქნავთობის“ ტექნიკური საბჭოს სხდომის 03.05.2002 წლის № 1 ოქმს, რომლიდანაც წერილში მოყვანილი ნავთობის გეოლოგიური რესურსების მონაცემებია აღებული. შეიძლება მაინც ეჭვი შეგეპაროთ ამ ორგანიზაციის მიერ შექმნილი დოკუმენტის კომპეტენტურობაში და ამიტომ დამატებით გთავაზობთ აიღოთ: „Словарь по геологии нефти и газа“ გადაშალოთ ის 189, 191, 492, 493, 494 გვერდებზე და გაეცნოთ. მაგრამ სანამ ამ წიგნს მონახავთ და გადაშლით, მანამდე მინდა მაინც მოგაგონოთ (ვერ შემოგკადრებთ, რომ „უნდა გცოდნოდათ“) რამდენიმე ჭეშმარიტება მარაგების შესახებ: პოტენციური რესურსები არის, რომელიმე გეოლოგიური ობიექტის ნავთობის… ჯამური რაოდენობა წიაღში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახლა ან თვალსაწიერ მომავალში. პოტენციური რესურსები იყოფა პერსპექტიულ (C3) და პროგნოზულ (D1 და D2) რესურსებად. ჩვეულებრივ გამოიყოფა გეოლოგიური რესურსები–ნედლეულის ჯამური რაოდენობა, წიაღიდან მისი ამოღების ტექნიკური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გაუთვალისწინებლად და ამოსაღები რესურსები, ანუ რესურსების ის ნაწილი, რომელიც შეიძლება ამოღებულ იქნეს წიაღიდან… პროგნოზული რესურსები (D1 და D2) გამოუვლენელი რესურსებია და შესაფასებელი გეოლოგიური ობიექტის, ჯერ კიდევ გამოუვლენელ საბადოებში ნავთობის… მოსალოდნელი ჯამური რაოდენობაა, რომელიც შეიძლება თვალსაწიერ მომავალში იქნეს გამოყენებული. დარწმუნებული არა ვარ დაგაკმაყოფილებთ თუ არა ჩემეული ახსნა და ამიტომ პატარა ამონაწერს კიდევ მოგიყვანთ ზემოთ აღნიშნული წიგნის 493 გვერდიდან: „ნავთობის საერთო მსოფლიო გეოლოგიური მარაგები დაახლოებით 750 მილიარდ ტონადაა შეფასებული (ციფრებს ნუ ერწმუნებით, ისინი უკვე მოძველებულია–ნ. ბ.) ამოსაღები პროგნოზული რესურსი კი დაახლოებით 350 მილიარდი ტონა”. ნოდარი.

  5. პირველ რიგში, გირჩევთ გაეცნოთ სააქციო საზოგადოება, ნავთობოს ეროვნული კომპანია „საქნავთობის“ ტექნიკური საბჭოს სხდომის 03.05.2002 წლის № 1 ოქმს, რომლიდანაც წერილში მოყვანილი ნავთობის გეოლოგიური რესურსების მონაცემებია აღებული. შეიძლება მაინც ეჭვი შეგეპაროთ ამ ორგანიზაციის მიერ შექმნილი დოკუმენტის კომპეტენტურობაში და ამიტომ დამატებით გთავაზობთ აიღოთ: „Словарь по геологии нефти и газа“ გადაშალოთ ის 189, 191, 492, 493, 494 გვერდებზე და გაეცნოთ. მაგრამ სანამ ამ წიგნს მონახავთ და გადაშლით, მანამდე მინდა მაინც მოგაგონოთ (ვერ შემოგკადრებთ, რომ „უნდა გცოდნოდათ“) რამდენიმე ჭეშმარიტება მარაგების შესახებ: პოტენციური რესურსები არის, რომელიმე გეოლოგიური ობიექტის ნავთობის… ჯამური რაოდენობა წიაღში, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახლა ან თვალსაწიერ მომავალში. პოტენციური რესურსები იყოფა პერსპექტიულ (C3) და პროგნოზულ (D1 და D2) რესურსებად. ჩვეულებრივ გამოიყოფა გეოლოგიური რესურსები–ნედლეულის ჯამური რაოდენობა, წიაღიდან მისი ამოღების ტექნიკური შესაძლებლობებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის გაუთვალისწინებლად და ამოსაღები რესურსები, ანუ რესურსების ის ნაწილი, რომელიც შეიძლება ამოღებულ იქნეს წიაღიდან… პროგნოზული რესურსები (D1 და D2) გამოუვლენელი რესურსებია და შესაფასებელი გეოლოგიური ობიექტის, ჯერ კიდევ გამოუვლენელ საბადოებში ნავთობის… მოსალოდნელი ჯამური რაოდენობაა, რომელიც შეიძლება თვალსაწიერ მომავალში იქნეს გამოყენებული. დარწმუნებული არა ვარ დაგაკმაყოფილებთ თუ არა ჩემეული ახსნა და ამიტომ პატარა ამონაწერს კიდევ მოგიყვანთ ზემოთ აღნიშნული წიგნის 493 გვერდიდან: „ნავთობის საერთო მსოფლიო გეოლოგიური მარაგები დაახლოებით 750 მილიარდ ტონადაა შეფასებული (ციფრებს ნუ ერწმუნებით, ისინი უკვე მოძველებულია–ნ. ბ.) ამოსაღები პროგნოზული რესურსი კი დაახლოებით 350 მილიარდი ტონა”. ნოდარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here