Home რუბრიკები საზოგადოება ლერი ალიმონაკი: გთხოვთ, მირჩიოთ _ როგორ ავმაღლდე თქვენს დიდსულოვნებამდე და როგორ შევიწყნარო...

ლერი ალიმონაკი: გთხოვთ, მირჩიოთ _ როგორ ავმაღლდე თქვენს დიდსულოვნებამდე და როგორ შევიწყნარო «მსხვერპლი» ხიზანაიძე?!

1098

ღია წერილი მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს

ბატონო არჩილ!

პირადად არ გიცნობთ, თუმცა ვგრძნობ, კეთილშობილი ადამიანი ბრძანდებით. ინტერესით გისმენთ ხოლმე. მაგრამ 30 მარტს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, თქვენგან რაც მოვისმინე, დაუფარავად გეტყვით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თქვენ ღიად და რამდენიმეგზის გააცხადეთ თქვენი პოზიციები ადეიშვილის დროინდელ პროკურორებზე, რომ ისინი არიან რეჟიმის «მსხვერპლნი», «გამტარნი», ამ «მსხვერპლთა» მიმართ თქვენს «შემწყნარებლობაზე» და სხვა ამგვარები.

 

მეც ღიად გეტყვით:

თქვენ ფუნდამენტური შეცდომა დაუშვით, ეს თქვენ გინდოდათ თუ არა, ცნობიერად თუ არაცნობიერად. იქნებ თქვენ ბრძანოთ, ვინმე სხვამაც _ რა მოხდა მერეო! ჩვენ ხომ გვიყვარს ამგვარი გამოთქმები: «მერე რა მოხდა!» «რა უჭირს მერე»!.. თუმცა არც ისე მარტივად არის საქმე, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ. ჩვენ ხომ, რაც ღრმაა და ძნელად შესაცნობელი, ყველაფერს გაზვიადების, გადაჭარბების სახელით ვნათლავთ. ხოლო როდესაც მოიწევა დრო და ძნელად შესაცნობელ რეალობაში გაცხადდება, მერეღა ვიცემთ თავში ხელს, თუმცა დაგვიანებით. მე არ ვისურვებდი, ამ მოლიპულ გზაზე თქვენ დადგომას, რადგან დაცემა გარდაუვალია. ამგვარი მიდგომები ის ცრუ წარმოდგენებია, რომელთაც თქვენში, იქნებ ჩემშიც და მთელ საზოგადოებაშიც ღრმად გაუდგამს ფესვები, ეს იმ გამრუდებულ შეხედულებათა დანალექებია, რომელთა ჩხრეკაცა და ანალიზიც ახლა შორს წაგვიყვანს.

მხოლოდ ერთს ვიტყვი:

აქ ხინჯი პიროვნულად თქვენში კი არ ძევს, არამედ ჩვენსავ ძველადვე ჩამოყალიბებულ ცრურწმენებში. კომუნისტების დროიდან გამუდმებით ერთი სიტყვა მზაფრავდა განსაკუთრებით: «საქმის ჩაფარცხვა»… რადგანაც მაშინაც მჯეროდა, რომ «ჩაფარცხვა» დანაშაულს სჭირდებოდა, დანაშაულს «ფარცხავდნენ» და არა უდანაშაულობას, ანუ სიმართლეს. მომიტევეთ და თქვენი ამჟამინდელი «შემწყნარებლობა» იმჟამინდელ «ჩაფარცხვას» მაგონებს (რატომ, არ ვიცი). მე კი, მერწმუნეთ, არავითარი სურვილი არ მაქვს, თქვენ დამნაშავე, ბნელ საქმეთა «ჩამფარცხველის» როლში აღმოჩნდეთ.

მართალია, ჩვენი ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რელიგია გმობს ბოროტთან ბრძოლას _ ისევ ბოროტება რომ არ გავამრავლოთ, მაგრამ წმიდა წერილში არსად წერია, რომ არა განვეშოროთ ბოროტს, რომ არა განვიშოროთ ბოროტი. ხოლო თუ ჩვენ ამას არ ვიქმთ, მაშინ ჩვენ, ყველანი, გვინდა ეს თუ არა, ბოროტის თანამონაწილენი შევიქმნებით.

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ სამართლიანობის აღდგენა უცებ არ მოხდება, რომ ეს პროცესია, რომ ათასობით უკანონო გადაწყვეტილება ერთბაშად ვერ განიხილება, რომ ამას სჭირდება რაღაც სტრუქტურების ჩამოყალიბება, გამოწვლილვით გამოძიება, დრო. ყველამ უნდა გაიცნობიეროს, უწინარესად კი _ თქვენ, რომ სამართლიანობის აღდგენა უმტკივნეულო ვერ იქნება, რომ ის ჩვენგან რაღაც პირადულის დათმობასაც მოითხოვს, რაღაც პიროვნული თვისებების ძლევასაც. მე კი მეჩვენება, რომ (თუ ვცდები, მომიტევეთ) თითქოს თქვენ თქვენი კეთილშობილების დათმობა გენანებათ, ვერ ელევით მას. წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, ამის გაგება შესაძლებელია, მაგრამ, როდესაც თქვენკენ მოპყრობილია განაწამები, ღირსებააყრილი, რეპრესირებული ათასობით ადამიანის თვალი, რომელთაც წლების განმავლობაში უსამართლობის ეკლიანი როზგებით თავპირს უსისხლიანებდნენ (როგორც პირდაპირი, ისე მეტაფორული მნიშვნელობით), იმ იმედით, რომ იქნებ ბოლოს და ბოლოს აღდგეს სამართლიანობა, დამნაშავე პროკურორებისადმი თქვენი შემწყნარებლური პოზიციების გაცხადება, ნამდვილად გაუგებრობაა. თქვენ ისეთი გულაჩუყებით, ისეთი გულდაწყვეტით თქვით, რომელიღაც დამნაშავე პროკურორს საქმე რომ აღუძარით, კინაღამ თვალზე ცრემლი მომერია. მე რადიკალიზმისკენ არავის მოვუწოდებ _ ეს დამღუპველია. მაგრამ არც ზომიერების სურვილში აღრეული კონფორმიზმი მოგვიტანს რაიმე სიკეთეს.

ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს ცხოვრების გზას, თავად აკეთებს არჩევანს. ადეიშვილის დროინდელმა პროკურორებმა თავადვე გააკეთეს არჩევანი უკანონობასა და კანონიერებას შორის, უსინდისობასა და სინდისიერებას შორის და მათ მიმართ რაიმე შემწყნარებლობაზე ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვა, გულუბრყვილობად მეჩვენება. არც იმით შეიძლება მათი ზნეობის ადვოკატირება, თითქოს ისინი ვიღაცის თუ რაღაცის წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ცნება «მსხვერპლს», ის რელიგიური შინაარსით დატვირთულია და მისი ასე ჰაიჰარად ხმარება გაუმართლებლად მიმაჩნია. ვერავინ დაგვისახელებს ადამიანს, ბოროტ საქმეთა ჩამდენს, მსხვერპლად შეერაცხოთ, მოწამის მანტიით შეემოსოთ. მსხვერპლად მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს შერაცხავს ისტორია, რომელნიც ქვეყნად მაღალზნეობრივ და სულიერ ღირებულებებს ამკვიდრებენ და ამ ღირებულებათა დამკვიდრებას ხშირად სიცოცხლესაც კი სწირავენ. ისინი ჭეშმარიტი მოწამენი არიან. თქვენგან «შეწყნარებული» პროკურორები კი საკუთარივე უსინდისობისა და დანაშაულის მსხვერპლნი არიან, რომელთაც არამარტო ცალკეული ადამიანების წინაშე მიუძღვით ბრალი, არამედ მთელი ქვეყნის წინაშეც. «მსხვერპლად» მონათლულმა თქვენგან «შეწყნარებულმა» რაღაც ოთხასიოდე პროკურორმა საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა მართლაც რომ მსხვერპლად აქცია. სწორედ ამიტომ არის, რომ სამართლიანობის აღდგენას ის ადამიანებიც მოუთმენლად ელიან, რომელთაც უშუალოდ არ შეხებიათ რეჟიმის სუსხი. და სწორედ ესაა ურთიერთტოლერანტობა, პირის შეკვრა ბოროტის საპირისპიროდ. ამგვარი ეთიკური ტენდენციები აღორძინებს ერს და იხსნის მას გადაშენებისგან.

ამასწინათ ერთი დარბაისელი ქალბატონი შემოვიდა «ობიექტივში», აღელვებული ყვებოდა, როგორ გადაეყარა სასამართლოში მისი შვილის უკანონოდ დამჭერ პროკურორს (მგონი, ქორიძეს) და როგორ ნიშნისმოგებითა და ქედმაღლურად დაელაპარაკა, ქალბატონმა ისიც დაუმატა, _ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, სადაც გადავეყრები, რაღაცას დავმართებო! აი, რა სახიფათო აზრამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი თქვენმა «შემწყნარებლობამ»! არ გამოვრიცხავ, ამ გამწარებულ ადამიანთა წიაღში აკუმულირებულმა შურისძიების ბნელმა ინსტინქტებმა იფეთქოს. და თუ ამას რა შეიძლება მოჰყვეს, ეს თქვენთვის არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი. მერედა, ამ ახალ დანაშაულებზე ვინ აგებს პასუხს?! თქვენ?!

თქვენ გაქვთ სრული უფლება, შეიწყნაროთ, ვინც გნებავთ, თუნდაც თქვენთვის ზიანის მომტანი ადამიანი, მაგრამ მომიტევეთ და, თქვენ რა ხელი გაქვთ, ჩემი გაწამებული ცხოვრების ხარჯზე, შეიწყნაროთ პროკურორი ხიზანაიძე, რომელმაც შვილი უნადაშაულოდ ციხეში გამომიმწყვდია, სიცოცხლე გაუმწარა, აწამა, ჯანმრთელობა შეურყია, ცხოვრების საუკეთესო წლები მოჰპარა?! მიუხედავად იმისა, რომ შვილი პატიმარი გვყავდა, თავი სოროში არ შეგვიყვია, რეჟიმს ვუპირისპირდებოდით, სიკვდილს თვალებში ვუყურებდით. როდესაც ოპოზიციის აქციებში სისტემატიური მონაწილეობის გამო ჩემი მეუღლე, ძველი დისიდენტი, ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პირობებში ადამიანის უფლებებს იცავდა, სამსახურიდან _ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან _ უპარდონოდ დაითხოვეს. კომიტეტის იმჟამინდელი თავმჯდომარე შეფარვით დაემუქრა, _ ახლა მთავარია, შენს შვილს ციხეში პრობლემები შევუქმნათო. სწორედ იმავე წელს, 2010 წლის შემოდგომაზე გიორგის მიმართ სასტიკი წამების მეთოდები გამოიყენეს, რამაც სავალალო შედეგები გამოიწვია. რაღაც სასწაულის ძალით ვიხსენით შვილი ლეტალური შედეგისგან. და ეს ხდებოდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჩვენი ოჯახი სამართლებრივადაც რეპრესირებული აღმოჩნდა, სოციალურადაც, რაც მთავარია, პოლიტიკურადაც. ეს ყველამ კარგად უწყის.

და ყოველივე ამის შემდეგ, მე თქვენ მოგმართავთ და გთხოვთ, მირჩიოთ, _ როგორ ავმაღლდე თქვენს დიდსულოვნებამდე და როგორ შევიწყნარო «მსხვერპლი» ხიზანაიძე?! კვლავაც ხიზანაიძეს და ძმათა მისთა უნდა შევწიროთ ქართული მართლმსაჯულების ავტორიტეტი?! ეგენი, ბნელ საქმეთა გამო, ადეიშვილის ხელშიც «შეწყნარებულნი» იყვნენ, ხოლო დღეს, «მსხვერპლებად» მონათლულთ, თქვენ «იწყნარებთ», სად ვეძიოთ განსხვავება?! გამოდის, ჩვენ ვყოფილვართ დამნაშავენი, ჩვენ ვყოფილვართ მათი «მსხვერპლად ქცევის» მიზეზნი! გაგვარკვიეთ, იქნებ ჩვენ გვმართებს მათ წინაშე მუხლის მოყრა და პატიების თხოვნა?!

ყოველივე ამის შემდეგ, თქვენი «შემწყნარებლობის» ფონზე, რა იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ ჯეროვნად გამოიკვლევთ უკანონო გადაწყვეტილებებს და სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებთ?!

ბატონო არჩილ, მინდა ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ შეიტანო, მერწმუნეთ, თქვენდამი მხოლოდ და მხოლოდ კეთილგანწყობა, თანადგომა, პატივისცემა მამოძრავებს. ხოლო, რაც შეეხება «მსხვერპლად» მონათლულ პროკურორებს, ისინი მე მაგონებენ დოსტოევსკის ერთ პერსონაჟს «ძმები კარამაზოვებიდან» _ პაველ სმერდიაკოვს, რომლის დევიზიცაა: «Нет Бога, все дозволено!»

ბატონო არჩილ, განიშორეთ სმერდიაკოვები!

უღრმესი პატივისცემით,

ლერი ალიმონაკი

 

1 COMMENT

  1. მართალია ყველანი მსხვერპლი ვიყავით ნაციონალ ლენინელების მიერ შექმნილი სრულიად დანაშაულებრივი სისტემის, რაც პირველ ყოვლისა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ბ-ნ ლერი ალიმონაკს ვეთანხმები იმ თვალსაზრისით, რომ სრულიად აშკარაა დღესაც კი ძველი პროკურორები და სასამართლო კვლავ აგრძელებს უსამართლობის დანერგვას იმ მიმართებით რომ სამართლიანობის აღდგენაზე არ ზრუნავს, პირიქით ხდება, დღესაც კი ამართლებენ ნაციონალ-ლენინელთა ძველ ,,ყაჩაღურ საქციელებს" – ეს კი მეტყველებს იმაზე რომ ეს ხალხი ძველმა სისტემამ საერთოდ აზროვნულადაც კი ,,გადააგვარა" და ვერასოდეს მოახერხებენ ემსახურონ სამართლიანობას და მითუმეტეს ხელი შეუწყონ სამართლიანი სისტემების შექმნას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here