Home რუბრიკები საზოგადოება დემოგრაფიული სიკვდილის ქრონიკები

დემოგრაფიული სიკვდილის ქრონიკები

830

საქართველოში დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულად მძიმეა. უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა შობადობა, გაიზარდა მოკვდაობა და შესაბამისად მნიშვნელოვნად დაიკლო მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ, განსაკუთრებით ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. ნაციონალურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ერი არც გამრავლებულიყო და არც განათლებულიყო. ამჟამად მეტად ძნელია გამოსავლის პოვნა, თუ ქვეყანაში საგანგებო ღონისძიებები არ განხორციელდა, თუ ერმა მთელი ძალისხმევა არ მომართა ამ მეტად მტკივნეული ეროვნული პრობლემის მოსაგვარებლად. უნდა შევძლოთ, რომ ერი ერმა გადაარჩინოს.

 

მეტად საგულისხმოა ის გარემოება, რომ სამხრეთ კავკასიაში, ქართველთა დემოგრაფიული განვითარება არსებითად ჩამორჩება სომხებისა და აზერბაიჯანელების დემოგრაფიული განვითარების მაჩვენებლებს. საქართველოშიც კი ქართველების ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ქვეყნაში ქართველების შემდეგ სხვა, მაგალითად, ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნების წარმომადგენელთა _ აზერბაიჯანელთა, ბუნებრივ მატებას. მართალია, ამჟამად, მიმდინარე სტატისტიკა აღარ ამუშავებს დემოგრაფიულ მონაცემებს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის მიხედვით, აღნიშნულ საკითხს მაინც თვალსაჩინოდ ახასიათებს 2003 წელს ქართველ დემოგრაფთა მიერ გაანგარიშებული მონაცემები ეროვნული ნიშნის მიხედვით ბუნებრივი მატების შესახებ. კერძოდ, 2003 წელს საქართველოში აზერბაიჯანელების ბუნებრივი მატების დონე 109-ჯერ აღემატებოდა ქართველების ბუნებრივი მატების ანალოგიურ მაჩვენებელს. (იხ. ცხრილი #1).

ისტორიულად ქართველები, რაოდენობრივად ყოველთვის სჭარბობდნენ სომხებსა და აზერბაიჯანელებს. მაგრამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, აზერბაიჯანში შობადობის უაღრესად მაღალი დონის გამო, 1965 წელს სამხრეთ კავკასიაში ქართველებისა და აზერბაიჯანელების რაოდენობა გათანაბრდა, ხოლო ამჟამად აზერბაჯანელები ქართველებს უკვე 5 მილიონით აღემატებიან. (იხ. ცხრილი #2).

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონების მიხედვითაც. უკანასკნელ წლებში ძირითადად ქართველებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ბუნებრივ კლებას აქვს ადგილი.  (იხ. ცხრილი #3).

ახლა საჭიროა ითქვას, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ძირითადად აქვეყნებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ მონაცემებს. როგორც ჩანს, ამ სააგენტომ ვიზა მისცა მეტად არასწორი დემოგრაფიული მონაცემების გამოქვეყნებას. კერძოდ ამ მონაცემების მიხედვით, 2008 წელს შობადობა ერთბაშად 7 ათასი ბავშვით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 56 565 ბავშვი შეადგინა. მომდევნო 2009 წელსაც შობადობა თითქმის ისევ 7 ათასი ბავშვით გაიზარდა და შობადობის მაჩვენებელი 63 377 ბავშვს უდრიდა, რაც უაღრესად მაამებლური მაჩვენებელია. კერძოდ, არ შეიძლება მხოლოდ ომისა და კრიზისის წლებში შობადობის არნახული ზრდა და შემდეგ მომდევნო წლებში შობადობის შემცირება, არ შეიძლება, რომ ქალაქად 2-ჯერ მაღალი იყოს შობადობისა და მოკვდაობის დონეები სოფელთან შედარებით, მით უმეტეს, როდესაც ჩვენ მეზობელ ქვეყნებში _ რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში პირუკუ ტენდენციებია, არ შეიძლება მუნიციპალიტეტებსა და მათში არსებულ ქალაქებსა და სოფლებში მხოლოდ უკანასკნელ წლებში ყოველწლიურად ყოველ ათას კაცზე 100 და 140 ბავშვი იბადებოდეს, არ შეიძლება ყოველ 100 ახალდაბადებულ გოგონაზე 128 ვაჟი დაიბადოს და კიდევ ბევრი რამ არ შეიძლება.

საუბარი შეიძლება მსოლოდ იმის შესახებ, რომ საქართველოში უმძიმესი დემორაფიული სიტუაციაა და მისი მონაცემების შელამაზება დიდი ეროვნული სატკივარის მიჩქმალვის მცდელობაა, რასაც შეიძლება დამღუპველი შედეგი მოჰყვეს.

ამ შელამაზებულმა მონაცემებმა, რომელიც პეზიდენტის სურვილით იყო წახალისებული, ათქმევინა მას რამდენჯერმე, რომ საქართველოში შობადობის ბუმიაო და ეს მოვლენა ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას დაუკავშირა. სინამდვილეში ამ შემთხვევაში არავითარი კავშირი არ არსებობს შობადობის ამაღლებასა და ხალხის კეთილდღეობას შორის. ჩვენ აღვნიშნეთ, შობადობის «ამაღლების» ერთი მიზეზი _ მონაცემების შელამაზება. პრეზიდენტი ამ შემთხვევევაში ისე მოიქცა როგორც ეს დიდ ამერიკელ მწერალს მარკ ტვენს აქვს აღნიშნული: არსებობს სამი სახის სიცრუე: სიცრუე, საძაგელი სიცრუე და სტატისტიკა. გარკვეულწილად შობადობის ამაღლების მეორე მიზეზია წარსულის საჩუქარი. საქმე ის არის, რომ საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი 1960_1963 წლებში (4 წელიწადში) დაიბადა _ 363 999 ბავშვი. წინა ოთხ წელიწადთან შედარებით (1956_1959 წლები) 31 316 ბავშვით, ხოლო მომდევნო ოთხ წელიწადთან (1964_1967 წლები) შედარებით _ 33 649 ბავშვით მეტი. ამ წლებში (1960_1963) ყველაზე მრავალრიცხოვანი თაობების შობადობის პიკი (ანუ როდესაც ამ თაობის ქალები ყველაზე ნაყოფიერ 25 წლის ასაკში იმყოფებოდნენ) მოვიდა 1984_1987 წლებზე _ 344 644 ბავშვი. ხოლო ამ მრავალრიცხოვანი ბავშვების თაობის შემდგომმა შობადობის პიკმა ან უფრო სწორედ დემოგრაფიული ექომ, სწორედ ჩვენს საანალიზო 2007_2010 წლებში იჩინა თავი, რამაც გარკვეულწილად შობადობის ამაღლება გამოიწვია. შემდეგ წლებში კი უკვე იწყება ქალები რაოდენობის შემცირება და მაშასადამე შობადობისაც. მართლაც ბოლო 2 წელიწადში შობადობა 5 ათასი ბავშვით შემცირდა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მით უფრო არსებითია, რომ უკვე, რაც არ უნდა გაუმჯობესდეს საარსებო პირობები, შობადობა კიდევ უფრო შემცირდება. ეს პროცესი გამოკვეთილად (თუ ასე გაგრძელდა და რადიკალური ზომები არ მივიღეთ) დაახლოებით 10 წელიწადში იჩენს თავს და პიკს 2020-იანი წლების შუახანებში მიაღწევს. ამის მიზეზია სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის არსებითი გაუარესება.

აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რომელიც ხანგრძლივ პერიოდზე უნდა იყოს გათვლილი, ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი შევანელოთ და სასურველ შედეგს მხოლოდ საკმაო დროის გავლის შემდეგ მივაღწიოთ. საკმარისია ითქვას, რომ 1980-1989 წლებში, ანუ 10 წელიწადში საქართველოში 455 ათასი გოგონა დაიბადა (შესადარისობის უზრუნველყოფის მიზნით 1980-1989 წლების მონაცემებს გამოკლებულია აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შესაბამისი დემოგრაფიული მაჩვენებლები, _ კერძოდ კი ამავე წლებში დაბადებული გოგონების რაოდენობა), ხოლო ბოლო ათ წელიწადში (2000-2009 წლები) _ 236 ათასი გოგონა, ანუ 219 ათასით ნაკლები 1980-1989 წლებთან შედარებით.

საქართველოში დაბადებული გოგონების რაოდენობა ათწლეულების მიხედვით 1960-1969 და 2000-2009 წლებში

წლები            დაბადებული გოგონების რაოდენობა

1960-1969       466 622

1970-1979       433 361

1980-1989       454 960

1990-1999       306 395

2000-2009       236 681

ამრიგად, ძირითადად ეკონომიკური პირობების საგრძნობლად გაუარესების შედეგად, განვლილ პერიოდში შობადობის საერთო კლების კვალობაზე მკვეთრად შემცირდა დაბადებული ქალების რაოდენობა და ამის გამო შობადობის შემდგომ შემცირებას, თუნდაც ეკონომიკური პირობების არსებითი გაუმჯობესების შემთხვევაში, ქვეყანა უკვე ვეღარ ასცდება. მართალია, ცხოვრების დონის ამაღლების შემთხვევაში საშუალოდ ერთი ქალი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მეტ ბავშვს დაბადებს, მაგრამ, გარემიგრაციული პროცესების მიუხედავად, იგი მაინც ვერ მოახდენს წინა პერიოდში დაბადებული ქალების რაოდენობის კლების შედეგად გამოწვეული შობადობის შემცირების საგრძნობ კომპენსაციას. მომავალში ეკონომიკური ზრდის პარალელურად თავს იჩენს შრომითი რესურსების ნაკლებობის პრობლემა, რასაც აუცილებლად მოჰყვება მეტად საშიში, არასასურველი იმიგრაციული პროცესი და ქვეყანა მოკლე ხანში დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, თუ უკვე არ ვდგავართ ამ კატასტროფის პირას.

საქართველოში შობადობის სისტემატურ შემცირებას კიდევ უფრო ზუსტად გვიჩვენებს განზოგადებული დემოგრაფიული კოეფიციენტები. მაგალითად, შობადობის საშუალო დონეს მოცემულ კალენდარულ პერიოდში უფრო ნათლად ახასიათებს შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, თუ საშუალოდ რამდენ ბავშვს ბადებს ერთი ქალი თავისი სიცოცხლის განმავლობაში.

როგორც ცნობილია, თაობათა ერთი და იმავე რაოდენობით შეცვლისთვის აუცილებელია, რომ საშუალოდ ერთ ქალზე მოდიოდეს 2,1 ბავშვი, ანუ ერთმა ქალმა მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში გააჩინოს 2,1 ბავშვი. მართალია, 2 ბავშვის გაჩენის შემთხვევაში თითქოსდა ნაზღაურდება მშობლები, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მაღალია ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა მოკვდაობა, ყველა დაბადებული ბავშვი ვერ აღწევს ბავშვთა შობის ასაკს, როდესაც თვითონ უნდა გახდეს დედა, ყველა ვერ გათხოვდება და ოჯახების ნაწილი უნაყოფოა. ამიტომაც მოსახლეობის თანაბარი გამრავლებისთვის საჭიროა, რომ ყოველმა ქალმა საშუალოდ 2,1 ბავშვი გააჩინოს.

საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთი ქალი საშუალოდ 1,3 ბავშვს აჩენდა, რაც ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მშობლის ანაზღაურების ტოლფასია.

ქართულ მოსახლეობაში მასობრივად ვრცელდება მცირეშვილიანობა. სულ უფრო მცირდება იმ დედების რაოდენობა, რომლებსაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ. კერძოდ, თუ საქართველოში 1960 წელს მესამე და მეტი ბავშვის დაბადების წილი მთელ დაბადებულთა 36,5 პროცენტს შეადგენდა, ამჟამად 2009 წელს ეს მაჩვენებელი 13,6 პროცენტს უდრიდა. დაბადებულთა საერთო რაოდენობაში განსაკუთრებით მაღალია პირმშოთა დაბადების წილი. მაგალითად, 2009 წელს 33 651 ბავშვი დედებისთვის პირველი შვილი იყო (53,1 პროცენტი). ანალოგიური მაჩვენებელი 1960 წელს მხოლოდ 34,7 პროცენტს შეადგენდა.

ტრადიციულად საქართველოში მოკვდაობის დონე დაბალი იყო როგორც მეზობელ, ისე ევროპის უმრავლეს ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ უკანასკნელ წლებში ის მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, თუ მოსახლეობის ათას სულზე 1960 წელს 6,5 კაცი გარდაიცვალა, ეს მაჩვენებელი 2010 წელს 10,7 პრომილეს უდრიდა. გარდაცვლილთა შორის ქალებთან შედარებით, მაღალია მამაკაცთა წილი. მაგალითად, 2008 წელს 15-59  წლის ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობიდან 73,8 პროცენტი მამაკაცია. მამაკაცთა საკმაო ნაწილი საპენსიო ასაკსაც ვერ აღწევს. ამასთან, თუ მხედველობაში მივიღებთ ახლანდელ საპენსიო ასაკს, ამ ასაკს მიღწეული მამაკაცებისათვის პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა საშუალოდ 13,7 წელს გრძელდება, ხოლო ქალებისათვის _ 20,2 წელს. მაღალია ბავშვთა მოკვდავობის დონეც. მართალია, 2009 წელს 63 377 ბავშვი დაიბადა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან მაღალია ერთ წლამდე ასაკში ბავშვთა მოკვდაობა. კერძოდ, 2009 წელს ერთ წლამდე ასაკში 945 ბავშვი გარდაიცვალა, ანუ ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვზე 14,9 ბავშვი. 2005 წელს ეს მაჩვენებელი 23,8 პრომილეს უდრიდა და ყველაზე მაღალი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. კიდევ უფრო შემზარავ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ციფრები, თუ ბავშვთა მოკვდავობას ხანგრძლივ პერიოდში განვიხილავთ. კერძოდ, 1980-2004 წლებში, ანუ 25 წლის განმავლობაში 43 940 ბავშვი გარდაიცვალა ერთ წლამდე ასაკში, ანუ თითქმის იმდენივე, რამდენი ბავშვიც ქვეყანაში დაიბადა 2004 წელს. სამწუხაროდ, ამით როდი მთავრდება ყველაფერი. ასევე მაღალია მკვდრად დაბადებულთა რიცხვი. ამავე წელს 722 ბავშვი მკვდარი დაიბადა, ანუ ყოველ 1000 დაბადებულზე მკვდრადშობადობის მაჩვენებელი 15,3 ბავშვს უდრიდა. 1980-2004 წლებში კი მკვდარი დაიბადა თითქმის 16 500 ბავშვი. ამრიგად, ამ პერიოდში ერთ წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა და მკვდრადშობილთა რაოდენობამ 60 440 ბავშვი შეადგინა. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, ბავშვთა უკეთ მოვლა-პატრონობისა და სათანადო ცოდნის გავრცელებისათვის დამატებითი ძალისხმევის პირობებში, თუ ჩვენ მივაღწევდით განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლების დონეს, მაშინ 1980-2004 წლებში დაახლოებით 48 ათას ბავშვს შევუნარჩუნებდით სიცოცხლეს, ანუ იმაზე მეტს, რამდენი ბავშვიც დაიბადა ქვეყანაში 2005 წელს.

მართალია, ამჟამად არსებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში შემცირდა ყოველ ათას ბავშვზე  ერთ წლამდე ასაკში გარდაცვლილთა რაოდენობა, მაგრამ ეს მაჩვენებელი, გაეროს ხალხთმოსახლეობის ფონდის მონაცემებით, 2010 წელს გაცილებით მაღალი იყო _ ყოველ 1000 დაბადებულზე ერთ წლამდე ასაკში 33 ბავშვი გარდაიცვალა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 99-ე ადგილზე იმყოფებოდა.

ქართული სოფლის გასაჭირი

ქართულმა სახელმწიფოებრიობამ გამოხატულება უპირველესად ქართულ სოფელში ჰპოვა. სოფელმა განსაზღვრა ქართული ცხოვრების წესი, კულტურა, ტრადიციები, ქცევის ნორმები, ადათი და რიტუალები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მდიდრდებოდა და საბოლოოდ ქართველი ხალხის ფსიქიკურ წყობასა და ერთობაში იჩენდა თავს. სოფლად შექმნილი ტრადიციები თანდათანობით იხვეწებოდა და მთელი ხალხის კუთვნილება ხდებოდა. ჩვენი ეროვნულობაც სწორედ ქართველი გლეხის შრომისმოყვარეობას, სულიერი ცხოვრების განუმეორებლობას, ორიგინალობასა და ინდივიდუალობას ეფუძნება.

ქართველი მეფეები და ქართული საზოგადოებაც განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ სოფლის განვითარებისა და აღორძინებისათვის, რადგანაც კარგად იცოდნენ, რომ ქვეყნის კეთილდღეობა გლეხობაზე იყო დამყარებული. მეფე-პოეტ არჩილს (1647_1713) ყველაზე დიდ ეროვნულ ტრაგედიად გლეხობის ამოწყვეტა მიაჩნდა და ამკვიდრებდა გლეხობის დაცვის იდეას: «თუ ამოსწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდა.» გაუკაცრიელებული («კახეთი იყო უკაცო») და აოხრებული სოფლების გამო სასოწარკვეთილი მეფე თეიმურაზ პირველი (1589_1663) კი ამბობდა: «სახელმწიფო დამეკარგაო.»

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეფე არჩილი შესანიშნავად იცნობდა ქართველი გლეხის ბუნებას და მის ხასიათში, უპირველეს ყოვლისა, თავდაჭერილობასა და დარბაისლურ ჩვევებს ხედავდა. იგი კმაყოფილებით აღნიშნავდა: «გლეხნი იყვნენ, მაგრამ იმ დღეს დარბაისლადაც კმარ იყვნენ.»

უაღრესად საინტერესოა, რომ უცხოელმა მოგზაურებმაც სწორედ ეს თვისებები დაინახეს ქართველ გლეხში. ფრანგი მოგზაური შარდენი, რომელმაც 1672_1673 წლებში იმოგზაურა საქართველოში და კერძოდ, ქართულ სოფლებში, აღნიშნავდა: «ქართველები თავაზიანნი და კაცთმოყვარენი, ამასთანავე დარბაისელნი და თავდაჭერილნი არიან,» ამასთან უფრო უფლებამოსილნი, ამაყნი, თავმომწონენი და დიდების მოყვარული ხალხიაო.

ამჟამად ერის სულიერ ცხოვრებაში სოფლის როლი სულ უფრო ქვეითდება და ეკონომიკურ ცხოვრებაშიც მისი მნიშვნელობა საგრძნობლადაა შემცირებული. არადა, ქართული სოფელი ყოველთვის კვებავდა ქალაქს როგორც სურსათით, ასევე ინტელექტუალური ძალებითაც. მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნეშიც კი, თითქმის ყველა ჩვენი გამოჩენილი მეცნიერი მწერალი, პოეტი, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწე წარმოშობით სოფლიდან იყო. აკაკი წერეთელიც აღნიშნავდა, რომ რაც მასში კარგი იყო, მხოლოდ იმის წყალობით, რომ ის სოფელში აღიზარდა.

საქართველოში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოსახლეობის უკანასკნელი საყოველთაო აღწერა 2002 წელს ჩატარდა, რომლის დროსაც საქართველოში 3 668 სოფელი აღირიცხა. აქედან 3 050 სოფელში ეროვნებით ქართველი მოსახლეობა ჭარბობდა, 171 სოფელში _ აზერბაიჯანელი, 139-ში _ სომეხი, 103-ში _ ოსი, 26-ში _ ბერძენი, 8-ში ქისტი, 4-ში _ ავარელი, 3-ში _ რუსი და ა.შ. ამ სოფლების მოსახლეობამ 2 087 ათასი კაცი შეადგინა, ანუ ორ უკანასკნელ აღწერათაშორის პერიოდში (1989_2002 წლები) 323 ათასი კაცით შემცირდა და მთელი მოსახლეობის 47,7 პროცენტი შეადგინა.

ამავე აღწერის მონაცემებით, 5 000 კაცზე მეტი ცხოვრობდა 28 სოფელში, მათ შორის, პირველ ადგილზეა მარნეულის რაიონის სოფელი სადახლო _ 9 486 კაცი, მეორე ადგილი უკავია მცხეთის რაიონის სოფელ დიღომს _ 8 746 კაცი, მესამე _ თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას _ 8 270 კაცი და ა.შ.

ამჟამად საქართველოში ბევრი სოფელია გაუკაცრიელებული _ გაცივდა უკანასკნელი კერა. 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, 162 სოფელში უკვე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. 10 კაცი და უფრო ნაკლები მოსახლეობაა 152 სოფელში, ხოლო 905, ანუ ყოველ მეოთხე სოფელში მხოლოდ 100 კაცამდე მცხოვრებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძირითადად მთის ძნელადმისადგომ სოფლებში უგზოობის, უშუქობისა და ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე ძირითადად მოხუცებიღაა დარჩენილი, რომლებიც უიმედოდ ითვლიან თავიანთი ცხოვრების დარჩენილ დღეებს.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ მოსახლეობისაგან ცარიელდება საქართველოს ისტორიული კუთხეები _ რაჭა-ლეჩხუმი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი და სხვა მთიანი რეგიონები. მაგალითად, 1939 წელს რაჭაში 67 ათასი კაცი ცხოვრობდა, ამჟამად კი იქ მხოლოდ 22 ათასი კაცი ცხოვრობს, ძირითადად უფროსი ასაკის ადამიანები. ამასთან, თუ ადრე უმეტესად დროებით და სეზონურ მიგრაციას ჰქონდა ადგილი, ამჟამად მან მუდმივი და შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ძალიან ცოტანი დარჩნენ ე.წ. მოზამთრე რაჭველებიც. რაჭის მოსახლეობისაგან დაცლას კიდევ უფრო მეტად იწვევს მოსახლეობის ბუნებრივი კლება, ანუ გარდაცვლილთა რიცხვის სიჭარბე ახალშობილთა რიცხვთან შედარებით. 1990_2010 წლებში რაჭაში მოსახლეობის ბუნებრივმა კლებამ 7547 კაცი შეადგინა. თუ ასე გაგრძელდა და საგანგებო ღონისძიებები არ განხორციელდა და რაჭა ღვთის ანაბარად დარჩა, ორ-სამ ათწლეულში იგი მოსახლეობისგან დაიცლება. 1990_2010 წლებში ერთი წელიც არ ყოფილა ისეთი, რომ რაჭის მოსახლეობა არ შემცირებულიყოს. ანალოგიური ვითარებაა სხვა მთიან რეგიონებშიც.

მოსახლეობის სქესობრივასაკობრივი სტრუქტურის ცვლილების შედეგად, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს სოფლის მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები საგრძნობლად გაუარესდება.

ამჟამინდელი მდგომარეობით, სოფლად გაცილებით ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე ქალაქად, მაშინ, როდესაც ადრე პირუკუ მოვლენას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 1975 წელს, როდესაც ქალაქად და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა გათანაბრდა, როგორც ქალაქად, ისე სოფლად 45 ათასი ბავშვი დაიბადა. 2007 წელს კი ქალაქად 34,3 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო სოფლად მხოლოდ _ 14,9 ათასი ბავშვი. 2008 წლის შესაბამისი მაჩვენებლები 39,2 ათასსა და 17,3 ათასს უდრიდა. ამასთან, შობადობის დონე ქალაქად ორჯერ მაღალია სოფელთან შედარებით. კერძოდ, 2009 წელს ქალაქად მოსახლეობის ყოველ 1000 კაცზე გაანგარიშებით 18,7 ბავშვი დაიბადა, ხოლო სოფლად _ 9,5 ბავშვი.

შობადობის შემცირებისა და მოკვდაობის მატების შედეგად უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბუნებრივი მატებაც და განსაკუთრებით _ სოფლად. ამ მოვლენას ნათლად გვიხასიათებს ქვემოთ მოტანილ ცხრილში 1997-2004 წლების მონაცემები. (იხ. ცხრილი #4).

სოფლად გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტია, ვიდრე დაბადების შემთხვევები, განსაკუთრებით ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. მხოლოდ აჭარაშია სოფლად მოსახლეობის მაღალი ბუნებრივი მატება. დანარჩენ, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში, სოფლად ყველგან უკლებლივ მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ასეა თითქმის ყველა რაიონში. საქართველოში გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საჩხერის რაიონი, სადაც საყოველთაოდ ცნობილი მიზეზების გამო, საცხოვრებელი პირობების არსებითი გაუმჯობესების კვალობაზე როგორც სოფლის, ასევე ქალაქის მოსახლეობაც განუწყვეტლივ იზრდება. მაგალითად, 2005-2010 წლებში საჩხერის რაიონში სოფლის მოსახლეობა 846 კაცით გაიზარდა, ხოლო მეზობელ ჭიათურის რაიონში სოფლის მოსახლეობის ბუნებრივ კლებას ჰქონდა ადგილი _ 990 კაცით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოს სოფლის მოსახლეობა ისეთივე სიდიდით რომ გაზრდილიყო, როგორც საჩხერის რაიონის სოფლის მოსახლეობა გაიზარდა, მაშინ ქვეყნის სოფლის მოსახლეობა მარტო 2010 წელს 16 ათასი კაცით გაიზრდებოდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here