Home რუბრიკები პოლიტიკა თურქული პრესა მიხეილ სააკაშვილზე

თურქული პრესა მიხეილ სააკაშვილზე

655

თურქული პრესის ერთ-ერთ ავტორიტეტულ გაზეთ «მილიეთში»7 აპრილს გამოქვეყნდა სტატია სათაურით «შვებულებაში მყოფი სააკაშვილი ერდოღანს შეხვდა». სტატიაში წერია: «პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ საქართველოს პრაზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. სააკაშვილი დოლმაბაჰჩეში განთავსებულ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში 13:20 საათზე შევიდა. დახურული შეხვედრა 1,5 საათს გაგრძელდა.

 

შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადება არ გაკეთებულა. პრემიერი ერდოღანი შეხვედრის დამთავრებისთანავე გაზიოსმანფაშას რაიონში ქალაქის კეთილმოწყობითი სამუშაოების საზეიმო გახსნაზე გაემართა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ ანტალიაში დასასვენებლად ჩამოვიდა. ოჯახის გარეშე ჩამოსული სააკაშვილი ბელეკში, სასტუმროში გაჩერდა».

საქართველოს ოფიციალური მასმედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰქონდა ოფიციალური შეხვედრა და სადილი პრემიერ-მინისტრთან. თურქული პრესა კი ამ ფაქტის ვრცელ გაშუქებას თავს არიდებს, რადგან უმნიშვნელოდ მიიჩნევს. 7 და 8 აპრილის მთავარ გაზეთებში ორიოდე მშრალი აბზაცი თუ ეთმობა ერდოღანისა და სააკაშვილის შეხვედრას. ზოგიერთი გამოცემა კი სააკაშვილის ანტალიაში დასასვენებლად  ჩასვლას ადასტურებს და ირონიულადაც შენიშნავს _ ოჯახის გარეშეო.

ისრაელსა და პალესტინას შორის გამძაფრებული მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, ამ დღეებში თურქეთს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. მასალები მისი შეხვედრების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავუთოღლუსთან და პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ერდოღანთან ყველა გაზეთის პირველ გვერდებს ავსებს და პომპეზური სათაურებით ამცნობს მკითხველს: «ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება თურქეთ-ისრაელის ურიერთობების მოგვარებით მოხერხდება»; «ისრაელ-პალესტინის ურთიერთობაში მთავარი შუამავალი თურქეთია»; «ახლო აღმოსავლეთის მშვიდობიანი ცხოვრების გასაღები ანკარაშია» და ა. შ.

თურქეთის მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ველოსიპედით სეირნობის დროს ტრაილერს შეეჯახა და მკლავის მოტეხილობითა და სხეულის სხვა დაზიანებებით სტამბოლის საავადმყოფოშია გადაყვანილი. საგულისხმოა, რომ პრესა და ტელევიზია ვერ შეთანხმებულა, თუ სად მოხდა ეს უსიამოვნო ფაქტი _ ანტალიასა თუ სტამბოლში, ზოგი ანტალიას ასახელებს, ზოგი სტამბოლსგაზეთი «ჰურიეთი» (08.04.2013) შენიშნავს, რომ შეჯახება სტამბოლში მოხდა და ამის გამო დაგეგმილი შეხვედრები გადაიდოო. გაზეთი «რადიკალი» კი ამ შემთხვევის ადგილად ანტალიას ასახელებს და დაგეგმილი შეხვედრების შესახებ არაფერს წერს

გაზეთი «ჰურიეთი» თავის პუბლიკაციას იუმორის ელფერით ავსებს და უცხოელ სახელმწიფო მოღვაწეთა ხელის ან მხარის მოტეხვის მსგავს  ფაქტებს იხსენებს. წერს, რომ 2012 წლის 3 დეკემბერს, თურქეთში პუტინის ვიზიტის დროს ლავროვმა სტამბოლის «ჩირაღან ოტელში» კიბეზე წაქცევისას ხელი მაჯაში მოიტეხა, მეორე დღეს კი თაბაშირიანი ხელით ბრიუსელში მოუწია გამგზავრება.  2009 წლის 6 აპრილს, სტამბოლში ტარდებოდა ცივილიზაციათა შორის დიალოგის საერთაშორისო სიმპოზიუმი, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი რასმუსენი კიბეზე წაიქცა, მხარი ამოიგდო და ისიც მეორე დღეს შეხვეული მხარმკლავით ბრიუსელში გაემგზავრა.

საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ფესტივალის დღეებში, სადაც შეხვდა ქართული წარმოშობის ადგილობრივ მოსახლეობას და მისთვის დამახასიათებელი ზღვარსგადაცილებული ემოციური სიტყვით მიმართა:

«თქვენ, ყველას, ამავე დროს საქართველოს მოქალაქეობას განიჭებთ», _ განუცხადა მან ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს.

გაზეთ «თურქეთის ცნობებში» ჟურნალისტი ეროლ შექერჯი აქვეყნებს წერილს «უპირველესად რელიგიის თავისუფლება მოგვეცით» (07.04), რომელშიც ასეთ კომენტარს აკეთებს:

«დიახ, ორმაგი მოქალაქეობა უკვე დაგვიანებული უფლებაა. დღეს ამ ფანტასტიკური უფლების მონიჭება ძალიან კარგია, მაგრამ ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სხვა საკითხი არსებობს. საქართველოში მცხოვრებ მილიონამდე მუსლიმს, დაწყებითი სკოლიდან მოყოლებული, სავალდებულო რელიგიის გაკვეთილის სახით ქრისტიანობას ასწავლიან. სახელმწიფო და ეკლესია მუსლიმებს შეთანხმებულად აქრისტიანებენ. მუსლიმი დედმამის შვილების 80% ქრისტიანდება. ამ სიტუაციაში, თურქეთში მცხოვრებ მუსლიმ ქართველებს მოქალაქეობის უფლებას თუ მისცემთ, არაფერი მოხდება, თუ არ მისცემთ და, მაშინაც არაფერი მოხდება».

 ინეგოლში გამოსვლისას სააკაშვილმა, როგორც წესი, მრავალი ისეთი ფრაზა იხმარა, რამაც მსმენელთა შორის გარკვეული უნდობლობა წარმოშვა. თუნდაც ზემოთ მოყვანილი კომენტარის ავტორის შეფასება მიანიშნებს, რამდენად არ სჯერა მუსლიმ ქართველს სააკაშვილის სიტყვების, მათ შორის, რელიგიის თითქოსდა უმნიშვნელო ფაქტორის თაობაზე. თურქეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობა მთავარ მნიშვნელობას სწორედ რელიგიურ ფაქტორს ანიჭებს და ეროვნება მათთვის მეორე პლანის საკითხია. მათთვის ისლამს არ გააჩნია ეროვნული წარმომავლობა. ამიტომ ბევრი მათგანისთვის რთულია გააცნობიეროს საქართველოს მოქალაქეობის მნიშვნელობა. თურქეთის მოქალაქეს ასევე ძალზე უჭირს, გაითავისოს ნატოსკენ თურქული ღია ფანჯრის მიმზიდველობა. ნატო თურქეთის საზოგადოების საშუალო და დაბალ ფენებში იყო ის დიდი საშიშროება, რომელმაც თურქეთი ჯერ კორეის ომში (1950-1953) ჩაითრია, სადაც თურქეთმა 5090-კაციანი ჯარით იბრძოლა და 741 ჯარისკაცი დაკარგა, შემდეგ სუეცის კრიზისის დროს (1956) და ისრაელ-არაბული სამყაროს ექვსდღიანი ომის დროს (1967) ნატოს ზეწოლით იძულებული იყო, მუსლიმი ძმებისთვის მხარი არ დაეჭირა, რამაც მუსლიმურ სამყაროს  მოღალატის სახელი დაუგდო.

«ცივი ომის» პერიოდში, მსოფლიოს ორი მტრული ბანაკის დაპირისპირების წლებში, თურქეთი ასრულებდა ნატოს სამხრეთაღმოსავლეთი ფლანგის ერთგული გუშაგის როლს და საბჭოთა კავშირს «მუდმივი საფრთხის» შიშის გრძნობას უქმნიდა. «ცივი ომის» დამთავრებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსოფლიო გეოპოლიტიკური სივრცის სტრატეგიული გადანაწილების პერიოდში, თურქეთმა თავისთავად დაკარგა საბჭოთა კავშირისთვის საფრთხის შემქმნელი ის მყარი როლი, რომელსაც ასრულებდა ნატოს ალიანსის გეგმების მიხედვით. სწორედ აქედან დაიწყო თურქეთის ახალი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ტრანსფორმირების პროცესი, რამაც თურქეთს ახალი ამოცანები დაუსახა და საგარეო პოლიტიკაში ეროვნული ინტერესები გაუჩინა.

თურქეთმა თანდათან საკუთარი საგარეო-პოლიტიკური კურსის განხორციელება დაიწყო, რამაც ნატოსგან დამოუკიდებლად უფრო თავისუფალი მოქმედების პერსპექტივა გაუჩინა.

თურქეთი დღესაც, რა თქმა უნდა, ნატოს ალიანსის ძლიერ სამხედრო მოკავშირედ ითვლება, მაგრამ დღითიდღე იმყარებს ნატოსგან დამოუკიდებელი  და საკუთარი საგარეო პოლიტიკის გამტარებელი ქვეყნის პოზიციას. თურქეთის მხრიდან ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან საკუთარი, დამოუკიდებელი საგარეოპოლიტიკური კურსის განხორციელებამ ნატოს კულუარებში უკმაყოფილების ნიშნები გააჩინა. ნატოსა და მისი ლიდერი სახელმწიფოს _ აშშ-ის უკმაყოფილება გამოიწვია 2010 წელს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ნატოს საზღვაო სწავლებებში თურქეთის მიერ ისრაელის მიუწვევლობამ (ამ დროს თურქეთსა და ისრაელს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა სუფევდა ცნობილი «ჰუმანიტარული ტვირთით» დატვირთული თურქული გემის _ «მავი მარმარას» ინციდენტთან დაკავშირებით),  თურქეთზე გაღიზიანებულმა აშშ-მა უარი თქვა ამ სწავლებაში მონაწილეობაზე. აშშ-ის გაღიზიანება გამოიწვია, აგრეთვე, თურქეთის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ «თეთრი არწივი» ჩინეთის ავიაციის მონაწილეობით. 2011-2012 წლებში ერდოღანს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი (2011 წლის აგვისტოსა და 2012 დეკემბერში პუტინს პირდაპირ მიმართა ასეთი თხოვნით) ევროპისთვის ზურგის შექცევისა და რუსეთთან ერთად «შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის» წევრად გახდომის თაობაზე, რაც თავისთავად აშშ-სა და ნატოს დიდ უკმაყოფილებას იწვევს. თურქული საზოგადოებაც დღეს უკვე აშშ-სა და ნატოს მიმართ ბევრად უფრო სკეპტიკურად და უარყოფითად არის განწყობილი.

თურქეთის ევროკავშირში შესვლისა  და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა, რეალობიდან გამომდინარე, დღითიდღე უპერსპექტივო ხდება. ამ ფონზე ცოტა სასაცილოდ ჟღერს ინეგოლში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელშიც ლაპარაკია «ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის თურქეთის ღია ფანჯრებზე». ფანჯარაში მხოლოდ გადაძრომა შეიძლება, შესასვლელად კი კარი უნდა იყოს ღია.

 კოტე მესხი

 

1 COMMENT

  1. კი მაგრამ თურქეთმა აიძულებდა ქრისტიან ქართველებს მორწმუნეობის შეცვლას და ახლა თუკი მათი შთამომავლები დაუბრუნდებიან თავიანთი წინაპრების რელიგიას რა ხმაურს ტეხენ ვერ გამიგია?

  2. კაცობრიობის წარმომშობ ერს ყველა ერი გვჯობნის ჭკუით,იმიტომ,რომ ქვეყანას ისინი ფულზე არ ჰყიდიან ჩვენსავით,მათი მოქმედება ეროვნულ იდეას ემყარება და კიდევ, თურქებმა იციან გაღმა შეედავე გამოღმა დაგრჩება, ამიტომ ხმაურობენ ქ-ნო მარინა!

  3. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონს არ აღემატება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 8 მილიონის შემთხვევაში სრულიად განსხვავებული სურათი გვექნებოდა ყველა მიმართულებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here