Home რუბრიკები საზოგადოება შეშინებული და მაბეზღარა ვანო მერაბიშვილი

შეშინებული და მაბეზღარა ვანო მერაბიშვილი

871

ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება რაბათის ციხის გარშემო ატეხილმა ხმაურმა მიიქცია. კულტურის სამინისტროს განცხადებას იმის თაობაზე, რომ უძველესი კულტურული ძეგლის აღდგენითი სამუშაოებისას დარღვეულია ძირითადი იერსახე, «ნაცმოძრაობის» გენერალური მდივანი და სამცხეჯავახეთის «მეპატრონე» ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა. მისი გამოხმაურება და სატელევიზიო განცხადებები კულტურის სამინისტრომ უყურადღებოდ არ დატოვა და ყოფილი პრემიერი მრგვალი მაგიდის გარშემო სადისკუსიოდ მიიწვია.


დისკუსიაში მონაწილეობას მინისტრი, მინისტრის ყველა მოადგილე, სპეციალისტები, პროფესორები და ვანო მერაბიშვილი ესწრებოდნენ. მრგვალი მაგიდის გამართვამდე ერთი დღით ადრე კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარმა სატელევიზიო ეთერში განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას თურქეთის მხარესთან ვალდებულება აქვს აღებულიო. «საქართველო და მსოფლიოსთვის» საინტერესო სწორედ ეს კონკრეტული საკითხი აღმოჩნდა და ამ მიზეზით მოვხვდით მრგვალი მაგიდის გარშემო გამართულ დისკუსიაზე.

ის, რომ რაბათის ციხის რესტავრირებისას შეცდომებია დაშვებული, იმთავითვე საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდა და ამის თაობაზე არაერთი განცხადება გაკეთებულა. 1752 წელს ახმედ ჯაყელის მიერ აგებული ციხიდან ნაშთიც რომ არ იყო დარჩენილი, არც ეს იყო უცხო. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ რაბათის ციხე რამდენიმე ადამიანის, კერძოდ კი კათოლიკე პრემიერის, ვანო მერაბიშვილის, გემოვნებით კეთდებოდა და მას არც სპეციალისტების, არც ისტორიკოსებისა და განსაკუთრებით კი, არც არქეოლოგების მოსაზრებები და კვლევები აინტერესებდა. მას მხოლოდ ის სურდა, რომ როგორმე საკუთარი მიწაწყალი ტურისრებისთვის მიმზიდველი გაეხადა, ტურისტებს კი, თავის მხრივ, ეთქვათ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი ამ კუთხის შვილიაო. ამაში რომ სიმართლის მარცვალი დევს, მრგვალ მაგიდასთან სადისკუსიოდ მოსულმა ვანო მერაბიშვილმა  უნებურად დაადასტურა: «დიახ, ჩემი ინიციატივა იყო რაბათის ციხის იერსახის ამ ფორმით შეცვლა, მე ეს ტურისტებისთვის გავაკეთე. ისტორია ძეგლების აღმშენებლების სახელებს ინახავს და არა კრიტიკოსებისას. თავის დროზე სვეტიცხოვლისა და ეიფელის კოშკების აღმშენებლებსაც ჰყავდათ მოწინააღმდეგეები. რაბათის ციხე ავაშენეთ და მე მას დავიცავ, თქვენ არ მოგცემთ უფლებას, ან მის გუმბათს შეეხოთ, ან შიგნიდან ჯვრები გამოიტანოთ!» _ განაცხადა მერაბიშვილმა და სხდომა დატოვა, თან ისიც დაამატა, მეგონა, საკითხი უფრო სერიოზულად იყოო. სერიოზულობაში რას გულისხმობდა, არ ვიცით, რადგან უფრო სერიოზული რა უნდა იყოს _ ქართველი იტორიკოსები, არქეოლოგები და სამღვდელოება აღშფოთებას ვერ მალავენ. გაბრაზებულები და გაკვირვებულები არიან მუსლიმანები, რომლებმაც ვერაფრით გაიგეს, რატომ აქვს რაბათს ოქროსფერი გუმბათი და რატომ არის შენობაში ქვებზე ჯვრები გამოსახული, საერთოდ რა კავშირშია რაბათთან ფსევდომავრიტანული სტილის ნაგებობა?! აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირენით შეკითხვები ყოფილ კულტურის მინისტრ ნიკა ვაჩეიშვილს დაუსვეს, მაგრამ მას პასუხი, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა, იმ ერთდერთი მიზეზის გამო, რომ რაბათი მერაბიშვილის გემოვნებით გაკეთდა.

«ნაცმოძრაობის» ეპოქას სადისკუსიოდ მოსულმა ადამიანებმა «უიღბლო ურბანიზაციის პერიოდი» უწოდეს და გაიხსენეს თითქმის ყველა ის ადგილი, რომელიც წინა ხელისუფლებამ, ვითომ გალამაზებისა და აღდგენა-რესტავრაციის მიზნით გაანადგურეს. ჩამონათვალში მოხვდა: თელავი, სიღნაღი, ბათუმი და თბილისის უძველესი რამდენიმე უბანი.

ბაზისდანგრეული ზედნაშენი

«ნაცმოძრაობამ» მთელი თავისი არსებობის მანძილზე საკუთარი საქართველო შექმნა. საქართველო, რომლის არსებობაც არც ერთმა ქართველმა არ იცის. ყველას გვახსოვს, ალბათ, სააკაშვილის გამოსვლები, თუ როგორ აღწერდა ის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, წინსვლას, აღმშენებლობას, რა ლამაზი იყო ყველაფერი, ოღონდ, როდესაც ჩვენ, უბრალო ადამიანები, ამას ვისმენდით, ვერ ვხვდებოდით, რომელ ქვეყანაზე იყო საუბარი და სად იყო ეს ქვეყანა. ეს სააკაშვილის წარმოსახვის ნაყოფი იყო. მიზანმიმართულად დანგრეული ეკონომიკა, გაუსაძლისი ყოფა, ნაირფრად გადაღებილი და დამახინჯებული შენობები, გასახლებული ოჯახები და ასე შემდეგ. ნამდვილი საქართველო ეს იყო. ქვეყანას რომ საძირკველს გამოაცლი და ზემოდან შენობას დაადგამ ის შენობა რამდენ ხანს გაძლებს?!

ეკონომიკის ექსპერტები გამუდმებით საუბრობდნენ იმაზე, რომ ტურიზმი საქართველოსთვის მომგებიანი არ არისო და არც ის შეიძლება ბიზნესმენებს მიუთითო, რა უნდა აკეთონო, მაგრამ იმდროინდელ ხელისუფლებას ვერაფერი გააგებინეს. ვერ გააგებინეს ისიც, რომ საქართველო თავისი სიძველით არის მომზიდველი და ის ისეთი უნდა შევინარჩუნოთ, როგორიც არის, რომ ტურისტი ჩვენი წარსულით უფრო დაინტერესდება, ვიდრე შუშის ნაგებობებით, რომლებიც დღეს სააკაშვილის გარდა არავის აოცებს. როგორი იქნებოდა ეგვიპტის პირამიდები, შუშებში რომ ჩაესვათ?! სწორედ ასეთია ახლა სახედაკარგული და ისტორიაშეცვლილი რაბათი. რომელი ტურისტი იყიდის რაბათის ციხესთან უცხოურ ბრენდებს, ბიზნესმენებს მაღაზიები ცემა-ტყეპით რომ გაახსნევინეს?! დმანისის ნაქალაქარში კედლების გასამაგრებლად მხოლოდ მუშებს რომ ემუშავათ და იქ არქეოლოგები და პალეონტოლოგები რომ არ ყოფილიყვნენ, საქართველო და დმანისი მთელი მსოფლიოს ყურადღებას ხომ ვერ მიიქცევდა?! ტურისტებისთვის საინტერესო, ვანო ბატონო, სწორედ ეს არის და არა ოქროსფერგუმბათიანი რაბათი, რომელმაც თქვენი დაუდევრობით, ვინ იცის, რამდენი რამ დაკარგა. ტურისტების მოსაზიდად დაამახინჯეს თელავი. ბატონიშვილის სასახლე სწორედ თავისი სიძველით იყო მომხიბვლელი, ეს მეფის ერთადერთი სასახლე იყო. სიღნაღი, რომელსაც სიღნაღელები ვეღარ ცნობენ და თან რამდენი ოჯახი აყარეს იმისთვის, რომ ის ერთი ქუჩა გაეკეთებინათ, დიახ, ერთი ქუჩა, თუ უცხოელს გვერდით არ მიჰყვები და შემთხვევით სხვაგან გადაუხვია, მეორედ სიღნაღში აღარ ჩავა. არ შეიძლება არ აღინიშნოს მესტია, სადაც თამარ მეფის ისეთი ძეგლი დადგეს, რომლის ნახვასაც არავის ვურჩევ. ჩვენი დიდებული მეფე შეურაცხყოფილია ვინმე ვაჟა მელიქიშვილის «შედევრით», ამ ძეგლს უცხოელები ისეთი გაოცებულები უყურებენ, ერთმა მორიდებით ისიც კი თქვა, თამარ მეფე უფრო დიდებული წარმომედგინაო.

რაბათი, ისევე, როგორც სხვა, ტურისტებისთვის აშენებულ-გაკეთებული ძეგლები, შენობები თუ ქალაქები წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ სააკაშვილი მაინც არ ტყდება და ახლა თურქეთში წავიდა, რომ თურქებს ჰკითხოს, რაბათი მოსწონთ თუ არა და იქიდან გვმოძღვრავს, ერდოღანს გუმბათთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნიაო. არადა, ყველამ მოვისმინეთ, თურქეთის ელჩმა პარლამენტში რომ განაცხადა, გუმბათი შესაცვლელიაო. ისეთი წამოდგენა დაგრჩება ადამიანს, რომ სააკაშვილი გიჟი ჰგონიათ და მის წყენინებას ერიდებიან ისტერიკაში არ ჩავარდესო.

«დრონი მეფობენ…»

კულტურის სამინისტროში გამართულ დისკუსიაზე ვანო მერაბიშვილს რომ ვუყურებდი, ვიტალი ხაზარაძე გამახსენდა. გახსოვთ ვიტალი ხაზარაძე? ალბათ, ბუნდოვნად.

დარბაზში რომ შევედი, მრგვალი მაგიდის პირდაპირ, სავარძელში მოვკალათდი და პროცესებს იქიდან ვადევნებდი თვალყურს. ჩემი ყურადღება ერთმა ადამიანმა მიიქცია, რომელიც მერაბიშვილის წინ იჯდა და რაღაცაზე მშვიდად ესაუბრებოდა. ყოფილი პრემიერი გასუსული უსმენდა. იფიქრებდი, ძველი მეგობრები არიანო, მაგრამ, როდესაც მერაბიშვილი ფეხზე წამოდგა და მასთან მიკროფონით ჟურნალისტები მიცვივდნენ, თავი სამშვიდობოს დაიგულა და მინისტრს განუცხადა: ბატონო მინისტრო, ეს კაცი შეურაცხყოფას მაყენებსო. აი, სწორედ ისე, პატარა ბავშვებს მასწავლებლებთან რომ მიქვთ ხოლმე ენა, ეს ადამიანი რაბათის ციხის ახლანდელი დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი იყო. დარბაზში სიცილისაგან თავს ძლივს იკავებდნენ.

ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა «დროის მეფობა», ალბათ, ყველა ხელისუფლებაში მყოფმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველაფერს დასასრული აქვს და რომ ისე უნდა იცხოვრო, ადამიანი შეურაცხყოფას რომ მოგაყენებს, პასუხის გაცემის არ შეგეშინდეს. მერაბიშვილს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ მის სახელს ისტორია, როგორც აღმაშენებლისას, ისე შემოინახავს, მაგრამ არა მგონია, იმ კაცის გახსენების სურვილი, რომელიც ძალაუფლების გარეშე საზოგადოებაში ვერ ჩნდება, ვინმეს ჰქონდეს.

კარგია და ყველა ბედნიერია, რომ ეს უსახური ადამიანები ხელისუფლებაში აღარ არიან, თუმცა მათი ოპოზიციაში დანახვის სურვილიც არავის აქვს, მაგრამ, ალბათ, ამასაც მოევლება. კარგია, რომ სულზე მიუსწერს იმ დოკუმენტსაც, რომელიც თურქულ მხარესთან ჰქონდათ დადებული, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე თურქულ მხარეს უფლება ჰქონდა, რომ საქართველოში, კერძოდ კი, აჭარაში, მეჩეთი საკუთარი სახსრებით აეშენებინათ იქ, სადაც გაუხარდებოდათ და როგორიც გაუხარდებოდათ. მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარმა განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება გადაიხედება და ვალდებულებები შეიცვლება. მეჩეთს ქართველები ავაშენებთ ჩვენი ფულით და, თანაც იქ, სადაც მოსახლეობა იტყვის.

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. ვანო სირეგვენის გამო აირჩიეს შსს მინისტრათ, რადგან უტუ, შეუხედავი და ლიყიანი იყო. ასეთ მინისტრს პრეზიდენტობის სურვილი არ უნდა გასჩენოდა და თუ საჭორო გახდებოდ მისი მოშთობა, ბევრი მხარდამჭერიც ვერ ეყოლებოდა. ეს უტვინო და წერაკითხვის არმცოდნე კაცი, საქართველოს დაასვეა თავზე მეორე არანორმალურმა კაცმა მიშა სააკაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here