Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე სერაფიმეს მძიმე გზა სამშობლოდან სამშობლოსკენ

მეუფე სერაფიმეს მძიმე გზა სამშობლოდან სამშობლოსკენ

846

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერაფიმე რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და ალექსანდრე ანქვაბს სოჭში 29 მარტს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა რუსეთის საპატრიარქოს ხელშეწყობით შედგა.

როგორც მეუფე სერაფიმე ამბობს, შეხვედრაზე ანქვაბმა დააფიქსირა, რომ სიძულვილი ქართველი ხალხის მიმართ არ აქვს, «რომ ის, როგორც  დამოუკიდებელი ქვეყნის ხელმძღვანელი, უსურვებს ქართველ ხალხს წარმატებებს და მომხრეა, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა. მაგრამ დასძინა, რომ აფხაზმა ხალხმა ერთხმად აღიარა თავისი დამოუკიდებლობა და რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა, უკვე აღიარა აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და სხვა ქვეყნებიც მომავალში ამ პროცესს შეუერთდებიან. რადგან აფხაზმა ხალხმა ასე ისურვა, აფხაზმა სამღვდელოებამაც აღიარა ეს და აქვს სურვილი, რომ მიიღოს სუვერენიტეტი, რაზეც იყო აღნიშნული, რომ ეკლესიური დამოუკიდებლობა შეუძლებელია საეკლესიო და კანონიკური ურთიერთობების გარეშე. ამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთში არიან მოძღვრები, რომლებიც ნაკურთხი არიან საქართველოს პატრიარქის მიერ, ანუ ექვემდებარებიან საქართველოს საეკლესიო კანონმდებლობას, ასევე არიან სასულიერო პირები, რომლებიც იკურთხნენ რუსეთის ეკლესიის მიერ».


მისივე თქმით, შეხვედრაზე დაისვა საკითხი ქართველი სასულიერო პირების სოხუმში ჩასვლის თაობაზე, რაზეც ანქვაბმა უარი განაცხადა. მაგრამ მხარეებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს სხვადასხვა რანგის შეხვედრის გამართვა სამომავლოდ. მეუფის აზრით, შედეგის მიუხედავად, ეს შეხვედრა ღირდა, რადგან, ოცი წელიწადია, არანაირი კავშირი არ ყოფილა.

შეხვედრის შემდეგ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რომ აფხაზეთში მართლმადიდებელ სასულიერი პირებს, მრევლსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საეკლესიო კანონების მკაცრი დაცვით.

«საქართველო და მსოფლიო» ზუსტად ერთი წლის წინ მეუფე სერაფიმეს ესაუბრა. დედამისი, ქალბატონი ანგელინა მარგველაშვილი დღემდე სოხუმში ცხოვრობს და მას ერთი დღეც არ დაუტოვებია აფხაზეთი.

«აუცილებელია, გამუდმებით შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველი დევნილები აფხაზეთში უნდა დაბრუნდნენ. დედაჩემი ორიოდე დღის წინ გავაცილე სოხუმში, ის ძალიან იშვიათად ახერხებს თბილისში ჩამოსვლას _ ოცი წლის მანძილზე სულ სამჯერ თუ მოახერხა ჩამოსვლა და ჩემი მონახულება. ამ წლების განმავლობაში აფხაზეთში მე მხოლოდ ერთხელ ჩავედი… პირველად ზურაბ ჟვანიას შუამდგომლობით ვთხოვე ამერიკის ელჩსა და გაეროს წარმომადგენლებს, აფხაზეთში ჩასვლისა და მშობელი დედის მონახულების შესაძლებლობა მოეცათ, მაგრამ ჩემს თხოვნას წლების განმავლობაში არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მგონი, აშშ-ის საელჩოში დამცინეს კიდეც, _ ვინ არის ეს სერაფიმე ჯოჯუა და რას ითხოვსო. შეიძლება თქვენ არ დამეთანხმოთ, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველების გარდა არავის _ არც ერთ სახელმწიფოს, არც ევროპას და არც ამერიკის შეერთებულ შტატებს _ არ სურს, რომ ქართველები აფხაზეთში დაბრუნდნენ. როდესაც იმედი გადამეწურა, რუსეთის პატრიარქ კირილს ვთხოვე, მოეცა შესაძლებლობა, აფხაზეთში ჩავსულიყავი და დედა მენახა. ანგარიში გამიწიეს, რისთვისაც რუსეთის პატრიარქის მადლობელი ვარ. აფხაზეთში სერგეი შამბა დამხვდა და მიმასპინძლა,» _ განაცხადა მაშინ ჩვენთან საუბრისას მეუფე სერაფიმემ.

29 მარტს სოჭში შეხვედრას, მომხრესთან ერთად, მოწინააღმდეგეც მრავლად გამოუჩნდა. სოციალურ ქსელ ფაცებოოკ-ზე ერთ-ერთ გვერდზე _ «საპატრიარქოს შავრაზმელთა ბანდა» _ ამ შეხვედრას ასე აფასებენ: «რუსეთუმე თომა ჯოჯუა სოჭში აფსუა ანქვაბმა დააჩმორა».

«საქართველო და მსოფლიო» თვლის, რომ მეუფე სერაფიმე დიდ საქმეს აკეთებს, ის ცდილობს, მკვდარი წერტილიდან დაძრას ურთიერთობები და რაღაცით დაიწყოს, რაღაც მაინც გააკეთოს და მის ამ მონდომებას არა გაკიცხვა, არამედ თანადგომა და მიბაძვა სჭირდება, პირველ რიგში, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. ჩვენ, საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად, ვცადეთ, შეგვეფასებინა 29 მარტის შეხვედრა და ვკითხეთ მათ, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნდათ მეუფე სერაფიმესა და ანქვაბის შეხვედრის ფაქტი, მაშინ, როცა წლებია, არანაირი კავშირი არ ყოფილა აფხაზეთთან, რა დადებითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან და რას ურჩევენ ისინი ხელისუფლებას, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით ვერც ახალი კონტაქტებით დაიკვეხნის და ვერც სხვა მნიშვნელოვანი ძვრებით.

«თვითიზოლაციისკენ მიისწრაფვის ხელისუფლება, რაც უახლოეს მომავალში სამწუხარო შედეგებით შეიძლება დასრულდეს»

თემურ ქორიძე, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების უზენაესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე:

_ შეხვედრები ქართველებსა და აფხაზებს შორის ინტენსიური უნდა გახდეს. მიუხედავად დაბრკოლებებისა, წინააღმდეგობებისა, აზრთა სხვადასხვაობისა, ასეთი შეხვედრები აუცილებელია. დასაგმობი ნამდვილად არ არის. თუკი ჩვენ მეორე მხარის პოზიცია არ მოგვეწონება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საუბარი ყველა თემაზე უნდა შევწყვიტოთ. მითუმეტეს, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, თუ რა მდგომარეობაა აფხაზეთში მდებარე ქართულ ეკლესიებში, ამიტომ დაინტერესება მიტროპოლიტისა, რომ გამოეთქვა სურვილი, შეხვედროდა აფხაზეთის წარმომადგენელს, მისასალმებელია. უნდა ვეცადოთ, ასეთი შეხვედრები ბევრი იყოს. ერთი და ორი შეხვედრა, შესაძლოა, უშედეგოდ დამთავრდეს, მაგრამ, თუკი ინტენსიური გახდება ურთიერთობები, კულტურული ურთიერთობები ჩამოყალიბდება, დადებით შედეგს ნამდვილად გამოიღებს. ბუნებრივია, წინააღმდეგობები არის, მაგრამ თუკი არ შევუდექით ამ წინააღმდეგობათა დაძლევას, გამოდის, რომ ყველაფერზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ.

ახალ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ეს მათი ბრალი ნამდვილად არ არის. ეს წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემებია. შეუძლებელია, ახალი ხელისუფლების ვინმეს შურდეს ამ თვალსაზრისით. ვისურვებდი, უფრო რეალისტები გახდნენ, უფრო სერიოზული კონტაქტები დაამყარონ საზოგადოებასთან, კარგად გაიაზრონ მათი სატკივარი და იმოქმედონ ამის შესაბამისად. თვითიზოლაციისკენ მიისწრაფვის ხელისუფლება, რაც უახლოეს მომავალში სამწუხარო შედეგებით შეიძლება დასრულდეს. ბატონმა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა იქნებოდა ხალხის მსახური, შეეცდებოდა, ძვრები მოეხდინა სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ჯერჯერობით ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. სასურველია, ახალ მთავრობას გაცილებით სერიოზული მრჩევლები ჰყავდეს, ვიდრე დღეს ჰყავს.

«ეს იყო მცდელობა, აფხაზი და ქართველი ხალხის გამოფხიზლებისა»

მამა ელიზბარ დიაკონიძე:

_ მეუფე სერაფიმე ჯოჯუა გახლავთ იმ სულისკვეთების პიროვნება, თან მიტროპოლიტის ხარისხში აღმატებული, რომლის მიმართაც ისეთი სიტყვების ხმარება, როგორიც სოციალურ ქსელებში გაჩნდა, დიდი უზრდელობა და უტაქტობაა. და ვინ ავრცელებს ასეთ მიმართვებს საეკლესიო წარმომადგენლების მიმართ, გასაგებია. ესაა «ნაციონალურ მოძრაობას» მიკედლებული ფრთა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ღვარძლი დათესოს ხალხში. ანქვაბთან შეხვედრის დეტალებს შეძლებისდაგვარად ვადევნებდი თვალს და ეს იყო მცდელობა, აფხაზი და ქართველი ხალხის გამოფხიზლებისა. მე, თუ გახსოვთ, თქვენი გაზეთის საშუალებითაც მითქვამს, რომ მადლობელი ვიქნები, თუკი უფლისგან ღირსი გავხდები, ჩავიდე აფხაზეთში და ჩემს აფხაზ ძმებს თვალებში ჩავხედო მოსაბოდიშებლად, ვისაც ბოდიშის ღირსად ვთვლი.  მეც დამნაშავე ვარ და ისინიც. ამ საკითხის მოსაგვარებლად იყო იქ მეუფე სერაფიმე ჩაბრძანებული.

ჯერჯერობით ახალი ხელისუფლება აფხაზეთის მიმართულებით ვერანაირ ძვრებს ვერ გააკეთებს. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები მაიძულებს, ვიფიქრო, რომ ესენი უფხოდ იქცევიან. ამ ურთიერთობის მოგვარებას ცოტა ვაჟკაცური სულისკვეთების ადამიანი სჭირდება, ვიდრე ამ წუთში ჩანს. როგორც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ბრძანებდა კერძო საუბრებსა თუ ქადაგებებში, სულ მალე ისევ აფხაზეთში ვიქნებით ერთად. საქართველო  განუყოფელია. ეს დროებითი მოვლენაა, რაც დღეს ხდება. ამ საკითხის მომზადებას ყველანაირი მზადყოფნა სჭირდება, იქნება ეს სულიერი თუ საბრძოლო. საბრძოლო განწყობაში ომს არ ვგულისხმობ. როცა ადამიანს მებრძოლი სული გაქვს, აუცილებლად ცდილობ, მშვიდობით დაამყარო ურთიერთობა, რადგან იცი, რა შეიძლება მოჰყვეს ომს. ყველა, ვინც ახლა აფხაზეთთან ურთიერთობის მოგვარებას ვფიქრობთ, ვცდილობთ, ეს გზა მშვიდობიანი იყოს, რადგან უამრავი მიცვალებული მოიტანა შედეგად ომმა და დაპირისპირებამ. ჯერაც აფხაზეთის მიწაზეა დაღუპულთა საფლავები და მათი დაბრუნების საკითხი არ გადაწყვეტილა. ახალი ხელისუფლება ჯერ უნიათოდ იქცევა და ძველის, დარღვეულის დალაგების მცდელობასაც ვერ ვხედავ. ვუსურვებ, ცოტა მეტი ვაჟკაცურობით მიჰყვეს საქმეს და, თუ დახმარება სჭირდებათ, აგერ ვართ, ბატონო, დაგვიძახეთ! დაგვიხმარეთ! არ ვართ ის ხალხი, გვეზარებოდეს ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო ნაბიჯის გადადგმა.

«მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა არაჩვეულებრივი ადამიანია, მისი მცდელობა აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია»

აკაკი ასათიანი, «ტრადიციონალისტთა კავშირის» ლიდერი:

_ ზოგადად, სასულიერო პირზე ისე საუბარი, როგორც ეს სოციალურ ქსელებში ხდება, მკრეხელობად მიმაჩნია. მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა არაჩვეულებრივი ადამიანია. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მისი მცდელობა აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია. მხოლოდ ამ ქვეყნის მტერს შეუძლია ამ ფაქტის უარყოფით მხარეებზე ისაუბროს.

ზოგადად ეს ფაქტი რომ მოხდა, მისასალმებელია. შედეგებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევად მიმაჩნია. ახალ ხელისუფლებას რაც დადებითად შეგვიძლია ჩავუთვალოთ ისაა, რომ ის იდიოტური რიტორიკა, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ამ თემისადმი, გამოასწორა. ახალ ხელისუფლებას ვურჩევდი, ცოტა უფრო გააქტიურდეს ამ მიმართულებით და ეძებოს კონტაქტები.

«რუსეთის საპატრიარქოს პროქართული პოზიცია უჭირავს»

ვალერი ხაბურძანია, უშიშროების ყოფილი მინისტრი:

_ ამ ტიპის ყველა შეხვედრას მხოლოდ დადებითი შეფასება უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს რუსეთის საპატრიარქოს პროქართული (რუსებიც არიან რაღაცაში პროქართულები) პოზიცია უჭირავს. რაც შეეხება სოციალურ ქსელს და შეფასებებს, სოციალური ქსელი ემოციური ჭორბიუროა და ნაკლებადსერიოზულია შეფასებები, თუნდაც სერიოზული ხალხი აკეთებდეს მას.  რუსეთუმეობას სწამებდე ადამიანს და თან რუსულ ჟარგონს _ «დაჩმორებას» იყენებდე, ეს უკვე «შემფასებლის» დონეზე მიუთითებს.

დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანია, შედეგებზე, თან დადებითზე, საუბარი ნაადრევია, თვითონ საუბრის დაწყება კი, როგორც აღვნიშნე, უკვე დადებითად მიმაჩნია. ახლანდელმა ხელისუფლებამ ამ თემისთვის ვერ მოიცალა, რაც მას პოზიტივს ნამდვილად ვერ მატებს.

«ასეთი ცალკეული შეხვედრები არაფრის მომტანი არაა»

ვალერი კვარაცხელია, პარტია «ნეიტრალური საქართველოს» ლიდერი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი:

_ ყველანაირი შეხვედრის მომხრე ვარ, რადგან ყველა შეხვედრა რაღაც დადებითის მომტანია. თუმცა მიმაჩნია, რომ კონტექსტიდანაა ამოვარდნილი ასეთი შეხვედრები. ძალიან რთული ვითარებაა. რაც შეეხება აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს (და აღვნიშნავდი ასევე რუსეთთან ურთიერთობას), ჩემი აზრით, სახელმწიფო კონტროლზე უნდა იქნას აყვანილი. ვინაიდან ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების წინ ხალხს განუცხადა, რომ ის მოაგვარებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ასევე რუსეთთან ურთიერთობას, მას ეს საკითხი სახელმწიფო კონტროლზე უნდა აეყვანა. ასეთი ცალკეული შეხვედრები არაფრის მომტანი არაა. მგონია, რომ ივანიშვილმა და მისმა პირადმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ, ერთობლივად უნდა შეიმუშაონ ის გეგმა, რომლის მიხედვითაც განხორციელდებოდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი პარამეტრების გათვალისწინებით ურთიერთობების მოწესრიგების საკითხი კონფლიქტურ რეგიონებთან.

«ასეთი შეხვედრებით ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეიძლება, მითუმეტეს, როცა აფხაზეთის პირველ პირთანაა შეხვედრა»

სოსო მანჯავიძე, პარტია «საქართველოს პატრიოტთა ალიანსის» გენერალური მდივანი:

_ მეუფე სერაფიმეს ამ შეხვედრაში ვერანაირ უარყოფით შტრიხს ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ ამ შეხვედრას. ასეთი შეხვედრებით ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეიძლება, მითუმეტეს, როცა აფხაზეთის პირველ პირთანაა შეხვედრა. პროცესი შეიძლება დაიძრას.

ახალ ხელისუფლებას ვურჩევ, უფრო კომპლექსურად მიუდგეს ამ საკითხს და ამაში მცოდნე ხალხი ჩართოს. ჩვენ არ უნდა განვიხილავდეთ აფხაზეთის საკითხს მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში. დიდი ხანია, აფხაზეთის საკითხი მარტო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საგანი აღარაა, თქვენ იცით, ალბათ, თურქეთის განცხადება იმის თაობაზე, რომ ოფიციალურად უნდა მოიხსნას ემბარგო აფხაზეთსა და თურქეთს შორის. თურქეთი, ფაქტობრივად, აფხაზეთის ცნობის და მასთან ურთიერთობის გააქტიურების გზას დაადგა. სწორი დიპლომატიის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

«სახალხო დიპლომატია არის ის გზა, რომლის მეშვეობითაც უნდა დაიწყოს აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენა»

ელისო კილაძე, მოძრაობა «ჩემი საქართველოს» ლიდერი:

_ ვფიქრობ, აფხაზები ჩვენი ძმები არიან. კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის ხელოვნურადაა ინსპირირებული. მართალია, პოლიტიკურად ეს საკითხი შორს მიმავალი პერსპექტივითაა, სახალხო დიპლომატიას წინ არაფერი უდგას. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, მიტროპოლიტ სერაფიმესა და ანქვაბის შეხვედრა პოზიტიური ნაბიჯია. ვიქნები ძალიან სუბიექტური, რადგან  გავიზარდე სოხუმში. აფხაზი ძუძუმტე მყავს. ძალიან თბილად და კარგად მახსოვს ის წლები, რომელიც მათ გვერდით გავატარე. მგონია, რომ სახალხო დიპლომატია არის ის გზა, რომლის მეშვეობითაც უნდა დაიწყოს აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენა. თუკი რუსეთი შუაში არ იქნება, აფხაზებს არ გაუძნელდებათ ჩვენთან ურთიერთობა. ალექსანდრე ანქვაბს რაც შეეხება, ის წლების განმავლობაში მუშაობდა და ცხოვრობდა თბილისში, ამიტომ მისთვის ქართველებთან ურთიერთობა უცხო არ უნდა იყოს. მივესალმები, თუკი ეს პროცესი დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან.

ექსკლუზიურად გეუბნებით: მაქვს ინფორმაცია, რომ 31-ე ქარხანაში მზადდებოდა იარაღი, რომელსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ყიდდნენ. ამაში იყო ჩართული კუდის ყოფილი შეფი დათა ახალაია. ამაზე ინფორმაციებს ვაგროვებ და მგონია, ხმაურიანი პრესკონფერენციის მოწყობა მომიწევს ამ თემაზე, რადგან  წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა სხვა გვარებიც ფიგურირებს ამ საქმეში.

ახალ ხელისუფლებას ვურჩევ, ხელისუფლების დონეზე მოხდეს კონტაქტების დამყარება. კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია არაა ის ადამიანი, რომელსაც არ ჩაესვლება და არ აქვს კარგი კონტაქტები აფხაზეთში.

მოამზადა

ლილი მიროტაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here