Home რუბრიკები პოლიტიკა ევროპა დაინტერესებულია აგვისტოს მოვლენების ბოლომდე გამოძიებით

ევროპა დაინტერესებულია აგვისტოს მოვლენების ბოლომდე გამოძიებით

502

მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, რომელიც 8 აპრილს გაიმართა, განაცხადა, რომ აგვისტოს ომის საკითხი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველია, მაგრამ, მისი აზრით, ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ უნდა მოვუაროთ. «ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, _ თქვა მან, _ რომ აგვისტოს ომი გამოვიძიოთ ჩვენ თვითონ. ამას გვავალდებულებს «რომის წესდება», მაგრამ, თუ არ აღმოვჩნდით არც საკმარისი პროფესიონალები, არც საკმარისი პოლიტიკური ნება არ გვექნა, მაშინ ჩვენ იძულებულები ვიქნებით, დავემორჩილოთ ჰააგის პროცესს და ის საქმე წავიდეს საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში. ჩვენი მიზანია, რომ განხილვა წარიმართოს ყველა მიმართულებით, მაგრამ ეს მოხდეს საქართველოში». თეა წულუკიანის ამ განცხადების კომენტარი «საქართველო და მსოფლიომ» საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს სთხოვა:


_ ის, რომ ჰააგის პროკურატურა დაინტერესებულია აგვისტოს მოვლენების გამოძიებით, ძალიან საინტერესო ფაქტია. ტალიავინის კომისიის, როგორც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიერ შექმნილი, ფაქტების დამდგენი ორგანოს მოხსენებამ, როგორც ჩანს, აღუძრა მას სურვილი, გამოიძიოს ის ქმედებები, რომლებიც ჩადენილია 2008 წლის აგვისტოში, რათა დადგინდეს დანაშაულის ფაქტის არსებობა-არარსებობა, რასაც შეეწირა  ასობით ადამიანის _ ქართველებისა და ოსების სიცოცხლე, რამაც ოცდაათ ათასამდე ჩვენი მოქალაქე კოდორის ხეობიდან დაწყებული და ახალგორის რაიონით დამთავრებული ახალ დევნილებად აქცია. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ სიმართლე იმის თაობაზე, რაც მაშინ მოხდა.

_ მათ უთუოდ იციან სიმართლე, მაგრამ სამართლის მიერ დადასტურებული სიმართლის გაგება სურთ, არა?

_ აქ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ტალიავინის კომისიას ფაქტების დადგენა ევალებოდა, ხოლო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო ადგენს დანაშაულის არსებობა-არარსებობის საკითხს. ერთია, რომ მოხდა რაღაც; მეორეა, რაც მოხდა, დანაშაულია, გადაცდომა თუ საომარი მოქმედებების შედეგი.

როცა პროკურატურა მოითხოვს, რომ გამოძიებულ იქნას ის, რაც მოხდა, ეს ნიშნავს, რომ იგი მიიჩნევს, _ სახეზეა დანაშაულის ნიშნები. სამხედრო დანაშაულის ნიშნებია თუ სხვა დანაშაულის, ამას უკვე გამოძიება დაადგენს.

_ ამას ითხოვს ჰააგის სასამართლო?

_ ჰააგის სასამართლოსთან არსებობს სპეციალური პროკურატურა, რომელიც იძიებს ასეთ საკითხებს და რომლის წარმომადგენლები ჩამოსულები იყვნენ საქართველოში. როგორც ქალბატონმა თეამ თქვა, ისინი იწყებენ საქმის გამოძიებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მაგრამ რომელ დანაშაულთან დაკავშირებით, ამაზე მე ინფორმაცია არ მაქვს.

_ თუ ჩვენები დაიწყებენ გამოძიებას, ისინი აღარ ჩაერევიან?

_ «რომის წესდება» უფლებას გვაძლევს, თავადაც გამოვიძიოთ, მაგრამ აქ დგას პრობლემა, ამ საქმეს გამოვიძიებთ ჩვენ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ხოლო, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ, იქ ჰააგის სასამართლოს სპეციალური პროკურატურა იმუშავებს. ეს საკითხი გადასაწყვეტია.

_ ასე იქნება თუ ისე, სააკაშვილი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა?

_ მე თავს შევიკავებ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისგან, რადგან საკითხი სერიოზულია, მოითხოვს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას. მაგრამ ჰააგის პროკურატურის მოთხოვნა გამოძიების დაწყების თაობაზე იმის ნიშანია, რომ ევროპა დაინტერესებულია აგვისტოს მოვლენების ბოლომდე გამოძიებით.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. რა სულელები ვართ ეს ქართველები, რა ევროპა,რის ჰააგა, რა ნატო, ჩვენს თავს ჩვენ მივხედოთ ხალხო,უფლის სიტყვაა მოსული საქართველოში და გავყვეთ ამ სიტყვას.რაო პატრიარქმა, ამ ენით უნდა განიკითხოსო ყველა ენაო ხომ,დაუფიქრდით რა გითხრათ!!!!
    დაძინებულო ეროოოო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here