Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე სერაფიმე: ქართველი ხალხი აფხაზი ხალხის მტერი ნამდვილად არ არის

მეუფე სერაფიმე: ქართველი ხალხი აფხაზი ხალხის მტერი ნამდვილად არ არის

726

ბოლო ოცი წლის მანძილზე პირველად, 28 მარტს სოჭში, ქართველი სასულიერო პირი _ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე აფხაზეთის წარმომადგენელებს, მათ შორის, ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. შეხვედრას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონიც ესწრებოდა. მიტროპოლიტი სერაფიმე წარმოშობით აფხაზეთიდან გახლავთ და ის იქ აფხაზური მხარის მოთხოვნით მიიწვიეს. ამ შეხვედრის შედეგებსა და შთაბეჭდილებებზე ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) გვესაუბრება.


_ მეუფე სერაფიმე, მიუხედავად შეხვედრაზე გამოთქმული არცთუ იმედის მომცემი მოსაზრებებისა, თქვენ დადებითად შეაფასეთ ეს შეხვედრა. რამდენად მნიშვნელოვანი და შედეგიანი აღმოჩნდა აღნიშნული ვიზიტი?

_ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვაზე, ღირდა თუ არა ჩემი წასვლა, როცა ქართველი სასულიერო პირების აფხაზეთში ჩასვლა კვლავ შეუძლებელია, მე ვუპასუხე, რომ ნამდვილად ღირდა და დადებითად შევაფასე ეს ვიზიტი, ვინაიდან, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმ თვალსაზრსით, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ეს იყო პირველი შეხვედრა აფხაზებთან. გავიცანი აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, პოლიტიკური ლიდერი იმ ხალხისა, რომელთანაც დღეს გაფუჭებული ურთიერთობა გვაქვს.

_ რაზე ისაუბრეთ ალექსანდრე ანქვაბთან?

_ ანქვაბს აფხაზი ხალხისადმი ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევა გადავეცი. პატრიარქს უყვარს აფხაზი ხალხი და მას არაერთხელ უთქვამს, რომ ის 11 წელი, როდესაც ის იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ერთ-ერთი უბედნიერესი წლები იყო მის ცხოვრებაში. მეც ჩემის მხრივ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას აფხაზი ხალხის მიმართ და ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი ხალხი აფხაზი ხალხის მტერი ნამდვილად არ არის.

საუბარი იყო ზოგადად მართლმადიდებლობაზე, საქართველოსთან ურთიერთობაზე. დღეს აფხაზებთან ურთიერთობა გაყინულია, ამიტომ აფხაზები სერიოზული სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობების წინააღმდეგნი არიან, რაც, პრინციპში, არ არის გასაკვირი. ალბათ, ის უფრო არარეალური იქნებოდა, გვეფიქრა, რომ პირველივე შეხვედრაზე ურთიერთობაში დიდი გარღვევა მოხდებოდა. შეიძლება ითქვას, ეს იყო უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ალექსანდრე ანქვაბის თქმით, აფხაზი სამღვდელოება ცდილობს, აფხაზურმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა მოიპოვოს და თავშესაფარს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ეძებს. ამ მცდელობას მივესალმებით, რადგან საქართველოს ეკლესიის წიაღში დაბრუნება უკვე შეუძლებელიაო, _ განაცხადა. ვინაიდან, მისი თქმით, აფხაზური ეკლესია დაშორებულია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.

როდესაც ამ ყველაფრის შესახებ მოვყევი, საქართველოში ამან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რაც გაუგებარია, ვინაიდან ასეთი დამოკიდებულების შესახებ უკვე წლების მანძილზე გაცხადებული იყო და ვიცოდით. სოციალურ ქსელებში გარკვეული წრეების მხრიდან მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება, გაისმა უკმაყოფილება, ლანძღვა, მუქარა, ეკლესიის შეურაცხყოფა, რაც ყოვლად დაუშვებელია და ცოდვაა ღვთის წინაშე. რატომღაც ავიწყდება ზოგიერთს, რომ აფხაზეთის თემა ურთულესი საკითხია. როგორც ჩანს, არიან გარკვეული ძალები, რომლებმაც შეგნებულად გააძლიერეს თავდასხმა ეკლესიაზე. ამის დასტური იყო თუნდაც ბოლო დროს გაცხადებული მოწოდება _ ჩამოვხსნათ სამების ტაძრიდან ოქროს გუმბათი, გადავადნოთ და დავურიგოთ გაჭირვებულებს. ეს იყო იმ ადამიანების აზრი, რომლებიც თავის თავს რეფორმატორებს უწოდებენ, თუმცა მე ვეთანხმები მამა თეოდორე გაგნიძის სიტყვებს, ისინი არიან არა რეფორმატორები, არამედ ნეობოლშევიკები, რადგან ეს არის ნეობოლშევიკური მოწოდება.

ეკლესიასთან შებრძოლების ახალი ფორმა იპოვეს და გამოაცხადეს, რომ ოქროს გუმბათი უნდა მოვხსნათ. ისტორიაში რომელმა ძალამ მოხსნა გუმბათები და ზარები ეკლესიებიდან, თუ არ ჩავთვლით რელიგიურ ომებს? ესენი იყვნენ ბოლშევიკები და ასეთი გუმბათის მოხსნის მოწოდება გაისმოდა 1921, 1924 და 1937 წლებში. თუ საზოგადოებაში ასეთი მკრეხელური აზრი გაჩნდება, ესე იგი საზოგადოების ნაწილი გონივრულად და ჯანსაღად არ აზროვნებს.

_ აფხაზების წინააღმდეგობის გამო, სოხუმში თქვენი ვიზიტი ამჯერად ვერ მოხერხდა. ასევე, შეხვედრას არ დასწრებია არც ერთი აფხაზი სასულიერო პირი. მიუხედავად ჩვენ შორის ამ ეტაპზე არსებული დაძაბული ურთიერთობისა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი მხრიდან, რუსული მხარეც არ იყო წინააღმდეგი, მეტიც, შეხვედრას ესწრებოდა მეუფე ილარიონი. თქვენ კარგად იცნობთ აფხაზებს, რატომ აღმოჩნდა ასეთი კატეგორიული აფხაზური მხარე?

_ აფხაზეთშიც არიან ისეთი ძალები, რომლებიც კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან ჩვენი შეხვედრების, ურთიერთობის დათბობის. ასეთი ძალები არის რუსეთშიც და, სამწუხაროდ, საქართველოშიც.

 _ მეუფე სერაფიმე, ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში ადრე ისაუბრეთ, რომ წლების წინ რუსეთის საპატრიარქოს დახმარებით ჩახვედით აფხაზეთში დედის სანახავად. თქვენ ასევე შეხვდით სერგეი შამბას და აფხაზ სასულიერო პირებს, რომლებმაც მაშინ ძალიან თბილად და კარგად მიგიღეს. რა მოხდა ახლა, რატომ განაცხადეს უარი თქვენთან შეხვედრაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვითარება გაუარესდა?

_ შექმნილი ვითარება, არა მგონია, უარესობისკენ შეცვლილიყო. ეს ურთიერთობა გაყინულია და სწორედ ამიტომ არის საჭირო ასეთი ვიზიტები. არ ვიცოდი, თუ აფხაზი პირველი პირებიც დაესწრებოდნენ შეხვედრას. გვთხოვეს შეხვედრაზე დასწრება, რაზეც თანხმობა განვაცხადე. ეს არის ჩვენი ეკლესიის მშვიდობიანი მცდელობა, მოხდეს ქართველებისა და აფხაზების დაახლოება.

_ აფხაზეთის თემა საკმაოდ მტკივნეული და რთული საკითხია საქართველოსთვის. ამ ვიზიტის შემდეგ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ: არსებობს ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა?

_ მე იმედს ვიტოვებ, რომ ასე იქნება… მართალია, ბოლო დროს ბევრჯერ დაგვაბრალეს, თითქოს  სამღვდელობა პოლიტიკაში ერევა, რაც სინამდვილეში ცილისწამებაა. პოლიტიკაში ჩარევა ნიშნავს, როდესაც ვიღაცების თანამდებობებზე დანიშვნაში ერევი, ხოლო როდესაც საქმე სამშობლოს და ეკლესიას ეხება, ვფიქრობ, ყველა მიმართულებით, იქნება ეს საერო თუ სასულიერო, უნდა ვეძებოთ გზები და საშუალებები ვითარების გასაუმჯობესებლად და ამ საქმეში ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. მივესალმები ასეთ შეხვედრებს,ასევე უნდა შეხვდნენ სხვადსხვა სფეროს და დარგის წარმომადგენლები,გაიმართოს შემოქმედებითი საღამოები და მოვრჩეთ ერთმანეთის ლანძღვა გინებას,მტრის წისქვილზე ნუ ვასხამთ წყალს.თუ ჩვენ არ მოვინდომებთ ვერცერთი ე.წ. შუამავალი ვერ გვიშველის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here