Home რუბრიკები პოლიტიკა მისტერ და მისის ბოკერვილები

მისტერ და მისის ბოკერვილები

871

«რუსული ფულით» წაგებული ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჟურნალი «ტაბულა» სწორედ რუსული ფულის ტომარას, კახა ბენდუქიძეს, კიდევ უფრო ჩაეხუტა და მედია ჰოლდინგის საფარქვეშ «ნაცმოძრაობის» ყოფილი სახეები დაასაქმა. ნაწილი ჩერგოლეიშვილის «ტაბულოიდში» წერს სტატიებს, სხვანი კი იმავე ბენდუქიძის უნივერსიტეტებში არიან მოწყობილნი.


დაფინანსების ერთი წყარო _ ბენდუქიძე ყოფილების ამ არმადას საკუთარ თავზე ამუშავებს. ამიტომაც არის, რომ აგრარული უნივერსიტეტის დასაცავად «რეზერვში» გადაყვანილი ეს კადრები და «ნაცმოძრაობის» ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გამოდიან, ხოლო აქციებისგან თავისუფალ დროს ახალი «ისკრას» რევოლუციური გვერდებიდან მოგვიწოდებენ.

«ტაბულას» უკანასკნელი ნომერი მთლიანად ამ პარტიულ დავალებას ეძღვნება; გარეკანზე გიორგი მარგველაშვილის კარიკატურული პორტრეტია გამოსახული. ტერმინატორის სახით, ვამპირის მსახვრალი ხელებით იგი სტუდენტებს ხორცსაკეპ მანქანაში ატარებს. ქვემოთ კი სათაურია გამოტანილი: «დაგვაცადე სწავლა, მინისტრო»!

ცალსახად დაკვეთილი სახე აქვს ამ სათაურის ქვეშ დაბეჭდილ სტატიასაც და მის თანმხლებ სხვა პუბლიკაციებსაც: სიმონ ჯანაშიას «განათლების სისტემა კერძო და საზოგადო ინტერესს შორის» უშუალოდ ბენდუქიძის განმანათლებლობას არ ეხება. იგი ზოგადად ალტერნატივების აუცილებლობას განიხილავს საგანმანათლებლო სისტემაში.

ჯანაშია, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა განათლების რეფორმის პროექტ «ილია ჭავჭავაძეში» და რომლის ხელმძღვანელობითაც ჩამოყალიბდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმა, ამჟამად განათლების რეფორმირების საკითხებზე, განათლების კვლევების განვითარებასა და განათლების მართვის სპეციალისტების მომზადებაზე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც ჩანს, ბენდუქიძის «თავისუფალი უნივერსიტეტი», აგრარული უნივერსიტეტი და გიგი თევზაძის «ილიაუნი» ალტერნატივებად უნდა მივიჩნიოთ.

განათლების პრობლემებით «შეწუხებული» «ტაბულოიდი» «ფეისბუქში» გახსნილი გვერდის მასალებსაც ბეჭდავს – «აგრარული უნივერსიტეტი. მითები და ფაქტები». მასში ვკითხულობთ: «მითი: კახა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტი 1 ლარად იყიდა. ფაქტი: მთავრობის თხოვნისა და ინიციატივის საფუძველზე კახა ბენდუქიძემ სოფლის მეურნეობის სფეროში მეცნიერების, კვლევისა და სწავლების განვითარების დაფინანსება გადაწყვიტა. მთავრობამ მას შემდეგი პირობები შესთავაზა: ბიუჯეტში 8,5 მილიონი ლარის გადახდა დადგენილი გრაფიკით და ამდენივეს ინვესტირება უნივერსიტეტში. ამ დროისთვის ინვესტიცია 12 მილიონს შეადგენს. სულ, ცოდნის ფონდის მეშვეობით, კახა ბენდუქიძემ საგანმანათლებლო მიზნებისთვის ორი წლის განმავლობაში 80 მილიონი ლარი დახარჯა. სახელმწიფომ 5 წლის განმავლობაში იმავე მიმართულებით – მხოლოდ 180 მილიონი ლარი».

ტაში, კუკური! ბენდუქიძის მეგობრებს დაავიწყდათ, რომ, ბოლო თვეების გარდა, ის 5 წელი თავად იყვნენ მთავრობაშიც და პარლამენტიც და განათლებაზე «მხოლოდ» 180 მილიონი ლარიც მათი მომხრეების დასაქმებასა და უზრუნველყოფას ხმარდებოდა! ახლაც, როცა ბენდუქიძის მიერ დახარჯულ 80 მილიონზე წერენ, თავად ადასტურებენ, რომ ეს თანხა, უშუალოდ უნივერსიტეტში ინვესტიციად ჩადებული 12 მილიონის გარდა, დაუხარჯავს და ისევ სააკაშვილის მთავრობის უმუშევრად დარჩენილი წევრებისა და აქტივისტების უზრუნველყოფაში!

«მითები და ფაქტები» სწორედ ბენდუქიძის სასიკეთო რაკურსში წარმოჩენას ემსახურება და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი; შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები უკლებლივ ბენდუქიძის სალაფავს მიირთმევენ და აქციაზეც გავლენ, სტატიებსაც დაბეჭდავენ და ტელეეთერებშიც აიშლიან ძარღვებს!

ერთი ასეთი მინისტრის (ოღონდ ამჯერად იუსტიციის) ყოფილი მოადგილე _ თინა ბურჯალიანი იმავე «ტაბულოიდში» გვიხსნის, «რატომ არ გვჭირდება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისათვის სპეციალური კომისია». ეს ის ბურჯალიანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სახელით მოპასუხე იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში (შეთავსებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილის _ ნიკა ძიმცეიშვილის ცოლი) და რომლის გადაწყვეტილებაზეც ურცხვად განაცხადა: «განაჩენში წერია, რომ საქართველოს სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი სანდრო გირგვლიანის სიკვდილის ფაქტზე. ეს აბსოლუტურად გამორიცხავს ყოველგვარ სპეკულაციას ამ მკვლელობის შეკვეთისა და მასში მაღალჩინოსნების შესაძლო მონაწილეობის თაობაზე».

ამ სიტყვების ავტორს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ სჭირდება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის სპეციალური კომისია იმ მარტივი მიზეზით, რომ თავის მინისტრ ადეიშვილიანად თვითონ წარმოადგენდა ქართული მართლმსაჯულების გიგანტურ ხარვეზს!

კიდევ ერთი უკიდეგანოდ «წარმატებული» განათლების ყოფილი მინისტრი, კახა ლომაია, რომელიც მინისტრობისას სიტყვა «ბავშვს» ვერ წერდა უშეცდომოდ, ახლა სტატიებს აცხობს. ამჯერად იგი მითიურ «ამიერკავკასიის კონფედერაციის» პროექტს განიხილავს, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის «შესაძლო გეგმას» წარმოადგენს. ამ პერსონის მიერ შეთხზული ოპუსის ძირითადი დანიშნულება ასევე პარტიული დავალების შესრულებაა, რომელიც ასე ჟღერს:  

«სრულად გამოქვეყნდეს აბაშიძეკარასინის «ჰუმანიტარულკულტურული» (ბრჭყალი მისია! _ თ. დ.) შეხვედრების შინაარსი. გამოქვეყნდეს აბაშიძის ოფიციალური მანდატი, ეთხოვოს მედიატორობა შვეიცარიას, როგორც რუსეთსაქართველოს შორის ოფიციალურ შუამავალს, და დაცულ იქნას მომავალი შეხვედრების სრული გამჭვირვალობა». ერთი სიტყვით, პირდაპირი დიალოგი არ იყოს და მოლაპარაკებები პირდაპირ ეთერში გადაიცეს, რადგან ასე უნდა «ნაცმოძრაობას»!

პარტიული დავალების გაგრძელებაა «ტაბულას» იმავე ნომერში ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან, მაგრამ თემის კულმინაციას წარმოადგენს მართლმადიდებლობას შემომწყრალი ბექა მინდიაშვილის სტატია «რუსეთი შინ და გარეთ». მის პოლიტიკურ წიაღსვლებზე ნუ მოვცდებით; მათ კარგად ვიცნობთ და რუსეთის დემონიზაციის საქმეში მინდიაშვილი დღევანდელ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ტოლს ვერ დაუდებს, მაგრამ რელიგიის ქვეთავში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ «მარგალიტებს» ნახავთ:        «სახელმწიფოსა და ეკლესიის სიახლოვე იმის მიზეზიცაა, რომ საქართველოს საპატრიარქო მყარად გრძნობს თავს რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე, რადგან ეკლესიის სწორედ ეს «სახელმწიფოებრივი» და «მობილიზატორული» ფუნქციები აქცევს მას იმპერიის მძაფრი ინტერესის ობიექტად, აკისრებს მას კონკრეტულ მისიასგადოს იდეოლოგიური და პოლიტიკური ხიდი ერთმორწმუნე სახელმწიფოებს შორის».

თითქოსდა, რა უნდა იყოს ცუდი ხიდის გადებაში, მაგრამ საქმეც ის არის, რომ დიალოგი არ უნდა შედგეს. ასეთია სააკაშვილის სურვილი: თუ მას არავინ ელაპარაკებოდა, არც სხვას უნდა ელაპარაკონ. ამიტომ მინდიაშვილი დაასკვნის: «რაც მეტად დაშორებული იქნება სახელმწიფოსგან ეკლესია, მით უფრო არ დაიტვირთება იგი სახელმწიფოზე «ზრუნვით», ნაკლებად დადგება ცდუნების წინაშე, გაატაროს სახელმწიფო ინტერესები, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ინტერესები არა ჩვენი, არამედ იმპერიის ინტერესებს ემთხვევა. შესაბამისად, ეკლესიაში ფასი დაეკარგება კონკრეტულ სამუშაო ადგილებსაც _ ვგულისხმობ რუსეთის აგენტურას».

ამ სიტყვების შემდეგ ბექა მინდიაშვილის მიერ დიმიტრი ყიფიანისთვის, ფაქტობრივად, შიზოფრენიკის წოდება აღარ უნდა გაგვიკვირდეს. როგორც ჩანს, 2008 წლის აგვისტოში დაღუპული ქართველი მეომრების ცხედრების გამოტანა რუსეთის ინტერესების გატარება იყო, ხოლო რუსთაველის პროსპექტზე «გამარჯვების» აღსანიშნავი მოწყობილი ტაშ-ფანდური _ საქართველოს ეროვნული ინტერესების განხორციელებას წარმოადგენდა!

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე «საგარეო პოლიტიკაზე საპარლამენტო რეზოლუციის ანატომიას» გვთავაზობს, რომელშიც ამ რეზოლუციას კოაბიტაციის უნიკალურ პროდუქტს უწოდებს. მისი აზრით, ამ დოკუმენტმა მოგება უმრავლესობასაც და უმცირესობასაც მოუტანა. «ნაციონალურმა მოძრაობამ» მიაღწია იმას, რომ მოსახლეობაში დარჩა განცდა _ ეს დოკუმენტი უმრავლესობას თავზე სწორედ უმცირესობამ მოახვია. უმრავლესობამ კი მიაღწია იმას, რომ თავი დააღწია საკმაოდ უხერხულ დისკურსს იმის შესახებ, სურდა თუ არა ივანიშვილის ხელისუფლებას, გაეგრძელებინა საგარეოპოლიტიკური კურსი დასავლეთის მიმართულებით».

ნუ შევჩერდებით იმ ხელისუფლების წარმომადგენლის ნააზრევზე, რომელმაც ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, ტერიტორიები დააკარგვინა და გაყვანილი რუსული ჯარი უკან შემოიყვანა. მათი პოლიტიკა უკვე ვიწვნიეთ და ახლა მათი რეცეპტებით რეზოლუცების მიღება არც ქვეყანას წაადგება და არც «ქართულ ოცნებას»!

თუმცა ეს ყველაფერი წვრილმანია, ერთგვარი გარნირია, ხოლო ძირითადი კერძი ცოლის ჟურნალში ქმრის არც მეტი, არც ნაკლები, 8-გვერდიანი ინტერვიუა (თუ მთელ გვერდზე მოცემულ ბოკერიას სამში ერთ ფოტოსაც გავითვალისწინებთ, სულ ინტერვიუ 9 გვერდს იკავებს!) _ «გიგა ბოკერია: ონიშენკოს ბოდიში მოვუხადოთ, ხოლო ევროპის სახალხო პარტია დავგმოთ?» როგორც ჟურნალი გვაუწყებს «საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირებზე, სასამართლო ხელისუფლების რეფორმაზე, «ნაციონალური მოძრაობის» გეგმებსა და პრობლემებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე, «ტაბულა» ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, გიგა ბოკერიას, ესაუბრა».

როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილმა შინ ნალაპარაკევი საჯაროობის ღირსად მიიჩნია და «ფართო გზაც» მისცა საკუთარი ქმრის ნიჭს. ინტერვიუ, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, უშიშროების საბჭოს დაფინანსების შემცირებაზე საუბრით იწყება. ბოკერიას შეეძლო, ამაზე არც ეთქვა, რადგან სწორედ უფინანსობის გამოა ახლა მთელი მაგათი «სასტავი» ბენდუქიძის ჯიბეზე ჩამოკიდებული და თავად ბოკერიასაც ის დრო დაუდგა, რომ შეუზღუდავი ტელეეთერების ნაცვლად საკუთარი ცოლის ჟურნალს აძლევს გრძელ-გრძელ და ბრტყელ-ბრტყელ ინტერვიუებს!

ეჰ, დრო იყო, მისტერ და მისის ბოკერვილებს ნამდვილი ბასკერვილის ძაღლივით ქვეყანა ტერორში ჰყავდათ; ცოლი სტალინის ძეგლის მოხსნას ხელმძღვანელობდა და რობერტ სტურუას ლანძღავდა უშვერი სიტყვებით, ქმარი «ახალ საქართველოს» აშენებდა და «ახალი ქართველის» ჯიში გამოჰყავდა. ახლა ორივენი თავს ისევე არაკომფორტულად გრძნობენ, როგორც მისტერ და მისის სმიტები, რომლებმაც ერთმანეთის მკვლელობაზე მიიღეს შეკვეთა. შეკვეთაც უნდა შეასრულონ _ ეს ხომ დაქირავებული მკვლელის კოდექსის ნორმაა და, თანაც, ერთმანეთიც არ უნდა გაიმეტონ _ ეს უკვე თვითგადარჩენის ინსტინქტის ნორმაა!

მითი ბოკერიას უანგარობის შესახებ უკვე დაიმსხვრა, ხოლო ახალი მითების შესაქმნელად მხოლოდ «ტაბულა» საკმარისი არ არის. არც ის არის გამორიცხული, ბენდუქიძე ბოლოსდაბოლოს მიხვდეს, რომ მისტერ და მისის ბოკერვილებისთვის იგი მხოლოდ მეწველ ძროხას წარმოადგენს და ქვეყნის გარეთ არჩევნების წინ გატანილ აქტივებს თვითონაც გაჰყვეს. მაშინ რა გზას უნდა დაადგნენ?

«არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის კრიტიკული ნაწილის გზავნილია, რომ საქართველოს ცივილიზებული თავისუფალი სამყაროს ნაწილად ქცევა საფრთხეს უქმნის ნამდვილ ქართულ იდენტობას. ეს დიდი განსხვავებაა. ჩვენი დამოკიდებულება ყოველთვის მკაფიო იყო. საქართველოს მოქალაქეა ყველა, ვინც აქ ცხოვრობს, განურჩევლად რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის, სექსუალური თუ სხვა უმცირესობისადმი კუთვნილებისა და ყველა, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და სიძულვილის აგორებას, არის თავისუფლებისა და საქართველოს ინტერესების მტერი», _ აცხადებს გიგა ბოკერია.

ამ ფრაგმენტში ყველაფერი სიმართლე იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: სწორედ მისტერ და მისის ბოკერვილები არიან ყველაზე დიდი სიძულვილის გამომხატველნი ყველაფრისადმი, რასაც ქართული ჰქვია. მათ სძულთ ყველა _ განურჩევლად ასაკის, პროფესიის, წარმოშობის და ოცნებებისა.

მათ სძულთ, მაგრამ უკვირთ, რომ ისინიც სძულს ქართველ ხალხს _ განურჩევლად რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის, უმრავლესობის თუ უმცირესობისადმი კუთვნილებისა. მისტერ და მისის ბოკერვილების მიმართ საქართველოში კონსენსუსი მიღწეულია, კოაბიტაცია კი _ გამორიცხული!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. ეგ ოჯახი არის საქართველოში (თვითონ ესე ფიქრობენ)ყველაფერი დასავლურის შემომტანი და სურვილიც გააჩნია რომ მაგათი კარნახით ვეზიაროთ ფასეულობებს,ოღონდ ფასეულობებზე ჩვენ ჩვენი შეხედულება გვაქ,მე მაინც მაგათ ვუწოდებდი "სვინგერებს" მათ უნდათ რომ გამორჩეულები იყვნენ საზოგადოებისგან და სვინგერობით არიან კიდეც.

  2. საინტერესოა რა დრო დახარჯა ამ სტატიის დაწერაზე ავტორმა. არ ვიცი ამ ტექსტს ან რედაქცია ან ავტორი რად თვლის, მაგრამ ცხადია რომ ტყუილებისა და უაზრობების ნაზავია. რა გინდათ ბოკერიასგან ? ნეტა მისნაირი მეორე გვყავდეს – შიზოფრენიკების, მოღალატეებისა და ბნელების ტვინში რამე შევიდოდა. სამწუხაროდ, ის ერთია, მაგრამ ისეც მოახერხებს რამეს.

  3. ხომ "ვამბობდი" ერი-ორი ბოკერვილი საჭიროა მეთქი და აი!

    ჰოდა, აკაკის ოჯახს ჭირდება ორივე და მშვიდობაში მოიხმაროს…

  4. შეადარეთ "ტაბულას" ნებისმიერი სტატიის და ამ ნაცოდვილარის დონე.და იგრძენით განსხვავება ცოდნას და უვიცობას , პროგრესსა და სიბნელეს,სიძულვილსა და ტოლერანტობას შორის.

  5. "მათ სძულთ, მაგრამ უკვირთ, რომ ისინიც სძულს ქართველ ხალხს _ განურჩევლად რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის, უმრავლესობის თუ უმცირესობისადმი კუთვნილებისა. მისტერ და მისის ბოკერვილების მიმართ საქართველოში კონსენსუსი მიღწეულია, კოაბიტაცია კი _ გამორიცხული!"—-რატომ აძლევს ამ ნაჯღაბნის ავტორი თავს უფლებას ილაპარაკოს ქარტველი ხალხის სახელით და რა უფლებით გვაყენებს შეურაცხყოფას მათ,ვინც მათსავით ჭკუანაღრძობივით არ ფიქრობს. ჩემი დაკვირვებით მარტო იმის გამოა თუნდაც ეს ორი პიროვნება პატივსაცემი, რომ არასდროს არცერთ ოპონენტს ასეთი ღვარძლით არ მიმართავს. სიძულვილი თავად მოგიღებთ ბოლოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here