Home რუბრიკები პოლიტიკა ვის აძლევს ხელს არეულობა ქართულ სოფლებში?

ვის აძლევს ხელს არეულობა ქართულ სოფლებში?

547

გასულ კვირას ორი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. გორის რაიონის სოფელ დიცში მოსახლეობა ინდოელ ფერმერებს დაუპირისპირდა და ვაშლის გასაშენებლად გამზადებული ორმოები მიწით ამოუვსო. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივები ირანელი ფერმერების მეურნეობაში შეიჭრნენ და მიწის ნაკვეთს შემოვლებული ღობე რამდენიმე მეტრით შემოაცალეს. აშკარაა, რომ მსგავს ფაქტებს შეიძლება ძალიან საშიში, უმართავი პროცესები მოჰყვეს, ამიტომ მთავრობამ, საზოგადოებასთან შეთანხმებით, სიტუაციის დასარეგულირებლად ქმედითი ზომები უნდა მიიღოს.


ნუ იქნება ოღონდ ბუნტი

ალბათ, წერილის დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად სამართლიანია გლეხების მოთხოვნა ამა თუ იმ შემთხვევაში, ძალისმიერი მეთოდების გამოყენება დაუშვებელია. ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გამოხატავენ აღფრთოვანებას დიცელებისა და ხაიშელების საქციელით, ამით, ალბათ, არა იმდენად პატრიოტულ, რამდენადაც ანტისახელმწიფოებრივ პოზიციას აფიქსირებენ. გაცილებით კონსტრუქციულად გასულ კვირას თელავის რაიონის სოფელ ჯუგაანის მცხოვრებნი მოიქცნენ, როდესაც ნაკვეთების დაბრუნების მოთხოვნით, რომელიც არაბ ინვესტორზე გასხვისდა, პროკურატურას მიმართეს. ძალადობაზე წასვლა ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ცივილიზებულად იწოდებოდეს, მაშინ, როდესაც პრობლემის მოგვარების სამართლებრივი მეთოდები ამოწურული არ არის, ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის, იდეაში, მიუღებელი უნდა იყოს.

პრობლემა სამივე სოფელში თითქმის იდენტურია. დიცელები ამბობენ, რომ ინდოელებზე გასხვისდა სარეზერვო ნაკვეთები, რომლებიც ხელისუფლებას მათთვის უნდა გადაეცა. ამის ნაცვლად მიწა, რაღაც ბუნდოვანი კომბინაციის შემდეგ, ინდოელების ხელში აღმოჩნდა. ვითარებას ართულებს ის, რომ სადავო ტერიტორია კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. ხაიშელები ბრალს სდებენ ხელისუფლებას იმაში, რომ 700 ჰექტარი ირანელ ინვესტორზე ჩუმად გაასხვისა და სოფლის მოსახლეობა სახნავსათესი მიწებისა და საძოვრების გარეშე დატოვა. ჯუგაანში სადავო ნაკვეთები გაყიდეს მაშინ, როდესაც ადგილობრივებს იჯარის ვადა დაუმთავრდათ, ისე, რომ მათი შეძენის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილობრივების ცნობით, გაყიდულ ტერიტორიაში «მოყვა» ნაკვეთები, რომლებიც ორი ხაიშელის კერძო საკუთრებას წარმოადგენს. სამივე შემთხვევაში პრობლემა ძველი ხელისუფლების მოქმედების გამო გაჩნდა, ხოლო მოსახლეობა ნაკვეთების ახალ, უცხოელ მესაკუთრეებს დაუპირისპირდა, რომელთაც, ფორმალური თვალსაზრისით, ყველა საბუთი წესრიგში აქვთ და მიწას კანონიერად ფლობენ.

შემთხვევები, როდესაც «კანონიერი» და «სამართლიანი» ერთმანეთთან პარადოქსულ და, ამავე დროს, მწვავე დაპირისპირებაში შედის, საქართველოში არც ისე იშვიათია. როგორც ჩანს, იმ დაუფიქრებელი პოლიტიკის შედეგების აღმოფხვრა, რომელსაც რეგიონებში ძველი ხელისუფლება ატარებდა, ახალი ხელისუფლებისთვის რთული და საპასუხისმგებლო გამოცდა გახდება.

მსოფლიოში ძალიან ძნელი მოსაძებნია ქვეყანა, რომელშიც მიწის ყიდვა უცხოელისთვის ისეა გამარტივებული, როგორც საქართველოში. სხვა სახელმწიფოები უამრავ წინაღობას ქნიან იმისთვის, რომ მიწის რამდენადმე დიდი რაოდენობა უცხოელების ხელში არ მოხვდეს; მისი შეძენა ან შეუძლებელი, ან ძალზე წამგებიანია. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მთავრობას, რომელიც ბოლოდროინდელი ქართული გამოცდილების გადმოღებას დააპირებდა, ამომრჩევლები, 99%-იანი ალბათობით, 24 საათში ისტორიის სანაგვეზე დამარხავდნენ. სააკაშვილის ხელისუფლება კი იქცეოდა ისე, თითქოსდა ბრაზილიას ან არგენტინას მართავდა, სადაც ჯუნგლებისგან გასაწმენდი მიწების უზარმაზარი რეზერვი არსებობს და მცირემიწიან ქვეყანაში მიწას ნებისმიერ გამვლელზე ყიდდა, თანაც ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებდა (რაც მოყვანილი მაგალითებიდან კარგად ჩანს). მაგრამ დღეს შექმნილ ვითარებაში დამნაშავე, ალბათ, არა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმია, არამედ მთელი ერი, რომელმაც არ გააპროტესტა საკანონმდებლო ცვლილებები მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებდა და ამის წინააღმდეგ მხოლოდ ცალკეული პიროვნებები გამოვიდნენ. შედეგად, დღეს (ცნობილ აგრალურ გამონათქვამს თუ გამოვიყენებთ) ვიმკით იმას, რაც ყველამ ერთად დავთესეთ.

არის კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება. საქართველოში არ არსებობს სოფელი, სადაც ბოლომდე გარკვეულია, ვის რომელი ნაკვეთი ეკუთვნის, ძალიან ხშირად საბუთები, ნორმები და ზეპირი შეთანხმებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და გამოუვალ სიტუაციას ქმნის. როდესაც ამ იურიდიულ ქაოსს, უცხოელი მესაკუთრეების სახით, ახალი ფაქტორი დაემატა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა და ფეთქებადსაშიში გახდა.

მთავრობას არ შეუძლია ადგეს და უცხოელ ფერმერებს მიწები  ჩამოართვას ან დაუშვას «სტიქიური ნაციონალიზაცია» (ან «კონტრ-პრივატიზაცია») ადგილებზე; ეს საინვესტიციო გარემოს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს და საქართველოს საერთაშორისო არენაზე უდიდეს პრობლემებს შეუქმნის. არაერთგზის გაისმა მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ რთულ, კონფლიქტოგენურ შემთხვევებში უნდა გამოისყიდოს ნაკვეთები, უცხოელ ფერმერებს კომპენსაცია გადაუხადოს და მშვიდობიანად გაისტუმროს, თუმცა არავინ ამბობს, საიდან უნდა მოიტანოს მან ეს ფული. მართალია, ყველაზე თანმიმდევრულები მიიჩნევენ, რომ კომპენსაციების გადახდა უნდა მოხდეს ყოფილი ხელისუფლების იმ ჩინოვნიკების ფულადი დანაზოგებისა და ქონების კონფისკაციის ხარჯზე, რომლებმაც მიწების გაყიდვით ხელით მოითბეს, მაგრამ ისინი არ ითვალისწინებენ იმას, რომ დანაშაულის დამტკიცება და თანხის ამოღება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და, ხშირ შემთხვევაში, ძალისხმევა შეიძლება უშედეგო გამოდგეს. მაგალითად, პერუში, ალბერტო ფუხიმორის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ მიტაცებული მილიარდებიდან მხოლოდ მეათედის (ესეც ოპტიმისტური შეფასებაა) ამოღება  მოახერხა; დანაშაულის დამტკიცება არც ისე იოლია მაშინაც კი, როდესაც «ყველამ ყველაფერი იცის». მარტივი რეცეპტი ამ სიტუაციისთვის, უბრალოდ, არ არსებობს.

სამართალი, სამართლიანობა, სიმართლე

სამწუხაროდ, ბოლო მოვლენებმა შექმნეს ნიადაგი ქსენოფობიური, ზოგ შემთხვევაში, რასისტული განცხადებებისთვის, რითაც სარგებლობენ პროვოკატორები, რომელთა მიზანს, სავარაუდოდ, ქართველ გლეხებსა და უცხოელებს შორის მძიმე შეტაკების გამოწვევა წარმოადგენს. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღი ნაციონალიზმის გამოვლინებად; აგრარულ საკითხთან დაკავშირებით ჯანსაღი ნაციონალიზმი, ალბათ, სოფლის მეურნეობის იმგვარ მოვლაპატრონობას გულისხმობს, რომელიც ათავისუფლებს ქვეყანას, აუცილებლობისგან გაუმართლებელ დათმობებზე წავიდეს, რათა უცხოეთიდან კაპიტალი და ტექნოლოგიები მოიზიდოს; მისი სიმბოლოა თოხი და არა მეგაფონი. პრობლემა უცხოელ ფერმერებში როდია, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წესიერი, მშრომელი ადამიანია, არამედ ჩვენ დამოკიდებულებაში საკუთარ მიწაწყალთან, კანონებთან და ხელისუფლებასთან.

საკმარისია, საქართველოში უცხოელი ფერმერების თუნდაც ერთი დარბევა (ქონების განადგურებით, ცემა-ტყეპით და ა. შ.) მოხდეს და მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დიდი ალბათობით, სიხარულით აცნობებს მთელ მსოფლიოს, რომ «ნაცმოძრაობის» ადგილი ხელისუფლებაში ბნელმა, ბარბაროსულმა ძალამ დაიკავა, ხოლო პოტენციური ინვესტორები შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ. «ნაციონალებისთვის» ასევე მომგებიანი იქნება, თუ მსგავსი შეტაკების დროს ერთმანეთს გლეხები და პოლიციელები დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, აცნობიერებენ თუ არა ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებიდან მოსულ საგანგაშო ცნობებს «თქვენ გენაცვალეთ» და «ჰკა მაგათ» ტიპის კომენტარებს ურთავენ (რასისტული ფრაზების ციტირებას, ცხადია, არ მოვახდენთ), თუ ვის წისქვილზე ასხამენ წყალს?

გასაგებია, რომ მთელ რიგ სოფლებში შექმნილი სიტუაცია არანორმალურია, ხოლო ნორმები, რომლების მიწის გასხვისების წესებს არეგულირებენ, გადასახედია და მოსაყვანია შესაბამისობაში მოსახლეობის უმრავლესობის სურვილებთან, მაგრამ პრობლემას კიდევ ერთი ასპექტი აქვს, რომელიც ნებისმიერი მსგავსი ტიპის კრიზისისთვის თავისებური «ძრავის» როლს ასრულებს. მანამ, სანამ ეს «ძრავი» მუშაობს, არსებითად არაფერი შეიცვლება.

ის მდგომარეობა, რომელიც საქართველოში დღეს საკუთრებასთან (ეს არა მხოლოდ მიწას ეხება) დაკავშირებით შეიქმნა, დიდი უსამართლობის, მოქალაქეების უფლებებისა და სასიცოცხლო ინტერესების უგულებელყოფის შედეგია. უამრავი ადამიანი ელოდა, რომ ოქტომბრის არჩევნებში სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, დაიწყებოდა სამართლიანობის აღდგენის მასშტაბური და სწრაფი პროცესი, თუმცა ამ დროისთვის მიღწეული შედეგი მათი მოლოდინების არაპროპორციული აღმოჩნდა.

საეჭვო, თუ არა დანაშაულებრივი გზით გასხვისებული, ფაქტობრივად, მიტაცებული ქონების დიდი ნაწილი კვლავ ძველი ხელისუფლების ფავორიტი მესაკუთრეების ხელშია, ყოფილი ჩინოვნიკების დიდი ნაწილი თავს დღესაც არხეინად გრძნობს, მეტიც, თანამდებობებს ინარჩუნებს. ამ დროს მოქალაქე (ან ჯგუფი) შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ ახალი ხელისუფლება უძლურია და სამართლიანობის აღდგენა (ისე როგორც ეს წარმოუდგენია) «თავის მონაკვეთზე» სამართლებრივი  პროცედურების დაცვის გარეშე, საკუთარი ძალებით დაიწყოს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ საქართველოში ნესტორ მახნოს გლეხური არმიის მსგავსი ფორმირებები გაჩნდება, მაგრამ შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე იქნება. ის, რაც დღეს რეგიონებში ხდება, პირველი მერცხალია, ახლო მომავალში მსგავსი რამ შეიძლება გაცილებით დიდმა და აგრესიულმა ჯგუფებმა გააკეთონ და ხელისუფლებას, ძალის გამოყენების გარდა, სხვა გამოსავალი არ დაუტოვონ. ყველა საკუთარი შინაარსით ავსებს სიტყვებს «სამართლიანობის აღდგენა» და კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ეს სინამდვილეში, არ არსებობს, მაგრამ აშკარაა, რომ «ქართული ოცნების» ამომრჩეველი არჩილ კბილაშვილის მელოდრამატულ მონოლოგებზე და თითო-ოროლა მაღალჩინოსნის დაპატიმრებაზე გაცილებით მეტს მოითხოვს. თუ ხელისუფლებას მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება არ ძალუძს, მან, როგორც მინიმუმი, უნდა აუხსნას თავის ამომრჩეველს, თუ რას ნიშნავს და რას გულისხმობს სამართლიანობის აღდგენა მისი გაგებით _ მარტივად, მოკლედ და გასაგებად და არა ისე, როგორც ამას დღეს აკეთებს.

ურემი უკვე გადაბრუნდა

დღეს საქართველოში ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს «ღია კარის პოლიტიკას» უცხოელ ფერმერებთან მიმართებაში. აუცილებელია დისკუსიის გამართვა და შეთანხმების მიღწევა იმაზე, უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებზე საერთოდ, უნდა დაეკისროთ თუ არა მათ დამატებითი ვალდებულებები (მაგალითად, ერთობლივი საწარმოების შექმნის ან  ადგილობრივების დასაქმების ვალდებულება და . .). აქ სასურველია ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავვარდეთ და აგრარული სექტორი უცხოური კაპიტალისგან სრულ იზოლაციაში არ მოვაქციოთ.

მაგრამ ვერც ერთი, თუნდაც იდეალური საკანონმდებლო გადაწყვეტილება, მთავარ პრობლემას ავტომატურ რეჟიმში ვერ მოხსნის: საბჭოთა პერიოდიდან ვიდრე დღემდე სოფლის მეურნეობა დეგრადაციას განიცდიდა და გლეხების დიდმა ნაწილმა განსაკუთრებით სააკაშვილის მმართველობის, სოფლისთვის გამანადგურებელი პერიოდის შემდეგ, დაკარგა რწმენა, რომ მიწათმოქმედებით შეიძლება სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს. ეს, ერთი შეხედვით, ფსიქოლოგიური, არამატერიალური ფაქტორია, თუმცა მას უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. დღეს ახალი ხელისუფლება სოფლის მეურნეობის აღორძინებისთვის საგანგებო ზომებს იღებს, მაგრამ ისინი შედეგს ვერ გამოიღებს, თუ ამ რწმენას ვერ გააცოცხლებს.

ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური თანამედროვე საქართველოსთვის, შესაძლოა, ადამიანების ის მასაა, რომელიც მოსწყდა სოფელს, მაგრამ ქალაქში ვერ დამკვიდრდა, ცალი ფეხით გაპარტახებულ სოფელში, ცალი ფეხით კი დეინდუსტრიალიზებულ ქალაქში დგას, წარმატებას ვერსად აღწევს და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით გაურკვეველ, ტრანზიტულ მდგომარეობაში იმყოფება. ეს, ფუძეს მოწყვეტილი, გაუბედურებული ადამიანები, პოლიტიკურ ასპექტში, წარმოადგენენ მთავარ რესურსს უპასუხისმგებლო დემაგოგებისთვის და პოტენციური დიქტატორებისთვის, ხოლო ეკონომიკური და კულტურულ-ცივილიზაციური თვალსაზრისით, პრაქტიკულად, უნაყოფონი არიან. ეს მასა ჭაობივით შთანთქავს გლეხების ოჯახებს, მთელ თაობებს, რომელთაც სოფლად წარმატების მიღწევის იმედი და საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს. 

ის ნეგატიური ემოციები, რომლებიც დღეს უცხოელი ფერმერების ნაკვეთებთან დაპირისპირების დროს იფრქვევა, არა მხოლოდ კონკრეტული მაქინაციების, არამედ იმ დიდი უკმაყოფილების შედეგია, რომელიც სოფლად არა წლების, არამედ ათწლეულების განმავლობაში გროვდებოდა.

მისი ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი უპერსპექტივობისა და დაუცველობის განცდაა, რომელმაც შეიძლება უძლიერესი დამანგრეველი იმპულსი წარმოშვას. სწორედ ამიტომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ინციდენტებს და პრობლემებს, რომელთაც, ერთის შეხედვით, მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა აქვთ.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here