Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიული რღვევა გრძელდება!!!

საქართველოს ტერიტორიული რღვევა გრძელდება!!!

865

საუკუნის წინათ სულმნათი ნიკო ლორთქიფანიძე რომ თავის უკვდავ მინიატურაში გულდამწვარი წერდა: «იყიდება საქართველო, მინდორველით, მთაგორით, ტყით, ვენახით, სათესით…»-, მაშინ ეს ქვეყანა, მოღალატე ქართველების მხრიდან, მართლაც დახლზე იდო. უბედურება კი ისაა, რომ ამდენი ხნის შემდეგაც ამ ნაწარმოების ფასეულობას არა უბრალოდ მხატვრული ღირებულება, არამედ, უწინარესად, ისევ აქტუალობა წარმოადგენს. თითქოს ავტორმა ერთგვარი წინასწარმეტყველური ალღოთი განჭვრიტა ის განსაცდელი, რომელიც ასი წლის შემდეგ «ნაცმოძრაობის» სახით უნდა მოვლენოდა ქვეყანას. სამწუხაროდ, შემოქმედის წინათგრძნობა გამართლდა.


ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა, ბენდუქიძის ხელმძღვანელობით, ქვეყნის სათავეში მოსვლის პირველივე ხანებიდან საქართველო პრაქტიკულად აუქციონზე გაიტანა. ჯერ იყო, სტრატეგიული ობიექტები გაასხვისეს, შემდეგ _ ბუნებრივი სიმდიდრეები; ბოლოს, გასაყიდი რომ არაფერი დარჩათ, სახელმწიფოს მთავარ ფუნდამენტს, მიწას გამოსდეს კლანჭები. სოფელი დარტყმის ქვეშ დადგა, მაგრამ «იუდამ» აქაც მისეულად, «მარტივად» გადაწყვიტა ყველაფერი: «საქართველოში სოფლის მეურნეობა არ არის კონკურენტული, ამიტომ ფეხებზე უნდა დავიკიდოთ. სოფელში მცხოვრები მამაკაცები სადმე სხვაგან წავიდნენ შავ მუშებად, ქალები _ მეძავებად…» მისი ეს სიტყვები მან სულ რამდენიმე დღის წინ «ფეისბუქზე» გამოაქვეყნა და ამით ყველაფერი თქვა: თავში ქვა უხლია სოფელსაც, გლეხებსაც, ვისაც ფული არა გაქვთ, ამოწყდით და გადაშენდითო. მოკლედ, ბენდუქიძის დროს საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი გაიყიდა (ამიტომაც უბოძა მას ხალხმა ზედწოდება იუდა), თუმცა რომ გვეგონა, სააკაშვილის გასტუმრებასთან ერთად ეს პროცესი დასრულდა, თურმე ვცდებოდით.

ბოლო რამდენიმე კვირაა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია «ალ ჯაზირა» იუწყება, რომ თურმე არსებობს ასეთი ქვეყანა, საქართველო, სადაც ბიზნესის წამოსაწყებად ფრიად ხელსაყრელი პირობებია. ხელსაყრელში მიწის სიიაფეს გულისხმობენ. ამიტომ მათი ყოველი სიუჟეტი მთავრდება დამაინტრიგებელი მოწოდებით ბიზნესმენებისადმი, რომ დაინტერესდნენ ამ ქვეყნით. ცხადია, ამას ერთმნიშვნელოვნად «ალ ჯაზირას» ვერ დავაბრალებთ, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში უცხოელი ბიზნესმენების ნაკადმა მართლაც იმატა. მათი უმეტესობა დაინტერესებულია სწორედ მიწის შესყიდვით და სტრატეგიული ობიექტებით. მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანები სასურველ ნაკვეთებს ისე ყიდულობენ, ადგილობრივი მოსახლეობა ვერაფერს გებულობს. საკუთარ ფართობში სამუშაოდ შესული ფერმერი კი მოულოდნელად წინააღმდეგობას აწყდება. წინა კვირას ანალოგიური ფაქტები გორის რაიონის სოფელ დიცში და თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში მოხდა.

ინდოელ ინვესტორებს, რომლებიც სოფელ დიცში 82 ჰექტარამდე ფართობს ფლობენ, ადგილობრივებმა მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით ინციდენტში სამართალდამცველები ჩაერივნენ, მაგრამ სიტუაციის განმუხტვა ვერ მოხერხდა. სოფლის მკვიდრებმა განაცხადეს, რომ უცხოელებზე გაყიდული ფართობი მათი საარსებო წყაროა და, სისხლის ფასადაც რომ დაუჯდეთ, არ დათმობენ.

«საქართველო და მსოფლიო» დიცის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს, ზაქარია ვატიტაძეს, დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა:

_ ეს ფართობი, მას შემდეგ, რაც კოლმეურნეობა დაიშალა, სოფლის გამგებლობაში იყო. ძალიან დიდი ტერიტორიაა. ხალხი საქონელს აძოვებდა, სულს ვითქვამდით. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, წინა ხელისუფლებას ვგულისხმობ, არ ვიცი, რა მოხდა, არაფერში ჩაგვახედეს, ისე გასცეს ეს ნაკვეთი იჯარით, მერე ისევ უკან დაიბრუნეს და ხელახლა გაასხვისეს. მოკლედ, მოსახლეობის პრობლემა გულთან არავინ მიიტანა. ჩვენ დღემდე არ ვიცოდით, მიწა ოფიციალურად ვის ეკუთვნოდა. ახლა ვგებულობთ, რომ თურმე 82 ჰექტარი გაყიდულია ინდოელებზე. მოვიდა ის ხალხი და დაიწყეს დამუშავება. ტექნიკა გვიან ღამით შეიყვანეს, არაფერი გაგვიგია; დილით კი დავინახეთ, რომ გადახნულ მიწაზე ვიღაცები მუშაობდნენ. ჩვენ მათთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. უბრალოდ, ვუთხარით, რომ ეს მიწა სოფლის საკუთრებაა და უამისოდ ვერ ვიარსებებთ. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ.

_ როგორც ვიცი, ადგილზე სამართალდამცავებიც იყვნენ.

_ კი, იყვნენ, მაგრამ აქ ისეთი არაფერი ხდებოდა. ჩვენ ჩვენი ვუთხარით და ისინიც წავიდნენ.

_ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რა გითხრეს?

_ ახლა ყველა თავს გვარიდებს, არ გვენახვებიან, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. თუ ეს მიწა წაგვართვეს, რა აზრი აქვს აქ დარჩენას?

_ ზოგადად ხელისუფლება ინვესტორების შემოსვლას მიესალმება, _ ახალი სამუშაო ადგილები იქმნებაო.

_ რატომ უნდა დამასაქმოს მე ვიღაც უცხოელმა? ჩვენ რა, ხელები არ გვაქვს? მუშაობა არ შეგვიძლია? ქართველი ხალხი ხომ აქედან გარბის და გარბის, უცხოეთში ხომ შავი მუშები ვართ, აქაც მონები ვიყოთ, კაცო?! გარდა ამისა, ეს კონფლიქტის ზონაა, იმ ინდოელმა ერთ მშვენიერ დღეს ოსებს რომ მიყიდოს ნაკვეთი, რას ვშვებით?! მერე გინდ ყოფილა ეს სოფელი და გინდ არა!

_ ვინ გაყიდა ეს მიწა და რა თანხა აქვთ ინვესტორებს მასში გადახდილი?

_ ჩვენთვის ეს ყველაფერი უცნობია. როგორც გითხარით, ისე გაყიდეს და ისე შეადგინეს საბუთები, ხალხმა არაფერი იცოდა. ვიცი მხოლოდ ის, რომ მიწა ოფიციალურად 19 დეკემბრიდანაა გაყიდული (თუ არ ვცდები).

_ როგორც ვიცი, ინდოელებს ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნიათ. მათ მიწა კანონის სრული დაცვით შეისყიდეს. როგორ აპირებთ ბრძოლას ნაკვეთის დასაბრუნებლად?

_ ჩვენ, ბატონო, გლეხი ხალხი ვართ. ყველანაირად მიწაზე ვართ დამოკიდებული. უმიწოდ დარჩენა ჩვენთვის ამოწყვეტას ნიშნავს; მაშინ ყველა უნდა ავიყაროთ და წავიდეთ აქედან. კანონიერებას რაც შეეხება, ესენი იძახიან, ინტერნეტში, რომელიღაც საიტზე იდო ინფორმაცია, რომ იყიდებოდაო. გასაგებია, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ნებისმიერი სოფელი რომ ავიღოთ, რამდენ გლეხს მიუწვდება ხელი კომპიუტერზე?! თუ მაინც და მაინც გასაყიდი იყო, შეეწუხებიათ თავი და ეთქვათ, იქნებ ვინმე ადგილობრივი ყიდულობს ან იქნებ მთლიანად სოფელია გასხვისების წინააღმდეგი?! ან კრება ჩაეტარებინათ, ან განცხადება გაევრცელებინათ და ეთქვათ, _ ხალხო, თქვენ ხომ არ გჭირდებათ ეს მიწაო. ასე შეიძლება, მოსახლეობა ფეხებზე დაიკიდო?! სოფელი, აბა, რა ოხერია, თუ ძროხა არა გყავს, ქათამი და ღორი. აი, ამას ვითხოვთ ჩვენ.

_ რას აპირებთ, კონკრეტულად რის გაკეთება შეგიძლიათ?

_ ჩვენ სადავო უცხოელებთან არაფერი გვაქვს, პასუხი ხელისუფლებამ, წინას ვგულისხმობ, უნდა გაგვცეს. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ, რადაც დაგვიჯდება, ამ მიწას შევინარჩუნებთ. ჩვენ ომს გავუძელით და არ ავყრილვართ აქედან, არც ახლა ვაპირებთ სადმე წასვლას. რა მზაკვრულადაც გაასხვისეს ეს ფართობი, ისე მოუწევთ უკანვე დაბრუნება. თუ არა და, ხალხი არ გაჩერდება.

მოგვიანებით გორის რაიონიდან სანდო წყარო დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ სოფელ დიცში გაყიდული 82 ჰექტარი მიწის ფართობი ადრე შპს «მადლს» ეკუთვნოდა. წყაროს ინფორმაციით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ვინმე ელგუჯა ახობაძეა, რომელმაც მიწა შესყიდვიდან ზუსტად ექვს დღეში გაასხვისა (28 ნოემბერს შეიძინა და 4 დეკემბერს გაყიდა). თავის მხრივ, ელგუჯა ახობაძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია, მართალია, მის სახელზეა დარეგისტრირებული, მაგრამ ოფიციალური მფლობელი მისი შვილიშვილი _ გიორგი ელიაურია. «საქართველო და მსოფლიო» ამ უკანასკნელსაც დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

_ ბატონო გიორგი, გვაინტერესებს, სოფელ დიცში ინდოელებზე გაყიდული 82 ჰექტარი მიწის ფართობი იყო თუ არა თქვენს მფლობელობაში?

_ არა. ეს მიწა საერთოდ არ გაყიდულა, სიმართლე თუ გაინტერესებთ. ესენი არიან ინვესტორები, რომლებსაც უნდა გაეშენებინათ ხეხილი ამ 82 ჰექტარზე. ეგეთი ბაღი საერთოდ არ გაკეთებულა კარგა ხანია და იქ დასაქმდებოდა ნახევარი სოფელი, მაგრამ გაუგებრობა მოხდა. ჩვენ, ქართველები, ვინც ვართ ამათთან, არ ვიყავით ადგილზე და მათ უჩვენოდ დაიწყეს სამუშაოების განხორციელება, რამაც გამოიწვია ძალიან ცუდი შედეგი _ სოფელი აჯანყდა. მიწა თავის დროზე კერძო პირის მიერ აუქციონზეა ნაყიდი და მერე იმისგან შევისყიდეთ ჩვენ. შეთანხმება კი ინდოელებთან იყო ასეთი, რომ ნაკვეთი იქნებოდა ჩვენი ფირმის საკუთრება და მათ უნდა დაემუშავებინათ.

_ რომელ ფირმას გულისხმობთ?

_ რომელზეც არის საუბარი, სახელწოდება თქვენ ჩემზე უკეთ იცით.

_ შპს «მადლი» გაქვთ მხედველობაში?

_ დიახ.

_ თქვენ თქვით, რომ მიწა უცხოელებზე არ გაყიდულა, მაშინ რატომ ამბობენ ისინი, რომ ფართობი კანონის სრული დაცვით შეისყიდეს?

_ როცა გარიგება იდებოდა, ინდოელებმა თქვეს, რომ ამხელა ფულს ვერ ჩადებდნენ, თუ მიწა მათ სახელზე არ იქნებოდა გაფორმებული. სინამდვილეში არ გაგვიყიდია, უბრალოდ, გავუფორმეთ, რომ ინვესტიცია ჩადებულიყო ამ ბაღში. სულ ესაა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც სხვაგანაც ვთქვი: ყველაფერი ისე იქნება, როგორც სახელმწიფოსთვის და ქართველი ხალხისთვის აჯობებს, ანუ მიწა გადავა ისევ მოსახლეობაზე და არანაირი პრობლემა არ იქნება.

_ შეგიძლიათ, დაგვისახელოთ ის პიროვნება, რომლისგანაც შპს «მადლმა» შეისყიდა ეს ფართობი?

_ სამწუხაროდ, აღარ მახსოვს, მაგრამ, თუ მოინდომებთ, მაგას თქვენ უჩემოდაც გაარკვევთ.

წყაროს ინფორმაციით, მიწის გასხვისების ფაქტები არა მარტო დიცში, ბოლო დროს შიდა ქართლის სხვა სოფლებშიც ფიქსირდება. მისი თქმით, ამ პროცესს გარკვეულ პოლიტიკურ წრეებთან (სავარაუდოდ, «ნაციონალურ მოძრაობასთან») დაახლოებული პირი, ვინმე გვარად ვარდოშვილი (სახელი ჩვენთვის უცნობია) ხელმძღვანელობს, რომელმაც ფართობები არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე პირდაპირი მიყიდვის წესით ჩაიგდო ხელში და ახლა ინვესტორების სახელით შემოსულ უცხოელ ბიზნესმენებზე ასხვისებს. წყაროს ცნობითვე, ვარდოშვილის უკან გავლენიანი ხალხი დგას, თუმცა კონკრეტულად ვინ და რა ძალები აკონტროლებს ამ ყველაფერს, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია.

ჯაბა ჟვანია

P.S. საბოლოო ჯამში ისევ იმ საკითხამდე მივდივართ, რითაც დავიწყე, _ იყიდება საქართველო და ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. არ ვიცი, კიდევ რამდენი ხანი შეიძლება ასე გაგრძელდეს, მაგრამ, თუ ახალმა ხელისუფლებამ რამე არ იღონა, ტერიტორიული რღვევის პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება, მალე თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა

 

1 COMMENT

  1. "როცა გარიგება იდებოდა, ინდოელებმა თქვეს, რომ ამხელა ფულს ვერ ჩადებდნენ, თუ მიწა მათ სახელზე არ იქნებოდა გაფორმებული. სინამდვილეში არ გაგვიყიდია, უბრალოდ, გავუფორმეთ, რომ ინვესტიცია ჩადებულიყო ამ ბაღში." – ვინმემ გაიგო რამე ამ ბოდვიდან?

  2. მაგრად დადექით ძმებო და არცერთი გოჯი მიწა არ დათმოთ, ჩვენი წინაპრების სისხლით მოპოვებული! უღმერთოებმა გაგვიყიდეს მიწა-წყალი და თანაც ხალხს არაფრად აგდებენ! მთავარანგელოზ მიქაელმა დალახვროს,საქართველოს მიწა-წყლის გამსხვისებელი!!!

  3. ესეთი სიტუაცია მარტო ამ სოფელში არ არი ნახევარი საქართველო ესეთ დღეშია ბევრ სოფელს გაუყიდეს მიწები,მცხეთის რაიონი სოფ,წიმანძღვრიანათ კარი სოფელს საძოვრები გაუყიდეს,და თან რა ვალდებულებაც ქონდათ ამ ინდოელებს არაფერი არ სეუსრულებიათ,უნდა გადაიხედოს ის ხელშეკრულებები და სეუსრულებელი ვალდებულებების გამო ამ უცხოელებს უნდა ცამოერთვათ ეს უკანონოთ გასხვისებული მიწები.

  4. უნდა გამოცხადდეს უკანონოდ ღნაცების გაყიდული თვითეული გოჯი მიწა,უნდა მოხდეს ღნაცების ქონების სრული კონფისკაცია(საქართველოშიც და უცხოეთშიც),იმიტომ ,რომ არის ნაქურდალი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here