Home რუბრიკები საზოგადოება დემოგრაფიული სიკვდილის ქრონიკები

დემოგრაფიული სიკვდილის ქრონიკები

1112

საქართველოში დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულად მძიმეა. უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა შობადობა, გაიზარდა მოკვდაობა და შესაბამისად მნიშვნელოვნად დაიკლო მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ, განსაკუთრებით ქართველებით დასახლებულ რეგიონებში. ნაციონალურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ერი არც გამრავლებულიყო და არც განათლებულიყო. ამჟამად მეტად ძნელია გამოსავლის პოვნა, თუ ქვეყანაში საგანგებო ღონისძიებები არ განხორციელდა, თუ ერმა მთელი ძალისხმევა არ მომართა ამ მეტად მტკივნეული ეროვნული პრობლემის მოსაგვარებლად. უნდა შევძლოთ, რომ ერი ერმა გადაარჩინოს.

 

საქართველოს მოსახლეობა ისტორიულად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო მე-13 საუკუნის შუა ხანებში. კერძოდ, 1254 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 8 მილიონ კაცს უდრიდა. შემდეგში გარეშე მტრების გამუდმებული შემოსევების, შინააშლილობებისა და ტყვეთა სყიდვის შედეგად მისი მოსახლეობა 1800 წელს 675 ათას კაცამდე შემცირდა. 1814 წელს საქართველოში მხოლოდ 400 ათასი კაცი ცხოვრობდა. ამ პერიოდში მთელ ქვეყანაში გავრცელდა შავი ჭირი, რომელმაც მოსახლეობის ნახევარი შეიწირა, რასაც მოწმობს ისტორიული წყაროები. ამ პერიოდში ქართველების რაოდენობა დაახლოებით 250 ათას კაცს უდრიდა.

1897 წელს რუსეთის იმპერიაში ჩატარდა მოსახლეობის აღწერა, რომლის შედეგები 50 ტომად გამოქვეყნდა. ცალკე ტომებად გამოიცა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების აღწერის მასალები. ამ აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 2 მილიონ 109 ათას კაცს უდრიდა, ხოლო ამავე 1897 წელს რუსეთის იმპერიაში 1 მილიონ 353 ათასი ქართველი ცხოვრობდა, მათ შორის: კავკასიაში _ 1 მილიონ 350 ათასი, ხოლო საქართველოში _ 1 მილიონ 337 ათასი, ქუთაისის გუბერნიაში თითქმის 2-ჯერ მეტი ქართველი ცხოვრობდა (869 ათასი), ვიდრე თბილისის გუბერნიაში (468 ათასი).

ამრიგად, 1814 წლიდან 1897 წლამდე, ანუ 83 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 400 ათასიდან 2 მილიონ 109 ათასამდე გაიზარდა, ანუ 1 მილიონ 709 ათასი კაცით (5,3-ჯერ), ხოლო ქართველების რაოდენობა 250 ათასიდან 1 მილიონ 353 ათასამდე _ 1 მილიონ 103 ათასით (5,4-ჯერ).

1897 წელს ქართველები აღიწერა კილოების, კერძოდ, ქართული, იმერული, მეგრული და სვანური კილოების მიხედვით, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი. მაგრამ იმის შესახებაც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ, მართალია, მეცნიერულ საფუძველზე ჩატარებული აღწერებისა თუ სხვადასხვა კამერალური აღწერის დროს ქართველებს ეთნოგრაფიული ნიშნის მიხედვით აღწერდნენ (ქართველი, იმერელი, მეგრელი, სვანი, აჭარელი, გურული, თუში, ხევსური, მთიული), მაგრამ აღწერების მესვეურები და ცნობილი რუსი მეცნიერები მრავალგზის მიუთითებდნენ, რომ ისინი ყველანი ქართველები იყვნენ. მაგალითად, კავკასიის შესახებ სტატისტიკურ ცნობათა კრებულის პირველ ტომში, რომელიც 1869 წელს გამოიცა, აღნიშნულია: ქართველების რიცხოვნობის დასადგენად საჭიროა ავიღოთ თბილისის გუბერნიის მართლმადიდებელი მოსახლეობის რიცხვი, ქუთაისის გუბერნიის მართლმადიდებელი მოსახლეობის რიცხვი, გურულები, ახალციხის მაზრის მაჰმადიანი ქართველები, სამეგრელოს მცხოვრებთა რიცხვი, ზაქათალას ოლქის ქართველი მაჰმადიანები, ე.წ. ინგილოები, თბილისის გუბერნიის მთიელები (თუშები, ფშავლები,ხევსურები), სვანები და ყველა ამათი ჯამი მოგვცემს ქართველების საერთო რაოდენობასო».  1876 წელს თბილისის გუბერნიაში მცხოვრები ქართველების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ კი აღნიშნულია: «ქართველებთან დაკავშირებით, მოვალეობად მიგვაჩნია გავასწოროთ შემდეგი შეცდომა: ქართველებს აჩვენებდნენ იმერლების, გურულების და თუშებისგან ცალკე ეროვნებად, როდესაც ყველა ესენი ერთი ხალხია, ყველანი ქართველები არიან და ეკუთვნიან ერთი და იმავე ქართველურ თაობას. მთელი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ისინი მხარის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობენ» (Тифлис по однодневное переписи 25-20 марта 1876 უ. Тифлис, 1880, ც. 95).

საქართველოს მოსახლეობა მე-20 საუკუნეში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 1989 წელს საქართველოში 5 მილიონ 400 ათასი კაცი ცხოვრობდა. 1992 წლიდან მისი მოსახლეობა, ცნობილი მიზეზების გამო, თანდათანობით მცირდებოდა. ამჟამად ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 4 მილიონ 497 ათასი კაცი ცხოვრობს, თუმცა ქართველი დემოგრაფების გაანგარიშებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 800 ათასს არ აღემატება. პერსპექტივაში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის ცნობით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 28 პროცენტით შემცირდება და 3 მილიონ 300 ათასი კაცი იქნება. ზოგიერთი გაანგარიშებით კიდევ ამ პერიოდისთვის საქართველოში 2 მილიონ 500 ათასი კაცი იცხოვრებს.

საკმარისია აღინიშნოს, რომ თუ 1980-1989 წლებში (ათ წელიწადში) საქართველოში 455 ათასი გოგონა დაიბადა, ბოლო ათ წელიწადში _ 2000-2009 წლებში საქართველოში 236 ათასი გოგონა მოევლინა ქვეყანას. ეს იმას ნიშნავს, რომ 2000-იან წლებიდან საქართველოში, თუ კარდინალური ღონისძიებები არ განვახორციელეთ, შობადობა საგრძნობლად შემცირდება.

ახლახან უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის თანადგომით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა «საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი», რომლის ძირითადი მიზანია შობადობის ამაღლება, კერძოდ, სამბავშვიანი ოჯახებისთვის სისტემატური, ყოველთვიური დახმარების გაწევა, სანამ ბავშვი გარკვეულ ასაკს არ მიაღწევს.

უაღრესად მძიმე დემოგრაფიული ვითარების შესახებ «საქართველო და მსოფლიო» იწყებს ცნობილი დემოგრაფის, პროფესორ ანზორ თოთაძის ნაშრომის ბეჭდვას, რომელმაც ყველა ქართველი უნდა დააფიქროს, როგორ ვუმკურნალოთ ამ დიდ ეროვნულ ტკივილს. იმედია, მკითხველი გამოეხმაურება ნაშრომში დასმულ პრობლემებს და თავის წინადადებებსაც შემოგვთავაზებს.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა

თანამედროვე საქართველოსა და მის სამხრეთდასავლეთით მდებარე ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული იყო მონათესავე ქართველური ტომებით. ამ ტომების ხანგრძლივი ურთიერთკავშირის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი.

ადრეულ საუკუნეებში, კერძოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ ჩვენამდე მოღწეული უძველესი წერილობითი წყაროებით ცნობილია, რომ მის ზოგიერთ ისტორიულ პროვინციაში მრავალრიცხოვანი ქართველური ტომები ცხოვრობდნენ.

საქართველოს მოსახლეობა ისტორიულად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო XIII საუკუნის პირველ ნახევარში. 1254 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით მისი მოსახლეობა 8 მილიონ კაცს უდრიდა. გამუდმებული შემოსევების შედეგად მოსახლეობა 1770 წლისათვის 761 ათასამდე შემცირდა, ხოლო 1800 წელს მან 675 ათასი კაცი შეადგინა. ამ პერიოდში შავი ჭირის გავრცელების შედეგად, როგორც ისტორიული წყაროები ცხადყოფენ, მისი მოსახლეობა თითქმის განახევრდა _ საქართველოში 1814 წელს დაახლოებით 400 ათასი კაცი ცხოვრობდა. რუსეთის იმპერიის მოსახლეობის 1897 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით საქართველოს მოსახლეობამ იმდროინდელ საზღვრებში 2 მილიონ 109 ათასი კაცი შეადგინა და ერთი საუკუნის განმავლობაში თითქმის 5-ჯერ გაიზარდა.

უკანასკნელ წლებში საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო 1992 წელს _ 5 მილიონ 467 ათასი კაცი. ცნობილი მიზეზების გამო ამ დროიდან მოყოლებული საქართველოში მოსახლეობა განუხრელად მცირდებოდა და მხოლოდ ბოლო პერიოდში ოდნავ გაიზარდა, რის შედეგადაც 2012 წელს მან 4 მილიონ 497 ათასი კაცი შეადგინა.

2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა, საქართველოში 3 მილიონ 661 ათასი ქართველი ცხოვრობდა, რომლის წილმაც მთელ მოსახლეობაში 83,8 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა XIII-XXI საუკუნეებში

 საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა XIII-XXI საუკუნეებში

რეგიონების მიხედვით მოსახლეობა მეტად არათანაბრადაა განაწილებული. თბილისში 2012 წელს 1 მილიონ 172 ათას 700 კაცი ცხოვრობდა. თბილისის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი რეგიონია იმერეთი _ (707,5 ათასი კაცი), შემდეგ მოდის ქვემო ქართლი (511,3 ათასი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (479,5 ათასი), კახეთი (407,1 ათასი) და ა.შ. ტერიტორიის სიდიდის მიხედვით კი პირველ ადგილზეა კახეთი, შემდეგ მოდის სამეგრელო ზემო- სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი და ა.შ.

საქართველოსა და მისი რეგიონების ტერიტორიის

ფართობი და მოსახლეობის რაოდენობა

(ქვეყნის იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე).

ცხრილი 2  

კავკასიის მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი

კავკასიაში ისტორიულად ჩამოყალიბებული  დემოგრაფიული ბალანსი, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში, საგრძნობლად დაირღვა. კავკასიის მოსახლეობის რაოდენობა XX საუკუნეში, მიუხედავად ცალკეულ პერიოდებში უმძიმესი პირობებისა (კავკასიელ ხალხთა დეპორტაციებმა და ეთნოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა კავკასიელ ხალხთა ბუნებრივი დემოგრაფიული განვითარება), საგრძნობლად გაიზარდა, კერძოდ, 1926-2010 წლებში 7 მილიონ 617 ათასიდან 23 მილიონ 437 ათასამდე და ზრდის ტემპმა 307,7 პროცენტი შეადგინა. მოსახლეობის ზრდა განსაკუთრებით დიდი იყო ჩრდილო კავკასიაში _ 1 მილიონ 745 ათასიდან 7 მილიონ 83 ათასამდე (ზრდის ტემპი _ 405,9 პროცენტი). სამხრეთ კავკასიაში ამავე პერიოდში მოსახლეობა 5 მილიონ 872 ათასიდან 16 მილიონ 354 ათასამდე გაიზარდა (ზრდის ტემპი _ 278,5 პროცენტი).

კავკასიის მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსი ძირითადად დაირღვა საქართველოს ხარჯზე, რომლის მოსახლეობა 1926-2010 წლებში 2 მილიონ 677 ათასიდან 4 მილიონ 436 ათასამდე გაიზარდა და ზრდის ტემპმა კავკასიაში ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი _ 165,7 პროცენტი შეადგინა, ანუ მატების ტემპი მთელი 84 წლის განმავლობაში მხოლოდ 65,7 პროცენტს უდრიდა. თუ ისტორიულად სამხრეთ და საერთოდ კავკასიაში ქართველები და საქართველოს მოსახლეობა რაოდენობრივად ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო, შემდეგში ვითარება არსებითად შეიცვალა.

1926 წელს კავკასიის მთელი მოსახლეობის 35,1 პროცენტი, ანუ ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1970 წელს 28,1 პროცენტი, ხოლო 2010 წელს მხოლოდ 18,9 პროცენტი შეადგინა (ანუ კავკასიაში მცხოვრები ყოველი მე-19 ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში), სამაგიეროდ 1926-2010 წლებში აზერბაიჯანის ანალოგიური მაჩვენებელი 30,4 პროცენტიდან 38 პროცენტამდე გაიზარდა.  (იხ. ცხრილები).

ცხრილი

ცხრილი

საქართველოს მოსახლეობის წილი სულ უფრო მცირდება სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაშიც. მაგალითად, 1926 წელს საქართველოს მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის მთელი მოსახლეობის 45,5 პროცენტს შედგენდა, აზერბაიჯანისა _ 39,5-, ხოლო სომხეთისა _ 15 პროცენტს. აღსანიშნავია, რომ 1965 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა ჭარბობდა აზერბაიჯანის მოსახლეობას. ამის შემდეგ აზერბაიჯანის მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა და 2009 წელს 8 მილიონ 897 ათასი კაცი შეადგინა, ხოლო იმავე წელს საქართველოში მხოლოდ 4 მილიონ 385 ათასი, ანუ 4 მილიონ 512 ათასი კაცით ნაკლები ცხოვრობდა აზერბაიჯანელებთან შედარებით. ამავე პერიოდში მთელი სამხრეთ კავკასიის მოსახლეობა 16 მილიონ 520 ათას კაცს უდრიდა. აქედან საქართველოს მოსახლეობის წილი მხოლოდ 26,5 პროცენტს შეადგენდა, სომხეთისა _ 19,6 პროცენტს, ხოლო აზერბაიჯანელებისა _ 53,9 პროცენტს.

არც პროგნოზული გაანგარიშებები იძლევა საიმედო მონაცემებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 ათასი კაცით შემცირდა და 3 300 ათასი კაცი იქნება, სომხეთის მოსახლეობა მცირედ გაიზარდა და სომხეთშიც 3 300 ათასი კაცი იცხოვრებს, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 9 მილიონიდან 11 მილიონამდე გაიზარდება. ამრიგად, საქართველოსა და სომხეთის მოსახლეობის წილი სამხრეთ კავკასიის მთელ მოსახლეობაში 2050 წელს 18,7 _ 18,7 პროცენტი გახდება, ხოლო აზერბაიჯანისა _ 62,6 პროცენტი. სამხრეთ კავკასიაში მკვეთრად დაირღვა დემოგრაფიული ბალანსი, განსაკუთრებით ქართველების შემცირების გამო, რადგან სომხეთის მოსახლეობა მონოეთნიკურია და მისი მთელ მოსახლეობაში სომხები 99 პროცენტს შეადგენენ. ასევე მაღალია აზერბაიჯანელების წილი აზერბაიჯანის მოსახლეობაში.

ცხრილი 

აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ქართველების 99,6 პროცენტი თავის ქვეყანაში _ საქართველოში ცხოვრობდა. მაგალითად, 1989 წელს სამხრეთ კავკასიაში 3 802 ქართველი ცხოვრობდა, აქედან 3 787 ათასი _ საქართველოში, 1 ათასი _ სომხეთში და 14 ათასი _ აზერბაიჯანში. სამაგიეროდ, სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები 6 198 ათასი აზერბაიჯანელიდან თავის სამშობლოში ცხოვრობდა 5 805 ათასი აზერბაიჯანელი (93,7 პროცენტი), საქართველოში _ 308 ათასი (4,9 პროცენტი) და სომხეთში 85 ათასი (1,4 პროცენტი) და აზერბაიჯანში _ 391 ათასი (10,0 პროცენტი).

ცნობილი მოვლენების შედეგად 2002 წელს სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ტიტულოვანი ერების (ქვეყნების სახელწოდების მიმცემი ერი) განსახლების სურათი შეიცვალა. კერძოდ, სამხრეთ კავკასიში 15 767 ათასი კაცი ცხოვრობდა. აქედან 3 739 ათასი ქართველი (საქართველოში _ 3 724 ათასი, 15 ათასი აზერბაიჯანში და რამდენიმე ათეული სომხეთში), 7 490 ათასი აზერბაიჯანელი (აზერბაიჯანში _ 7 205 ათასი, საქართველოში _ 285 ათასი, სომხეთში _ არც ერთი) და 3 547 ათასი სომეხი (სომხეთში _ 3 145 ათასი, საქართველოში _ 281 ათასი და აზერბაიჯანში _ 121 ათასი). ამჟამად ქართველების რაოდენობა აზერბაიჯანსა და სომხეთში კიდევ უფრო შემცირდა. კერძოდ, 2009 წლის აღწერის მიხედვით აზერბაიჯანში 9 ათასი ქართველი ცხოვრობდა.

საქართველოში ქართველი ერის პერმანენტული შემცირების შედეგად თანდათანობით საფრთხე ექმნება ეროვნულ ინტერესებს და ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, ძნელდება მათი რეალიზაცია, სახელმწიფო ენას უაღრესად უჭირს თავისი ფუნქციის შესრულება, ერისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები კარგავენ ადრინდელ მიმზიდველობას. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია ეროვნული ცნობიერების დაქვეითება, საბოლოოდ კი ერის გენოფონდის ცვლილება. მოსახლეობის რაოდენობის შემცირება განსაკუთრებით საშიშია ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან იგი ისეთ უნიკალურ, მრავალგანზომილებიან რეგიონში მდებარეობს, სადაც მხოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოებრიობის ინტერესთა გადაკვეტის წერტილები საკმაოდ ბევრია და ამდენად საკუთარი ინტერესების დაცვა _ გაძნელებული.

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა

მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობას ძირითადად მიეკუთვნება ისეთი ბუნებრივი პროცესები, როგორიც არის: შობადობა და მოკვდაობა. არსებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი 1961 წელს დაიბადა _ 104 ათასი. 1960-1990 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 93 ათასი ბავშვი იბადებოდა, ხოლო 1991_2010 წლებში კი _ 55 ათასი. შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო და 2005 წელს საქართველოში უკვე 46 ათასი ბავშვი დაიბადა და შობადობა წინა წლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა. ძირითადად ამის შედეგია ის, რომ უკანასკნელ წლებში ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის ბუნებრივი მატებაც. მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც კი, კერძოდ, 1941-1945 წლებში, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მატება 135 ათას კაცს შეადგენდა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2001-2005 წლებში მხოლოდ 5,8 ათასს, ხოლო 2006_2010 წლებში, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების არასანდოობის მიუხედავად, ამ მაჩვენებლმა 58 ათასს მიაღწია და მაინც საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა მეორე მსოფლიო ომისდროინდელ მონაცემებს.

შობადობის აბსოლუტური მაჩვენებელი უკანსაკნელ წლებში საგრძობლად შემცირდა. კერძოდ, 2000_2009 წლებშI საქართველოში 502 296 ბავშვი დაიბადა მაშინ როდესა 1960_1969 წლებში ეს მაჩვენებელი 850 908 ბავშვს უდრიდა. ამ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობა 276 034 კაციდან 448 712 კაცამდე გაიზარდა. შესაბამისად, შემცირდა მოსახლეობის ბუნებრივი მატება. 2000_2009 წლებში საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 53 584 კაცი შეადგინა და 10-ჯერ შემცირდა 1960_1969 წლებთან შედარებით.

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის აბსოლუტური მონაცემების დინამიკა 1950-2009 წლებში ათწლეულების მიხედვით

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის აბსოლუტური მონაცემების დინამიკა 1950-2009 წლებში ათწლეულების მიხედვით 

დაბადებისა და გარდაცვალების აბსოლუტური მონაცემები მაინც დამოკიდებულია მოსახლეობის რაოდენობაზე. მაგრამ შეფარდებითი მონაცემებიც ნათლად გვიჩვენებს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისს. მაგალითად, 1960_1969 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატება მოსახლეობის ყოველ ათას კაცზე 14,8 კაცს უდრიდა, ხოლო 2000_2009 წლებში _ 1,2 კაცს. (იხ. ცხრილი #7).

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის დინამიკა 1960-2009 წლებში ათწლეულების მიხედვით მოსახლეობის ყოველ 1000 კაცზე გაანგარიშებით

საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის დინამიკა 1960-2009 წლებში ათწლეულების მიხედვით მოსახლეობის ყოველ 1000 კაცზე გაანგარიშებით 

გაგრძელება
შემდეგ ნომერში

 

1 COMMENT

  1. კი თან სადღაც წავიკითხე ადრე, რომ ასეთ შემთხვევაში )მგონი ომის შემდეგ საფრანგეთში თუ არ მეშლება?) სახელმწიფომ განაცხადა რომ თითო შვილის გაჩენაზე (სერიოზულ) პრემიას უხდიდა მოქალაქეს და სახლით უზრუნველყოფდა რამაც სწრაფად გამოასწორა დემოგრაფიული მდგომარება..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here