Home რუბრიკები საზოგადოება სოსო ბალახაძე: სომხურის რეგიონულ ენად გამოცხადებას 1 ოქტომბრის შემდეგ გარესპუბლიკებული «ნაციონალები» ითხოვენ!

სოსო ბალახაძე: სომხურის რეგიონულ ენად გამოცხადებას 1 ოქტომბრის შემდეგ გარესპუბლიკებული «ნაციონალები» ითხოვენ!

753

ილია ჭავჭავაძე ამბობდა: «ჩვენი ყოფილი ცხოვრება იქ აყვავებულა, ჩვენს სიცოცხლეს იქ უჩქეფია, ჩვენი სულის ძლიერებას იქ აღუმართავს თავისი სახელგანთქმული დროშა. თითქოს იგია ჩვენი სულის აღმატების აკვანი, სწავლა, განათლება, მამულისათვის თავგამოდებული სიყვარული თითქმის იქიდან ეფინება ჩვენს ქვეყანას». სამწუხაროა, რომ ეს «ჩვენი სულის აღმატების აკვანი» დღემდე რჩება ქართველებსა და სომხებს შორის პოლიტიკური სპეკულაციისა და ინსცენუაციების ადგილად.

 

რამდენიმე დღის წინ კვლავ დიდი ხმაური და საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადების საკითხი დადგა.

ახალი და ძველი ხელისუფლებაც გააბრაზა აღნიშნულმა ფაქტმა. ჟურნალისტებთან საუბრისას კი «ნაციონალებმა» რესპუბლიკელებს დააბრალეს თემის წამოწევა, ხოლო რესპუბლიკელებმა _ «ნაციონალებს» და კერძოდ, სააკაშვილს, რადგან სწორედ მან დადო პირობა მთელი ევროპის წინაშე, რომ სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადების საკითხზე აუცილებლად იმსჯელებდა და საქართველოს პარლამენტში შესაბამის კანონპროექტსაც შეიტანდა.

«საქართველო და მსოფლიო» ახალქალაქში მცხოვრებ სოსო ბალახაძეს დაუკავშირდა, რათა მასთან გაერკვია, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვისი ინიციატივა იყო ამ თემის წამოწევა და რა განწყობაა ამჟამად ადგილობრივ მოსახლეობაში:

_ ძალიან ცუდი რამ მოხდა. ადგილობრივებიც კი გაბრაზებულნი არიან. აქ ისედაც ჭირს ქართული ენის სწავლება. ახალქალაქში სულ 5 სკოლაა: 3 სომხური, 1 რუსული და 1 ქართული.  მოსახლეობა ხმამაღლა არასოდეს იტყოდა ასეთ რამეს, არ ვიცი, ჩუმ-ჩუმად, ერთმანეთში რას საუბრობენ, მაგრამ უხუცესებიც კი ვერ იხსენებენ ფაქტს, რომ ოდესმე სომხურ მოსახლეობას სომხურის რეგიონულ ენად გამოცხადება მოეთხოვოს. მიუხედავად იმისა, რომ 80%-ზე მეტი სომხები ცხოვრებენ, მსგავსი რამ, ახალქალაქში კი არა, ნინოწმინდაშიც არ მოუთხოვიათ.

_ რა მოხდა სინამდვილეში საკრებულოში, ვინ გამოვიდა ამ ინიციატივით, «ნაციონალები» რესპუბლიკელებს აბრალებენ და რესპუბლიკელები _ «ნაციონალებს».

_ საკითხი ჰამლეტ მოვსესიანმა და ადგილობრივმა ექიმმა ალექსანდრე თოროიანმა დააყენეს. ეს ორი ადამიანი საკრებულოში «ნაციონალების» სიით შევიდნენ, ხოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი რესპუბლიკელების ფრაქციაში გადავიდნენ. საკითხი რომ წამოიჭრა, ახალქალაქში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი იყო ჩამოსული და მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ადგილობრივი ტელევიზიით გაშუქდა. ხალხთან შეხვედრისას ბერძენიშვილის გვერდით მოვსესიანი და თოროიანიც იდგნენ. მათ განცხადება ენასთან დაკავშირებით ტელევიზიითაც გააკეთეს.

ბოლო რამდენიმე წელიწადია, სომხურ მოსახლეობაში ქართულის ენის შესწავლა მასობრივად მიმდინარეობდა. ქუთაისში არაქართველი მოსახლეობისთვის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა გაიხსნა და აქედან ძალიან ბევრი სომეხი მიდის ქართული ენის შესასწავლად.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ახლა ამ ამბავს რა მოჰყვება, რადგან თოროიანი მეტად პატივსაცემი ადამიანია, ასე ვთქვათ, ახალქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენელი და კოლორიტია. ის ძალიან კარგი ექიმია და მასთან არა მარტო ახალქალაქის მოსახლეობა, ნინოწმინდიდანაც ჩამოდიან პაციენტები, ხალხს უყვრას, მისი სიტყვა ფასობს.

90-იან წლებში, როდესაც მთელ საქართველოში გაუსაძლისი ყოფა იყო, ადამიანები სულიერებაზე ზრუნვას კი არა, პირად ჰიგიენაზე ზრუნვასაც ვერ ახერხებდნენ, მაშინ კინომცოდნე და საზოგადო მოღვაწე, ჩოხოსან რაინდთა დასის ხელმძღვანელი, ბატონი გოგი დოლიძე სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა და ამ საქმეში მას ასკაციანი ჯგუფი დაუზარლად ეხმარებოდა.

_ მახსოვს ისეთი დრო იყო, რომ ერთი რაიონიდან მეორეში პოლიციის მანქანა მაცილებდა, მაგრამ თვეში ერთხელ რომ არ ჩავსულიყავი,  არ შემეძლო, _ ისხენებს გოგი დოლიძე.

_ ბატონო გოგი, რატომ და როდის მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალქალაქის მოსახლეობას ქართული ენის შესწავლაში დახმარებოდით?

_ რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, ერთ-ერთი სკოლის დირექტორი სოსო თეთვაძე წერდა, რომ 5 შვილი მყავს და «დედა ენა» ვერ ვიშოვნეო. კინაღამ გავგიჟდი. ავდექი და წიგნები ხუთივე ბავშვისთვის ჩავუტანე. აქედან დაიწყო ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩემი მოღვაწეობა. მთელ სამცხე-ჯავახეთში სულ 14 სკოლა იყო, შევადგინეთ სია, ჩამოვწერეთ ყველაფერი, სად რა იყო საჭირო, საქმეს სათავეში ჭაბუა ამირეჯიბი ჩაუდგა, მას გვერდით ედგა ნინო ბურჯანაძე. გამოვუშვით გაზეთი «საქართველოს კარიბჭე». ეს სახელი იმიტომ დავარქვით, რომ ბოგდანოვკაში (ნინოწმინდა) ქართული მოსახლეობა მხოლოდ 3-4%-ია, მაგრამ ჩვენ სომხეთის საზღვართან ვნახეთ სოფელი, რომელშიც 80% ქართული მოსახლეობა ცხოვრობდა და გაზეთის სათაურიც აქედან წამოვიდა.

ჩაგვქონდა წიგნები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ჩაგვყავდა მოცეკვავეები, მოჭიდავეები, ავაღორძინეთ ქართული ჭიდაობა. საქმეში აქტიურად იყო ჩაბმული და გვერდიდან არ მშორდებოდა ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე, რომელიც ბავშვებს მხატვრულ კითხვას ასწავლიდა. არ დარჩენილა თითქმის არც ერთი საზოგადო მოღვაწე, მსახიობი, მოცეკვავე, ვინც იქ არ ჩავიყვანე. შეიქმნა ასკაციანი ჯგუფი, ეს ის ადამიანები ვიყავით, რომლებიც ამ კეთილ საქმეს ვაკეთებდით. თითო ბავშვისთვის წიგნების მთელი კომპლექტი რომ გვეყიდა, 38 ლარი ჯდებოდა და ჩვენ ამის ჩატანას ყველა ბავშვისთვის ვახერხებდით. ვისთვისაც არ უნდა მიგვემართა თხოვით, უარს არავინ გვეუბნებოდა.

სულ იქაურობაზე და იმ ბავშვებზე ვფიქრობდი; ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, უფრო მეტი სტიმული რომ ჰქონოდათ. მოვიფიქრე, რომ სკოლებში გამეკეთებინა ბუფეტები. ბუფეტი, კაფე ისეთი ადგილებია, სადაც ადამიანი დაჯდება, ჩაის დალევს და მხოლოდ კარგზე იფიქრებს, იმსჯელებს, ამიტომაც ბუფეტის გაკეთების აზრი არ მშორდებოდა და გავაკეთე კიდეც. აქედან წავიღე ჩაისა და ყავის ჭურჭლის კომპლექტები, კოვზები, ჩაი, შაქარი, ყავა, ჩამქონდა ნამცხვრები. ერთი სიტყვით, სკოლის ბუფეტები ნამდვილად იქცა ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო თავშეყრის ადგილად და, ასე ვთქვათ, ოაზისად. ბავშვები საჭმელს ოჯახებში აღარ ჭამდნენ, თუ რამე ჰქონდათ, ბუფეტში მიჰქონდათ, იქ ერთად სხდებოდნენ და, რომ ჩავდიოდით, ახალ-ახალ იდეებს გვახვედრებდნენ. ერთ დღესაც, ბოგდანოვკაში რომ ჩავედი, დავინახე, რომ ბუფეტის თავზე გაუკეთებიათ წარწერა: «გოგი დოლიძის სახელობის ბუფეტი». ძალიან გამიხარდა, მადლიერების გრძნობა მათ ასე გამოხატეს.

სომხური ენის რეგინულ ენად გამოცხადების ინიციატივის უკან  ვინც არ უნდა იდგეს და როგორი კარგი ჩანაფიქრიც არ უნდა ჰქონდეს, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ქართველებზე ნაფიქრი არ აქვს, რადგან, თუ ოდესმე ამ რეგიონში ნამყოფია და საკუთარი თვალით უნახავს, როგორ ეფერებიან კანტი-კუნტად დარჩენილი ქართველები საკუთარ ენას, როგორ ცდილობენ, რომ ყველაფერ ქართულს მოეფერონ, ასეთი აზრი თავში არ მოუვიდოდა. სამცხე-ჯავახეთის ქართველებისთვის მიწისთვის, ენისთვის და ქართული კულტურის შენარჩუნებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა.

სააკაშვილის დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა, ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით რომ გადადგა, იქამდე მოგვიყვანა, რომ სომხები სულ საფერებელი გვეყოლება, გამუდმებით იმის შიშში ვიქნებით, ერთ მშვენიერ დღეს ენაც არ მოგვთხოვონ და გენოციდის აღიარებაც, რადგან მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ სომხურ დიასპორას ამერიკასა და ევროპაში ძალიან დიდი გავლენა აქვს და მათი მოთხოვნები უბრალო მოთხოვნებად არ რჩება. სომხები სააკაშვილის შეცდომის გამო საქართველოს ხელისუფლებასთან მუდმივად ივაჭრებენ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here