Home რუბრიკები საზოგადოება გია ვოლსკიმ ზუგდიდელებს საიდუმლო დოკუმენტი გააცნო

გია ვოლსკიმ ზუგდიდელებს საიდუმლო დოკუმენტი გააცნო

615

საზოგადოება «ზუგდიდელის» (თავმჯდომარე ოთარ ფაცაცია) და არასამთავრობო ორგანიზაციის «მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია» (თავმჯდომარე ალუ გამახარია) ინიციატივითა და ძალისხმევით სამეგრელოსა და აფხაზეთის საზოგადოებრიობის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს, გია ვოლსკის. შეხვედრის მთავარი თემა იყო ქართულაფხაზური ურთიერთობა და ამ საკითხის მოგვარების გზების მოძიება.


ვოლსკიმ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დღემდე უცნობი და გამოუქვეყნებელი დოკუმენტი, რომელიც მისი მოთხოვნით მას გამოუგზავნეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ეს არის 2006 წლის 2 ივნისით დათარიღებული წერილი, რომელიც შეეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარების საკითხს. ასევე წერილი ეხება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, სიხარულიძის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპული და ევრაზიული ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილესთან _ მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრას. «შეხვედრის დასაწყისში სიხარულიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარის _ ნორბერტ ბაასის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთში მნიშვნელოვან მასტაბილიზებელ როლს თამაშობენ… მ. ბრაიზას განცხადებით, თუ არ მოხდება რუსეთის სამშვიდობო ძალების პოზიტიური როლის აღნიშვნა, მაშინ გაჭირდება მეგობართა ჯგუფის სტრატეგიული მიზნების მიღწევა. მ. ბრაიზამ განაცხადა, რომ მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღონ ემოციური და კონფრონტაციული რეზოლუცია აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შესახებ. ამ შემთხვევაში არც აშშ, არც მეგობართა ჯგუფი და არც გაერო საქართველოს მხარს არ დაუჭერს. თუ საქართველო მაინც აირჩევს კონფრონტაციულ გზას, იგი დაკარგავს დასავლეთის მხარდაჭერას», _ ნათქვამია ამ დოკუმენტში. სააკაშვილმა კი, როგორც ვიცით, მაინც კონფრონტაციის გზა აირჩია, თუმცა მისთვის ყური არავის აუწევია  და არც მხარდაჭერა მოჰკლებია.

გია ვოლსკის განმარტებით, თუ ამერიკა რუსეთი და ევროკავშირი ვერ გამონახავენ საერთო ენას საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი საშველი არ იქნება. «რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე არავითარი წინსვლა არ იქნება. გვყავს მოწინააღმდეგენი, რომლებიც ხელს გვიშლიან. ძალიან მახინჯ სიტუაციაში ვიმყოფებით. ყველა გვირჩევს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას. ჩვენი ოპონენტები კი გვეძახიან, კაპიტულანტები ხართო. ჩვენი ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას», _ განუცხადა გია ვოლსკიმ დამსწრეთ. მის ამ მოსაზრებას ყველა ერთსულოვნად დაეთანხმა.

გია ვოლსკიმ დამსწრეთაგან მოისმინა ის რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს ახალმა ხელისუფლებამ. ესენია: მოლაპარაკებაში აფხაზებთან აუცილებლად უნდა ჩაერთონ სამეგრელოსა და აფხაზეთის წარმომადგენლები; უნდა გაიხსნას ერგნეთის მსგავსი ბაზრობა ენგურის ხიდთან, სოფელ რუხში, სადაც ერთად ივაჭრებენ ქართველები და აფხაზები, რაც მათ დაახლოებას შეუწყობს ხელს; უნდა აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით. «აუცილებლად უნდა შეიცვალოს ჩვენი ქვეყნის საგარეო ვექტორი. მხოლოდ რიტორიკით ვერაფერს გავხდებით, უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან და არავითარი ა.შ., ევროკავშირი და ნატო აღარ გვჭირდება, რადგან ნატოს ფასეულობები სხვა «სიკეთეებთან» ერთად სერბეთში ჩამოყრილი ბომბებიცაა. აუცილებლად საჭიროა სახალხო დიპლომატიის ამოქმედება, მასში უნდა ჩაერთონ ისეთი ღირსეული პიროვნებები, აფხაზეთის მკვიდრნი, როგორებიც არიან ალექსანდრე ჭაჭია, ნაპო მესხია და სხვ. მათ თამამად მიესვლებათ აფხაზებთან და აფხაზებიც მოუსმენენ მათ», _ აღნიშნა სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზურაბ კვარაცხელიამ. გამოითქვა მოსაზრება, რომ აფხაზეთთან საურთიერთოდ შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც შევლენ სამეგრელოსა და აფხაზეთის ღირსეული და გამოჩენილი ადამიანები.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

1 COMMENT

  1. "აუცილებლად უნდა შეიცვალოს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი…" – აი მეოცნებეთა ოცნება. აბა ვექტორს არ ვცვლითო?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here