Home რუბრიკები საზოგადოება ვინ და რა მიზნით ქმნის სამეგრელოში სამოქალაქო და საზოგადოებრივ დარბაზებს?

ვინ და რა მიზნით ქმნის სამეგრელოში სამოქალაქო და საზოგადოებრივ დარბაზებს?

616

1 ოქტომბრის შემდეგ, როგორც ნაწვიმარზე სოკოები, ისე აღმოცენდნენ არასამთავრობო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ზუგდიდში ამ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა ახალი სამოქალაქო დარბაზი «სამეგრელოს ხმა», რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი პარლამენტარი თენგიზ ჯგუშია, ხოლო მეორე ზუგდიდელი, ყოფილი პარლამენტარი ბეჟან გუნავა აპირებს, დააარსოს «სამეგრელოს საზოგადოებრივი დარბაზი».


ორივეს თითქმის ერთი და იგივე პროგრამა აქვს: დაიცვან 1 ოქტომბრის მონაპოვარი, გააკონტროლონ ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებები და არ მისცენ მას გადაცდომის უფლება, დაეხმარონ ადგილობრივ მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენაში და დაიცვან მათი ადამიანური უფლებები.

ამ დარბაზების ხელმძღვანელებსა და მკითხველს მინდა შევახსენო და განვუმარტო, რომ სამეგრელოში სახალხო მოძრაობა,  დიდიხანია, დაწყებულია. ჯერ კიდევ 1999 წელს ცნობილი პოლიტოლოგის, ალექსანდრე ჭაჭიას, ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სახალხო მოძრაობა «სამეგრელო», რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს თავის ფუნქციას და რომელსაც ამ ხნის მანძილზე მოუხდა მრავალი დაბრკოლების გადალახვა. ჩნდება კითხვა _ ხომ არ ნიშნავს ახალი ორგანიზაციების ჩამოყალიბება დუბლირებას და სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» აქტიურობის განეიტრალების მცდელობას ან მის დისკრედიტაციას?

«ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას, რომ სამეგრელოს მოსახლეობას შეუძლია პარტიული დაქუცმაცებულობა გადალახოს, გაერთიანდეს და საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს… მოძრაობა «სამეგრელოს» შექმნამ გამოამჟღავნა აქტიური, პატრიოტულად ორიენტირებული, პოლიტიკურად მომზადებული ადამიანების ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ცენტრალურ სახელისუფლო ორგანოში სამეგრელოს ინტერესების ღირსეული წარდგენა… ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ სამეგრელო, როგორც მთლიანად საქართველო, მანამდე იქნება დათრგუნული, დაბეჩავებული, ღატაკი და დამცირებული, სანამ მისი მოსახლეობა პარტიული თუ მსოფლმხედველობრივი ნიშნით იქნება დაქუცმაცებული და ერთმანეთს გადაკიდებული», _ აცხადებდა ალექსანდრე ჭაჭია ჯერ კიდევ 2001 წელის 12 ოქტომბერს ზუგდიდში გამართულ სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ყრილობაზე.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის მამულიშვილური საქმე, რომელსაც სრულიად უანგაროდ ეწევა ბატონი ალექსანდრე ჭაჭია. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ერთადერთი ძეგლის დადგმაზე რომ არაფერი ვთქვათ, აგერ უკვე რამდენიმე წელია, სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობას, რომელსაც ძალიან უჭირს, უფასოდ მიეწოდება გაზეთი «ილორი». საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში ამ გაზეთმა უდიდესი როლი შეასრულა მოსახლეობის სწორი ორიენტაციის ჩამოყალიბებაში. 

სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» ზუგდიდის ორგანიზაციაში, რომელსაც ენერგიულად ხელმძღვანელობს ეროვნული მოძრაობის აქტიური წარმომადგენელი ზურაბ კვარაცხელია, მართლაც ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის ერთგული და მზრუნველი ხალხია გაერთიანებული, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი  პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ საქმიანობაში.

«თენგიზ ჯგუშია და ბეჟან გუნავა _ ორივენი «მოქალაქეთა კავშირის» აღზრდილები არიან და  სასიკეთო არაფერი გაუკეთებიათ სამეგრელოსთვის. ახლა ვის ემსახურებიან და რა უნდათ, გაუგებარია. რა საზოგადოებრივი  დარბაზების შექმნა აუტყდათ მაშინ, როდესაც, დიდი ხანია, არსებობს სამეგრელოში სახალხო მოძრაობა «სამეგრელო»? თუ ამ ყოფილ მოქკავშირელებს კარგის გაკეთება უნდათ ჩვენი კუთხისთვის, ახალი ორგანიზაციები კი არ უნდა ჩამოაყალიბონ, არამედ გვერდით დაუდგნენ  სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს», რომელშიც ქვეყანაზე, ჩვენს კუთხეზე მოამაგე და მოჭირნახულე ადამიანები არიან გაერთიანებულნი», _ აღნიშნა  სოსო ბეჭვაიამ.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here