Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

617

ბატონო პრემიერმინისტრო!

სოფლის მეურნეობის განვითარების თქვენეული ხედვა ნათელია და ორიენტირებულია ქვეყნის ადგილობრივი სასურსათო პროდუქტების წარმოების ხელშეწყობაზე. დარგის განვითარებისადმი ასეთი მიდგომა კი საშუალებას იძლევა, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნას ეკოლოგიურად სუფთა და არაგენმოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტებით. მოსახლეობის ეკოლოგიურად სუფთა და არაგენმოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფა კი ჯანმრთელი მომავალი თაობის შენარჩუნებისა და მისი შემდგომი გამრავლების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.


ამ ეროვნული და დროში შეზღუდული საქმის განხორციელების მთავარი მამოძრავებელი ძალა არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ნიადაგების დაცვას მავნე ზემოქმედების ფაქტორებისგან, ვინაიდან მსოფლიოში მოსახლეობის ზრდისა და ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნილებების ფონზე ყოველწლიურად მცირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების მოცულობა, რაც ნეგატიურად მოქმედებს სასურსათო პროდუქტების წარმოებაზე და ძირს უთხრის ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

სათანადოდ მომზადებული კადრების გარეშე ამ ამოცანის განხორციელება შეუძლებელია, სოფლის მეურნეობა კი მწვავედ განიცდის კვალიფიციური კადრების დეფიციტს, ვინაიდან თითქმის ბოლო 20-25 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ამ მიმართულებით რაიმე ქმედითი ღონისძიებები არ გაუტარებია. ძალიან ცოტა შემორჩა კადრი, რომლებიც ფლობენ ახალ ტექნოლოგიებს და მართვის თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის განვითარებაში მიმდინარე ნეგატიური პროცესების აღმოფხვრას და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ახალი ინიციატივების დანერგვას.

რაიონებში, საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი იყო ერთადერთი იმედი იმისა, რომ რაღაცნაირად შევსებულიყო ის დეფიციტი კადრების საკითხში, რომელსაც განიცდიდა სოფლის მეურნეობის დარგი. მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, კონკურსის სამართლიანად ჩატარების იმედით, ჩემი გამოცდილების და მათი საკონკურსო მოთხოვნებით თუ შესაბამისობის თანხვედრით, გადავწყვიტე, მიმეღო მონაწილეობა სოფლის მეურნეობისსამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსშიზუგდიდის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. ვინაიდან კოლხეთის ჭარბტენიანი ნიადაგების დაშრობასა და გაკულტურების საქმეში მიღებული 16-წლიანი გამოცდილება, მათ შორის 10 წელი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მიწის მართვის სამმართველოს უფროსად და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში მიწის რეფორმის პროცესებში პირადი ჩართულობა, მუშაობაში თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვის გამოცდილება, მიწის რესურსების შესახებ საინფორმაციო ბაზისა და ნორმატიული აქტების სათანადო ცოდნა მაძლევდა იმის მყარ გარანტიას, რომ აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობაზე ჩემი გასვლის შემთხვევაში განსაკუთრებით შეეწყობოდა ხელი ახალი ინიციატივებისა და ტექნოლოგიების დანერგვას.

კონკურსის პირველი ეტაპი, ტესტირება, ჩატარდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც მივიღე უმაღლესი შეფასება და 80 ტესტიდან 67-ს გავეცი სწორი პასუხი, რაც ზუგდიდის რაიონის მაჩვენებლებში იყო პირველი, ხოლო რესპუბლიკის მაჩვენებლებში ერთ-ერთი საუკეთესო. საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად, სრულყოფილად ვფლობ კომპიუტერულ ტექნიკას და საოფისე პროგრამებს. 1999 წელს მიღებული მაქვს ღირსების ორდენი. «ნაციონალური მოძრაობის» ქმედებებთან ჩემი შეხედულებების შეუთავსებლობის გამო, 2009 წლის 4 ნოემბრიდან ვარ უმუშევარი.

 მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის უფროსის თანამდებობაზე ვიყავი ერთადერთი უალტერნატივო და უკონკურენტო კანდიდატი ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგებში ცენტრის უფროსის ადგილი სამინისტრომ დატოვა ვაკანტური; არაოფიციალურად კი ვიღაცის «ჩაწყობილი» საქმე ჩავშალე, რომლის საქმის კურსშიც არის პირადად მინისტრი.

ჩემი შემთხვევა არ არის ერთადერთი და ეგრეთ წოდებული ჩაწყობების შედეგად დარგის სპეციალისტთა კონკურსგარეშე დარჩენისა და არასპეციალისტთა მიერ ვაკანტური ადგილების დაკავების შემთხვევები ძალიან ხშირია, რისი დადგენაც ზუგდიდის მაგალითზეც მარტივად არის შესაძლებელი. კადრების შერჩევის ასეთი მანკიერი პრაქტიკა კი შეიძლება სამომავლოდ მომაკვდინებელი გახდეს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვინაიდან ღია წერილში ყველაფრის თქმა არ შეიძლებოდა, მთავრობის კანცელარიაში გამოგიგზავნეთ ოფიციალური განცხადება. ამ ღია წერილით კი გთხოვთ, ჩემი განცხადება აიყვანოთ კონტროლზე. იქ ნათქვამ ყველა სიტყვაზე კი, მზად ვარ, პასუხი ვაგო.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალასა და ენერგიას დასახული მიზნების მისაღწევად.

პატივისცემით,

შოთა ბიგვავა,

ზუგდიდი, 30 მარტი, 2013 .

 

1 COMMENT

  1. შოთა ბიგვავა როდის გახდა აგრონომი,რომ ფერმერებმა რჩევა კითხონ მას.ვაჟამ ურჩია ალბათ განცხადება-ანონიმკების წერა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here