Home რუბრიკები საზოგადოება «რაც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისაა მისი ელჩიც _ ნორლანდის საქციელი აღმაშფოთებელია!»

«რაც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისაა მისი ელჩიც _ ნორლანდის საქციელი აღმაშფოთებელია!»

567

როგორც გაგვიგია, ერის ხმა თავის მნიშვნელობით ღვთის ხმას უტოლდება. მართალია, ღმერთთან შედარება ცოტათი გადამეტებულად მეჩვენება, გარკვეულ მიზეზთა გამო – ღმერთი უცდომელია, ხოლო ერი ხანდახან ცდება, თანაც, საბედისწეროდ, მაგრამ დედამიწაზე, მატერიალურ სამყაროში, ერთ მუშტად შეკრული ერი უძლეველი ძალაა, რომელსაც ყველა «ძლიერი ამა სოფლისა» უფრთხის! ამიტომაც «ძლიერთა» კასტა არაფერს იშურებს, რომ ხალხი ნახირად გადააქციოს, რათა მან _ ბნელეთმა «ნათელ მომავალში» მასები ადვილად მართოს, ანუ შავზე ათქმევინოს თეთრი და პირიქით.


ჩვენი გაზეთი დაინტერესდა, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს მისი უდიდებულესობა ხალხი შავ და თეთრ ფერებს; ამიტომაც შევადგინეთ ეს კითხვარი, რომელიც დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ცხოვრება, შეიცვლება. ამიერიდან კი მისი დახმარებით მკითხველს მივაწოდებთ ერის შემადგენელთა _ ადამიანების აზრს.

1. რას ელოდებით პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისგან და მისი მთავრობისგან?

2. კმაყოფილი ხართ თუ არა მთავრობის შემადგენლობით?

3. რომელი მინისტრი იწვევს თქვენში ნდობას ან უნდობლობას?

4. როგორ აფასებთ აშშ-ის ელჩის და, საერთოდ, ამერიკის დამოკიდებულებას საქართველოსადმი?

5. როგორი უნდა იყოს საქართველო-რუსეთის ურთიერთობა?

6. გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა მოაწესრიგებს ურთიერთობებს აფხაზებთან და ოსებთან?

7. ვისთან ურთიერთობა უნდა იყოს საქართველოსთვის პრიორიტეტული: თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან, აშშ-თან, ევროკავშირთან?

8. რა იცით ნატოს და ევროკავშირის შესახებ?

ვანო გიგაური, 29 წლის, ინჟინერი, ამჟამად უმუშევარი:

1. ველოდები ცხოვრების გაუმჯობესებას, კერძოდ, საყოველთაო უმუშევრობისგან ხალხის ხსნას. ჯერჯერობით უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში და, თუ ის მოგვარდა, სხვა პრობლემებიც მოგვარდება;

2. მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ.

3. თითქმის არავინ იწვევს არც ნდობას და არც უნდობლობას. მე არ ვიცი, მინისტრები რას ფიქრობენ სინამდვილეში. ერთადერთი, ვინც შეიძლება გამოირჩეს, ჯანდაცვის მინისტრია, რომელმაც მოახერხა ჯანმრთელობის მინიმალური დაზღვევის გაკეთება. მინისტრი ასევე შეგვპირდა, რომ სექტემბრიდან მივიღებთ უფასო სამედიცინო დახმარებას. დანარჩენებისგან, როგორც გითხარით, ჯერჯერობით, დიდ საქმეებს ვერ ვხედავ; მაგალითად, ენერგეტიკის მინისტრმა ვერ შეასრულა დაპირება გაზისა და ელექტროენერგიის საგრძნობლად გაიაფებაზე.

4. მე ამერიკას ვთვლი ისეთ ქვეყნად, რომელიც იძლევა მხოლოდ და მხოლოდ დაპირებებს; საერთოდ, არათუ ელჩს, უცხო სახელმწიფოს ხელმძღვანელობასაც კი არა აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში, ამის გაკეთება მარტო მაშინ შეიძლება, როდესაც სახელმწიფოში, ღმერთმა გვაშოროს, სისხლისმღვრელი დაპირისპირებაა.

5. რუსეთთან უნდა გვქონდეს კარგი და მეგობრული ურთიერთობა. რუსეთი ჩვენი მეზობელია, ერთმორწმუნე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია! ასევე, რუსებთან გვაქვს ნათესაური კავშირები. რუსული ენა, ავად თუ კარგად, ქართველების უმეტესობამ იცის. ეს ფაქტიც დააჩქარებს საერთო ენის გამოძებნას.

6. ჯერჯერობით ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან დალაგდება. ამისთვის კი საჭიროა რუსეთთან ურთიერთობის დათბობა. ამერიკა ამ საქმეში ვერ დაგვეხმარება, უფრო ზუსტად, არ დაგვეხმარება, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

7. რუსეთთან, თუ გვინდა ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა და ეკონომიკის აღორძინება.

8. ნატო არის ევროპული ქვეყნების სამხედრო ალიანსი. ევროკავშირიც ევროპული ქვეყნების გაერთიანებაა. წევრ ქვეყნებს შორის არის უვიზო რეჟიმი. აქვთ ერთიანი ვალუტა _ ევრო.

ია გაჩეჩილაძე, 54 წლის, ყოფილი პედაგოგი (ბოლო ოცი წლის მანძილზე დაკავებულია ბიჟუტერიის გაყიდვით):

1. ველოდები სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩემი აზრით, ამ სფეროებში კარგ შედეგს მივაღწევთ ახლანდელი ხელისუფლების მმართველობის მესამე წლისთვის. ამაზე ადრე პრობლემები ვერ მოგვარდება. უნდა გვახსოვდეს, რა რეჟიმი ბობოქრობდა საქართველოში ბოლო 9 წლის მანძილზე!

2. მეტ-ნაკლებად.

3. ნდობას იწვევენ ჯანდაცვის, იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობის, ლტოლვილთა და განსახლების, განათლების მინისტრები. ვერაფერი გავუგე საგარეო საქმეთა მინისტრს. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, ის ჩრდილშია.

ბატონმა მარგველაშვილმა შეზღუდა მანდატურების უფლებები. ისინი ვეღარ ერევიან სასწავლო პროცესში და თავის, კანონით დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ. სექტემბრიდან გაიხსნება უფასო საბავშვო ბაღები. ეს დიდი შეღავათი იქნება მშობლებისთვის. ჩამოთვლილია ის 17 პროფესია, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს.

ირაკლი ალასანიას მისვლით, თავდაცვის სამინისტროში ბევრი რამ კარგი უკვე გაკეთდა. სამხედროებს მოემატა ხელფასი, ზემდგომი არ ამცირებს ქვეშევრდომს. ჯარში ჯანსაღი ვითარებაა. იმავეს ვიტყვი ბატონ ღარიბაშვილის მოღვაწეობაზე. პოლიცია აღარ იჭერს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, მხოლოდ _ კრიმინალებს, რომლებიც გვიშლიან ცხოვრებას. პოლიცია აღარ არბევს მიტინგებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სისასტიკე განიდევნა. 8 თებერვალს ეს გამოჩნდა. კარგის გაკეთებას ცდილობს ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბატონი ნარმანია. გარემოს დაცვის მინისტრმა, მგონი, უჩინმაჩინის ქუდი დაიხურა, საერთოდ არ ჩანს. შესაძლოა, მაგ სამინისტროში დადებითი ძვრებიცაა, მაგრამ ამაზე არ ისმის. არაა გამორიცხული, რომ მისი პრესსამსახური ცუდად მუშაობს.

4. ნორლანდის მოღვაწეობა არ მომწონს. როგორ შეიძლება კოაბიტაცია «ნაციონალების» პარტიასთან, რომლის თითოეული წევრი ციხეში უნდა იჯდეს?! ნორლანდს არავითარი უფლება არ აქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შინაურ საქმეებში ცხვირი ჩაყოს! სასურველია, ახალმა ხელისუფლებამ შეახსენოს ბატონ ნორლანდს, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელია საქართველოში; ხოლო თუ ჩვენს ხელისუფლებას ამის თქმა ერიდება, მაშინ ეს «ტვირთი» ჩვენ, ხალხმა, უნდა ავიკიდოთ ზურგზე.

5. რუსეთთან _ მხოლოდ ნორმალური მეზობლური ურთიერთობები.

6. იმედი მაქვს, თუმცა ეს არ მოხდება ერთ-ორ წელიწადში. ადვილია  გააფუჭო ურთიერთობები, მაგრამ მათი აღდგენა ძალზე რთულია. ვიქონიოთ მოთმინება!

7. ვფიქრობ, როცა შენი სახელმწიფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებ, ყველა ქვეყანასთან ურთიერთობა პრიორიტეტული გექნება. არ ვარგა არც გადამეტებული პრორუსულობა და, მითუმეტეს, არ ვარგა პროამერიკულობა და პროევროპულობა.

7. ნატო არის ჩრდილოატლანტიკური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია თავისი მკაცრი წესდებით. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩემი აზრით, ეს გაერთიანება შექმნილია ამერიკული ფინანსური ექსპანსიისგან დასაცავად.

ნინო ქუთათელაძე, 45 წლის, ლინგვისტი, ამჟამად უმუშევარი:

1. მხოლოდ კარგს მოველი მაგ ადამიანისგან. ბატონმა ივანიშვილმა ბევრი სასიკეთო საქმე გაუკეთა საქართველოს იმ დროს, როდესაც კერძო პირი იყო. პირადად დაეხმარა მრავალ ადამიანს, მაგრამ ამას არასდროს ახმაურებდა. ძალიან მოკრძალებული პიროვნებაა, მიუხედავად სიმდიდრისა, რაც დიდად დასაფასებელია ჩვენ დროში. მჯერა, რომ იგი თავის ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად ააღორძინებს ქვეყანას. მიხედავენ განათლებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას, რაც ნამდვილ დამოუკიდებლობას მოგვაპოვებინებს.

2. მგონია, რომ მინისტრების უმრავლესობა შეიცვლება და ეს ნორმალური მოვლენაა.

3. არ მომწონს განათლების მინისტრი. მისი ქმედებებიდან გამომდინარე, ვასკვნი, რომ იგი არაა ამ დარგის სპეციალისტი. პროფსიონალიზმში ვერ «ვამხელ», აგრეთვე, საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩემი აზრით, ქალბატონი ფანჯიკიძე გასაგზავნია რომელიმე დიპლომატიურ აკადემიაში განათლების მისაღებად.

4. ნორლანდის ქმედებებს უარყოფითად ვაფასებ. იგი უცერემონიოდ ერევა საქართველოს შინაურ საქმეებში და ცდილობს პროცესების მართვას. წესით, ეს არ უნდა შედიოდეს სხვა ქვეყნის ელჩის მოვალეობაში. თუმცა, რაც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთივეა მისი ელჩი. მოკლედ რომ ვთქვა, ნორლანდის საქციელი აღმაშფოთებელია!

5. რუსეთთან _ მხოლოდ მეგობრული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები.

6. მჯერა, რომ ახალი ხელისუფლება დროთა განმავლობაში მოაგვარებს ამ მტკივნეულ პრობლემას, რადგან აქვს ამისი ნება და სურვილი, რაც საერთოდ არ გააჩნდა «ნაცმოძრაობას».

7. ყველასთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობები, განსაკუთრებით მეზობლებთან: რუსეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. ჩვენი პრიორიტეტი კეთილმეზობლობაა.

8. ესაა ანგლო-საქსური სამხედრო ფაშისტური ორგანიზაცია, რომელსაც ბევრი ბოროტება აქვს ჩადენილი იუგოსლავიაში, ერაყში, ლიბიასა და ავღანეთში. ნატოსავით მტაცებელია ევროკავშირიც, ოღონდ თავის დანაშაულს სჩადის  ფინანსური მაქინაციებით ანადგურებს სხვა ქვეყნების ეკონომიკას, მათ შორის, არ ერიდება «ჯიბეში» ხელი ჩაუყოს თავის წევრებსაც. ბულგარეთის და, განსაკუთრებით, კვიპროსის მაგალითი ამ ჩემს მოსაზრებებს ადასტურებს.

მოამზადა

გიორგი კორძაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here