Home რუბრიკები პოლიტიკა სრულუფლებიანი ელჩი, თუ სრულუფლებიანი ზედამხედველი?

სრულუფლებიანი ელჩი, თუ სრულუფლებიანი ზედამხედველი?

636

პოლიტიკურ და ინტელექტუალურ წრეებში აქტიურად მსჯელობენ იმის თაობაზე, რომ საქართველომ, შესაძლოა, გადახედოს ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციებს და მეზობელ თუ მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად წარმართოს. საზოგადებას ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა დისკუსიებსაც განაპირობებსროგორ აფასებთ ამერიკის ელჩისა და ზოგადად შეერთებული შტატების მონაწილეობას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ასევე მათ დამოკიდებულებას საქართველოსადმი და რომელ ქვეყანასთან (და რატომ) ურთიერთობა უნდა იყოს საქართველოსთვის პრიორიტეტული _ თურქეთთან, ირანთან, რუსეთთან თუ აშშთან? «საქართველო და მსოფლიომ» ამ კითხვით საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.


«ამერიკელები თავს უფლებამოსილად თვლიან, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულად აკონტროლონ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები»

ტატო ლასხიშვილი, «სვობოდნაია გრუზიას» მთავარი რედაქტორი:

_ გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ აღტაცებული ვარ იმით, თუ როგორ მუშაობენ ამერიკელი დიპლომატები. მათი აქტიურობა ჭეშმარიტად შესაშურია. აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უყურადღებოდ არ ტოვებენ არც ერთ, თუნდაც, ერთი შეხედვით, მეორეხარისხოვან საკითხს, უდიდესი ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს ქართულ მედიას, ჩვენი საზოგადოების ყველა ფენაში მათ ჰყავთ მეგობართა უდიდესი წრე და ა.შ.

მე იმის თქმა მინდა, რომ როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გააჩნდეს ადამიანს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ამ ქვეყნის დიპლომატთა საქმიანობა უდავოდ ქებას იმსახურებს. ბუნებრივია, ისინი ძალიან ენერგიულად იცავენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ისინი ზედმეტადაც აქტიურობენ, რაც ჩვენი საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.

მოგეხსენებათ, აშშ საქართველოს მეგობარი და მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, მას მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები აქვს ჩადებული საქართველოში და, როგორც ჩანს, ამერიკელები თავს უფლებამოსილად თვლიან, რბილად რომ ვთქვათ, სერიოზულად აკონტროლონ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. სხვა საკითხია, რამდენად მოხმარდა ქვეყანას ეს სახსრები და, საერთოდ, ქვეყანას მოხმარდა თუ გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენს სამშობლოს ნამდვილად არ ეტყობა, რომ აქ რამდენიმე მილიარდი დოლარი სახელმწიფოს წინსვლისთვის დაიხარჯა. ჩვენი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებაში ყოფნა ყველაზე სარფიანი ბიზნესია, წლების განმავლობაში ხომ რეგულარული უცხოური ფინანსური დახმარების ხარჯზე არსებობდა.

საერთაშორისო ინსტიტუტების «სიმპათია» კი საქართველოს ხელისუფალთა მიმართ განპირობებულია მრავალმილიარდიანი სესხებით, რომლებიც ჩვენი შთამომავლობის თავსატეხი გახდება. მაგრამ ეს, როგორც იტყვიან, ჩვენი პრობლემაა და მან სერიოზული გავლენა იქონია შიდაპოლიტიკურ პროცესებზე.

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, არც თუ ისე მცირე დროით, აღმოვჩნდით დამოკიდებული მთლიანად გარედან მართულ პირებზე. სამწუხაროდ, მათი მფარველები, ალბათ, არც კი დაფიქრებულან, რომ არ შეიძლება ქვეყნის მართვა მიანდო ადამიანებს, რომელთაც არ გააჩნიათ შინაგანი ზნეობრივი ბარიერი; ვინც ებრძვის საკუთარ ფანტაზიებს, ამსხვრევს საკუთარ გამონაგონს და თან გაცხარებით ამტკიცებს, რომ ანადგურებს მტერს; ვინც საკუთარი მოქალაქეების ტანჯვა, ძარცვა და გაღატაკება თავის პროფესიად აქცია.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების გაკვირვებასა და გულისწყრომას ამ მოვლენებისადმი ამერიკელ დიპლომატთა გულგრილობა იწვევდა. ეს, რა თქმა უნდა, არამც და არამც არ ეხება აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს, ბატონ ნორლანდს, რომელმაც 1 ოქტომბრის არჩევნების მომდევნო დღეებში ძალიან ვაჟკაცური და დიპლომატისთვის არაორდინარული ნაბიჯი გადადგა.

მე ძალიან მსიამოვნებს, რომ ისეთი ძლიერი ქვეყანა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს თავის მეგობრად და პარტნიორად აღიარებს, მაგრამ ყველა იმპერია, უპირველესად, საკუთარი ინტერესების დაცვაზე ზრუნავს, განსაკუთრებით კი ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც კავკასიაა.

სახელმწიფო მით უფრო ძლიერია, რაც უფრო მეტი მიმართულებით გააჩნია საყრდენი. საქართველო პატარა ქვეყანაა და მას ყველასთან მეგობრული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, პირველ რიგში, მეზობელ სახელმწიფოებთან. მე არანაირად არ ვგულისხმობ, რომ ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება უნდა ხდებოდეს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. თუმცა არც ის მგონია სწორი, როცა სახელმწიფოთა მეგობრობა ვიღაცის წინააღმდეგაა მიმართული. ამისათვის ჯერ უნდა განვსაზღვროთ, რაში მდგომარეობს ჩვენი ეროვნული ინტერესები და შემდგომ დავიწყოთ სისტემური მუშაობა მათ დასაცავად.

ჩემამდე არ დადის, რატომ უნდა ჰქონდეს სქართველოს უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან, როდესაც იგივე აშშ, თურქეთი და ირანი მასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისთვის იღვწიან? რატომ უნდა ასრულებდეს ჩვენი სახელმწიფო ერთ-ერთ მთავარ როლს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პიარ-კამპანიაში?

ერთი წამით არ იფიქროთ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დაძაბვაში მე ქართულ მხარეს ვადანაშაულებ. შეცდომები ორივე მხრიდან საკმაოდ იყო დაშვებული.

ჩემი აზრით, მთავარი შეცდომა ის იყო, რომ ქართველი და რუსი პოლიტიკოსები განვლილი წლების მანძილზე მტყუან-მართალს ეძებდნენ და არ ფიქრობდნენ გამოსავალზე…

საქართველოს უნდა გააჩნდეს საინფორმაციო პოლიტიკა. დაუშვებელია, რომ ქვეყნის იდეოლოგიას განსაზღვრავდნენ «პიარშჩიკები». ისიც, ძირითადად, «შავი პიარის» სპეციალისტები. საფრთხის შემცველობას რომ თავი დავანებოთ, ეს სახელმწიფოს უკარგავს ავტორიტეტს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ალბათ, მომწიფდა აუცილებლობა, ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს, მედიისა და საზოგადოების ურთიერთქმედების დაბალანსებული და მყარი სისტემა. უნდა გავაცნობიეროთ არა მხოლოდ პროფესიონალების საჭიროება, არამედ ვისწავლოთ მათი მოსმენა, მათი აზრის დაფასება და გაზიარება, რათა ერთად ვეძიოთ მიზნის მისაღწევი გზები.

«ამერიკის ელჩი, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც არის ქვეყნის მმართველი ძალა»

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:

_ ამერიკის ელჩის აქტიურობა ამ ბოლო წლებში სახეზეა, მაგრამ ახალი ელჩი ნორლანდი ყველა რეკორდს ხსნის. ცხადია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რამდენად ახლოს მიუშვებ შენს საშინაო პოლიტიკასთან სხვა ქვეყნის ელჩს. ნორლანდი ივანიშვილის კარზე მიღებულია. ივანიშვილი მისთვის არ იშურებს საქებარ ეპითეტებს. რამდენი გამოსვლაც ჰქონდა ივანიშვილს, იმდენჯერ ახსენა ამერიკის ელჩი ნორლანდი, რომ ის მისი და საქართველოს მეგობარია და ის საქართველოს სასიკეთო ინფორმაციას აწვდის ვაშინგტონს. სხვა ქვეყნის ელჩი რომ ისე ჩარეულიყო საშინაო საქმეებში, როგორც ამერიკის ელჩი ერევა, ამერიკელები იტყოდნენ, რომ ამა და ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევაო.

როდესაც ელჩი ნორლანდი ჩადის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად ქუთაისში და, როგორც მაკონტროლებელი, ისე დაუწყებს ცქერას ყველას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ პარლამენტარები კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების გამო ან თუნდაც სასამართლოებთან დაკავშირებით თავის გავლენიან სიტყვას იტყვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ელჩი, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც არის ქვეყნის მმართველი ძალა. ამერიკის ელჩების ასეთი აშკარა ჩარევა არსად მინახავს. ამას, ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები თვით ერაყშიც კი არ აკეთებდნენ. როგორც ჩანს, საქართველო სხვა არის თავისი დიპლომატიისადმი მიდგომით, უცოდინარობით საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც შესაძლებლობას აძლევს ამერიკის ელჩს, ინავარდოს ქართულ პოლიტიკაში ისე, როგორც ის, ალბათ, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის დერეფნებში დანავარდობდა. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, თუ რა დონეზეა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა და ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობა. როდესაც არ გაძლევენ იმის საშუალებას, რომ ერთი წუთით მაინც დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება შენს საქმეებთან დაკავშირებით, ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარ დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე საუბარიც კი არ არის. სიტყვით არის საქართველო დამოუკიდებელი, თორემ საქმით აშშ-ზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში ელჩი არ მისცემდა უფლებას საკუთარ თავს, ასე აშკარად ჩარეულიყო ჩვენს საშინაო ცხოვრებაში.

რაც შეეხება იმას, თუ რომელ ქვეყანასთან უნდა ჰქონდეს საქართველოს პრიორიტეტული ურთიერთობა, არც ერთ ქვეყანას არ მივანიჭებდი ამ სტატუსს. საქართველოს უნდა ჰქონდეს ყველა ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობა პარიტეტულ საფუძველზე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააბიჯოს იმ წითელ ხაზს, რომელიც არსებობს ქვეყნებს შორის დამოკიდებულებაში. მას უნდა ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან, სომხეთთან, განსაკუთრებით ირანთან, რუსეთთან და ასევე ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ეს ურთიერთობები არ უნდა დაემსგავსოს ბატონისა და ყმის ურთიერთობას. საქართველო თავისი მოქმედებით აგრძნობინებს აშშ-ს, რომ ის არის ყმა. რომ ის მზად არის ამერიკის ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. ასეთი ურთიერთობა არც ერთ ქვეყანას არ წაადგება.

თქვენ ნახეთ ურთიერთობა ამერიკასა და ავღანეთს შორის. წლების განმავლობაში ამერიკა ავღანეთს როგორც მატერიალურად, ასევე სამხედრო ძალითაც ეხმარება, მაგრამ მისმა პრეზიდენტმა ყარზაიმ უკანასკნელი სიტყვებით გალანძღა ამერიკის შეერთებული შტატები და მის ხელისუფლებას ურჩია, ცოტა უფრო მეტი იფიქრონ ავღანეთთან ურთიერთობაზე. ისიც თქვა, დროა, ამერიკელები აქედან აიბარგონო. ასეთი დამოკიდებულება, როგორც ვხედავ, არასდროს გაუჩნდება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან არც ახალ და არც წინა ხელისუფლებას სერიოზული მიდგომა არ აქვს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისადმი. საქართველო არაა ის ქვეყანა, რომელსაც რომელიმე ქვეყანასთან პარიტეტული ურთიერთობების ჩამოყალიბება შეუძლია. როცა აქტიური ურთიერთობები გვქონდა რუსეთთან, ეს დამოკიდებულება იყო მონური, ახლა ვითარება შეიცვალა და ამერიკასთან უფრო მონური დამოკიდებულება გვაქვს. ასეთი სახელმწიფოებრივი მიდგომების მთავრობებს, როგორიც საქართველოს ჰყავს, არც ერთი ქვეყანა არ ინატრებდა.  დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს პრიმიტიული და პროვინციული ხელისუფლებები ჰყავდა და მათი პოლიტიკაც სწორედ პროვინციალიზმიდან და საკითხების უცოდინარობიდან გამომდინარეობს.

«ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს იმ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგება, რომელთანაც პრობლემები გვაქვს»

გულბაათ რცხილაძე, «ევრაზიის ინსტიტუტის» დირექტორი, პოლიტოლოგი:

_ რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ოცდამეორე წლისთავზე რომ ასეთი ჩარევა გრძელდება კიდევ და ამას საზოგადოება ეგუება, ესაა კატასტროფა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო საერთოდ არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რაზეც პრეტენზია ჰქონდათ გამსახურდიას, შევარდნაძეს და, განსაკუთრებით, სააკაშვილს, აღმოჩნდა, რომ ეს ამბიციები არის ფუჭი. ჯერჯერობით ახალი ხელისუფლებაც ამ ნაკვალევში დგას და უმწეოდ გამოიყურება.

ჩვენთვის პრიორიტეტი უნდა იყოს იმ ქვეყანასთან ურთიერთობის დალაგება, რომელთანაც პრობლემები გვაქვს. ეს უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლების საზრუნავი. პრობლემატურ ქვეყანაში, ბუნებრივია, რუსეთს ვგულისხმობ. ამ ურთიერთობას ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა ქვეყნის ეკონომიკისთვისაც აუცილებელია.

საქართველოს შიდა პოლიტიკაში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა დაუშვებელია

ირაკლი ყიფიანი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ ვფიქრობ, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის ცხოვრებაში ჩარევის უფლება არავის აქვს; არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ის  მეგობარი ქვეყანა თუ პარტნიორი რუსეთის ან ამერიკის სახით. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს რასმუსენის განცხადება ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, როცა ბაჩო ახალაია დააპატიმრეს, რომ თურმე საქართველოში პოლიტიკური დევნაა დაწყებული, რამაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია. სოციალურ ქსელებში წერილებიც კი მისწერეს რასმუსენს და მის გვერდზე ბევრი უარყოფითი კომენტარი დაიწერა. ასევე ძალიან ცუდად მახსენდება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, ჯონ ბასის, განცხადება 26 მაისის აქციის დარბევის წინ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 26 მაისს აქციაზე ვიდექით, დაგვრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მისი განცხადება იყო მწვანე შუქის ანთება აქციის დასარბევად. აკი მისი განცხადების შემდეგ მალევე დაარბიეს აქცია. იმდროინდელი ხელისუფლება საკმაოდ დამოკიდებული იყო ამერიკაზე, აბსოლუტურად მისი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. საქართველოს შიდა პოლიტიკაში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა დაუშვებელია. თუ მეგობრობაა, უნდა იყოს მეგობრობა სახელმწიფოებს შორის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა.

ჩემი აზრით, ამ ეტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა-დარეგულირება. თუ ჩვენ ფანტაზიაში მაინც წარმოგვიდგენია, რომ დაკარგული ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, ეს ყველაფერი გამორიცხულია რუსეთთან დიალოგის გარეშე. ზუსტად ამიტომ ვთვლი, რომ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის. «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში მოვიდა და ამბობდნენ, რომ დაიწყება სოფლის მეურნეობის აღორძინება, მაგრამ ეს არ მოხდება, თუკი ჩვენთვის რუსეთის ბაზარი არ გაიხსნება. ეს საკმაოდ პრობლემური თემაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკამ დაძაბა, გააფუჭა და მეტიც, საქართველოს ტერიტორიების 20% დაგვაკარგვინა. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მოგვარდება დიალოგის რეჟიმში.

მოამზადა

ლილი მიროტაძემ

 

1 COMMENT

  1. ჩვენი პოლიტიკოსები ჰგვანან იმ უნდილ ბიჭებს,ცოლს რომ მოიყვანენ და მაინც დედიკოს და მამიკოს გარეშე ვერ წყვეტენ ყველაზე მარტივ საკითხსაც კი(არ ჩაუღრმავდები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here