Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველ სამხედროებს აფრიკაში აგზავნიან

ქართველ სამხედროებს აფრიკაში აგზავნიან

687

მალე ჩვენი სამხედროები შეიძლება აფრიკის შუაგულში, მალის რესპუბლიკაში აღმოჩნდნენ. საერთაშორისო მისიაში ჩართვასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა: «მივიღეთ შემოთავაზება ევროკავშირისგან, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში. ამის შესახებ მთავრობაში ვიმსჯელეთ და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია, უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს და ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს. პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან და მის საგარეო უსაფრთხოების სტრუქტურებთან, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას». ამ განცხადების შემდეგ საზოგადოებაში შეიძლება სავსებით ბუნებრივად გაჩნდეს კითხვა: რატომ, რა მიზნებიდან და «სასიცოცხლო ინტერესებიდან» გამომდინარე, უნდა ჩავაგდოთ საფრთხეში ჩვენი სამხედროები შორეულ ქვეყანაში, რომელთან არაფერი გვაკავშირებს?


აურზაური საჰარაში

მალის ისტორია საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ჩვენ მხოლოდ იმ ეპიზოდებს შევეხებით, რომლებიც განხილულ საკითხს უშუალოდ ეხება. 2012 წლის 22 მარტს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა კაპიტან ამადუ სანოგოს ხელმძღვანელობით პრეზიდენტ ამადუ ტუმანი ტურეს რეჟიმი დაამხეს. გადატრიალების ერთ-ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) მიზეზი გახდა ის, რომ ხელისუფლებამ გამოავლინა სრული უუნარობა სეპარატისტ ტუარეგებთან ბრძოლაში, რომლებმაც 2012 იანვარში ქვეყნის ჩრდილოეთით ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა დაიწყეს. გადატრიალებამ მალის ყოვლისმომცველი დესტაბილიზაცია გამოიწვია.  სეპარატისტებმა ამით ისარგებლეს და 1 აპრილისთვის კონტროლის ზონა მნიშვნელოვნად გააფართოეს, ხოლო 6 აპრილს გააკეთეს განცხადება «დამოუკიდებელი სახელმწიფო აზავადის» შექმნის თაობაზე.

აზავადის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მკვეთრად დაიძაბა ურთიერთობები ზომიერ სეპარატისტებსა და რადიკალ ისლამისტებს შორის, რომლებიც აჯანყების პირველ ეტაპზე მოკავშირეები იყვნენ. ეს უკანასკნელები (დაჯგუფება «ანსარ-ად-დინი», «მაღრიბის ისლამური ქვეყნების «ალ ქაიდა» და რამდენიმე სხვა შედარებით მცირე ჯგუფი) არ აპირებენ, შემოიფარგლონ მალის ჩრდილოეთით ახალი სახელმწიფოს შექმნით, მათ მიზანს მალის მთელ ტერიტორიაზე (ზოგიერთი დეკლარაციის თანახმად, მეზობელ ქვეყნებშიც) შარიათული სახელწიფოს შექმნა წარმოადგენს. 2012 წლის მეორე ნახევარში ისლამისტებმა განდევნეს «ზომიერები» საკვანძო დასახლებული პუნქტებიდან, გამოაცხადეს «ისლამური სახელმწიფო აზავადი» და შეუტიეს იმ ქალაქებს, რომელთაც მალის ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა. 2012 წლის სექტემბერში მალის ხელისუფლებამ სთხოვა საერთაშორისო საზოგადოებას, ჯიჰადისტებთან ბრძოლაში მისთვის დახმარება აღმოეჩინა. 

2012 წლის 20 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია #2085, რომლითაც მოახდინა მალის ტერიტორიაზე საერთაშორისო მისიის გაშლის სანქცირება და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, ცენტრალურ ხელისუფლებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაში ხელი შეუწყონ. მალიში საფრანგეთისა და აფრიკული ქვეყნების (ნიგერია, ბურკინაფასო, სენეგალი, ნიგერი, ტოგო) სამხედრო ნაწილების გადასროლა დაიწყო

2013 წლის 10 იანვარს ისლამისტებმა განაახლეს შეტევა სამხრეთის მიმართულებით და ქალაქი კონა დაიკავეს. 11 იანვარს ფრანგულმა ავიაციამ მათ პირველი დარტყმა მიაყენა. 14 იანვარს დაეცა ქალაქი დიაბალი. 15 იანვარს ამ ქალაქის მიმართულებით დაიძრა საფრანგეთისა და მალის სამთავრობო ჯარების კოლონა ფრანგული ჯავშანტექნიკის 30 ერთეულით. ორდღიანი ბრძოლის შემდეგ (ფრანგები სახმელეთო ბრძოლებში უშუალოდ არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მათი ავიაცია აქტიურად მუშაობდა) კონა და დიაბალი სამთავრობო ჯარებმა დაიკავეს. შემდეგ დაიწყო წინსვლა ჩრდილოეთით და 8 თებერვლისთვის საფრანგეთისა და მალის ჯარებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა მსხვილი დასახლებული პუნქტი დაიკავეს. 

16 მარტს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ აპრილში პარიზი მალიდან ჯარების ეტაპობრივ გამოყვანას დაიწყებს: «ჯარებს მყისიერად არ გამოვიყვანთ, მაგრამ მალიში დარჩენას სამუდამოდ არ ვაპირებთ. აპრილში საკითხს გაეროში დავაყენებთ, ანუ ადგილზე მოქმედების კურირებას გაერო დაიწყებს, ხოლო საფრანგეთი მას დახმარებას აღმოუჩენს… სიტუაციას გააკონტროლებს აფრიკული საზოგადოება გაეროს ხელმძღვანელობითა და საფრანგეთის მხარდაჭერით». 

რაც შეეხება იმ მისიას, რომელშიც მონაწილებას, სავარაუდოდ, ქართველი სამხედროები მიიღებენ, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას არ გულისხმობს. ევროკავშირის მისია მალის სამთავრობო ჯარის გაწვრთნას ითვალისწინებს. ის 15 თვეს გაგრძელდება და მასში მინაწილეობას 250 უცხოელი ინსტრუქტორი მიიღებს, 200-მდე სამხედრო კი მათ უსაფრთხოებას დაიცავს. მისიას ფრანგი ბრიგადის გენერალი ფრანსუა ლეკუანტრი ხელმძღვანელობს. ერთი შეხედვით, საფრთხე ამ მისიაში ჩართული ჩვენი სამხედროებისთვის, რომელთა რიცხვი, სავარაუდოდ, საკმაოდ მცირე იქნება, მინიმალურია. თუმცა ვითარება შეიძლება დრამატულად შეიცვალოს, ხოლო საფრთხე გაცილებით დიდი გახდეს და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს.

ნაპოლეონის გარეშე ძნელია

მალის ხელისუფლება და მისი ჯარები დღეს ძალზე სუსტია და დამოუკიდებლად მეამბოხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ. ადგილობრივი პოლიტიკოსები და სამხედროები საკმაოდ სკეპტიკურად აფასებენ აფრიკული ქვეყნების კონტინგენტის შესაძლებლობებს და მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე სტაბილურობის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელ უზრუნველყოფას მხოლოდ ფრანგი სამხედროები თუ შეძლებენ. ვითარება შეიძლება კიდევ ერთი ფაქტორის გამო გართულდეს: გაეროს სასურსათო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის _ ჟოზე გრაციანუ და სილვას შეფასებით, საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასი ათასობით გლეხი დევნილად იქცა და საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება საფრთხის ქვეშ დადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არცთუ შორეულ მომავალში ქვეყანაში შეიძლება შიმშილი დაიწყოს და დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა მოხდეს. 

კონტროლი, რომელიც ფრანგებმა და მათმა მოკავშირეებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში დაამყარეს, პრინციპში, ფარდობითია, რადგან მოწინააღმდეგე ძალების ბირთვი არ განადგურებულა, ხოლო დასახლებული პუნქტების დაკავება კონტრტერორისტულ ომში გამარჯვების მიღწევას როდი ნიშნავს. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ, რა ხდებოდა ავღანეთში 2001 წლიდან; საწყის ეტაპზე კოალიცია თითქოს ყველაფერს აკონტროლებდა, თუმცა წინააღმდეგობა თვიდან თვემდე ძლიერდებოდა და მოკავშირეები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, მალის სპეციფიკა მკვეთრად განსხვავებულია ავღანურისგან, თუმცა ეს ძირითადი პრინციპი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა.

მალის ჩრდილოეთით ტერორისტული ანკლავის გაჩენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსაზღვრე ალჟირს, რომელსაც ლიბიის დესტაბილიზაციის გამო ისედაც ბევრი პრობლემა აქვს. ხოლო ალჟირის დესტაბილიზაცია, იმ როლის გათვალისწინებით, რომელსაც ის ევროპის ენერგომომარაგებაში ასრულებს (და ზოგადად, ევროპასთან, უპირველესად კი, საფრანგეთთან ამ ქვეყნის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით) სერიოზულ დარტყმას ევროკავშირის ქვეყნებს მიაყენებს. ამ კონტექსტში შეგვიძლია «დომინოს ეფექტი» გავიხსენოთ; საინტერესოა, რომ მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ მალელი ტუარეგები გასული წლის იანვარში აჯანყდნენ, ლიბიიდან დიდძალი შეიარაღებისა და ბოევიკების შემოდინებამ შეასრულა. ასე რომ, ერთერთი მთავარი მიზანი, რომლის მიღწევას დღეს პარიზი, სავარაუდოდ, მალიში ცდილობს, ალჟირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმის არდაშვებაა, რომ ჯიჰადისტური დომინოს ეფექტმა რეგიონი სრულ ჯოჯოხეთად გადააქციოს.

ფრანგების შესაძლებლობები შეზღუდულია; სრულმასშტაბიანი  კონტრტერორისტული ომი მალის ჩრდილოეთში, თუ ფრანგები «ძირითად სამუშაოს» საკუთარ თავზე აიღებენ, დაკავშირებული იქნება საგრძნობ დანაკარგებთან და ხარჯებთან, ბრალდებებთან ნეოკოლონიალისტური პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით, ამასთანავე, ეს მოწინააღმდეგეს შესაძლებლობას მისცემს, მოახდინოს მობილიზაცია «ფრანგ ჯვაროსნებთან» ბრძოლის ლოზუნგით, აგრეთვე, მკვეთად გაიზრდება საფრანგეთში ტერორისტული აქტების მოწყობის ალბათობა და ა.შ. დღეს პარიზს სჭირდება სტრატეგია, რომელიც, ერთის მხრივ, ხანძრის (თუნდაც ნაწილობრივ) ჩაქრობას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, ჩამოთვლილი საფრთხეების მინიმიზაციას მოახდენს. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მისი შენაერთების ეტაპობრივი გაძლიერება, გაეროსთვის ავანსცენის დათმობა და აფრიკული სახელმწიფოების აქტიური ჩართვა ოპერაციებში, ამ კონტექსტში სავსებით სწორი გადაწყვეტილება ჩანს, თუმცა იმის პროგნოზირება, რამდენად ეფექტური გამოდგება ეს ჯიჰადისტურ სტიქიასთან ბრძოლაში, დღეს შეუძლებელია.

ვერავინ გამორიცხავს, რომ ფრანგული კონტინგენტის გაყვანის პარალელურად, ვითარება არ გაუარესდება, საჭირო არ გახდება «უსაფრთხოების ხვრელების» ამოვსება და მალიში დამატებითი, მათ შორის ევროპული, ძალების გადასროლა; და სწორედ ამ დროს შეიძლება უფრო მსხვილი კონტინგენტის გაგზავნა გვთხოვონ, მაგალითად, ევროკავშირის მისიის დაცვის გაძლიერების მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვითარების გაუარესების შემთხვევაში, ინსტრუქტორების დისტანცირება საბრძოლო მოქმედებებისგან პირობით ხასიათს მიიღებს და ამაზე არაერთი აფრიკული ომის (თუნდაც ანგოლის) გამოცდილება მიუთითებს. თუ ქვეყნის მთელი ტერიტორია ბრძოლის ველად გადაიქცევა, ინსტრუქტორების სრული იზოლირება მისგან წარმოუდგენელი გახდება.

აფრიკაღა გვაკლდა

2004-ში ავღანეთში 50 სამხედრო გავაგზავნეთ, დღეს კი იქ 1500-ზე მეტი ქართველი სამხედრო იმყოფება. არაერთ, ჩვენზე გაცილებით ძლიერ სახელმწიფოს იქ უფრო მცირერიცხოვანი კონტინგენტი ჰყავს (ზოგს კი საერთოდ არ ჰყავს). გვაქვს თუ არა გარანტია, რომ მალიში იგივე არ მოხდება? იმ დანაკარგის გათვალისწინებით, რომელიც ავღანეთში განვიცადეთ, ეს, ალბათ, საკმაოდ აქტუალური კითხვაა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი ჯარის არც ერთი, თუნდაც საუკეთესო ნაწილი არ არის სათანადოდ მომზადებული ასიმეტრიული (თუნდაც სიმეტრიული) დაპირისპირებისთვის  აფრიკულ უდაბნოში, ურთულეს კლიმატურ და ეპიდემიოლოგიურ პირობებში.

ევროკავშირთან დაახლოების სურვილი, რომელზეც ირაკლი ალასანიამ ისაუბრა, მალის ოპერაციაში ჩართვისთვის მნიშვნელოვანი მოტივია, მაგრამ, ალბათ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის ახალ ხელისუფლებას საფრანგეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს. მთავრობის არაერთი წევრი უფრო მჭიდროდ დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან და, ალბათ, არც იმაზე ვიკამათებთ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის პროცესში პარიზმა გაცილებით აქტიური (არა გადამწყვეტი, მაგრამ მაინც) როლი შეასრულა, ვიდრე, მაგალითად, ბერლინმა. აქედან გამომდინარე, ფრანგების თხოვნას ივანიშვილის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ყოველთვის ყურადღებით მოეკიდება და შეეცდება მისი ინტერესები გაითვალისწინოს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალის მისიაში ჩართვის გადაწყვეტილების უკან, მათ შორის, ეს «ფრანგული მოტივი» იდგა. ასე იყო თუ ისე, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მალის მისიის იგნორირება არ შეუძლია, როგორც ამას, სავარაუდოდ, არაერთი სახელმწიფო გააკეთებს.

მალის მისია სანქცირებულია გაეროს მიერ და, ობიექტურად თუ მივუდგებით, დღევანდელ ეტაპზე ის საჭიროა, რადგან რადიკალი ისლამისტების გამარჯვების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოებას გაცილებით რთული და დიდ დანაკარგებთან დაკავშირებული მისიების ჩატარება, სავარაუდოდ, რეგიონის სხვა ქვეყნებში მოუწევს. ამ კონტექსტში, მალის რესპუბლიკაში რამდენიმე ქართველი ინსტრუქტორის გაგზავნა იმ პირობის მკაცრი დაცვით, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან, სავსებით ადეკვატურია, თუმცა ავღანური გამოცდილების გათვალისწინებით, საზოგადოებამ, ალბათ, უნდა გააკონტროლოს ხელისუფლება, რათა მან არ გადალახოს ზღვარი და არ დაიწყოს აფრიკაში ქართული კონტინგენტის არარაციონალური და ქვეყნის შესაძლებლობების არაპროპორციული გაზრდა, როგორც ამას თავის დროზე სააკაშვილი ავღანეთში აკეთებდა, რაც მძიმე დანაკარგის ფასად დაგვიჯდა.

სასურველია, რომ უცხოელებმა გააცნობიერონ, რომ საქართველოსთვის ძვირფასია თითოეული სამხედროს სიცოცხლე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვხედავენ ისე, როგორც XVIII საუკუნეში ჰესენს და ზოგიერთ სხვა გერმანულ სათავადოს უყურებდნენ, რომელთა ხელისუფალნი, უბრალოდ, ყიდდნენ თავიანთ ჯარისკაცებს ნებისმიერ სახელმწიფოზე, რომელსაც «საზარბაზნე ხორცი» სჭირდებოდა და შესაბამისად მოგვეპყრობიან.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ვითომ ესენი სააკაშვილზე უკეთესები არიან?ვაის გავეყარე და უის შევეყარეო, ესეა საქმე

  2. ნაციონალები და ე.წ."ქართული" ოცნება-(ამერიკული ოცნება) სიონისტურ თალმუდისტური კლანისგან იმართება და ქართველი ბიჭების სისხლი არად ენაღვლებათ, იაფი საზარბაზნე ხორცია.ქართველი ერი,მაშინ ნაციონალების მოყვანით ხელისუFლებაში,ახლაც მწარედ შეცდა ოცნების მოყვანით,ეროვნულ იდეას(მძლეველს-ახალ სიტყვას)კი არ გაჰყვა, არამედ სააკასვილის სიძულვილმა და ივანაშვილის ფულებმა გააერთიანა რაც ლუციფერის იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილია და მას გაჰყვა და ამიტომაც ვიჯებით და კიდევ უფრო დავისჯებით!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here